ივლისის პირველი ნა(ფ)იჯი - კვირის პალიტრა

ივლისის პირველი ნა(ფ)იჯი

ფეხბურთით სავსე ივნისის შემდეგ (იმის მიუხედავად, რომ „ევრო-2024“ ჯერ კიდევ გრძელდება), ქართველი გულშემატკივარი სპორტის სხვა, უმეტესწილად - არაოლიმპიურ სახეობებზე გადაერთვება: კალათბურთელები ჯერ კიდევ იბრძვიან ოლიმპიადის საგზურისთვის (დღეს, 16:30 საათზე ფილიპინელებთან გადამწყვეტი მატჩია), ხვალ მორაგბეები იწყებენ ივლისის ტესტ-მატჩების ურთულეს სერიას, თვის ბოლოდან კი ოთხწლეულის მთავარი სპორტული ღონისძიება - ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც დაიწყება...

დღევანდელ წერილში კი მხოლოდ რაგბიზე ვილაპარაკებთ. ფიჯისთან ხვალინდელ მატჩზე, რომელიც 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება ბათუმის სტადიონზე (დარჩენილი მატჩები კი სტუმრად გველის 13 და 20 ივლისს - ჯერ იაპონიის, შემდეგ კი - ავსტრალიის წინააღმდეგ). რაგბის კავშირი ცდილობს, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, ყველა მნიშვნელოვან თამაშს ერთგვარი შოუს სახე მისცეს და გამონაკლისი არც კუნძულელებთან ხვალინდელი შეხვედრა იქნება. ბათუმში მყოფ გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, დღეს, 15:00 საათიდან ესტუმროს ბათუმის ულამაზეს სტადიონს, დიდ ეკრანზე უყუროს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრას საქართველო-ირლანდია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფსა და „დიჯეის“ მოუსმინოს.

untitled4545-1720093197.jpg

ღონისძიებებით იქნება დატვირთული ხვალინდელი დღეც: 18:00 საათიდან, სტადიონზე იმღერებენ მუსიკალური ჯგუფები Seaside და „ნიკოლშოუ“, საქართველო-ფიჯის დასრულების შემდეგ კი, მაყურებლის განწყობის კიდევ უფრო ამაღლებაზე DJ Bene და სალიო იზრუნებენ.

რაც შეეხება ფიჯისთან მატჩის სპორტულ მხარეს, ბორჯღალოსნების ინგლისელმა თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა ორი დღით ადრე დაასახელა საბრძოლო რაზმის შემადგენლობა, სადაც, ტრადიციულად, ჭარბობენ ქართული ფრენჩაიზის - „შავი ლომის“ მორაგბეები.

რაზმის სრული სია ასეთია: 15. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), 11. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 10. თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ოიონაქსი“);

1. გიორგი ახალაძე („კლერმონი“), 2. ვანო კარკაძე („მონპელიე“), 3. ირაკლი აფციაური („ლიონი“), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), 5. გიორგი ჯავახია („გრენობლი“), 6. ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), 7. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 8. ბექა გორგაძე („პო“);

16. ლუკა პეტრიაშვილი („სტად ფრანსე“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. სანდრო ქუნთელია („ლა როშელი“), 19. ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), 20. ბექა საღინაძე („ლიონი“), 21. თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), 22. გელა აფრასიძე („პერპინიანი“), 23. სანდრო თოდუა (“შავი ლომი“).

გუნდში ერთი დებიუტანტია - „სტად ფრანსეს“ შერკინების კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, კაპიტნის - ბუკა შარიქაძის არყოფნაში კი, „მფრინავი ფიჯელების“ წინააღმდე ნაკრებს ბექა გორგაძე გაუძღვება.

ფიჯისთან ხვალინდელი შეხვედრა მერვე იქნება ამ ორი ნაკრების დაპირისპირებათა ისტორიაში. მეტოქის უპირატესობა თვალსაჩინოა (5 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი), ასე რომ, ხვალინდელი მატჩი ბალანსის თუნდაც მცირედით გამოსწორების შესაძლებლობას გვაძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ფიჯის ნაკრებს გასული წლის სექტემბერში, მსოფლიო თასის მატჩში ვეთამაშეთ და ხუთქულიანი სხვაობით დავმარცხდით. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 9:0 მოიგო (მატკავას და ნინიაშვილის საჯარიმოებით), თუმცა მეორე ნახევარი მთლიანად „მფრინავი ფიჯელებისა“ იყო, ორ ლელოს ამდენივე ზუსტი გარდასახვა და ერთი საჯარიმოც მიამატეს და 17:12 გაიმარჯვეს.

მოკლედ, ივლისის ტესტების სერია ხვალიდან გახურდება, თუმცა ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი ღონისძიებები უკვე დაიწყო და მთელი ხვალინდელი დღის ჩათვლით გაგრძელდება.

რატი შელეგია

(სპეციალურად საიტისთვის)