"საოცარი წინათგრძნობა ჰქონია, თითქოს, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა... როდესაც გაგრელები ეხვეწებოდნენ, ზღვიდან გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო" - დღეს გურამ რჩეულიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა - კვირის პალიტრა

"საოცარი წინათგრძნობა ჰქონია, თითქოს, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა... როდესაც გაგრელები ეხვეწებოდნენ, ზღვიდან გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო" - დღეს გურამ რჩეულიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა

ამ დილით, ახლად გაღვიძებულს, ფიქრებში ჩემი გურამ რჩეულიშვილი შემომეფეთა... ან შემოვიფეთე... ეს ბიჭი სულ არ იცვლება, არც - მე, მის წინაშე! იგი გაცნობისთანავე შევიყვარე, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას...

და მიყვარს დღემდე - ბობოქარიც და მშვიდიც; თავქარიანიც და დინჯიც; გრძნობებით არეულიც, ჩაძირულიც, აღტაცებულიც, ამღვრეულიც, სევდიანიც, გახელებულიც... ვერაფრით გადავიყვარე, რადგან არაფრით დამეხსნა - არც მასზე უმცროსს, არც მის თანატოლს და არც მასზე უფროსს... საოცარი ბიჭია, თავისი ვაჟკაცობით და თავისი ნიჭით - რამდენი 26 წელიწადი გამოიარა და... მაინც ცოცხალია... სახელიც აცოცხლებს და - თავისი წიგნებიც... თანაც - კვლავ 26 წლისაა...

სინამდვილეში კი დღეს, 4 ივლისს გურამ რჩეულიშვილს საიუბილეო დაბადების დღე აქვს - მარადიულად რჩეული ბიჭი 90 წლის გახდა!

ჩემი მეგობარი გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი ერთი სქელყდიანი წითელი წიგნით `გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა! სულთან ძალიან ახლოს იყო... მეტისმეტად ახლოს... და კიდევ, ვაჟკაცობის, კაცობის ეტალონი იყო ჩემთვის... ის წიგნი მუდამ თან მქონდა და თითქოს გურამიც მუდამ ჩემ გვერდით იყო... მერე ის წიგნი დავკარგე და დღემდე განვიცდი ამ ამბავს. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა - მე ჟურნალისტობა ავირჩიე და ბედმაც გამიღიმა - გურამ რჩეულიშვილის უახლოეს მეგობრებსა და ოჯახს დავუახლოვდი, მისი ამბები, თავგადასავლები, ალბათ, მილიონჯერ მოვისმინე, მისი დღიურები, არ ვიცი, რამდენჯერ წავიკითხე, მისი სულიც კიდევ უფრო უკეთ შევიგრძენი და ასმაგადაც შემიყვარდა... ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი "მედია პალიტრის" გამომცემლობას - "პალიტრა L" -ს მიუძღვის, რადგან სწორედ მე მომანდეს გურამის წიგნების გამოსაცემად მის ოჯახთან ურთიერთობა....

არასდროს დამავიწყდება, როგორ ვტიროდით მე და მწერალი და გამომცემელი ბატონი ნუგზარ წერეთელი ამ უკანასკნელის კაბინეტის კედლებზე ჩამოკიდებულ გურამის უზარმაზარ ფოტოებთან, დიახაც ვტიროდით - ის თავის უახლოეს მეგობარს, მე - ჩემს გმირს, რომელიც ჩემთვის მუდამ ის ბიჭია, ბავშვობაში რომ შემიყვარდა და ჩემი სულის ნაწილიც გახდა... ცუდია, რომ მან ეს არ იცოდა. უარესი კი ის იყო, რომ ვერც ვერასდროს გაიგებდა... რამ შემაყვარა? ალბათ, ბავშვობაშივე ინტუიციურად ვგრძნობდი, ბევრი საერთო რომ გვქონდა - ფიქრები, განცდები, ზღვის, მთის, თავისუფლების სიყვარული, რომანტიკა, ხანდახან - თავქარიანობაც, დღიურების, ჩანაწერებისა და წერილების წერა, თუნდაც ქაღალდის ნაგლეჯზე ან სიგარეტის კოლოფის კიდეზე და მერე ამ ყველაფრის შენახვა; მეგობრებთან ერთად მოლხენა, სიზმრები და... კიდევ ბევრი თვისება თუ ჩვევა...

guramiiiiiiiii-1720105662.jpeg

"...თბილისში ვიჯექ და წვიმდა მთელი დღე კოკისპირულად. მე კი ვიჯექი, თავზე წყლულები დამისკდა, ხოვლეში უქუდოდ სიარულისას დამსკდარი, და ვუყურებდი წვიმას. მოწყენილი ამინდი, წვიმა, უკაცური ქუჩა ჩემი გულის დარდს ერთგვარ თანაგრძნობას უწევდა. მერე მინდოდა დამეწერა ამ დარდის ამბავი, მაგრამ სულ სხვა რამეზე გადავედი, კალამმა ჩემდაუნებურად სხვა დამაწერინა. როცა დავამთავრე და წავიკითხე, გამიხარდა. ჩემს გრძნობას სხვა ფორმებში უფრო კარგად გადმოეცა ის ჩუმი დარდი, მელანქოლია, უიმედობა და თან შეუპოვრობის ნაპერწკალი, თუნდაც ის ამბავი, რომ სახლში არ მინდოდა გაეგოთ, რომ მე ვდარდობდი რაიმეზე.

ერთი სიტყვით, მე ძალიან შორს შევიჭერი ჩემს მოგონებებში. ესაა ჩემი უბედურება. დავიწყებ ერთი რაიმეს კეთებას და ოცნება სხვა მხარეს მაგდებს, სხვას მაკეთებინებს, ძირითადს, ჩემს მიზანს იმ დროში მავიწყებს. ამის კვალი ეტყობათ ჩემს დღიურებს. ალბათ იგივე ნაკლი ექნებათ ნოველებს თუ პატარა ნოველებსაც, რომელთა დაწერასაც მე ვაპირებ. ერთი კი უნდა შევცვალო წერაში, ესე იგი ქაღალდზე გადმოვიტანო არა ჩემი წარსული განცდები, არამედ ჩემი ფიქრები მომავალზეც, ჩემს პირადზე, მეგობრებისაზე თუ სამშობლოზე. ამ ფიქრებს ჩემს გონებაში მოგონებებზე ბევრი ადგილი უჭირავთ, მაგრამ მათი შეკრება დასაწერად უფრო ძნელია, ალბათ, იმიტომ, რომ მე ისინი თავად არ განმიცდია. - ეჰ, ვინ იცის, იქნება ვერც განვიცადო. - არა, ამაში ეჭვი არაა, ჩემი ფანტაზია ვერ დაცხრება. ვერ დააოკებს ვერავითარი იმედის შესრულება. ასეთ ფიქრებს ხშირად სრულ მელანქოლიამდე მივყევართ და მაშინ უკვე აღარაფრის შესრულება, აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა, გინდ შემისრულდეს, ალბათ ასეთ დროს არც გამიხარდება. მე მინდა ან არაფერი, ან ყველაფერი. მე რომ მინდა, ცოტას ნიშნავს - ჩემი წილია ცხოვრებაში ცოტა ისეც, ცოტა ასეც. მე ბუნება არა მჩაგრავს, მაგრამ არც მათამამებს. პირველი მიკარგავს ბრძოლის სურვილს, მეორე არ ვიცი, ხან მაძლიერებს - მაშინ კარგადა ვგრძნობ თავს, ხან ისიც მიკარგავს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული უიმედობა უფრო საშიში და ხანგრძლივია. კვლავ შევიჭერი - ასეთი ვარ მე - უვარგისი ერთი გარკვეული საქმისათვის..." - გურამ რჩეულიშვილი

