"რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ მანქანებში ისევ გაიგონებთ "ბელიე როზის" მსგავს რუსულ სიმღერებს... ლატს ვეღარსად გამოიყენებთ, ყველაფერი ევროზეა" - კვირის პალიტრა

"რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ მანქანებში ისევ გაიგონებთ "ბელიე როზის" მსგავს რუსულ სიმღერებს... ლატს ვეღარსად გამოიყენებთ, ყველაფერი ევროზეა"

მითი: თუ რუსულად წამოგცდება სიტყვა, აეროპორტისკენ მიგანიშნებენ და ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ, დაიმსხვრა

თავიდანვე შეგვაშინეს, ლატვიელები რუსულ ენაზე არ დაგელაპარაკებიან, ვინც რუსულად ლაპარაკობს, ოკუპანტს ეძახიან და არ ემსახურებიან, მხოლოდ ლატვიური და ინგლისური გამოგადგებათო. ჰოდა, პირველივე შემხვედრს ინგლისურად დაველაპარაკე, აბა, მე ლატვიური საიდან მეცოდინებოდა, მაგრამ პირველივე შემხვედრი დაიბნა, ყურები დაძაბა და „ხელი?“ საშინელი რუსული აქცენტით იკითხა და ისევ რუსულზე გადავედით. მოქალაქე ჰო, მაგრამ აეროპორტშიც „კანეჩნა პო რუსკი“- გვითხრეს და რუსულად უფრო იგებდნენ ჩვენს შეკითხვებს.

ddd-1720511110.jpg

ინგლისური უკეთესად ვიცი, ვიდრე რუსული, მაგრამ მაინც ცოტა მომეშვა ამ შემთხვევების შემდეგ, ის მითი, რომ თუ რუსულად წამოგცდება სიტყვა, ლატვიელები აეროპორტისკენ მიგანიშნებენ და ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ, დაიმსხვრა. ოდნავ კი საქართველოს სიტუაციას მივამსგავსე - ძალით რომ მეტიჩრობ, ყოველ მეორეს რუსული ჟარგონი რომ აკერია პირზე და ვიღაც რუსულად მოლაპარაკეს, ისე, რომ ეროვნება არ იცი, ერთი კარგად მილანძღავ.

თან ცოტა არ იყოს, მიკვირდა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაღა დროს ასეთი მატრაკვეცობაა?

nino-1720510861.jpg

აღმოჩნდა, რომ რუსულ წარწერას ვერსად ნახავ მაღაზიებსა თუ კაფე-ბარებში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ინგლისურადაც არ არის ან არის - ერთობ იშვიათად. პირველად რაც თვალში მომხვდა, აეროპორტიდან ცენტრისკენ მიმავალი ტრასა იყო, ძველისძველი სანათებით და ჰაერში გადაჭიმული სადენებით. ქართული მომენტი ჩამერთო ტვინში, მაშინვე შევადარე ჩვენსას და დავასკვენი, რომ ჩვენი აეროპორტის ტრასა სჯობს, თანამედროვე სანათებით...

რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ მანქანებში ისევ გაიგონებთ „ბელიე როზი, ბელიე როზის“ მსგავს რუსულ სიმღერებს. ღმერთო, რაღა დროს ეს სიმღერებია?! ლატვიურ ლატს ვეღარსად გამოიყენებთ, ოჯახებშიც კი არა აქვთ შემორჩენილი. ყველაფერი ევროზეა. კაფე-ბარებში წვალებით გელაპარაკებიან სხვა ენაზე, გარდა ლატვიურისა და რუსულისა.

თუ რიგით ლატვიელს ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ევროკავშირი კი ეხმარება მათ ქვეყანას, მაგრამ მთავრობა იპარავს და ხალხამდე ძნელად აღწევს კეთილდღეობა.

რატომღაც გავიფიქრე - ხომ გახსოვთ, მერაბ მამარდაშვილი საბჭოთა კავშირზე რომ წერდა, - ისეთი სისტემა შექმნეს, აზროვნებას რყვნის, შიგნიდან მოდის სითხესავით, განადგურებს და ვეღარ აღწევ თავს ამ წრესო. მე მაინც ასეთი განწყობა მაქვს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას, რაღაც რომ ტვინიდან ბოლომდე ვერ გამოდის... მით უფრო მიძლიერდება ეს აზრი, თუ ცენტრი ლამაზია (და, დღეს ყველა ქვეყნის ცენტრი, მეტ-ნაკლებად, ლამაზია), ხოლო მეორადი ქუჩები - ჩანგრეული, ალაგ-ალაგ გაკეთებული ტროტუარებით...

pol-1720510917.jpg

ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება სულაც არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ჯერ ერთი, მთელ მსოფლიოში ასეა და ლატვიაშიც სოფელს ვერ ნახავთ (ქალაქის უბნებსაც), სადაც მასობრივად მიტოვებული სახლები არ არის. რიგითი ლატვიელის პასუხი ასეთია, რომ სამუშაოდ - საზღვარგარეთ სჯობს, ევროკავშირის თანხები რომ დააბრუნოს ქვეყანამ... სოციალური დახმარება 200 ევროს, ხოლო პენსია - 300 ევროს არ აღემატება.

