პენტაგონი აუქმებს „ღირსეულ პარტნიორობას“ ქართველებთან, მაგრამ გამართავს „არწივების პარტნიორობას“ სომხებთან... - კვირის პალიტრა

პენტაგონი აუქმებს „ღირსეულ პარტნიორობას“ ქართველებთან, მაგრამ გამართავს „არწივების პარტნიორობას“ სომხებთან...

აშშ-ის დამოკიდებულებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გასაოცარი მეტამორფოზები ხდება...

„შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი“- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს...

ოკეანისგაღმელი ზესახელმწიფო, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რის შესახებაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება წლების წინ შედგა, ახლა შემდეგნაირად ხსნის თავის ამ სერიოზულ გადაწყვეტილებას - „30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.“ - აკონკრეტებენ პენტაგონში...

ყველაფერი იმის ფონზე რაც ბოლო თვეებში ძალზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აშშ-ის ასეთი ქმედება ორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაში, ეტყობა გარკვეულწილად მოსალოდნელიც გახლდათ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ პასუხში დიდ სინანულს გამოთქვამს - „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.“

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) ქართულ პოლიგონებზე 2015 წლიდან იმართებოდა და მასში მონაწილეობას ღებულობდა ევროპიდან საზღვაო ბორნებით გადმოსროლილი ამერიკული არმიის მძიმე ჯავშანტექნიკა - „აბრამსის“ ტანკები, „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების და 155 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი ჰაუბიცები.

ამ სწავლებებზე იხვეწებოდა საზღვაო და საჰაერო გზით საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადმოსროლის მარშრუტები და სისწრაფე...

ამასთან, ქართველი და ამერიკელი ოფიცრები ერთად გეგმავანდნენ და ახორციელბდნენ საშტაბო და საველე სწავლებებს...

მართლაც ძალიან დასანანია, როდესაც ეს ტრადიციული ერთობლივი სამხედრო სწავლება უქმდება და კაცმა არ იცის რა ბედი ეწევა კიდევ ერთ ერთობლივ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2025“ (AGILE SPIRIT-2025)-ს, რომელიც მართალია მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, მაგრამ მისი დაგეგმვის პროცესი წესით წელს უნდა დაწყებულიყო...

სანამ ქართულ-ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაში ასეთი, მართლაც ძალზე დასანანი პერიოდი ისადგურებს, აქტიურდებიან ჩვენი მეზობლები მზიური სომხეთიდან და თავის პოლიგონზე იწვევენ ამერიკელ სამხედროებს Eagle Partner-2024 -ის ჩასატარებლად...

თუმცა ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველების ჯიბრზე ან ხარჯზე გააქტიურდნენ ერევანში და ეხლა მოუნდატ ამერიკელებთან „არწივების პარტნიორობა“, ანალოგიური დასახელების ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება გასულ წელს გაიმართა პირველად და რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ სომხურ პოლიგონს მხოლოდ ... 85 ამერიკელი სამხედრო თუ ესტუმრა...

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლებები, გინდ „ღირსეული პარტნიორი“ და გინდაც „მტკიცე სული“, ბევრად დიდი მასშტაბით გამოირჩეოდნენ და აუცილებლად ბევრ დადებითს აძლევდნენ საქართველოს თავდაცვით ძალებს...

გვინდა დავიჯეროთ, რომ აშშ-თან, ისევე როგორც ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებთან ძველზე უკეთესი თანამშრომლობა აღდგება, რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სრული პატივისცემითა და გათვალისწინებით და ტყუილი შეპირებების გარეშე, როგორც ეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებულმა დაპირებამ გაგვიკეთა და დათვური სამსახური შეგვისრულა, რაც აგრესორი რუსეთისთვის ჩვენზე თავდასხმის მიზეზ-საბაბად იქცა...