"გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ, ციხეში გავუშვათ და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ" - კვირის პალიტრა

"გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ, ციხეში გავუშვათ და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ"

გენერალური პროკურორი უნდა ენდოს თავის თანამშრომლებს და შეამოწმოს. გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მეზობელმა, მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ, ციხეში [გავუშვათ] და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ლალი ბუნტურმა, რომელიც მოქმედი ადვოკატია, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა გახდეს გენერალური პროკურორი და აღნიშნა ,რომ გარკვეული საფეხურების მოსაშლელად სურს სისტემაში მოსვლა.

„ჩემს პრაქტიკაში დღეის მდგომარეობითაც არის თაროზე შემოლაგებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც რატომღაც გამომძიებელი იშვერს ხელს პროკურორისკენ, რომ პროკურორს ელოდება, პროკურორს რატომღაც არ სცალია იმისთვის, რომ კონკრეტული საქმე განიხილოს. 2023 წელს შეტანილ განცხადებაზე გამომძიებელი მეუბნება, პროკურორს ვკითხავო. აი, ამან გადამაწყვეტინა თქვენამდე მოსვლა. პროცესის პროკურორს ვეკითხები, რა ხდება საქმეზე და მეუბნება, ზემდგომს შევეკითხებიო, აი, ამ კითხვა-კითხვამ მომიყვანა თქვენამდე. ჩემი პოზიცია ასეთია - გენერალურმა პროკურორი უნდა ენდოს თავის თანამშრომლებს და შეამოწმოს. გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ,ციხეში[გავუშვათ] და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ, ამას გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს, ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ყველას თქვენი გამოცდილება და შეხედულება გაქვთ. ასევე, მოხდა მკვლელობა და ველოდებით გენერალურ პროკურორს, რა კვალიფიკაცია მივცეთ ამას, ეს იქნება თვითმკვლელობა, მკვლელობა, მოგერიება, თუ ა.შ. რისი წინააღმდეგიც ვიქნები მე“, - განაცხადა ბუნტურმა.

ამასთან, მისივე თქმით, პროცესის პროკურორი, რომელიც საქმის მასალებს უშუალოდ ეცნობა და სასამართლო პროცესზე ბრალდებას წარმოადგენს, უფლება არ აქვს საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს პროცესზე.

„პროკურორი სასამართლო პროცესზე შესვენებას მოითხოვს, დაურეკავს ზემდგომს, ის ზემდგომი შემდეგ ეუბნება, [სხვა] ზემდგომს დავუკავშირდებიო, რომელიც ადგილზე არ არის ან შვებულებაში ან მივლინებაშია ან გარკვეულ შემთხვევაზეა გასული. ველოდებით, სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს იმიტომ, რომ პროცესის პროკურორი, ზემდგომი პროკურორი, რაიონის პროკურორი ვერ დაუკავშირდა ქალაქის პროკურორს, ქალაქის პროკურორი გენერალურ პროკურორს და ა.შ. აი, ამ საფეხურების მოსაშლელად მინდა, რომ მოვიდე [გენერალური პროკურორის თანამდებობაზე]“, - განაცხადა ლალი ბუნტურმა.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს: ლალი ბუნტურსა და დარეჯან ბუცხრიკიძეს გაესაუბრებიან. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გენერალური პროკურორის პოსტზე, სწორედ გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნოს. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

4 ივლისს, საპროკურორიო საბჭო გაესაუბრა ორ კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს.

IPN