მოკლედ, ჩვენ ლატვიის სიდიდით მეორე ქალაქისკენ უნდა გავწიოთ - დაუგაპილსისკენ, იქ რამდენიმე სოფელს და რაიონულ ცენტრსაც შემოვივლით, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ შობის საკათედრო ტაძარი (ლატვ. Kristus Piedzimšanas pareizticīgo katedrāle) - ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარი მდებარეობს რიგაში, თავისუფლების ქანდაკებასთან ახლოს. ტაძარი აგებულია ნეო-ბიზანტიურ სტილში და ის ლატვიის დედაქალაქის გულია.

xee-1720510946.jpg

დაუგავპილსი კი სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქია ქვეყანაში, რიგის შემდეგ. ის მდინარე დაუგავას სანაპიროზე, ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვართან მდებარეობს. მინიმუმ ათი მუზეუმია აქ და - არა ერთი გასართობი ადგილი. მძღოლი გვიხსნიდა, რომ ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტი სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა თავის დროზე და მერე დახურეს, ხალხმა კი გააპროტესტა, მაგრამ... მიზეზები არ უთქვამს.

daugava-1720510984.jpg

დაუგავპილსის მიმდებარედ ერთ-ერთ რაიონულ ცენტრსაც ვეწვიეთ და რაც თვალში მომხვდა - სახლებს და ეზოებს არ აქვთ ღობეები. ულამაზესი, ლატვიისთვის დამახასიათებელი სახლები დგას, მაგრამ არა ერთია დაცარიელებული, მიტოვებული. მოვლილი ეზოებია (ხორბლის, ბოსტნეულის ან მრგვლად დადგმული ზვინებით), რომლებიც ერთმანეთისგან იყოფა ბილიკებით, ნაძვნარით, ან უბრალოდ, იციან, რა ადგილიდან იწყება სხვისი. აქ ვერ ნახავთ გორაკებს და მთებს. ერთ სიბრტყეზე ჩალაგებული ეზოები ულამაზესი სანახავია. სოფლებში საოცარი სიჩუმეა. თითო-ოროლა შემორჩენილი ოჯახი მეურნეობას მისდევს.

ppp-1720510820.jpg

მთავრობა აქაც ითხოვს, მსურველი ჩასახლდეს, რომ სოფლები არ მოკვდეს. როგორც ადგილობრივი გვეუბნება, სოციალური დახმარებები ხელისუფლებისგან ეძლევათ. ქუჩები სუფთაა და გაწკრიალებული ურნები დგას. ჩვენი სოფლებივით მდინარის ნაპირებზე არ ისვრიან ნაგავს.

nnnn-1720510766.jpg

არც ძროხები დადიან ქუჩაში და ძროხის ნაკელით არ არის სავსე ბალახი თუ ტრასა, ვისაც საქონელი ჰყავს, მხოლოდ შემოსაზღვრულ ადგილას... ვერ ნახავთ ქუჩის ძაღლებს. არ გეშინია ქუჩაში მარტო გავლის... ლატვიამაც მიაღწია იმას, რომ ქუჩის (ანუ უპატრონო) ძაღლები მხოლოდ თავშესაფარში არიან.

ბელარუსის საზღვართან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებს, თურმე, ხშირად ეპატიჟება ბელარუსის პრეზიდენტი, სავაჭროდ და აქაურებიც იაფი საქონლისთვის „ჩუმად“ საზღვარს კვეთენ... ნუ, ბელარუსში რუბლია და საწვავი და ცხიმი გაცილებით იაფი უჯდებათ.

მდინარე დაუგავა ძალიან ლამაზია. მაგრამ ლატვიის მეორე ქალაქში არსებული ისტორიისა და ეროვნული მუზეუმები, ინფრასტრუქტურით თუ არქიტექტურით, ბევრად ჩამოუვარდება ჩვენს დედაქალაქში არსებულ, იმავე შინაარსის მუზეუმებს. ყოველ შემთხვევაში - კონკრეტულად ეს ორი მუზეუმი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქალბატონმა ნადეჟდამ თავისი სტუმართმოყვარეობით და თავისი ჰობით. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი შშმ პირი ჰყავს, ახერხებს მჭიდრო კავშირს მონადირეებთან.

qali-1720510500.jpg

ამ მხრივ, აქ ყველაფერი მოწესრიგებულია. სახელმწიფო ჯგუფი აკონტროლებს, რომ მონადირეები ნადირობისას ნასვამ მდგომარეობაში არ იყვნენ, კანონით დაშვებულ ადგილებში ინადირონ და ასე შემდეგ. გარკვეული წესებია დადგენილი. ჰოდა, ამ მონადირეების სახლსაც ვეწვიე დუბნოში. შესაძლოა, სრულყოფილად ვერ აღვწერ იმას, რაც ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, მაგრამ ფოტოებით მაინც განახებთ.

nnn-1720510697.jpg

sss-1720510736.jpg