"ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთან ურთიერთობაც მოგვიანებით რომანტიკულში გადაიზარდა, მითხრა: თუ იქ არ გამოგივა ჩანაფიქრი, მერე ჩემთან ერთად, ისევ ამერიკაში წამოხვალო. ეს ადამიანი დღეს ჩემი მეუღლეა. უკვე ორი შვილი გვყავს" - კვირის პალიტრა

"ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთან ურთიერთობაც მოგვიანებით რომანტიკულში გადაიზარდა, მითხრა: თუ იქ არ გამოგივა ჩანაფიქრი, მერე ჩემთან ერთად, ისევ ამერიკაში წამოხვალო. ეს ადამიანი დღეს ჩემი მეუღლეა. უკვე ორი შვილი გვყავს"

ქართველი ემიგრანტები ამერიკაში ხშირად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას

და თავიც გააცნეს არა მარტო ჩვენს ემიგრანტებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ამბები ქართულ მედიაში მუდმივად შუქდება, მაგრამ დღეს ორი მეგობრის ინიციატივით დაარსებულ კომპანიაზე GeoinStyle მინდა გიამბოთ, რომელიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უწევს პოპულარიზაციას საზღვრებს მიღმა და ამავდროულად, აძლევს მათ საშუალებას, თავიანთი კოსტიუმები მოდის სხვადასხვა კვირეულზე გაიტანონ... GeoinStyle-ს სათავეში უდგანან ნინო უოლტონი და ნია ნეილსონი.

ნინო დაახლოებით 17 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებდა ჩაცმის კულტურა და როგორც ქართველთა უმეტესობას, უყვარს მოდა, გემოვნებიანი სამოსის ტარება და ხშირადაც იღებდა ამ კუთხით კომპლიმენტს. ქართველი დიზაინერებით მისი დაინტერესება საქართველოს ნოსტალგიამ გამოიწვია. უნდოდა თავისი ქვეყნის კულტურა როგორღაც საზღვრებს მიღმა წარმოეჩინა და იმ პიროვნებასთან ერთად, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი და პარტნიორია, ჩამოაყალიბა კომპანია, რომელიც ზუსტად იმ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოირგოს ქართული სამოსი და გაიცნოს საქართველო; ამავდროულად, რაც შეიძლება მეტ ქართველ დიზაინერს გაუჩნდეს საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენის შანსი.

ნინოსაც და ნიასაც საინტერესო ცხოვრებისეული გზა აქვთ გავლილი, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ნია ნეილსონთან, ვინაიდან ის საქართველოში იმყოფება და მასთან შეხვედრა პირადად მოვახერხეთ...

- საქართველოში კომპიუტერული სისტემები შევისწავლე. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, ჭადრაკს ვასწავლიდი ბავშვებს კერძო სკოლაში. მას მერე არაერთი სამსახური გამოვიცვალე, ცნობილ ინტერნეტკომპანიაში ვმუშაობდი, შემდეგ სავაჭრო ცენტრში დირექტორის მოადგილედ და სანამ გერმანიაში წავიდოდი, მაღაზიათა ქსელის დირექტორად.

- რა მიზნით გაემგზავრეთ გერმანიაში?

