სიმაღლე 584 და ქართველების შურისძიება - რას გლოვობენ დღემდე აფხაზები: რა მოხდა 1993 წლის 4 ივლისს - კვირის პალიტრა

სიმაღლე 584 და ქართველების შურისძიება - რას გლოვობენ დღემდე აფხაზები: რა მოხდა 1993 წლის 4 ივლისს

აფხაზეთის ომში ყველაზე დიდ ერთდროულ მსხვერპლზე აფხაზები დღემდე გლოვობენ...

აფხაზეთის ომიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მძიმედ მოსაგონარი ქართველებსაც დაგვიტოვა და აფხაზებსაც - ის, რაც მაშინ გაგვიკეთა რუსეთის ხელისუფლებამ, დღემდე მოგვყება...

აფხაზები დღემდე დიდი გულისტკივილით იხსენებენ ამ ომში დაღუპულ თავის მებრძოლებს, მათ შორის - 1993 წლის 4 ივლისს, რაც იქცა აფხაზების ყველაზე მრავალრიცხოვან ერთჯერად საბრძოლო დანაკარგად მათთვის, რადგან 29 მებრძოლი ჩაეწვათ იმ შვეულმფრენში, რომელსაც ქართველმა გვარდიელებმა კარგად გათვლილი ჩასაფრება მოუწყვეს...

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

1993 წლის 2 ივლისს, დილის 3-4 საათებს შორის, ოჩამჩირის რაიონში, ტამიშის მახლობლად მდებარე სოფელ ნაოჩთან, დაახლოებით, 600-800 მეტრის სანაპირო ზოლზე, დაუზუსტებელი მონაცემებით, სულ მცირე, 300-350 კბილამდე შეიარაღებული მებრძოლი შეუფერხებლად გადმოსხდა და სოხუმთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

პარალელურად, გუმისთის ფრონტზე სეპარატისტთა ძალების აქტიურობამ მოიმატა და მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადმოსულმა მათმა დანაყოფებმა ქართული ფორმირებების პოზიციებს შეუტიეს.

აფხაზებისა და რუსების გეგმაში იყო, ესარგებლათ ტამიშის საზღვაო დესანტის გადასხმის ოპერაციით, როგორც ყურადღების გადამტანი მოქმედებით და სანამ ქართველების სარდლობა დამატებითი ძალების გადასროლას დაიწყებდა ტამიშის რაიონში, მათ მდინარე გუმისთის გადალხვით სოხუმის ჩრდილოეთ ნაწილში -ცუგუროვკა, შრომა, კამანის რაიონები დაეკავებინათ, საიდანაც უკვე გაადვილდებოდა სამხრეთით, სოხუმზე იერიშის დაწყება...

ამ ოპერაციის დამგეგმავები თვლიდნენ, რომ ჯერ აუცილებლად უნდა დაეკავებინათ სიმაღლე - 584, რომელსაც ახბიუკსაც ეძახდნენ, ქართველები კი ზეგანად მოიხსენიებდნენ და რომელიც შრომის სიახლოვეს მდებარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მთავარი პრობლემა გახდა ტამიშის დესანტის ლიკვიდირება, ოჩამჩირე-სოხუმის მთავარი ავტომაგისტრალის რაც შეიძლება სასწრაფოდ გასახსნელად (ამ სტატიის ავტორი ამ მოქმედებების უშუალო მონაწილე გახლდათ მაშინ ტამიშის რაიონში), რისთვისაც თბილისიდან და სოხუმიდანაც იქნა გადასროლილი დამატებითი ძალები ტამიშისკენ, აფხაზების შეიარაღებული ფორმირებების მე-2 ბრიგადის მე-4 ბატალიონმა გივი სირის მეთაურობით, მაინც ვერ შეინარჩუნა ახბიუკის სიმაღლე და დიდი დანაკარგებით მოუწია პოზიციების დატოვება.

2-red-1720169842.jpg
ახბიუკის სიმაღლე ასე მოჩანს კოსმოსიდან...

4 ივლისის დილას აფხაზებისა და რუსების სარდლობამ ახბიუკის სიმაღლისკენ გააგზავნა ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტი ბატალიონ „გორეცის“ მებრძოლებით - შვეულმფრენში ეკიპაჟთან ერთად 46 ადამიანი იჯდა...

სეპარატისტების მეთაურობა რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ქართველ მებრძოლებს დატოვებული ჰქონდათ ეს მნიშვნელოვანი სიმაღლე - შეიძლება ასეთი მცდარი ინფორმაცია მათ იმ დანაყოფის მეთურმა გადასცა, რომელიც იძულებული გახდა, გამოქცეულიყო ამ სიმაღლიდან ქართველების ცეცხლის ქვეშ და თავის გასამართლებლად ეს მოიგონა...

შედეგად, როგორც კი Ми-8 ტიპის გადატვირთული შვეულმფრენი (ინსტრუქციის თანახმად, მას ეკიპაჟის გარდა მხოლოდ 24 ადამიანის გადაყვანის უფლება აქვს) დიდი წვალებით დაეშვა ახბიუკის სიმაღლეზე, აკაკანდნენ ქართველი გვარდიელების ავტომატები, რასაც მოჰყვა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან გასროლებიც...

3-red-1720169807.jpg
შვეულმფრენებით ტაქტიკური დესანტის გადასხმა ყოველთვის შეიცავს დიდ საფრთხეს...

ამ წარმატებული ჩასაფრების შედეგად შვეულმფრენი აფეთქდა, რომელშიც 29 აფხაზი მეომარი ჩაიწვა - ზოგიერთ მათგანს იგივე გვარები ჰქონდათ, როგორც მათ წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ გვარდიელებს - გოგია, გობეჩია, ხარჩილავა, ბაღდაძე...

აფეთქებული შვეულმფრენიდან გამოღწეული 17 მებრძოლიდან თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ისინი კავშირის გარეშე დარჩნენ, რადგან ორივე რადისტი თავიანთ რადიოსადგურებთან ერთად განადგურებული იქნა და მათ დიდი წვალებით მოუწიათ თავის შველა მდინარე გუმისთისკენ...

აფხაზეთის ომის დამთავრებიდან 30 წლის თავზე აფხაზებმა ახბიუკის სიმაღლეზე მემორიალი გახსნეს, 1993 წლის 4 ივლისს განადგურებული საშვეულმფრენო დესანტის საპატივცემულოდ -მემორიალზე შვეულმფრენის რედუქტორის ის ფრაგმენტი დადეს, რაც გადარჩა სამი ათეული წლის წინ ქართველი გვარდიელების წარმატებული ჩასაფრებისას აფეთქებული და დამწვარი შვეულმფრენიდან...