"სიყვარული სიგიჟეა: ფსიქიკური აშლილობაა, აბა, რა არის?! "დაფრინავ", ბედნიერი ხარ, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავის მართვა უნდა ვისწავლოთ და ვეცადოთ, ცოტა სხვანაირ კალაპოტში ჩავსვათ" - კვირის პალიტრა

"სიყვარული სიგიჟეა: ფსიქიკური აშლილობაა, აბა, რა არის?! "დაფრინავ", ბედნიერი ხარ, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავის მართვა უნდა ვისწავლოთ და ვეცადოთ, ცოტა სხვანაირ კალაპოტში ჩავსვათ"

სახელი, გვარი: შორენა (შოკა) ზუბიაშვილი.

ასაკი: 39 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პანტომიმის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "მარჯვენა სანაპირო". თანამშრომლობს თავისუფალ, ახმეტელის და გრიბოედოვის თეატრებთან. აქვს საბავშვო თეატრალური სტუდია მარტყოფში. ხელმძღვანელობს საკუთარ "ივენთ" კომპანიას.

ჰობი: ცეკვა, სიმღერა, ვარჯიში.

ცხოვრების დევიზი: "მე არ ვიღებ ნარკოტიკებს. მე თავად ვარ ნარკოტიკი".

- სხვათა შორის, სალვადორ დალის ეს სიტყვები - "მე არ ვიღებ ნარკოტიკებს. მე თავად ვარ ნარკოტიკი" - ცხოვრებაში ბევრჯერ გამომდგომია. მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებს არ ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, ჩემს სფეროში ბევრი ადამიანი რაღაც საშუალებებს იყენებს, თუნდაც - ალკოჰოლს მიმართავს. ვცდილობ, ყველაფერს ფრთხილად შევხვდე და სალვადორ დალის ფრაზას მივყვე...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ადამიანს, რომელმაც ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ გამოიარა და აქამდე მოვიდა. ისე ვიცხოვრე, რომ არ მრცხვენია და ეს მახარებს... სარკეში საკუთარი თავის დანახვისას მეღიმება. რაც დრო გადის, სარკეში ჩახედვისას დედასa და დეიდასთან ჩემს გარეგნულ მსგავსებას "ვიჭერ" ხოლმე (ბავშვობაში მამას უფრო ვგავდი). მინდა, რომ პატარა შოკა დავინახო და ამისთვის ვცდილობ, თავს მოვუარო, რომ ბავშვური თვალები არ ჩაქრეს და ისევ ისე ბრჭყვიალებდეს, მაგრამ ეს მარტივი არ არის: ადამიანს ასაკი რომ გემატება, მიმიკური ნაოჭი მაინც ჩნდება...

- ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- უპირველეს ყოვლისა იმას, რომ დედა ვარ. არაჩვეულებრივი შვილი - მარგო მყავს. 15 წლის ხდება. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვმეგობრობთ... შემდეგ - ადამიანობას: ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, კარგი ადამიანი ვიყო, მეგობრებს გვერდSი დავუდგე, როგორც შემიძლია. მინდა მეგობრების, ოჯახის წევრების სიყვარული დავიმსახურო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ... კარიერას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მივაღწიე - ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინ არის.

- თქვენი და თქვენი შვილის თინეიჯერობა ერთმანეთს ჰგავს?

- კი, სხვათა შორის. თინეიჯერობისას ისეთ მუსიკას ვუსმენდი, როგორსაც ახლა მარგო უსმენს, სამოსთან დაკავშირებული ჩვენი გემოვნებაც ემთხვევა... ხასიათს რაც შეეხება, მოზარდობისას ლექსებს ვწერდი, ვმღეროდი, ცოტათი მელანქოლიურიც ვიყავი. ამაში შვილი ზუსტად დამემსგავსა (იღიმის).

- ბოლოს რის გამო იტირეთ?

- ძალიან ემოციური ვარ, თითქმის ყველაფერზე ვტირი. შეიძლება, ქუჩაში ძაღლი დავინახო, რომელსაც რაღაც სტკივა და ამის გამო ვიტირო... შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ვტირი, სიხარულის გამოც...

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ძალიან ბევრჯერ, რადგან როდესაც თეატრში მუშაობ, სადაც დიდი კონკურენციაა, ხშირად თავს გრძნობ დამცირებულადაც, არაპროდუქტიულადაც... მაგალითად, სანამ როლს არ მოგცემენ, სპექტაკლში არ გაგანაწილებენ, თავს უსარგებლოდ გრძნობ...

- ასეთ დროს რა გშველით?

- ჩემი მეორე ნახევრის სიყვარული. მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას, მაგრამ სანამ მეორე ნახევარი მეყოლებოდა, წლების განმავლობაში მარტო ვიყავი, შვილთან ერთად. სიმართლე გითხრათ, მაშინ იოგა მშველოდა, "კოვიდის" პერიოდშიც კი იოგამ გადამარჩინა. ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - იოგას, სუნთქვით ვარჯიშებს... ვცდილობ, ყოველდღე 1 ან ნახევარი საათი მაინც გამოვნახო, რომ ვივარჯიშო და ბალანსი არ დავკარგო, თუ რამეზე გავღიზიანდი, გული მეტკინა... ასევე, ბუნებაში სეირნობა მშველის.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღეთ?

