"ეკა მაშინ გავიცანი, როცა 19 წლის ბიჭი ვიყავი, ის კი - 16-ის. ეს იყო სუფთა, წრფელი ურთიერთობა. მერე მე მოსკოვში გადავედი და კონტაქტი დაიკარგა... ბოლოს კი, აშშ-ში მექსიკის რთული გზით ჩამოვაკითხე" - კვირის პალიტრა

"ეკა მაშინ გავიცანი, როცა 19 წლის ბიჭი ვიყავი, ის კი - 16-ის. ეს იყო სუფთა, წრფელი ურთიერთობა. მერე მე მოსკოვში გადავედი და კონტაქტი დაიკარგა... ბოლოს კი, აშშ-ში მექსიკის რთული გზით ჩამოვაკითხე"

საქართველოს ნაკრების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეკარის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელს ზურაბ­ ქვაჩახიას აშშ-ში დავუკავშირდით შეგირდის წარმატებაზე, მისი საქმიანობისა და ნაკრების სხვა ფეხბურთელების შესახებ სასაუბროდ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- აშშ-ში ორი წელია ჩამოვედი, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ბავშვებს ვავარჯიშებ. იმედია, ამ საქმეს გავაგრძელებ.

- რამ განაპირობა აშშ-ში გამგზავრება, ოჯახთან ერთად ხართ?

- აქ ბავშვობის სიყვარულმა წამომიყვანა, შევქმენი ოჯახი - ეკატერინე ათანე­ლიშვილი ჩემი ცხოვრების აზრია, აქ უღელს ერთად ვეწევით. ჩემი შვილები პირველი ქორწინებიდან, ლიზი და ბარბარე ქვაჩახიები, თბილისში ცხოვრობენ.

ძალიან რთულია, როცა უცხო ქვე­ყანაში,­ უცხო ქალაქში ჩამოდიხარ და უცხო კულტურის ხალხთან გიწევს ცხოვრება. ძნელია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე შეგიძლია, ბევრი უნდა იშრომო თავის დასამკვიდრებლად. ახალმა გარემომაც უნდა მიგიღოს. აქ არავინ გიცნობს შენი პროფესიით და სხვა პროფესიების დაუფლება გიწევს, რომ თავი გადაირჩინო, შემოსავალი გქონდეს. როგორც აღვნიშნე, მოსწავლეები მყავს, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე, გიორგი ლორთქიფანიძე, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს და ვეხმარები, რომ დაიმკვიდროს ამ სპორტში თავი, ჯანმრთელი და მოძრავი იყოს. მეორე მოსწავლე UFC-ში ასპარეზობს. ისევე, როგორც საქართველოში, აქაც არის სპორტული მოედნები, ძალიან კეთილმოწყობილი, სადაც ყველას შეუძლია უფასოდ ივარჯიშოს, თვითგანვითარებისთვის გამოიყენოს.

- თქვენ თუ ვარჯიშობთ?

- აბსოლუტურად ყოველდღე, დილის 5 საათიდან. მე თუ ფორმაში არ ვიქნები, სხვასაც ვერ ვასწავლი, ფიზიკურად უნდა შეგეძლოს იმის ჩვენება, რასაც თეორიულად გადასცემ. ასეთი თეორია მაქვს - მოძრაობა მოძრაობისთვის, რაც საქართველოში დინამო-თბილისის აკადემიაში დავნერგე. სხეულის სრულყოფილად ფლობა ნებისმიერი სპორტის სახეობისთვის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია. სპეციალური ვარჯიშებია.

- თქვენ რა ასაკში დაიწყეთ სპორტული­ ცხოვრება?

- მე სოხუმელი ვარ, იქ სახლი, ჩემი კუთხე დავკარგე, ჩემი გარემო, სადაც ბავშვობა გავატარე. 20 წლამდე სოხუმში გავიზარდე და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩემთვის. ცხოვრებას მაშინ ვიწყებდი... თავიდან ჭიდაობაზე დავდიოდი, 15 წლამდე, აფხაზეთის ორგზის ჩემპიონი ვარ, 16 წლიდან კი ფეხბურთზე შევედი და 2007 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარე გავხდი. ჯერ სოხუმის "დინამო" იყო, მერე სოხუმის "ცხუმი" გახდა, მასში მოხვედრამდე ბოჯგუამ შექმნა ჩემი სამყარო. მერე იყვნენ სხვებიც, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თბილისში რომ ჩამოვედი, მერე რუსეთში წავედი, იქ ვითამაშე, იქიდან უზბეკეთში და ბოლოს კვლავ საქართველოში დავბრუნდი და მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

თუკი საქართველოში ვინმე მეკარეა, ყველა ოთარ გაბელიასგან იღებდა მაგალითს, მისგან სწავლობდა, მის ყველა თამაშს ვუყურებდით და მის რჩევებს ვითვალისწინებდით, მან მოგვცა მოტივაცია, თუ რატომ გვინდოდა მეკარეობა. ოთარს ძალიან ახლოს ვიცნობ, ჩემი უფროსი ძმაა და ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემი უშუალო მწვრთნელი ნუგზარ ბოჯგუა იყო, მან მასწავლა ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, მაგრამ განვითარება მხოლოდ ერთი ადამიანის ნასწავლით ხომ არ ხდება.

- სიყვარულის საინტერესო ისტორია გაქვთ, მეუღლეზე გვიამბეთ, როგორ გაიცანით?

- ეკა მაშინ გავიცანი, როცა 19 წლის ბიჭი ვიყავი, ის კი - 16-ის. ჩვენი გუნდი მაშინ თბილისში ცხოვრობდა, ეკა კალათბურთს თამაშობდა. ეს იყო სუფთა და წრფელი ურთიერთობა. მერე მე მოსკოვში გადავედი და კონტაქტი დაიკარგა, ორი წელია აშშ-ში ჩამოვედი და ახლა ერთად ვართ.

- ხელახლა როგორ შეხვდით ერთმანეთს?

- იმ წლების შემდეგ ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ისე მოხდა, რომ მისი ნათესავის შვილი და ჩემი შვილი მეგო­ბრები არიან და გვარი ქვაჩახია რომ გაუგონია, ზურის შვილი ხომ არ არისო, უკითხავს. ასე მოხდა ჩვენი თავიდან დაკავშირება. ოთხი წელი მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით, მერე კი წამოვედი, მექსიკიდან ის რთული გზა გადავლახე, რომელსაც ბევრი ქართველი გადის, მაგრამ სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებს.

- მოზარდობის სიყვარული ხელახლა იპოვეთ.

- დიახ. ბედნიერები ვართ და ერთად ცხოვრება გვიხარია - ეს ყველაზე მთავარია. დიდი გეგმები და მომავალი გვაქვს წინ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ლინკზე - რას ჰყვება მამარდაზე მისი მწვრთნელი აშშ-დან