პოლიტიკური "მიწისძვრა" ბრიტანეთში: კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა დასრულდა - ერთსიტყვიანი ლოზუნგი, რომლითაც ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "მიწისძვრა" ბრიტანეთში: კონსერვატორების 14-წლიანი მმართველობა დასრულდა - ერთსიტყვიანი ლოზუნგი, რომლითაც ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „არჩევნები ბრიტანეთში: ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა, ახალი პრემიერი კირ სტარმერი იქნება“, რომელშიც განხილულია არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი მოვლენები და გაანალიზებულია კონსერვატორთა მარცხის მიზეზები

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წინასწარი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა - 650-წევრიან თემთა პალატაში ლეიბორისტები უმრავლესობას - თითქმის 410 ადგილს მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ კონსერვატორთა 14-წლიან მმართველობას ბოლო მოეღო.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტთა ლიდერი კირ სტარმერი გახდება. „ცვლილებებს პირდაპირ ახლავე, დაუყონებლივ დავიწყებთ - იმიტომ, რომ ამას ითხოვს ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ერთობა და ჩვენი მომავალი. თქვენ ხმა მოგვეცით, ახლა კი ჩვენი დაპირებების შესრულების დრო დადგა“, - განაცხადა კირ სტარმერმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, თავის საარჩევნო ოლქში კი გაიმარჯვა და თემთა პალატის წევრი იქნება, მაგრამ აღიარა, რომ მისმა პარტიამ დამარცხება განიცადა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

რა იქნება შემდეგ?

როგორც კი ახლად არჩეული დეპუტატები გამარჯვების ზეიმს დაასრულებენ, ისინი ლონდონში წავლენ და მონარქს ერთგულებას შეჰფიცავენ, თუმცა ყველა არა - ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია „შინფეინის“ წარმომადგენლები არჩევნებში გამარჯვებისას ფიცის მიცემის დროს თემთა პალატაში არ მიდიან ხოლმე. პარლამენტის პირველი სხდომა 9 ივლისს გაიმართება, აირჩევენ სპიკერს, ხოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფიცის მიცემა განხორციელდება. ოფიციალურ საქმიან მუშაობას პარლამენტი 17 ივლისს დაიწყებს, როცა მონარქი საკანონმდებლო ორგანოში ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

საერთოდ კი, პარლამენტი თავისი ფუნქციების სრულ შესრულებას შემოდგომაზე შეუდგება - საზაფხულო არდადეგების, შიდასაპარლამენტო საკადრო გადაადგილებებისა და პარტიული კონფერენციების შემდეგ, როცა მთავრობა უახლოესი თვეების ბიუჯეტს წარადგენს დასამტკიცებლად.

რატომ წააგეს კონსერვატორებმა

კონსერვატიული პარტიის დამარცხება ასახავს უფრო მეტად მის არაპოპულარობას საზოგადოებაში, ვიდრე - ამომრჩევლების მიერ ლეიბორისტებისადმი გამოვლენილ სიყვარულს და მხარდაჭერას.

1950-იანი წლების შემდეგ, პირველად, კონსერვატორთა 14-წლიანი მმართველობისა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრიტანელების ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად დაქვეითდა. რასაკვირველია, ასეთი სიტუაციის მიზეზები 2008-2009 წლების კრიზისიც არის, ფულის ეკონომიაც, კოვიდპანდემიაც, მაგრამ ყველაზე მეტად - ბრექსიტი (დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან), რომლის შედეგად ინგლისის საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა.

ოპოზიციას ისღა დარჩენოდა, რომ მოსახლეობისათვის ერთი რამ შეეთავაზებინა - ცვლილებების განხორციელება: შესაბამისად, მთელი საარჩევნო კამპანია ლეიბორისტებმა ერთსიტყვიანი ლოზუნგით ჩაატარეს: „ცვლილებები!“.

კონსერვატიული პარტია ოპოზიციას საზოგადოებრივ გამოკითხვებში ბოლო ორი წლის განმავლობაში აშკარად ჩამორჩებოდა, მაგრამ რადგანაც მას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა და ხუთწლიანი კანონიერი უფლება, ხელისუფლებაში ყოფილიყო (2025 წლის იანვრამდე), მმართველობას მაინც ინარჩუნებდა.

არაპოპულარულმა რიში სუნაკმა გადაწყვიტა, რომ რაც უფრო დააგვიანებდა, უფრო უარესი იქნებოდა და ამიტომ, თავისი მომხრეებისათვის მოულოდნელად (დაახლოებით ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში), პარლამენტის არჩევნები 4 ივლისს გამოაცხადა.

და როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურით წააგო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო