"გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, ყველაფრის საქმის კურსშია. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, თამაშზე ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო"
"ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს"
"არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა",
- თქვა მაშინ, როდესაც ირანის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. გიორგი გველესიანის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით, მიღწევებით, გამარჯვებებით... მისი თავგადასავალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახლა დაიწყო და უკვე ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს კარს საიმედო მცველი ეყოლება. დაუღალავი შრომით, გიორგიმ მიაღწია დიდ წარმატებას, აღიარებას, ორგზის ჩემპიონობას 80-მილიონიან ირანში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
გიორგის შესახებ უფრო მეტს მისი დედა ლელა გრძელიშვილი გვიამბობს.
- ქალბატონო ლელა, სულ 2 საათია, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩი დასრულდა, როგორია თქვენი ემოცია?
- ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი იქნებოდა, ჩვენების გამარჯვებით დასრულებულიყო, მაგრამ ამ დონის გუნდთან ფრეც არ არის ცუდი შედეგი. ჩემი შვილის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. დღეს ეს ბავშვობის ოცნება აუსრულდა. ვიცი, გიორგის გული ახლა გახარებულია, ღმერთის მადლობელი ვარ. რაც მთავარია, გიორგი მოედანზე თავის გუნდს გამოადგა, რამდენიმე შეტევა კარგად მოიგერია. მოგეხსენებათ, გიორგი ირანში თამაშობს, იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული და ისეთი სიყვარული თუ შეეძლოთ ფეხბურთელების მიმართ, ვერ წარმომედგინა, საოცარი ფანები არიან. იქ გასართობები ნაკლებად არის, ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ. გიორგისთან ერთად ქუჩაში გასვლისას, ჩემი გაკვირვება არ იქნა და აღარ მთავრდებოდა, ყველა ცნობდა როგორც ვარსკვლავს და ყველა თავისებურად ცდილობდა, მისდამი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატა. ფოტოების გადაღებიდან დაწყებული, რაღაც მომსახურებებზე თანხის არგადახდით დამთავრებული. ტაქსის მძღოლებსაც კი არ სურდათ გიორგისგან თანხა აეღოთ და ძალით უტოვებდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, მიხაროდა, მაგრამ თან გულიც მწყდებოდა; ვფიქრობდი, ქართველი ბიჭია და რატომ თავის სამშობლოში არ უნდა ჰქონდეს დაფასება და აღიარება?
გიორგი საოცრად მშრომელია, 7 წელია გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.
- გიორგის ირანში მიღწეულ წარმატებებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი მიამბეთ, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.
- ბავშვობაში ფეხბურთი არ აინტერესებდა. იმ პერიოდში მოზარდებში ძალიან პოპულარული იყო მანჩესტერის ფორმა. 6 წლის იქნებოდა, ერთ დღეს მთხოვა: დე, მანჩესტერის ფორმა მიყიდეო. დავპირდი, მოგიტან-მეთქი, მაგრამ შესაძენად რომ წავედი, ვიფიქრე, - ეს ფორმა რად უნდა? ჯერ თამაში ისწავლოს და ფორმას მერე ვუყიდი-მეთქი. საუკეთესო ბურთი შევარჩიე და მოვუტანე. ჩემმა საქციელმა გაანაწყენა: ეს ბურთი რისთვის მოიტანე, მე ფორმა მინდოდაო. ცოტა ხანი რომ გავიდა, ეზოში ჩავიდა და ბურთიც წაიღო, იქ თანატოლებს ეთამაშა, მაგრამ ყველამ აჯობა. მანამდე ბურთი საერთოდ არც ჰქონდა გაგორებული. ამ დღის თუ მარცხის შემდეგ, ინტერესი გაუჩნდა, - რას ჰქვია, მე არაფერი გამომივიდაო და მერე ყოველდღე ჩადიოდა ხან მეგობრებთან ერთად, ხან მარტო და სულ თამაშობდა, კენწლავდა. 2-3 კვირის შემდეგ, ეზოს ბავშვებიდან ყველას აჯობა.
- სპორტული აზარტი ბავშვობაშივე ჰქონია.
- როგორც ჩანს...
- ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარცხი ხდება მოტივაცია.
