"იცით, სიცოცხლე იწურება და ყველა უბედურება, რასაც გეგონა გადაურჩი, ერთად დაგატყდება - ღალატი, ახლობლების დაკარგვა, არეული ქვეყანა! ალბათ იმიტომ, რომ წასვლა არ გაგიჭირდეს"
რობერტ სტურუას ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მისსავე თეატრში ვესტუმრეთ, რომელმაც სპექტაკლით "მიჯაჭვული პრომეთე" 145-ე სეზონი დახურა.
- გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს!
- მადლობა. საერთოდ, არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მე რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. დასაწყისში, როგორი პიესაც არ უნდა მქონდეს, ვერ ვხვდები იქიდან რა გამოვა. სადღაც ბოლოსკენ უკვე შეიძლება მივხვდე, რომ სპექტაკლი კარგი გამოდის. მთავარია ერთი რამ: ადამიანი შენში ყოველთვის იყო მართალი და არ წახვიდე შენს პრინციპებთან და ღირებულებებთან კომპრომისზე. მე ვარ რეჟისორი, რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი. მე მასში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ეს გახლავთ ტრაგიკომედია, ტრაგიკული ფარსი, ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა. უნდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური დრამის შემთხვევაშიც კი ვცდილობ, არ დავფარო ირონია. ჩემთვის მთავარია, ვანახო ადამიანს მეორე მხარე. მარტო ტრაგედია და გმირული ტრაგედია არ არსებობს. ვიცი, რა არის კარგი, ვიცი, რა არის ცუდი. ვიცი, რა მომწონს და ვიცი, რა არა. ამიტომ ჩემს სპექტაკლს ვუყურებ ისე, როგორც სხვის დადგმულს.
არსებობს კიდევ ცხოვრება, რომელიც... ძალიან რთული რამეა. მე, როგორც ვატყობ, ცხოვრება ისეთი უცნაურობებით, ურთიერთსაწინააღმდეგო ეპიზოდებით იწყობა, რომ ზოგჯერ, მთლიანობაში რომ შეხედო, გაოცდები. გიკვირს რატომ და როგორ ხდება ეს? როდის დაიწყო, რატომ, რისთვის? ცხოვრება ურთულესი რამ არის და ის დღითი დღე უფრო რთულდება.
- რას გულისხმობთ?
- ერთი პატარა არაკით გაგცემთ პასუხს: მოულოდნელად მოხუც მჭედელს სიკვდილი ესტურა. გაუწოდა ცელი - გამილესეო. შეშინდა ოსტატი, გავულესავ და ეს ბებერი მეც მომცელავსო! გეშლება მჭედელო, მე არავის ვკლავ, უმოწყალოდ თქვენ ხოცავთ ერთმანეთს! - მიუგო სიკვდილმა. - მე ახალგაზრდა, ულამაზესი ქალწული ვარ და უზენაესის თხოვნით, თქვენ მიერ მოკლულებს პატივით მიწას ვაბარებ! მკითხავ: მაშინ შავები რატომ გაცვიაო? არ მსურს, ბრძოლის ველზე ათასი ვაჟკაცის სისხლით მოსვრილმა, დაღუპულთა ახლობლები რომ დავაშინო. ასე რომ, მე არავის ვკლავ, არც მომიკლავს და ვფიცავ უფალს, სიცოცხლეს არავის მოვუსპობ! არასოდეს!
მჭედელმა ალესილი ცელი ფრთხილად გადასცა და მორიდებით იკითხა:
- აბა ცელი რისთვისღა გინდაო? - ბალახმა, სარეველებმა გზა სამოთხისაკენ თითქმის მთლიანად შთანთქეს! ვეღარ გაივლი! - თქვა ქალწულმა და გაუჩინარდა. ასეა, მთლიანობაში, ქართველი კაცი თავისი ბუნებით, ფსიქოლოგიით არტისტია. ამ სიტყვის ფართო გაგებით. ქართული თეატრი ნამდვილი თეატრია. ქართველი მსახიობი - ეს არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც ქმნის ნამდვილ ხელოვნებას. ის ამ ცხოვრების იმიტაციას, ხელოვნურად არასოდეს აკეთებს. ქართველებმა სხვა ერებისაგან განსხვავებით, იციან, რომ მალე მოკვდებიან. რადგან მთელი არსებით გრძნობენ და განიცდიან, რომ მოკვდავნი არიან. უნდათ, რომ ყველაფერი წაიღონ ამ ცხორებისაგან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწრონ. ამიტომ თამაშობენ ისე, თითქოს უკანასკნელად თამაშობდნენ. თამაშობენ ისე, თითქოს ხვალ უკვე აღარ იქნებიან და ვეღარ ითამაშებენ. იცით, სიცოცხლე იწურება და ყველა უბედურება, რასაც გეგონა გადაურჩი, ერთად დაგატყდება - ღალატი, ახლობლების დაკარგვა, არეული ქვეყანა! ალბათ იმიტომ, რომ წასვლა არ გაგიჭირდეს.
გაზეთში "კვირის პალიტრა" დაბეჭდილი ინტერვიუ სრულად იხილეთ ლინკზე - „საქართველო უნდა გადაიხედოს, მაგრამ ვინ გადახედავს?“