- ჩემი პირველი მეუღლე ამერიკელი ჯარისკაცი იყო, რომელიც გერმანიაში გახლდათ გამწესებული. თავიდანვე მქონდა მასთან შეთანხმებული, რომ საცხოვრებლად ამერიკაში არ წავიდოდი, რადგან ძალიან დიდი ოჯახიდან ვარ, 4 და მყავს, ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და მეშინოდა მათგან შორს ყოფნის. დედა ბელორუსიიდან გახლავთ და 90-იან წლებში იყო პერიოდი, როცა მშობლებს, დედმამიშვილებს ვერ ნახულობდა, მთელი 12 წელი ვერ ჩავიდა მათთან, თან მაშინ სად იყო სოციალური ქსელები, ახლობლებთან ვირტუალური კავშირი მაინც რომ ჰქონოდა და ამას ისე განიცდიდა, რომ მის შემხედვარეს შორს წასვლა ნამდვილად არ მსურდა. კი, მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ ევროპის ფარგლებში, საქართველოსთან შედარებით ახლოს. როცა ქორწინებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, საქმროს ვუთხარი, რომ ამერიკაში ვერ გავყვებოდი. ორი წელი ჰქონდა ჯარში მსახურების ვადა დარჩენილი. მითხრა: არა, მე 10 წელია უკვე გერმანიაში ვცხოვრობ და ევროპაში დავრჩებითო... რომ გავთხოვდი და გავყევი, დაახლოებით ერთ წელიწადში, რაღაც მიზეზების გამო, მას ორდერი მისცეს, რომ ამერიკაში გადასულიყო და როგორც სამხედროს, უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. ამერიკაში გადასვლა მოგვიხდა. ჰოდა, უკვე 15 წელია, იქ ვცხოვრობ...

ჩემი ინგლისური, რომელიც აქ ნორმალურ დონედ ითვლებოდა, იმ გარემოში ძალიან ღარიბული აღმოჩნდა. ეს პირველი შოკი იყო ჩემთვის. თან, აქ ნასწავლი კომპიუტერული სისტემებიც ვერ გამომადგებოდა. მე რომ აქ ვსწავლობდი, ის კომპიუტერები იქ უკვე მუზეუმში იდო. ვინაიდან უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, მუშაობა სადაზღვევო კომპანიაში დავიწყე. მერე გადავწყვიტე, ინსტიტუტში ჩამებარებინა და მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრატურაში მიმიღეს, მე თვითონ შემეშინდა. ვისწავლიდი, ჩავაბარებდი, მაგრამ არ ჩამრჩებოდა ცოდნა. ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჯობდა, ისევ ბაკალავრიატი გამევლო. ასეც მოვიქეცი. მოგვიანებით, რაღაც მიზეზების გამო დავშორდი პირველ მეუღლეს და ევროპაში გადასვლა გადავწყვიტე, რადგან ამერიკაში მარტო ვეღარ გავჩერდებოდი. ამ მიზნით ფრანგულის სწავლა დავიწყე. თუმცა, იმ პერიოდში ქალაქში, სადაც მანამდე მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი, დიდი ხანძარი გაჩნდა, მთელი სამეზობლო, 365 სახლი მიწასთან გასწორდა. ამერიკული ორმაგი მაცივრების გარდა არსად არაფერი გადარჩენილა. გეგონებოდა, დიდი ბომბი ჩამოაგდესო. ეს სამწუხარო ფაქტი რაღაც გაგებით სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან კომპენსაცია მოგვცეს და ის თანხა, რომელიც განქორწინების შემდეგ მერგო, ისე გავანაწილე, რომ დროებით ამერიკაში დარჩენა მოვახერხე, რათა სწავლა დამესრულებინა, მხოლოდ ამის შემდეგ გადავსულიყავი საფრანგეთში. იმ პერიოდში ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთან ურთიერთობაც მოგვიანებით რომანტიკულში გადაიზარდა, მითხრა: მეც წამოვალ შენთან ერთად და თუ იქ არ გამოგივა ჩანაფიქრი, მერე ჩემთან ერთად, ისევ ამერიკაში წამოხვალო. ეს ადამიანი დღეს ჩემი მეუღლეა. უკვე ორი შვილი გვყავს.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