- ადრეული ასაკიდანვე ძალიან დამოუკიდებელი იყო, თან - მშრომელი, საკუთარ თავზე დაუღალავად მომუშავე. ხასიათში აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქრება, დაკვირვება, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა.
- მწვრთნელთან რა დროს მიიყვანეთ?
- 2-3 წელი ასე აგორავა ბურთი ეზოში, დღე და ღამე ვარჯიშობდა, თან ეს პროცესი აბედნიერებდა. მერე გადავწყვიტე პროფესიონალთან მიმეყვანა. არც ვიცოდი, ვინ იყო კარგი მწვრთნელი, 35-ე საფეხბურთო სკოლაში მივიყვანე, სადაც მწვრთნელი სირაძე იყო, ვარჯიში დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე ვარჯიშზე მე წავიყვანე, მერე მითხრა: დე, მარტო ვივლიო. ჩვენ ვაკეში ვცხოვრობთ და იცოდა, რომელ ტრანსპორტს უნდა გაჰყოლოდა, რომელ გაჩერებაზე ჩამოსულიყო. ერთ დღეს ტურნირი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბავშვები დელისის მეტროსთან დატოვეს. ამ ადგილიდან როგორ მოსულიყო სახლამდე, აღარ იცოდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა, გავიდა საფეხბურთო სკოლაში და იქიდან წამოვიდა სახლში. გიორგის არც ერთი დაბრკოლება არ აფერხებს და მიზანზე ხელს არ ააღებინებს. ის პატარა ასაკიდანვე შეამჩნიეს, მოდიოდნენ, უყურებდნენ მის თამაშებს. დღეს ვხედავ, როგორ აქტიურობენ მშობლები შვილების კარიერაში. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგიმ ყველაფერს თავისით მიაღწია.
- მისი პირველი წარმატება როგორ გახსოვთ?
- ამ 35-ე სკოლაში მწვრთნელი აკობია ხშირად მოდიოდა და აკვირდებოდა. 14-15 წლის იქნებოდა გიორგი, როცა უთხრეს, - აკობიას ძალიან მოეწონე და "დინამოს" დუბლებში გიბარებსო. მაშინ ვმუშაობდი, მშობლებმა გაყოლა ვერ შევძელით და გიორგი იქაც მარტო წავიდა. ამ გზაზე გიორგის სხვადასხვა დროს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და ზედმეტად კრიტიკული. ეგ რომ იტყვის, კარგად ვითამაშეო, მართლა სასწაულია. მალე კაპიტანი გახდა, მწვრთნელები აღნიშნავდნენ, ლიდერული თვისებები აქვსო. გიორგის მწვრთნელი იყო დევდარიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. იყო შემთხვევები, როდესაც გიორგის უკან სწევდნენ, წინ სხვას აყენებდნენ, მაგრამ ბრძოლით წინ მაინც მიიწევდა. ხელის ჩაქნევა არ იცის, ეს ძალიან კარგი თვისებაა. დინამოში 7-8 წელი გაატარა. ჩემპიონები, ვიცე-ჩემპიონები იყვნენ, შინ გიორგის ძალიან ბევრი მედალი გვაქვს.
- მიამბეთ, გიორგი "დინამოდან" ირანში როგორ მოხვდა?
- ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ირანიდან ჯგუფი იყო ჩამოსული, გიორგი მოეწონათ და ისეთი პირობები შესთავაზეს, რომელიც ჩემი შვილისთვის საინტერესო იყო. იქ რომ ჩავიდა, ნახა, ამ ქვეყანაში, როგორ მაღალ დონეზეა ფეხბურთის სიყვარული, დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თავიდან ჰქონდა გაძლების პერიოდი, შემდეგ - შეგუების...
- დიახ, არაფერი იქაური არ მოსწონდა. ამბობდა, ეს არ ვარგა, არც ეს ვარგა, არც ეს ვარგა... მაინც გაძლო. თავიდან დიდი პრობლემა იყო ენის ბარიერი. იქ ინგლისური არ იციან, გიორგიმ მათი ენა არ იცოდა და ვერაფერს აგებინებდა. კაფეში მენიუ მხოლოდ სპარსულ ენაზე იყო. სულ ერთ კაფეში შედიოდა და ერთ კერძს იღებდა. ბოლო წლებში სპარსული ენა შეისწავლა, 7 წლის განმავლობაში 4 გუნდი გამოიცვალა, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი დონის გუნდში გადადიოდა და ახლა "პერსოპოლისში" თამაშობს, რომელიც ირანის ჩემპიონი ორჯერ გახდა. იქ 1-ლ ივნისს ჰქონდა თამაში. გიორგის გუნდს 1 გოლით მაინც, აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. თამაში ისე სრულდებოდა, ვერ იგებდნენ და ბოლო წუთებში გამარჯვების გოლი გიორგიმ გაიტანა.
