"ორპირის გაკეთება არ შეიძლება... არც კონდენციონერის 17 გრადუსზე დაყენება შეიძლება" - როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან?! - კვირის პალიტრა

"ორპირის გაკეთება არ შეიძლება... არც კონდენციონერის 17 გრადუსზე დაყენება შეიძლება" - როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან?!

ძლიერი სიცხის დროს სხეულის გადახურებამ შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს, ამიტომ სპეციალისტების აზრით, საჭიროა ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა და დიდი ოდენობით სითხის მიღება.­ როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე შინ, ამ საკითხზე საინტერესო რჩევებს გვაძლევს ტექნიკური­ უნივერსიტე­ტის ასოცირებული პროფესორი,­ ტექნიკის­ მეცნიერებათა­ დოქტორი ნანი მეფარიშვილი:

- სიცხის დროს ბევრი სახლში კარ-ფანჯრებს აღებს ორპირი ქარის გასაკეთებლად, რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად შემოდის ოთახში სიცხე და აცხელებს შენობას.

როცა ტემპერატურა მაღალია, უნდა დაიხუროს ფანჯრები და ჩამოეფაროს სქელი ფარდები. სასურველია თუ ფანჯრებს გარედან ტენტები ექნება - თუ გარედან ტენტს ჩამოაფარებთ და ფანჯარას შეაღებთ, აღარ დაგცხებათ.

მზე ზედაპირებს აცხელებს­ და ეს რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ, რათა გარედან ცხელი ნაკადი არ შემოვიდეს.

ვისაც კონდიციონერი არ აქვს, შეუძლია სააბაზანოში შხაპი მოუშვას და კარი ღიად დატოვოს. ასეთ დროს წყალი და ჰაერი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. წყლის ტემპერატურა გაცილებით დაბალია და ოთახი კარგად გრილდება. კარგი­ საშუალებაა, თუკი ზედაპირებს­ სველი წესით დავამუშავებთ. ცხელ ამინდში მინები, მაგიდა, იატაკი, ყველაფერი გაცხელებული და გამთბარია. თუ ამ ადგილებს ცივი წყლით დავამუშავებთ, შესაძლებელია ტემპერატურამ 3-4 გრადუსით დაიწიოს.

- რა ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ კონდიციონერი?

- უამრავ ადგილას მინახავს 17 გრად­უსზე ჩართული კონდიციონერი. ეს არ შეიძლება, ეს არასწორია. როცა ზამთარში 17 გრადუსია ტემპერატურა, ვამბობთ, რომ გვცივა. ზაფხულში კი, როცა კონდიციონერს 17 გრადუსზე ვაყენებთ და მერე ამ ძალიან გაგრილებული შენობიდან გასვლა გიწევთ, სარისკოა. ეს იწვევს ტემპერატურულ შოკს და ადამიანი შეიძლება ცუდად გახდეს. როცა სიცივიდან სიცხეში გადიხარ, უცებ ფართოვდება სისხლძარღვები.­ ამიტომ, სანამ გარეთ გახვალ, ადაპტაცია უნდა გაიარო.

როდესაც ვაკეთებთ ჰაერის კონდიცირებას, ვიღებთ გადამშრალ ჰაერს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ტენიანობა. კონდიციონერი მუდმივად შიგნით ატრიალებს ჰაერს, ახალი გარედან არ შემოაქვს. ამიტომ ჩრდილოეთ მხარეს აუცილებლად შეღებული უნდა გვქონდეს ფანჯარა, რათა ოთახში მოგვეწოდოს სუფთა ჰაერი.

როდესაც რამდენიმე კაცი ზის ოფისში, ყველაფერი დახურულია და კონდიციონერი ჩართულია, ხდება ჟანგბადის წვა. ერთ კაცს საათში 30 კუბური მეტრი ჰაერი სჭირდება.­ მერე ოთახში ეს ჰაერიც თავდება და იწყება დისკომფორტი. ადამიანს ჰგონია, კონდიციონერი აღარ აგრილებს, სინამდვილეში კი ეს ჭარბი ნახშირორჟანგით გამოწვეული დისკომფორტია. ამიტომ განიავება, ჰაერის შემოშვება აუცილებელია. ეს ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. ძალიან მშრალი ჰაერის შედეგად, ძალიან ადვილად მრავლდება ვირუსები.

- შეიძლება პერიოდულად გამოვრთოთ კონდიციონერი და ოთახი გავანიავოთ?

- კონდიციონერის გამორთვა არაფერ შუაშია. ბევრს ჰგონია, თუ ფანჯარას შეაღებენ ოთახში, კონდიციონერი გაფუჭდება. ნუ გეშინიათ, არაფერი მოუვა, მხოლოდ ოდნავ მეტ დენს დახარჯავს გაგრილებაზე.

რაც შეეხება ტემპერატურას, პირადად მე 24 გრადუსზე მაქვს დაყენებული, ზამთარში - 22 გრადუსზე­. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ჰაერის შემოდინებას ყურადღებას ვაქცევ. "კოვიდის" დროს დიდმა ორგანიზაციებმაც გასცეს რეკომენდაციები, რომ კონდიცირების პარალელურად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები, რათა უფრო არ გავრცელდეს ვირუსები.

კარგი იქნება, თუ შინ გვექნება ტენიანობის საზომი ხელსაწყო, რომელიც ტემპერატურასაც ზომავს. იდეალური ტენიანობაა 30 პროცენტის ზემოთ, 60 პროცენტამდე.

ამ წესების დაცვა ზამთარშიც დაგჭირდებათ, რადგან ზამთარში, როცა ჩართულია ცენტრალური გათბობა, ჰაერი მაშინაც შრება და ეს ძალიან გვიზიანებს სასუნთქ გზებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ტენიანობა ბინაში 20-პროცენტიანია.

ძალიან კარგია, თუ გვექნება პატარა შადრევანიც, ე.წ. ოფისის შადრევანი, რომელიც კარგად ასუფთავებს ჰაერს და ატენიანებს. თუ ტენიანობა არ არის დაცული,­ მაშინ ადამიანი 17 გრადუსზეც დისკომ­ფორტშია და ოფლი ასხამს, რადგან არ მიეწოდება ჟანგბადი საჭირო რაოდენობით.­ ძალიან მომწონს წყლის ჭავლის გასაფრქვევი ხელსაწყოც (სხვათა შორის, სულაც არ ღირს ძვირი). ეს წყლის ბურუსი, როგორც მას უწოდებენ, 7 გრადუსით დაბლა სწევს­ ტემპერატურას. თუ აგარაკი გაქვთ, შეგიძლიათ გარე სივრცეში მოაწყოთ წყლის ბურუსი და გაგრილდეთ.

ასევე კარგია, თუ ოთახს წყლით დანამავთ ანუ ჰაერში გააფრქვევთ სასხურებლით წყალს, რომელიც მაშინვე აორთქლდება, მაგრამ გააგ­რილებს. ზუსტად ის ეფექტი აქვს, რაც ბურუსულ დანადგარს. საღამოს­, როცა აგრილდება, შეგიძლიათ გააღოთ ყველაფერი და სახლი გაანი­ავოთ. დილით კი ისევ აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები.

წაიკითხე ვრცლად