გენერალური პროკურორობის კანდიდატი - მინდა, ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები - კვირის პალიტრა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი - მინდა, ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები

სრულიად აპოლიტიკური პიროვნება ვარ და თუ ჩემ კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი მინდა, ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები , - ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, დავით ბარბაქაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა შენიშვნები იმ მხრივ, რომ პროკურატურა პოლიტიზებულია და დამოუკიდებელი არ არის.

დავით ბარბაქაძის თქმით, საპროკურორო საბჭოსთან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაზეც საუბარი უნდოდა.

“ჩემი მოტივაცია არის ის, რომ ვფიქრობ, საქართველოში სათანადოდ უნდა იქნას დაცული ყველა ბრალდებულის უფლებები. პროკურატურის სწორი კოორდინაცია იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებენ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ბრალდების მხარე ყოველთვის აქცენტს აკეთებს დაზარალებულთა უფლების დაცვაზე, მაგრამ რაც შეეხება ბრალდებულის უფლებებს, ხშირია შემთხვევები, რომ ეს უფლებები ირღვევა. ყოველდღიურობაში ირღვევა უფლებები და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუ ჩემს თავს იხილავთ გენერალურ პროკურორის პოზიციაზე, ამაზე შემდგომ ვისაუბრებ”, - განაცხადა დავით ბარბაქაძემ.

ამასთან,მან უპასუხა კითხვას, გენერალურ პროკურორად არჩევის შანსი რამდენად აქვს იმ ფონზე, როცა ასევე ერთ-ერთი კანდიდატია გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი.

“წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ კანდიდატს.ვფიქრობ,ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი”, - განაცხადა დავით ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს გაესაუბრნენ. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

IPN