იძულებითი სტერილიზაცია ჯარის გამოყენებით და "სახალხო ავტომობილი" ღატაკი ინდოელებისთვის - ინდური პოლიტიკური "სერიალი" - კვირის პალიტრა

იძულებითი სტერილიზაცია ჯარის გამოყენებით და "სახალხო ავტომობილი" ღატაკი ინდოელებისთვის - ინდური პოლიტიკური "სერიალი"

გავლენის აგენტი“, როგორც წესი, გადაწყვეტილების (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, სამეცნიერო, სპორტულ, კულტურულ და ა.შ. სფეროებში) მიმღები პირი და ამ „ელიტის“ წევრია, ამავე დროს ხშირად მას ქვეყნის ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებზე მიუწვდება ხელი. თუმცა „გავლენის აგენტის“ მნიშვნელობას მისი კონკრეტული თანამდებობრივი სტატუსი და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მასშტაბი განსაზღვრავს. აქ კი ფართო არეალი და შესაძლებლობები იშლება გამოცდილი სპეცსამსახურისთვის, რომელსაც „დღევანდელ კვერცხს, ხვალინდელი ქათამი ურჩევნია“: ის აგენტის „გაზრდაზე“ და კარიერულ წინსვლაზე მუშაობს და ყოველნაირად ცდილობს ნაადრევად არ გაშიფროს მომავალი „ოქროს კვერცხის მდებელი“ აგენტი. ამიტომაც „გავლენის აგენტი“ გაცილებით პრივილეგირებული მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე სხვა, „ჩვეულებრივი“ აგენტი.

მას სპეცსამსახური განსაკუთრებით უფრთხილდება, გაცილებით დელიკატურია მასთან ურთიერთობაში, უქმნის დამოუკიდებლობის განცდას, თან რბილად მანიპულირებს მისი სისუსტეებით (სადაც ძირითადი პატივმოყვარეობა და ბავშვობა–ახალგაზრდობის დროინდელი კომპლექსებია) და საჭირო მიმართულებით მიჰყავს. ეს უკვე ხელოვნებაა, ტყუილისა და მანიპულირების ხელოვნება, დიახ არაეთიკური და ამორალური (სპეცსამსახურებს ამ მხრივ ბევრს ნუ მოსთხოვთ), თუმცა ჯაშუშობის სამყაროში მიზანი ამართლებს საშუალებას. ასეთია რელობა!

სპეცსამსახურის ხელმძღვანელობა ხშირად იძულებულია თვალი დახუჭოს „გავლენის აგენტის“ მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გრძელდება მათი თანამშრომლობა, რაც უფრო მაღალ სახელმწიფო თანამდებობას აღწევს „გავლენის აგენტი“, მით უფრო რთულდება მისით მანიპულირება. ამიტომ სპეცსამსახურებს ყოველთვის ჰყავთ მარაგში „გავლენის აგენტი – დუბლიორი“, რომელმაც უნდა შეცვალოს უკვე ასაკს მიღწეული და „გამოწურული“ ან კომპრომეტირებული „ვეტერანი“.

ინდირა განდისა და მისი ოჯახის ისტორია (როგორც პოლიტიკური, ასევე პირადი) მართლაც, რომ განსაკუთრებულია: ნერუ–განდების დინასტია ორმოცდაათ წელზე მეტი მართავდა უზარმაზარ ქვეყანას. იმ პერიოდში წარმატებებიც ბევრი იყო და მარცხიც. ამ დინასტიის სამი ლიდერი ტრაგიკულად დაიღუპა. შემდგომ წლებში კი ამ დინასტიის შთამომავლები ერთმანეთის შეურიგებელ მტრებად იქცნენ.

picture4-1720159225.jpg

ნერუ–განდების დინასტია: ინდირა ნერუ–განდი, მისი მამა – ჯავაჰარლალ ნერუ და შვილები – რაჯივ და სანჯაი განდები.

ინდირა განდის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერაში განსაკუთრებით რთული შორეული 1975 წელი აღმოჩნდა, როდესაც მან, ოპოზიციის კრიტიკისა და ლეგიტიმური მოთხოვნების საპასუხოდ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც . . . პაკისტანიდან მომდინარე საფრთხით დაასაბუთა.