- ინსტიტუტში გავიცანი, ზუსტად ბოლო წელს, მაგრამ მეუბნებოდა, უფრო ადრეც გიცნობდიო... ორივემ მაღალი ხარისხის დიპლომი ავიღეთ და კომპანიებისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ ე.წ. ინტერვიუები გაგვევლო. ჩემმა მომავალმა მეუღლემ მითხრა: მაინც მივდივართ და არ ღირს. თუ საფრანგეთში არ გამოგვივა საქმის აწყობა, აქ სამსახური მერე მოვძებნოთო, მაგრამ დავიჟინე, - ეს გასაუბრება მაინც გავიაროთ, საინტერესოა-მეთქი. ინტერვიუზე ორივეს გვითხრეს, რომ ჩვენთან ურთიერთობა სურდათ და სამსახურის მისაღებად ტრენინგი უნდა გაგვევლო ზაფხულში, მაგრამ ვუპასუხეთ, რომ საფრანგეთში მივდიოდით და მინიმუმ აგვისტოში დავბრუნდებოდით. გაფრენამდე ორი დღით ადრე დაგვირეკეს ჯერ მე და შემდეგ - მას: ჩვენი შერჩეული ბევრი სტუდენტი მიდის დასასვენებლად, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ ჯგუფი და თუ თქვენც თანახმა იქნებით, აგვისტოში შემოგვიერთდითო. ამან თითქოს რაღაცნაირად გვიბიძგა, რომ საფრანგეთში ჩასულებს სამუშაო არ გვეძებნა; თითქოს ცხოვრებამ თვითონ გვიკარნახა, როგორ მოვქცეულიყავით... მოკლედ, დავბრუნდით ამერიკაში და მუშაობა დავიწყე კომპანიაში, სადაც შარშან აპრილამდე, მთელი 12 წელი ვიყავი დასაქმებული: თავიდან დავიწყე კრედიტოფიცრად, მერე ნელ-ნელა ავედი უფრო მაღალ საფეხურზე...

კოლორადოში ცხოვრებიდან რამდენიმე წელიწადში გამიჩნდა სურვილი, სხვა შტატში გადავსულიყავი, მაგრამ ეს მეუღლეს არ სურდა. ბევრ ქართველს გაუკვირდება ახლა რასაც ვიტყვი: რამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთ შტატში და იქიდან არასდროს გასულან. ქართველებს კი ხომ იცით, სულ გაქცევა, მოგზაურობა, საკუთარი თავის გამოცდა გვინდა. ჰოდა, კოლორადოს მიმართ იმედგაცრუება დამეწყო, რადგან იქ ყველაზე კარგი და მშვიდი, მონოტონური ცხოვრებაა. გამიჭირდა ამ სიმშვიდესთან შეგუება. ყველაზე საინტერესო, რაც ხდებოდა, იყო ბარბექიუ და კემპინგზე წასვლა. იმის იქით თითქოს ამ ქალაქში არაფერი ხდებოდა. მოკლედ, ჩემს მეუღლეს დიდად არ მოეწონა ჩემი იდეა.

- ანუ ერთფეროვნება მალე გბეზრდებათ.

