რუსი ბაიკერები მოტოციკლეტებითაც უტევენ, თუმცა უკრაინული დრონების ადვილი "ლუკმა" ხდებიან... - კვირის პალიტრა

რუსი ბაიკერები მოტოციკლეტებითაც უტევენ, თუმცა უკრაინული დრონების ადვილი "ლუკმა" ხდებიან...

აგრესორი რუსეთის ტანკებისა და ჯავშანმანქანების მთელი კოლონების შეჭრა ჯერ საქართველოსა და შემდეგ - უკრაინაში დიდად გასაკვირი არ გახლდათ, რადგან კრემლს უზარმაზარი საბჭოთა სამხედრო არსენალი დარჩა, მაგრამ უკრაინასთან სამწლიან ფართომასშტაბიან ომში „ჩაფლობის“ შედეგად, რუსი ოკუპანტები ფრონტის ხაზზე უკრაინელების თავდაცვის პოზიციებს უკვე... მოტოციკლეტებით მასობრივად უტევენ, რაც მართლაც გასაკვირია...

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ტანკებისა და ჯავშანმანქანების გამოყენება იმიტომ დაიწყეს მოწინააღმდეგე მხარეებმა, რომ შეტევაზე გადასული თავიანთი მებრძოლები ტყვიებისგან ჯავშნით დაეცვათ, თორემ მოტოციკლეტები მაშინაც კი არსებობდა.

2-mot-1720083002.png
უგლედარზე შეტევისას აფეთქებული ერთი რუსული ჯავშანმანქანა და... ცხრა მოტოციკლეტი...

მაშინ რა გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიის მოიერიშე ჯგუფები ბოლო პერიოდში ხშირად ცდილობენ, შეტევა არა ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჯავშნის ქვეშ განახორციელონ, არამედ, მოტოციკლეტებით, ტყვიებისგან სრულიად დაუცველად ეცადონ იერიშზე გადასვლას?

ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგებით რუსეთის არმიაში, რაც უკრაინული მხარის მიერ მათი ჯავშანტექნიკის მასობრივად დაზიანება/განადგურებას მოჰყვა და ამიტომაც რუსეთის გენერალიტეტი იძულებული გახდა, მოტოციკლეტებზე გადაესვა თავისი მოიერიშე დანაყოფებიო...

3-mot-1720082962.jpg
უკრაინის ამავე მიწებზე 80 წლის წინ ჰიტლერის მოტოციკლეტისტები უტევდნენ, დღეს კი იმავეს პუტინის „ბაიკერები“ იმეორებენ...

ამ მოსაზრებას თითქოს ამაგრებს რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის - შოიგუს ინიციატივით ნაყიდი ჩინური „გოლფის მანქანები“ - ოთხბორბლიანი მოტოყველგანმავლები, რომელთა მასობრივი გამოყენება სცადეს რუსმა სამხედროებმა ფრონტის წინა ხაზის მოსამარაგებლად, მაგრამ უკრაინული კამიკაძე-დრონების ადვილი სამიზნეები შეიქმნენ...

„გოლფის მანქანებისგან“ განსხვავებით, ორბორბლიანი მოტოციკლეტები ბევრად სწრაფ, მანევრირებად და ამასთან, მცირეგაბარიტიან სამიზნეებს წარმოადგენენ უკრაინული დრონების ოპერატორებისთვის და ამიტომაც რამდენჯერმე მართლაც გაამართლა ამ ახალმა რუსულმა ტაქტიკამ -მოტოციკლეტებიანმა რუსულმა მოიერიშე ჯგუფებმა სწრაფად გადალახეს წინა ხაზი და უფრო მოგებიანი პოზიციები დაიკავეს ქალაქის ნანგრევებში...

უკრაინის მიწას ომები, სამწუხაროდ, არასდროს დაჰკლებია და მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ფაშისტური გერმანიის სახმელეთო ნაწილები იყენებდნენ „ბმვ“-ს მარკის ორ და სამთვლიან მოტოციკლეტებს, საბრძოლო მოქმედებების დროს, თანაც სამთვლიან გერმანულ მოტოციკლეტს ორი წამყვანი ხიდი ჰქონდა (მესამე ეტლის ბორბალიც წამყვანი გახლდათ, რაც უადვილებდა ტალახში გავლას), ხოლო ეტლზე („კალიასკაზე“) ხელის ტყვიამფრქვევი იყო დამონტაჟებული...

4-mot-1720082918.jpeg
რუსი „ბაიკერები“ ცდილობენ, თავიანთი მოტოციკლეტები ბუჩქებსა და ხეების ქვეშ გადამალონ, მაგრამ უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები მათ მაინც აგნებენ...

პუტინის რუსმა ოკუპანტებმა სცადეს ჰიტლერის გერმანელი ოკუპანტების გამოცდილების გადაღება და სამთვლიანი მოტოციკლეტების ეტლზე ტყვიამფრქვევის გარდა, „ფაგოტის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი დაამონტაჟეს.

უკრაინული მხარეც დროდადრო იყენებს მოტოციკლეტებს, ოღონდ, ძირითადად, ელექტრობაიკებს, რომლებიც იმის გამო, რომ თითქმის უხმაუროდ მოძრაობენ, შეუცვლელნი არიან სადაზვერვო ოპერაციების დროს - საბედნიეროდ, უკრაინელი გენერლები რუსი „კოლეგებივით“ არ აიძულებენ თავიანთ მებრძოლებს, შეტევაზე დაუცველი მოტოციკლეტებით გადავიდნენ...

უკრაინის ფრონტზე კი, სადაც ორივე მხარე მაღალი ინტენსივობით იყენებს კასეტურ შეიარაღებას, ნებისმიერი შეუჯავშნავი მანქანა და მასში მსხდომნი განწირულნი ხდებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ მოტოციკლეტებზე…

5-mot-1720082865.jpg
რუსი სამხედროების ბოლო „შედევრი“ - დრონსაწინააღმდეგო ცხაურებით აღჭურვილი მოტოციკლეტი...

P.S. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა, ალაფის სახით, ქართული არმიის რამდენიმე კვადროციკლიც გააყოლეს ხელს (რომლებსაც ქართველი მეზენიტეები რუსულ თვითმფრინავებზე „გრომებით“ სანადიროდ იყენებდნენ, რაც იმ მომენტისთვის წმინდა ქართული ნოუ-ჰაუ გახლდათ) და მას შემდეგ რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებმა აქტიურად დაიწყეს კვადროციკლების, ბაგებისა და მოტოციკლეტების საბრძოლო გამოყენება...