"კა-გე-ბეს" საიდუმლო დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოსკოვი აქტიურად იყო ჩართული ინდირა განდის მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებებში. უკვე 1975 წლის იანვრიდან საბჭოთა ხელისუფლება, ინდოეთში მოქმედი "კა-გე-ბეს" თანამშრომლების საშუალებით, სისტემატურად გადასცემდა ინდირა განდის მილიონობით დოლარს „გარკვეული სპეციალური ღონისძიებების“ დასაფინანსებლად. პარალელურად "კა-გე-ბე" და გრუ (საბჭოთა სამხედრო დაზვერვა) ახორციელებდნენ ინდირა განდის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ სხვადასხვა სახის ღია და ფარულ (დეზინფორმაციის გავრცელება, კომპომატების გამოქვეყნება, დაშანტაჟება და ა.შ.) სპეცოპერაციებს.

ჩემი აზრით, 1975 წლის 25 ივნისს ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ინდირა განდის კრემლთან წინასწარ ექნებოდა შეთანხმებული. იმ პერიოდისთვის პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის უკვე დაკარგული ჰქონდა ის უდიდესი პოპულარობა და „პოლიტიკური წონა“, რაც 1966–1971 წლებში მოიპოვა. ამ რეალობას ჰქონდა, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზებიც. ობიექტურ მიზეზებზე უკვე ვისაუბრე (იხ. 2 ივლისის პუბლიკაცია), უმთავრეს სუბიექტურ მიზეზს კი... სანჯაი განდი ერქვა. ინდირა ნერუს და ფეროზ განდის ორი ვაჟი ჰყავდათ რაჯივი და სანჯაი.

picture3-1720159225.jpg

სანჯაი განდი, ინდირა განდი და რაჯივ განდი

რაჯივ განდის (1944–1991) შესახებ შემდეგ მექნება საუბარი, ამჯერად სანჯაი განდის (1946–1980) შესახებ ვისაუბროთ. ძმები ისევე განსხვადებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. რაჯივს თითქმის არ აინტერესებდა პოლიტიკა და სურდა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო მუდმივი ინტრიგებისგან. მისი გატაცება „დიდი ავიაცია“ იყო, ამიტომაც ინგლისში ინჟინერ–მექანიკოსის პროფესიას დაეუფლა და 1968-1980 წლებში Indian Airways–ში ჯერ პილოტად, შემდეგ ეკიპაჟის უფროსად მუშაობდა. მისი უმცროსი ძმა სანჯაი კი ავანტიურისტული თავგადასავლებით გამოირჩეოდა და სულ ხიფათში იყო. დედებსაც ხომ უფრო ასეთები უყვართ? ამიტომაც ინდირა განდი უმცროს ვაჟს გვერდიდან არ იცილებდა: უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან ჩანდა, რომ ინდირა სანჯაის თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ზრდიდა.

სანჯაი სწავლის დიდი წყურვილით არ გამოირჩეოდა და არც უმაღლესი განათლება მიუღია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სანჯაი, რაჯივთან ერთად, ინგლისში ცხოვრობდა და, თუ უფროსი ძმა კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითი კოლეჯში სწავლობდა, სანჯაი Rolls-Royce ავტოქარხანაში მუშაობდა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ სანჯაი განდიმ „სახალხო ავტომობილის“ წარმოების პროექტი წარადგინა მთავრობაში და 1971 წლის 4 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და არც კონკრეტული „ბიზნეს–გეგმა“ წარუდგენია, თანხმობა უმალ მიიღო. ინდირა განდის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა Maruti Motors Limited , რომლის ხელმძღვანელად სანჯაი განდი დაინიშნა.

picture2-1720159225.jpg

სანჯაი განდი პირადად უწევდა რეკლამირებას სულ რამდენიმე ცალად დამზადებულ Maruti–ს

ავტომობილი უნდა ყოფილიყო იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ზოგადად „სახალხო ავტომობილის“ წარმოების იდეა ახალი არც მაშინ იყო და არც ამჟამადაა დავიწყებული. ეს იდეა რეალობად აქციეს აშშ–ში (ჰენრი ფორდმა, – „მოდელი –ტ“), გერმანიაში (ფერდინანდ პორშემ, – „ფოლკსვაგენი“), საფრანგეთში (ფრანსუა მიშლენმა, – „სიტროენ 2CV“) და იტალიაში (ჯოვანი ანიელიმ – „ფიატ –124“).

„სახალხო ავტომობილის“ წარმოება, მაშინაც და ახლაც, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამ დროს მთავარია რამდენად ეფექტიანად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის ( ანუ რიგითი მოქალაქეების) თანხები და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი. ინდოეთში სწორედ აქ წარმოიშვა „ინტერესთა კონფლიქტი“: ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი აფინანსებდა და თავად აკონტროლებდა თავისი ვაჟის, სანჯაი განდის კომპანია Maruti-ს, რომელსაც მთავრობის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად ობიექტური და მომთხოვნი იქნებოდა დედა საყვარელი შვილის მიმართ? ფაქტია, რომ სანჯაის სიცოცხლეში (ანუ 1981 წლამდე) „სახალხო ავტომობილის“ სერიული წარმოება არ დაწყებულა. რამაც გაძლიერა ოპოზიციური პარტიების ლეგიტიმური ბრალდებები ინდირა განდის წინააღმდეგ.

მიუხედავად ამ „საავტომობილო თაღლითობისა“, სანჯაი განდი, ინდოეთის ხელისუფლების ოფიციალური მასმედიის დახმარებით, ინდოეთის პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავი“ გახდა. ფორმალურად სანჯაის არ ეკავა რაიმე ოფიციალური პოსტი, მაგრამ დიდ როლს თამაშობდა ქვეყანაში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაში. მისი დაჟინებული მოთხოვნით მთავრობის წევრები, რომლებიც ოდნავ მაინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამდნენ პრემიერ– მინისტრის კურსთან დაკავშირებით, მაშინვე ტოვებდნენ თანამდებობას. სანჯაის ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა ოფიციალურ სამთავრობო, მათ შორის სრულიად საიდუმლო, დოკუმენტებზე. სამთავრობო პრესა 28 წლის სანჯაის მთავრობის მომავალ მეთაურად და ინდირა განდის საქმის გამგრძელებლად მოიხსენიებდა.

picture1-1720159225.jpg

ინდირა და სანჯაი

1975 წლის ივნისში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ ინდირა განდის ხელ–ფეხი გაუხსნა და მან ინდოეთში რადიკალური და დღემდე საკამათო რეფორმების განხორციელება დაიწყო. ერთ–ერთი ასეთი გადაწყვეტილება შობადობის რეგულირებას ეხებოდა. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია, რომ 1975 წლიდან ინდირა განდის ბრძანებით დაიწყეს მოსახლეობით იძულებითი სტერილიზაცია (ანუ განაყოფიერების უნარის მოსპობა ხელოვნური ჩარევის გზით). სამი წლის მანძილზე ინდოეთის ქალაქებსა და სოფლებში პოლიცია და ჯარის ნაწილები იჭერდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და ვაზექტომიის ოპერაციის ჩასატარებლად ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ „საველე კლინიკებში“ იძულებით მიჰყავდათ. იქ კი ნაჩქარევად, სანიტარული ნორმების დაუცველად კეთდებოდა ოპერაციები, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი გარდაიცვალა სამედიცინო შეცდომების ან სისხლის მოწამვლის გამო. საერთო ჯამში, 6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა იძულებითი და ძალადობრივი სტერილიზაცია. მათგან რამდენი გარდაიცვალა უცნობია.

ქვეყნის მასშტაბით ამ „საბრძოლო ოპერაციებს“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ინდირა განდის ლოცვა–კურთხევით, „ინდოეთის პრინცი“ სანჯაი განდი ხელმძღვანელობდა.

"კა-გე-ბესგან" ინფორმირებული საბჭოთა ხელისუფლება კარგად ხედავდა ინდოეთის პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის შეცდომებს საშინაო პოლიტიკაში (ნეპოტიზმი, კორუფცია, არასწორი რეფორმები და ა.შ.), თუმცა თავს იკავებდა მეგობრული კრიტიკისგანაც კი: მოსკოვისთვის მთავარი იყო ინდოეთს კვლავ დაეჭირა მხარი საბჭოთა რეჟიმისთვის საერთაშორისო არენაზე.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)