გურამს საოცარი წინათგრძნობა ჰქონია, თითქოს, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა. ერთგან დაუწერია კიდეც: მე ვიცი რომ მოვკვდები და ასე რომ არ მოხდეს, ძალიან მეწყინება, რომ ჩემმა ინტუიციამ მომატყუაო. ხანდახან ისეთ რამეს აკეთებდა, თურმე, თითქოს სიკვდილს სცდიდა. ბატონმა ნუგზარის თქმით, თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა: - მისი დაღუპვის შემდეგ ბევრი ძიებით დავაზუსტე, რომ გურამი ტალღას კი არ გაუტაცია ზღვის ნაპირიდან, როგორც გაგრელმა ბიჭებმა მითხრეს (იქვე რომ იმყოფებოდნენ იმ საბედისწერო შემთხვევისას), თვითონ შესულა აღელვებულ ზღვაში სამი ადამიანის გადასარჩენად და როცა ეს გაგრელები ეხვეწებოდნენ, გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო, - წყლიდან უპასუხია და უზარმაზარ ტალღას შეჰყოლია ორი რუსის და ერთი ქართველის გადასარჩენად. და გადაარჩინა კიდეც. თვითონაც შეეძლო, გადარჩენილიყო, მაგრამ... ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან ვღელავ... ერთ გაბედულ აფხაზ ბიჭს შეუცურავს ამ აღელვებულ ზღვაში და ჯერ გურამის დახმარება უცდია, მაგრამ გურამს უთქვამს, მე არაფერი მიჭირს, გამოვალ, იმ ბიჭებს მიხედეო (მერე ვნახეთ ის აფხაზი და ტირილით გვიყვებოდა ამ ამბავს)... გურამი გამოსულა კიდეც ჯებირამდე, გამოუცურავს. ძალიან დაღლილი ყოფილა და შეუსვენია. ხალხი კიოდა და წიოდა, - ჩქარა, ჩქარაო. `მინუტაო", - გურამს დაუძახია (ამ სიტყვის თქმა უყვარდა), ჩანს, სულის მოთქმა უნდოდა. არადა, ხელები რომ აეწია, ჯებირის ზემოთ მყოფნი დასწვდებოდნენ და უეჭველად აიყვანდნენ, მაგრამ ძალიან ამაყი იყო და სხვისგან დახმარება არ ისურვა. რამდენიმე წამში მოტრიალებულა და ჯებირის კიბეზე ასვლა რომ დაუპირებია, სწორედ მაშინ დაურტყამს უზარმაზარ ტალღას და გაუტაცია. კიდევ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ მერეც თითქოს კვლავ სიკვდილს ეთამაშებოდა: იმედი ჰქონდა, ამჯერადაც გაიტანდა თავს, როგორც ერთხელ, ალავერდში - ეხუმრებით ალავერდზე ავარდნას და დადგომას? მაგას ას კაცში ერთი თუ შეძლებს. იქიდან რომ ჩამოვარდნილიყო, სული არ დაჰყვებოდა მიწამდე. ზღვაშიც ისევ ნაპირისკენ მიიწევდა, შვეულმფრენს კიბე რომ ჩამოუშვია. გურამს ჯერ სხვები მიუშვია კიბემდე, ეხმარებოდა კიდეც ასვლაში, ბოლოს თვითონ დაუწყია ასვლა, მაგრამ დამპალი კიბე გამწყდარა და გურამი კვლავ ტალღებში ჩავარდნილა. მაინც მიიწევდა თურმე ნაპირისკენ, მაგრამ სტიქიას ვეღარ აჯობაო.

guramiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii-1720105681.jpeg

"[ჩანაწერები ხვეულსამაგრიან დიდ ბლოკნოტში]

მაისის 18.

ეს არის ნერვიული საუკუნე - კარების ჭრიალიც კი საშინლად მოქმედებს ადამიანზე, ეს არის ადამიანის ვნებების საშინელი დაწვრიმალება - მის მიერ ისტორიული კანონზომიერებით დასახული გასაკეთებელი საქმის გამონუმენტალობასთან უცნაურ კავშირში მყოფი.

ძლივს სუნთქავდა მალხაზი, იმიტომ რომ წვერი არა ჰქონდა მოპარსული მესამე დღე იყო.

ავთოს ეშინია მარტოკა ოთახში დარჩენა.

მალხაზს ეჩვენება, რომ ვიღაცამ უნდა სცემოს.

მე ჩემ თავზე მეშლება ნერვები, რომ ყველაფერზე მინდა წავიჭკვიანო, უფრო მეტად კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ ჩემ ამ თვისებას ასე ცხადად ვხედავ!

[გაგრის ბლოკნოტებიდან]".

guramiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii-1720105700.jpeg

გურამი საოცრად ერთგული, მოსიყვარულე და თბილი ყოფილა და ამას მისი დღიურებიდან და ჩანაწერებიდანაც იგრძნობთ, იმავდროულად კი სხვანაირ გურამსაც გაიცნობთ, ახალგზარდა კაცს, რომელსაც "გახურებაც" უყვარდა და ჩხუბიც". ბატონი ნუგზარი სულ მეუბნებოდა, დღე არ გავა, რომ არ გავიხსენო. მის დას, მარინეს ვეუბნებოდი, ამდენი წელიწადი გავიდა და გურამმა ერთი დღე არ მოგვასვენა-მეთქი. სულ გვაფორიაქებს: მეგობრები ვკითხულობდით თუ ვწერდით, როცა კი ვიკრიბებით, პირველ სადღეგრძელოს ყოველთვის გურამისას ვამბობდით სუფრასთან. სულ სხვა კაცი იყო. ჯერ კიდევ პატარა ბიჭები ვიყავით, მოსკოვში რომ წავიდა. ის 24 წლის იყო, მე - მასზე 6 თვით უმცროსი. ისეთებს ჰყვებოდნენ გურამზე, ეს ქნა და ის ქნაო, რომ ერთ-ერთ წერილში მივწერე: თბილისში უკვე ლეგენდად იქეცი-მეთქი. წარმოგიდგენია? - პატარა ბიჭს მივწერე! მჯეროდა, რომ ძალიან დიდი იქნებოდა. და ასეცაა: გურამ რჩეულიშვილი არის დიდი ლიტერატურული მოვლენა, უზარმაზარი ადამიანური თვისებებითო.

გურამ რჩეულიშვილი - გულჩვილიც და ბობოქარიც

"ზღვა არაჩვეულებრივად ამახვილებს (сосредоточивает) ყურადღებას. ამ დროს ძალიან ადვილია ფიქრი, თუმცა უფრო ადვილია არ იფიქრო არაფერზე. ასე იქცევა ახლა მთელი სანაპირო. მე კი ვერაფრით ვერ შევძელი ეს სანატრელი უფიქრელობა - ალბათ, ჩამოვრჩი ჩემს ეპოქას /ირონიის გარეშე/, რომელიც აღარ ფიქრობს და ამ გარემოებას კამათით, შეუჩერებელი ლაპარაკით ინაზღაურებს. როგორც ყოველთვის, გულისამრევი წამალივით მეზარება წერა; არ შემიძლია შევეგუო იმ გარემოებას, რომ ყოველი არაყალბი სიტყვა ჩემს სიცოცხლეში განწირულია და სინათლეს ვერ იხილავს". - გ. რჩეულიშვილი

მის ხელში მეგობრების ყოველი დღე ბობოქარი ყოფილა, მაგრამ იმავდროულად - გულჩვილიც იყო. მის თვალზე ცრემლს ვერ დაინახავდი, არავის უჩვენებდა, მაგრამ... 1953 წელს, მისი გამზრდელი ბებია - საშა რომ გარდაცვლილა, ივანე ჯავახიშვილის და, პატარა ბავშვივით უტირია...