- გოლები გააქვს, მიუხედავად იმისა, რომ მცველის პოზიციაზე თამაშობს.
- გიორგიმ ფსიქოლოგიურად იმუშავა საკუთარ თავზე, ნერვიულობის აღკვეთა შეუძლია, იქ პენალტების ოსტატად ითვლება, უამრავიდან მხოლოდ ერთი პენალტი აქვს გაფუჭებული.
- გიორგი საუკეთესო მცველადაც დაასახელეს, ეს დედისთვის რა ემოციაა?
- ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს გადაცემა "ტაიმ-აუტი", როდესაც გიორგიმ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია, ხომ შეიძლებოდა, ეს ამბავი 2 წინადადებით მაინც გადმოეცათ? ამის გამო გული ძალიან მწყდება. ასეთი "იგნორი" არ შეიძლება. ძალიან მაინტერესებს, ასე რატომ ხდება? საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
- გიორგის ირანიდან ჰქონდა შემოთავაზება, მათ ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, არა?
- ჰქონდა, მაგრამ ეს წინადადება რომ მიეღო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა ეთქვა და მათი ქვეყნის მოქალაქე გამხდარიყო. ჩემმა შვილმა ეს ნაბიჯი შეგნებულად არ გადადგა. ამბობდა, საქართველოს მოქალაქეობას არაფრის გამო არ დავთმობო. მისი მწვრთნელი გაკვირვებული იყო. ეკითხებოდა, ასეთი კარგი მოთამაშე ხარ და ნუთუ არ სჭირდები საქართველოს ნაკრებსო? იმ კაცმა თურმე, თავისი ინიციატივით შეადგინა წერილი და თბილისში ფეხბურთის ფედერაციას გადმოუგზავნა. გიორგის წარმატების ამბავი სოციალური ქსელებით გავრცელდა. ჩემპიონი რომ გახდა გიორგის გუნდი, შემდეგ კი გამოიძახეს ნაკრებში, მაგრამ მწვრთნელმა მოედანზე არ შეიყვანა, სათადარიგო სკამზე იჯდა. გიორგი ძალიან ნერვიულობდა, უზომოდ უნდოდა ეთამაშა.
- იმედია, მომავალში ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეროვნულ ნაკრებში. გიორგი ირანში მარტო ცხოვრობს?
- მარტოა, ჩვენ თბილისში ვართ, ოჯახი სულ ენატრება, თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, აქ რომ ჩამოვიდეს. გუნდს ხომ ვერ უღალატებს, ყველა მატჩში თამაშობს.
- გიორგის ოჯახზე რას გვეტყვით?
- გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. ჩემი რძალი მეგობართან ერთად, ჩემი ქალიშვილი და სიძე დორტმუნდში იყვნენ. ველაპარაკე და მითხრეს, - ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო, მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა, თურმე მანამდე რაღაც შემოწმება უნდა გაევლო და ეს დაავიწყდა.
- გიორგი როგორი მამაა?
- 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ხშირად ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია, ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია.
- მშრომელი და მიზანდასახული რომ არის, ფაქტია, კიდევ რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?
- სამართლიანია, დაკვირვებული. ცუდ განწყობაზე რომ იყო, ვერ გამოაპარებ, სახეზე შემოგხედავს და ყველაფერს ხვდება. არ მინდა ხშირად შევაწუხო, ეს იცის და დრო როცა აქვს, თავად რეკავს.
- გიორგის საქართველოში როდის ელოდებით?
- ჯერ არ ვიცით. მთელი წელი ისე გავიდა, არ დაუსვენია. რაც მთავარია, ოცნება აუხდა და ეს უზომოდ მახარებს.
- მადლობა ინტერვიუსთვის, გიორგის და ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ!
- მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის!
თამუნა კვინიკაძე