- კი, ასეა და გადავედით შარლოტში, სადაც დამასაქმეს იმ დეპარტამენტის მენეჯერად, რაზეც ვოცნებობდი. მერე გავიაზრე, - აი, თურმე რატომ მექაჩებოდა გული სხვაგან-მეთქი. სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიწყო კოვიდპანდემია. ზოგი შემცირებაში მოჰყვა, ზოგს არ აწყობდა სახლიდან მუშაობა. მანამდე თუ 10-კაციან ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, ახლა 24 კაცი მყავდა, სხვადასხვა შტატიდან. ეს საინტერესო გამოწვევა იყო, ამან მართლა "გამზარდა". თუ მანამდე ფრიადოსანი თანამშრომელი ვიყავი, შევიცვალე. ზოგადად, ათოსნები არ არიან კარგი მენეჯერები. ყველაფერს ვაკეთებდი "გუშინ". ჩემი მოუთმენლობის გამო, ვცდილობდი თანამშრომლებს დავხმარებოდი, ვერეოდი მათ საქმეში. ჩემი გუნდი სხვებისთვის ძალიან კარგი იყო, არ გვქონდა შეცდომები, ყველაფერი თავის დროზე კეთდებოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თანამშრომლებთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა. მე ხომ მათ ვაძალებდი, ყველაფერი სწრაფად მოეგვარებინათ. მათ ვეხმარებოდი და მეგონა, კარგს ვაკეთებდი, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებს არ ვაძლევდი გაზრდის საშუალებას. აი, როცა სახლიდან მომიხდა მუშაობა და თან გუნდში ხალხის რაოდენობა გამიზარდეს, ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი და ყველა თავის საქმეს აკეთებდა. მეც ტაქტიკა შევცვალე და გუნდის წევრებს სულ ვეუბნებოდი, მე არ ვარ თქვენი უფროსი, თქვენი ნამუშევარი ჩემს ჯიბეში არ მიდის. თქვენი მოგება ჩემი მოგებაა და წაგება - ჩემი მარცხი-მეთქი. ამ სიალალემ გაამართლა, გუნდი შეიკრა... შემდეგ ჩემს გადაყვანას აპირებდნენ რეგიონალურ მენეჯერად ამ უდიდეს ბანკში, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში კომპანიაში ისიც გააცნობიერეს, რომ ამდენი მუშახელი აღარ სჭირდებოდათ, ისევ დაიწყო შემცირებები: ჯერ მე გამაშვებინეს ხალხი და 8 კაცი დამიტოვეს, მერე - გადავდივართ ოფისებშიო... არადა, იმ პერიოდში საქართველოში მოვდიოდი, ბილეთები ნაყიდი მქონდა. აქ ჩამოსვლიდან სამ კვირაში გავიგე, რომ შემცირება კი არა, მთლიანად ჩვენი დეპარტამენტი დაიხურა. 30000 კაცამდე გაუშვეს სახლში, წარმოგიდგენიათ?!

- როგორც ვიცი, იქ იპოთეკური სესხი ძალიან დაბალ პროცენტშია...

- როცა მე ვმუშაობდი, 2,5-დან 5 პროცენტამდე იყო. 6-7 - იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას ცუდი კრედიტისტორია ჰქონდა. ეს იმაზეც იყო დამოკიდებული, რამდენი იქნებოდა მისი მხრიდან თანამონაწილეობა ქონების ყიდვისას. ჩემი გუნდი ემსახურებოდა ყველაზე რთულ კონტინგენტს - ხალხს, რომელსაც ბევრი ფული აქვს; რთული, რადგან მათ აქვთ მოთხოვნები, პრეტენზიები, ცუდი, საკმაოდ დამამცირებელი ტონი...

- ახლა სად მუშაობთ?

- ბანკიდან წამოსვლის შემდეგ "უბერზეც" კი ვიმუშავე და ეს ძალზე საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ამაზე სხვა დროს გესაუბრებით... შემდეგ ავიღე ლიცენზია, როგორც იოგის სპეციალისტმა და ახლა ამ მიმართულებით ვსაქმიანობ (იღიმის). ამავდროულად ვზრუნავ ჩემი და ნინოს ერთობლივ კომპანიაზე, რომელიც ვფიქრობ, კარგ საქმეს ემსახურება.

- როგორ დააარსეთ ეს კომპანია?