დღემდე მაოცებს გურამ რჩეულიშვილი - ამ 26 წლის ბობოქარმა კაცმა უზარმაზარი შემოქმედება დაგვიტოვა. ვერაფრით ვიგებ, როდისღა ასწრებდა წერას? სხვათა შორის, ეს შეკითხვა ბატონ ნუგზარსაც დავუსვი და ამომწურავად მიპასუხა: "ახალგაზრდები ვიყავით, კარგი გარეგნობაც გვქონდა, ყოველ საღამოს სადღაც გვეპატიჟებოდნენ. ვთქვათ, ერთ კვირას გადაგვებმებოდა ქეიფები, როგორც ჩანს, გურამი დაიმუხტებოდა ძალიან და მერე ორი კვირით შინ იკეტებოდა. არავის იღებდა, ხანდახან - არც მე და არც ერლომ ახვლედიანს, იჯდა და წერდა გაუთავებლად. წერის და ვაჟკაცობის გასაოცარი ნაზავი იყო მასში. ყველგან წერდა. შეეძლო სუფრა მიეტოვებინა, სხვა ოთახში გასულიყო და დაეწერა. ერთხელ ნახევარი საათით დავტოვეთ "ლაღიძეში" და დაბრუნებულებს თეთრ ხელსაწმენდებზე ნაწერის მთელი დასტა დაგვხვდა... უზღვავი ენერგია ჰქონდა. ბრწყინვალე ცხენოსანიც იყო, მოკრივეც, კალათბურთსაც თამაშობდა და ზღაპრულადაც ცურავდა. ერთხელ მუხრანიდან მოვდიოდით, მახსოვს, მეორეკურსელები ვიყავით, და მტკვრის პირას საბანაოდ გავჩერდით. კარგად არ ვცურავდი, ამიტომ ცოტა ვიჭყუმპალავე და გამოვედი. მტკვარი ადიდებული იყო და გურამმაც ვერ შეჰბედა, გული კი დაწყდა, კარგი ცურვა რატომ არ ვიციო. მას შემდეგ ხანდახან ვეხუმრებოდი, - ააა, ბიჭო, შეგეშინდა შესვლა-მეთქი? ჩანს, თავის შერცხვენა ვერ აიტანა და ცურვის კარგად შესწავლა განიზრახა. მას შემდეგ შიგადაშიგ იკარგებოდა ხოლმე და, თურმე, ცურვაში ვარჯიშობდა, - ერთ სიტყვას არ ვიტყუები ან ვაჭარბებ. ერთი წლის შემდეგ თბილისის ზღვაზე წავედით, მისი და მარინე და კიდევ ერთი გოგონა გვახლდნენ. ნავით შევცურეთ, ნიჩბებს გურამი უსვამდა - ძალიან მოხდენილი ტანი ჰქონდა, წვრილი წელი და განიერი ბეჭები. ცოტა ღრმად რომ შევედით, მაისური და შარვალი გაიძრო, წყალში ჩახტა, ერთი ხელი დაგვიქნია და მთელი ზღვა გადაცურა და გადმოცურა. ნავში რომ ამოვიდა, - ჰა, როგორია, ბიჭოო? - ღიმილით მკითხა. გავგიჟდი, ისეთი ცურვა უსწავლია... ძალიან უშიშარი ბიჭი იყო, შეეძლო, ას კაცს შებმოდა. ეგ რომ გვახლდა, ჩხუბიც არ გვიწევდა ვინმესთან - ყველა ერიდებოდა, ეშინოდათ. ერთ ამბავს მოგიყვები, პირველად ვამბობ, არსად დამიწერია: გურამი ძალიან მეგობრობდა მთის ხალხთან: ხევსურებთან, სვანებთან, მთიულებთან. იმათაც ძალიან უყვარდათ. ერთხელ ძალიან სერიოზულად ვიჩხუბე მთიულებთან. მერე კი საქეიფოდ წავედი, ვიცოდი, იქ გურამი, გურამ თიკანაძე და გურამ გეგეშიძე დამხვდებოდნენ. გურამმა ჩხუბის ამბავი რომ გაიგო, მიატოვა ქეიფი, ჩვენც წამოგვიყვანა და მიგვაყენა იმ ხალხს. ისინი ორმოცდაათნი იყვნენ, ჩვენ - 3-4 ბიჭი. ერთ-ერთს, ჩხუბის მოთავეს, უსაყვედურა, - ხომ გთხოვე, ნუგზარს თავი დაანებე, ჩემი ძმაკაცია-თქო. იმან კი დაირცხვინა, მაგრამ გურამმა, - ეგრე არ გამოვა, წამო, ახლა და მე და შენ დანებით ვიჩხუბოთო - სუფრიდან ორი დანა წამოუღია. წახდა ის ტიპი. გურამს ძალიან ძლიერი მოჩხუბრის სახელი ჰქონდა და ყველა ერიდებოდა. ამიტომ იუარა მთიულმა, - არ მინდაო. მაშინ შეგაგინებო, - კარგად შეუკურთხა და წამოვედით. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მზარავს: რამხელა იყო და მაშინ ვერ ვგრძნობდით.

