"ბავშვივით მიხაროდა ბუდუს ნახვა და ჩახუტება" - კვირის პალიტრა

"ბავშვივით მიხაროდა ბუდუს ნახვა და ჩახუტება"

"მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები.

ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს. გულღიაობის მიუხედავად, ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს კი მისი იდეალისტურობის შედეგია. კომუნიკაბელურობისა და ინტელექტუალურობის ხარჯზე, კარგად ახერხებს გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას, რასაც თავისი მიზნების მიღწევაში ოსტატურად იყენებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ია ვახანიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ია, რამდენად ინტერესდები ასტროლოგიით, პირადი რუკა თუ გაქვს შედგენილი?

- ასტროლოგია, ჩემი ჰოროსკოპი ყოველთვის მაინტერესებდა. დიახ, მყავს ასტროლოგი, რომელთანაც ხშირად ვკონტაქტობ და რჩევებს მაძლევს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები რევოლუციონერები არიან. ეთანხმები?

- ვეთანხმები. ამავე დროს ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ თვეშია ადამიანი დაბადებული. რადგან ვეფხვი მშვილდოსანი ვარ, ამიტომ ეს ასპექტი უფრო მძაფრია.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ის ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- ჩემი მხრიდან კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ უსამართლობას ვხედავ.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- დიახ, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, თავს ყველგან ლიდერად ვგრძნობდი. კლასში შედარებით სხვა სიტუაცია იყო, რადგან ყველანი ვეფხვის წელში ვიყავით დაბადებულები.

- "ხშირად იკავებს მაღალ პოსტებს".

- ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა, ალბათ იმიტომ, რომ დიდი სურვილი არ გამჩენია.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები". როგორ იქცევი ამ დროს?

- შეზღუდვებს ვერ ვეგუები, ყოველთვის დასახული მიზნისკენ არჩეული გზით განვაგრძობ სვლას, წყნარად და მშვიდად.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ბოლო დროს ვერიდები კონფლიქტებს, ეს ალბათ ასაკმა მოიტანა.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ჩემს შემთხვევაში ასე არ არის, ალბათ ფულს ავირჩევ, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, ფული გვიქმნის კომფორტს, რაც ჩვენს რეალობაში აუცილებელი და საჭიროა; დიდებას კი არც ერთი სული არ აუმაღლებია.

- მოუსვენარი ხარ, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება გიჭირს?

- პირიქით, ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა შემიძლია, ის გარემო თუ ჩემი კომფორტის ზონაა.

- "თავგადასავლების მოყვარულია. უყვარს მოგზაურობა".

- წელიწადის ყველა დროს სიამოვნებით ვიმოგზაურებდი, თუკი ამის შესაძლებლობა მექნებოდა.

- როგორია შენი თავგადასავლები?

- უმეტესად ჩემი თავგადასავლები ცხოველებთან არის დაკავშირებული: გადაარჩინე, წაიყვანე ექიმთან, უმკურნალე, უპოვე ოჯახი და ა.შ.

- "მას თავში სხვადასხვა იდეა სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- ინტუიციას არ ვუჩივი, მეტსაც გეტყვი, ძალიან ხშირად წინასწარ ვიცი, რა იქნება, რა მოხდება, ამბავი მე თუ არ მეხება. საკუთარს ვერ ვგრძნობ, ჩემთვის ჩაკეტილია.

- "ის პირდაპირია მანერებით და ლაპარაკით. სიხისტე ხშირად სჩვევია".

- დიახ, ეს სენი მახასიათებს.

- სიხისტის გამო უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- უამრავჯერ.

- "მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- ისე, ვით მშვილდოსნის.

- "ის თავისი გრძნობებით ძალიან რომანტიკული და ვნებიანია".

- არ უარვყოფ.

- "გულღიაობის მიუხედავად, ხშირად ძალიან მარტოსულია, ეს კი მისი იდეალისტურობის შედეგია".

- მარტოობა დავიმეგობრე, მარტო ყოფნა არასდროს მიჭირს, ალბათ იმიტომ, რომ მწამს და ვიცი, მარტო არასდროს ვრჩებით.

- "მას სიყვარულის და მეგობრობის მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს".

- უამრავჯერ მტკენია, სადღაც ყოველთვის მტკივა და უამრავჯერ მეტკინება კიდევ, მაგრამ მჯერა და ზუსტად ვიცი, სიყვარული ატრიალებს ამ დედამიწას და არასდროს არსად ქრება, მუდამ ჩვენშია და ჩვენ ირგვლივ.

- გქონია ასეთი "გაკვეთილები"?

- რა თქმა უნდა.

- "ადვილად ექცევა ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ".

- გავლენას არ დავარქმევდი, ყოველთვის ვარ ღია სწავლისა და ახალი გამოწვევებისთვის.

- "სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს ტოვებს იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით გაკეთდება".

- საქმე სანახევროდ გაკეთებული არასდროს მიმიტოვებია, როგორი რთულიც უნდა იყოს, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

- "მისი სურვილია მუდმივად იხეტიალოს, ეს კი ყველას არ მოსწონს".

- არა, მუდმივად ხეტიალის სურვილი არ მაქვს.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა, მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".

- იმედგაცრუებას გავურბივარ, უფრო სწორად, ინტერესს ვკარგავ იმედთან ერთად. რაც შეეხება უარს, პირიქით, ამ შემთხვევაში სპორტული აზარტი იბადება, თუმცა ეს ხანმოკლეა და ვგრძნობ, რომ ადამიანი ჩემი არ არის.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსანი ვეფხვი კომუნიკაბელურობისა და ინტელექტუალურობის ხარჯზე, კარგად ახერხებს გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას, რასაც თავისი მიზნების მიღწევაში ოსტატურად იყენებს. ასეთი მომენტები გქონია?

- თუ მსურს, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია კონტაქტის დამყარება, ეს "ნიჭი" ბავშვობიდან მომყვება.

- ია, ასეთი იყო შენი ასტროპორტრეტი, ბოლოს შემოქმედებით სიახლეებზეც გკითხავ, როგორც ვიცი, "ბოლო სეზონის" გადაღებებში ჩაერთე...

- ორი წელი სრულდება, რაც ახალ და ძალიან საინტერესო პროფესიას დავეუფლე, კასტინგში ვმუშაობ. ჩემმა მეგობარმა ნანუკა სიორიძემ გამაცნო ეს სფერო, რეკლამებზე დავიწყე მასთან კასტ-ასისტენტად მუშაობა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. კამერასთან მუშაობა ჩემი პროფესიაა, სიგიჟემდე მიყვარს კამერა და გადასაღები მოედანი, თუმცა მის მიღმა სამყარო სულ სხვა ჯადოსნურობაა და ამ სამყაროში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ღმერთმა არ მომიშალოს (იცინის).

მიხარია, რომ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ახლახან ერთ-ერთ რეკლამაში ბუდუ ზივზივაძე გადავიღეთ და ბავშვივით მიხაროდა მისი ნახვა და ჩახუტება. სერიალზე "ბოლო სეზონი" კასტინგ-მენეჯერად ვმუშაობ და მეორე სეზონია, რაც მაქვს ბედნიერება საოცარ პროფესიონალებთან, არტისტებთან, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ვიყო ერთ სივრცეში.

- წარმატებას გისურვებ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"