- მე და ჩემს მეგობარ ნინოს, რომელიც კოლორადოს შტატში ცხოვრობს, სულ გვინდოდა, რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა, რაც საქართველოსთან დაგვაკავშირებდა. მისი მეუღლე ფოტოგრაფია და ერთხელაც მთხოვა, გადაგიღებო. ჩამაცვეს სამოსი, რომელიც ქართველ დიზაინერს ეკუთვნოდა. პირველად მაშინ გავიგე მეგი გაბუნიას შესახებ. რაღაცნაირად, უცხო ქვეყანაში ყოფნისას გეამაყება, ქართველის შეკერილი რომ გაცვია. ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა: ყველა ონლაინმუშაობაზე გადადის და იქნებ ჩვენც გავაკეთოთ ონლაინმაღაზია, სადაც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს განვათავსებთ-მეთქი. ჯერ საერთო ნაცნობი ვიპოვე და მეგის მივწერე, - ესა და ეს ვარ, ასეთი იდეა მაქვს-მეთქი. ვინაიდან მეგი დაინტერესდა, დავურეკე ნინოს, - ჩვენმა საუბარმა საერთო იდეამდე მიმიყვანა-მეთქი. განვიხილეთ დეტალები, ვის რისი გაკეთება და რამდენის ჩადება მოუწევდა საქმეში... როცა ბოლოს და ბოლოს, ონლაინმაღაზია გავაკეთეთ, ერთ-ერთმა მეგობარმა გვითხრა, "ფეშენ ვიკის" ორგანიზატორს ვანახვე თქვენი გვერდი და შეხვედრა უნდაო. 2021 წელს პირველი შოუ გავაკეთეთ შარლოტში, ჩამოვიყვანეთ მეგი გაბუნია, ორი ღამე გვქონდა აღებული და ორივე დღეს ფურორი მოახდინა მისმა ჩვენებამ. შოუს მერე გაყიდვებმაც მოიმატა. ჩვენ შესახებ გაზეთებშიც დაიბეჭდა... შემდეგ მოგვწერა დენვერის "ფეშენ ვიკის" კვირეულის ორგანიზატორმა და მონაწილეობა შემოგვთავაზეს. მაშინ უკვე ბევრი გვწერდა, გვეპატიჟებოდნენ და ჩვენი შეცდომა იყო, რომ პირველ წელს ყველა შემოთავაზებას ვთანხმდებოდით. მერე მივხვდით, რაღაცები უნდა გაგვეფილტრა და გაგვეთვალა, სად წავსულიყავით და სად - არა. რაღაც პერიოდის შემდეგ შემოგვიერთდნენ დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, სკორპიონსი, ხათო კილაძე, სმაკი, სოფო ბაკურიძე, ამერიკაში მყოფი თეა სავანელი და ქეთევანი... როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დიზაინერი აღმოვაჩინო და თანამშრომლობა შევთავაზო. ბევრი თავადაც გვიკავშირდება, მაგრამ ჩვენ მათ ვირჩევთ, ვისი სამოსიც აქტუალური და განსხვავებულია. თანაც, ხარისხია მნიშვნელოვანი. ვიდრე თანამშრომლობას დავიწყებთ, დასატესტად გვიგზავნიან თავიანთ ნამუშევარს, რომელსაც ვიცვამთ, ვრეცხავთ იქაურ სარეცხის მანქანაში, შემდეგ ვათავსებთ საშრობში და თუ სამოსი არ გაფუჭდა, არ დაპატარავდა, თანამშრომლობა შედგება. კიდევ ერთი ნიუანსია: მარკაზე დატანილი უნდა იყოს ყველა ინფორმაცია, რით არის შექმნილი, რამდენ გრადუსზე ირეცხება, შეიძლება თუ არა დაუთოება და ა.შ. ეს ამერიკაში მოთხოვნადი სტანდარტია.

- ჩვენება ნიუ-იორკშიც გამართეთ და ამაზე არაერთი ქართველი ემიგრანტი წერდა...