"1960 წ. 17 აგვისტო. გაგრა.

მეოცე საუკუნე, სხვა საუკუნეთა ფიქრიდან, მათ უფიქრელად, ინერციით გასროლილი ჭურვია, ისეთი ძალით, რომ შეუძლია გადაჩეხოს გამსროლელი უზარმაზარი აზრი, თავისი უწვრიმალესი ნაწილებით...." _ გ. რჩეულიშვილი

სულ მაინტერესებს, ნეტავ, რას იტყოდა ჩემი მეგობარი გურამი, XXI საუკუნეს რომ მოსწრებოდა?! პარალელურად კი - მაოცებს, რომ ასეთი ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, ამდენი წელი გავიდა მისი დაღუპვიდან და გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს დღესაც კითხულობენ, თანაც - ბავშვები, ახალგაზრდები. ერთხელ ვკითხე კიდეც ბატონ ნუგზარ წერეთელს, რატომ არ განელდა მისდამი ინტერესი: რადგან ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა და ეს თაობაც წინამორბედებივით თანატოლად აღიქვამს თუ მისი შემოქმედებაა კვლავ თანამედროვე-მეთქი? - ძალიან კარგი შეკითხვააო, მომიწონა და დააყოლა: - საქმე ისაა, რომ გურამმა თავის ასაკსაც გაუსწრო და დროსაც. მან, ფაქტობრივად, 21-24-ე საუკუნეებში იცხოვრა. გურამი რომ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური რეალიზმი მძვინვარებდა და მან საკუთარი სტილი დაამკვიდრა მწერლობაში - მაღალმხატვრულად წერდა უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებზე, თავისი და მეგობრების ბობოქარ ცხოვრებაზე, პერსონაჟებიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით, ხშირად სახელებსაც არ ცვლიდა და ეს უშუალობა მკითხველებს მაშინაც ხიბლავდა და დღესაც. თამაზ ჭილაძემ ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერა, - გურამს აქვს მოთხრობები, მსოფლიოს ნებისმიერ ანთოლოგიას რომ დაამშვენებდაო.

"წელი 1956. 19 ივნისი

ჩემთვის:

ხშირად მინატრია ხოლმე ჩემთვის, სხვისთვისაც გამიზიარებია: ნეტავი, მომკლა და ჩემს დაკრძალვას შორიდან მაყურებინა-მეთქი. ვინ წავა, ვინ მოვა, ვინ როგორ მიგლოვებს? აი, უაღრესად საინტერესო ამბავი. რატომ? ალბათ იმიტომ რო შეუძლებელია. ჰმ!!! მაინც რა სულელია კაცი: ერთი ბედნიერება აქვს, რომ თავის სიკვდილს ვერა ნახავს და ამაზეც კი დარდობს".

ეტყობა ისეთი ძლიერი იყო გურამ რჩეულიშვილი, რომ სამუდამოდ დარჩა ჩვენში. ბატონი ნუგზარი მიამბობდა, - მე, შალვა რჩეულიშვილმა და ბორია ინასარიძემ ვნახეთ ბოლოს, მაგრამ - უკვე მკვდარი გურამ რჩეულიშვილი. საოცარი სანახავი იყო: წყლისგან გადიდებული ბეჭები, უკან გადაწეული ხუჭუჭა თმა, თავისი საყვარელი "ბათინკები" და შარვალი, ზღვას რომ ვერ გაეხადა. მხოლოდ ზოლიანი მაისური "წაერთმია" ტალღებს... ფიზიკურად წავიდა, თორემ მაინც სულ ჩვენთან არის სულითაც და შემოქმედებითაც. და ამ "სიცოცხლესავით ლაღ" 26 წლის კაცს დღეს უკვე ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილები ჰყავს. ესეც გასაოცარი არ არის, რომ უკვალოდ არ წასულა და გურამ რჩეულიშვილის გენი მაინც გრძელდებაო?!