„მე ორი სამშობლო მაქვს, მაგრამ გული საქართველოსკენ მომიწევს“ - რეზო ჩხიკვიშვილის გულწრფელი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

„მე ორი სამშობლო მაქვს, მაგრამ გული საქართველოსკენ მომიწევს“ - რეზო ჩხიკვიშვილის გულწრფელი ინტერვიუ

"შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია. ჩემი მირა ახლა წლისა და ერთი თვისაა, ამბობენ, რომ მე მგავს", - გვითხრა ცნობილმა მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა.­ მან სამსახიობო მოღვაწეობა რუსთავში დაიწყო­ და მაყურებელმა­ სპექტაკლით "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"­ გაიცნო. 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მსახიობი კვლავ შეხვდა მონატრებულ ქართველ მაყურებელს. მსახიობის მეგობრებმა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს, რეზო ჩხიკვიშვილმა კი თავის შესახებ უამბო მაყურებელს. მეორე ნაწილი მუსიკალური იყო, სადაც თავად შეასრულა მუსიკალური ნომრები, რაშიც მისი მრავალი წლის მუსიკალური პარტნიორი და არაჩვეულებრივი ხელოვანი ნინო ვინბერგენ შატბერაშვილი და რუსთაველი მუსიკოსები დაეხმარნენ... პროფესიულ მიღწევებზე,­ ოჯახურ იდილიაზე რეზო ჩხიკვიშვილმა­ ჩვენთან გულწრფელად ისაუბრა:

- მე მართლაც ბედნიერი ბავშვობა­ მქონდა, ბედნიერი და ბავშვური. დღევანდლისგან განსხვავებით, ბავშვობა ჩვენმა თაობამ უფრო სიმშვიდეში გავატარეთ­. სიმშვიდე იყო, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მართალია, ბავშვებისთვის დღეს მეტი გასართობი და გასანებივრებელი საშუალებაა, მაგრამ მაშინ უფრო უშფოთველი ყოფა იყო. ჩვენ ნაღდი ბავშვები, გაცილებით გულუბრყვილოები ვიყავით, ახლა კი დატენილი არიან მილიონი ინფორმაცი­ით... მშობლები ექიმები მყავდნენ, არც ავად გახდომის მეშინოდა და არც არაფერი მაკლდა. ეზოში ჩასვლაც მიხაროდა, ათასგვარ თამაშს ვიგონებდით. ისეთი­ ცელქი ვიყავი, თუ სადმე ჩამოსავარდნი, დასაცემი იყო, ყველგან მე ვიყავი დაშავებული.

- ხელოვნებას როდის ეზიარეთ?

- ბებიას დამსახურებაა, დღეს თუ მუსიკალურადაც განვითარებული ვარ. რაც მან დაკვრა მასწავლა, მას შემდეგ გიტარა ხელიდან არ გამიშვია. შემდეგ მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ არ მომწონდა, მერჩია ეზოს ბავშვებთან ფეხბურთი მეთამაშა. გამოცდის დღემდე ზეპირად არაფერი ვიცოდი, გამოცდის­ წინაღამეს ვსწავლობდი ნაწარმოებს ზეპირად.

- სიმღერა როგორ შეგიყვარდათ?

- ცნობილ მომღერლებს ვბაძავდი. მეგობრების ნაჩუქარი ბობინებიანი მაგნიტო­ფონი და მაშინდელი ცნობილი ბენდების ჩანაწერები მქონდა. მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს პატარა ბენდიც კი შევქმენით, უფრო სწორად, სურვილი იყო შექმნის. ოთხი ბიჭი ვიკრიბებოდით, ვუკრავდით, ვისაც რა ინსტრუმენტზე შეგვეძლო დაკვრა. იმ სიმღერებს ვმღეროდით, რა სიმღერებიც მაშინ პოპულარული იყო.

- მსახიობობა როდის გადაწყვიტეთ?

- სკოლის პერიოდში თუ რამ ღონისძიება ტარდებოდა, ვმონაწილე­ობდი. ლექსებს მაკითხებდნენ, კითხვას ისე მასწა­ვლი­დნენ, რომ ბოლო რიგში მსხდომ მოწვეულ სტუმრებს (იოსებ ნონეშვილი, მურმან ლებანიძე) გაეგონათ ანუ ხმამაღლა­ და გამოთქმით... როცა მსახიობობა გადავწ­ყვიტე, მამაჩემმა ჩემი თავი ნაცნობ რეჟისო­რს აჩვენა. მან მკითხა, რამეს ხომ არ წამიკითხავო. ჩვენ შორის ორმეტრიანი დაშორება იყო, მე კი ლექსი ისე დავჭექე "ღიმი­ლის ბიჭი ვიყავი, ბეჭზე არწივი მეხატა", რეჟისორს მოულოდნელობისგან ლამის გული გაუსკდა. გაოგნებული იყო, ბევრი უნიჭოსთვის მომისმენია, მაგრამ მსგავსი­ ჯერ არ შემხვედრიაო. ნუ დაღუპავ ამ ბავშვსო, სთხოვა მამაჩემს. შემდეგ მირჩია,­ გამოცდებამდე თეატრალურ ინსტიტუტში იარე, იქნებ­ რაღაც მაინც აითვისოო. საბედნიეროდ, 1974 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის­ ჯგუფში ჩავირიცხე. შემდეგ რუსთავის თეატრში შედგა ჩემი დებიუტი სპექტაკლში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"... ეს იყო ჩემი პირველი გასვლა­ დიდ სცენაზე, მაყურებლის პირველი­ ტაში და სიყვარული. ორი წლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადავედი. მახსოვს, როგორი სიყვარულით შეგვხვდნენ ახალგაზრდა მსახიობებს. განსაკუთრებით მიყვარდნენ და მეგობრობა მაკავშირებდა ნოდარ მგალობლიშვილთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გოგი გელოვანთან, კოტე მახარაძესთან... კოტე მახარაძემ სამთვიანი სტიპენდია დამინიშნა, ყოველთვე საკუთარი­ ჯიბიდან 50 მანეთს მიხდიდა როგორც ახალგაზრდა პოპულარულ მსახიობს. 90-იან წლებში თეატრში შედარებით მისაწვდომ ფასში მსახიობებისთვის უცხოური ფეხსაცმელები მოჰქონდათ. ძალიან თბილად მახსოვს, მსახიობმა მერაბ თაბუკაშვილმა როგორ მიყიდა ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი, ახალგაზრდა მსახიობის ნიჭით მოხიბლულმა.

- გერმანული პერიოდი როგორ დაიწყო?

- ეს იყო ყველაფრის ნულიდან დაწყება­ 37 წლის ასაკში. გერმანიაში ევროპის­ კულტურის დედაქალაქად წოდებულ­ ქალაქ ესენის "გრილოს" სახელობის თეატრში შემთხვევით მოვხვდი და 30 წელი ამ სცენაზე ვმოღვაწეობდი. ჩემი ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში "კალიგულა" იყო. ალბათ, ეს სპექტაკლი რომ არა, გერმანიაში ვერ მოვხვდებოდი. ამ სპექტაკლში მნახა მერაბ თავაძემ, რომელიც მაშინ გერმანულ-ქართული პროექტის ორგანიზატორი იყო. 1992 წელს ქართულ-გერმანული თეატრალური პროექტი თბილისში­ უნდა განხორციელებულიყო. გერმანელ რეჟისორს ქართველ მსახიობებთან ერთად უნდა დაედგა სოფო­კლეს "ოიდიპოს მეფე", სადაც მთავარი როლი შემომთავაზეს. ასე რომ, ახალგაზრდობაში აწყობილი კარიერა უცებ მივატოვე და გერმანიაში აღმოვჩნდი.

- გერმანიაში ოჯახით გადახვედით...

- ოჯახი რომ თან არ მყოლოდა, გერმანიაში ამდენ ხანს ვერ გავჩერდებოდი. სადარდებელი არ მქონდა, რომ ბავშვები შორს მყავდა. ოჯახი ძალას და მოტივაციას­ მაძლევდა. შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია. ჩემი მირა წლისა და ერთი თვისაა, ამბობენ, რომ მე მგავს, რაც ძალიან მახარებს. ძალიან მაინტერესებს, რომელ ენაზე დაიწყებს ტიკტიკს. სამი ენა ესმის. დედიკო ახალზელანდიელია და თავის მშობლიურ ინგლისურ ენაზე ელაპარაკება. მამა მხოლოდ ქართულად და ბაღში, სადაც სულ ახლახან მიიყვანეს, გერმანულად ესაუბრებიან.

- სამომავლოდ საქართველოში გსურთ ცხოვრება თუ გერმანიაში?

- რამდენიც საქართველოში გავატარე, იმდენი ვიცხოვრე გერმანიაში, ასე რომ, ორი სამშობლო მაქვს. ჯერჯერობით შვილების მომავალი, პერსპექტივა გერმანიაშია, მე კი მსურს მეტწილად საქართველოში ვიყო, საქართველოსკენ მომიწევს გული.

წაიკითხე ვრცლად