- დიახ, ნიუ-იორკში მყოფი ქართველები ხშირად გვწერდნენ, - სხვა შტატში რომ მონაწილეობთ "ფეშენ ვიკებში", აქ რატომ არ მართავთ ჩვენებასო? თუმცა, ამას ვერ ვახერხებდით მიზეზთა გამო. წელს დენვერის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა გვითხრა, რომ მთელ დღეს დაგვითმობდა. ჩვენ წარვადგინეთ დიზაინერები: მეგი გაბუნია (M.G.), სალომე ამანათიშვილი (Salle De Mode), მაია სორაძე (SMAkI), ხათო კილაძე (Scorpions), სოფო ბაკურიძე. როცა ჩვენებისთვის ვემზადებოდით, მე და ნინოს გვითხრეს, - ჩვენ მაინც ნიუ-იორკში ვიქნებით, იქ არავის ვიცნობთ, ვინც მსგავს ღონისძიებას დააორგანიზებს და იქნებ ერთად გავაკეთოთ შოურუმიო. მე და ნინო დავფიქრდით: ამდენი ემიგრანტი გვწერს და იქნებ მართლა გავრისკოთო. ყველაფერი სწრაფად უნდა მოგვეგვარებინა. შევძელით კიდეც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის მომგებიანი იყო. თუმცა, დადებითი ის ჰქონდა, რომ საზოგადოებას ნიუ-იორკშიც გავაცანით თავი. დენვერში გამართულ ჩვენებაზე დავგეგმეთ, მონიტორზე გაგვეშვა მანტრა და გაგვეფორმებინა სურათებით საქართველოზე, თუმცა ვინაიდან იმ დღეებში საქართველოში აქციები მოეწყო რუსული კანონის წინააღმდეგ, რაღაცები შევცვალეთ. გვინდოდა ჩვენც გვეთქვა სათქმელი. გადავწყვიტეთ მოდელები გამოგვეყენებინა მარშისთვის. უპირობოდ დაგვთანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამით საქმეს გაირთულებდნენ: მარშის დროს ყველა შავებში ჩაცმული უნდა გამოსულიყო და მისი დამთავრებისთანავე საგრიმიოროში გაქცეულიყვნენ, ჩვენებისთვის მომზადებული კოსტიუმები სწრაფად ჩაეცვათ და ა.შ. სამაგიეროდ, მანტრის დროს მარშით, შავებში ჩაცმული მოდელების გამოსვლამ დიდი ეფექტი მოახდინა. ეს მარში ნიუ-იორკშიც გავიმეორეთ. ძალიან ძლიერი მესიჯი გამოგვივიდა: ამერიკაში მყოფებიც კი ქართველებად ვრჩებით და ჩვენს ხალხს მუდმივად მხარში ვუდგავართ. საშუალება რომ ყოფილიყო, აუცილებლად, დაუფიქრებლად ჩამოვიდოდით სამშობლოში და ჩვენი ხალხის გვერდით დავდგებოდით...

- ამბობთ, რომ ნიუ-იორკში ბევრმა რამემ გაგაოცათ. რა იგულისხმეთ?

- ხომ ყველაფერი ნაუცბადევად მოვაწყვეთ და დროის იმ მცირე მონაკვეთში უამრავმა ქართველმა გამოთქვა ჩვენი დახმარების სურვილი, ზოგმა საჭირო ადამიანებს შეატყობინა ჩვენების შესახებ, რომლებმაც იკისრეს სპონსორობა გაეწიათ ამ ღონისძიებისთვის... მომღერალმა ნინი შერმადინმა, როგორც კი შეიტყო, რომ დახმარება დაგვჭირდებოდა, თვითონაც მოვიდა და თავისი მოსწავლეც მოიყვანა, რათა საღამო გაელამაზებინა.

იცით, GeoinStyle არ არის კომპანია, რომლითაც ჩვენ შემოსავალი გვაქვს. პირიქით, მეც და ნინოც დღემდე თავად "ვაჭმევთ" ამ კომპანიას, რაღაცით ვშოულობთ ფულს და ამ ბიზნესში ვდებთ იმ იმედით, რომ ოდესმე გაამართლებს ეს რისკი. რაც მთავარია, ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ლტოლვა იმისკენ, რომ უცხოელებიც კი საქართველოსა და ქართველებზე ვალაპარაკოთ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"