- ალბათ - შვილისგან, რადგან ყველაფერზე შენიშვნას მაძლევს (იცინის). ვცდილობ, გავითვალისწინო. წინათ არავის შენიშვნას დიდად არ ვიღებდი. ყოველთვის უფრო გულს ვუსმენდი და ბევრჯერ მინანია კიდეც, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც არ ვნანობ. ძირითადად, შვილი მეუბნება, - თმა ასე რატომ გაქვს? ასე გაიკეთე, ასე ჩაიცვიო... უნდა, რომ ყოველთვის ლამაზი ვიყო და მის მეგობრებთან ყოფნისას, გამოვირჩეოდე. ვცდილობ, დავუჯერო...

- ახლახან სერიალის - "მარჯვენა სანაპირო" მეორე სეზონში გამოჩნდით: სილამაზის სალონის მეპატრონის როლს ასრულებთ, რომელიც ხელქვეითის ნათესავთან გააბამს რომანტიკულ ურთიერთობას. გვიამბეთ, სერიალში როგორ მოხვდით, რამდენად საინტერესოა ეს როლი თქვენთვის?

- ალეკო მალხაზიშვილთან და მთელ გადამღებ ჯგუფთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. ამიტომ მათთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. შესაბამისად, გადასაღებ მოედანზე მისვლისას არ ვნერვიულობ - მშვიდი, წყნარი, მეგობრული გარემოა. როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე - სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემს ეკრანულ პარტნიორს რაც შეეხება, ლაშა გაბუნიასთან წინათაც მითანამშრომლია და ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი დუეტი ისევ შედგა, რადგან მასთან ერთად მუშაობა კარგია - სულ გვახალისებს ხოლმე... ჩემი პერსონაჟის პიროვნება ზუსტად არ მაქვს "გამყარებული". იმედია, დროთა განმავლობაში კარგად ჩამოვყალიბდები. რა თქმა უნდა, სცენარისტებზეა დამოკიდებული, "საით წავა" პერსონაჟი...

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- კი. პატარა ასაკში გადაჭარბებული წარმოდგენა შემქმნია, მაგრამ მას მერე, რაც პიროვნულად, პროფესიულად გავიზარდე, პირიქით - ვორჭოფობ, შემიძლია თუ არა ესა თუ ის საქმე. მერე რეჟისორს უთქვამს კიდეც - გამოდის, რომ მე არ მენდობი. რომ არ შეგეძლოს, როლზე რატომ დაგაკავებდი? შენი იმედი მქონდაო. შარშან, თავისუფალ თეატრში, 1 წელი მონოსპექტაკლში - "ჩემი უცნაური დილა" (იუჯინ ონილის პიესა) ვთამაშობდი, ჩემთვის ეს გარდამტეხი იყო. მანამდე ვორჭოფობდი, მაგრამ შემდეგ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა, რადგან მაყურებელმა კარგად მიიღო... ამ პიესის ტექსტზე 3 წელი ვიმუშავე: პიესა ქალის, ცოლ-ქმარს შორის ძალადობის, გაყინული ურთიერთობების შესახებაა, რაც ბოლოს ფატალური შედეგით სრულდება. ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ ერთმანეთს არ უსმენენ...

- სიტუაცია თქვენთვის რამდენად ნაცნობი იყო? როგორ გაითავისეთ როლი?

- მანამდე ზუსტად იმავე რეჟისორთან - ირაკლი გურგენიძესთან თავისუფალ თეატრში, სპექტაკლზე - "ტრამვაი სახელად "სურვილი" - ვიმუშავე, რომელშიც სტელას ვთამაშობ. ჩემი პერსონაჟი თავის ქმარზე სიგიჟემდე შეყვარებულია, მაგრამ ქმარი მას ცუდად ეპყრობა, სცემს... სტელას მეუღლე ისე უყვარს, რომ ბოლოს, დასაც კი გაყიდის, მოძალადე ქმარს კი შვილს უჩენს. რაღაზე უნდა ილაპარაკო?!. კითხვა ისმის: "...და ეს სიყვარულია?.." სწორედ სტელას პერსონაჟზე მუშაობის პერიოდში მოხდა ის საშინელი ფაქტი, რომ ქმარმა ავტობუსში ცოლი მოკლა. ჩემთვის ეს ასმაგად მტკივნეული იყო. მერე, კიდევ სხვადასხვა ფაქტიც იყო... სამწუხაროდ, სამეგობროშიც მყოლია ძალადობის მსხვერპლი ქალები. მათ ხშირად დავხმარებივარ. საერთოდ, ვცდილობ, ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგიურად დავეხმარო. ფსიქოლოგია, ფილოსოფია ძალიან მიყვარს და ვერკვევი.მეგობრებიც მეუბნებიან, - ადამიანების დამშვიდება კარგად გამოგდისო. ჩემ მიერ განსახიერებულ როლებშიც ისე "ღრმად ჩავედი", რომ ვხვდები, ძალადობის მსხვერპლი ქალების ცხოვრებაში რა ხდება და სხვების დამშვიდებაც კარგად გამომდის.

- როგორ ფიქრობთ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- გარკვეულ დონეზე - არის, რადგან ნამდვილად სიგიჟეა: არ იცი, ადამიანი რატომ გიყვარდება. გაგიჟებს და ფსიქიკური აშლილობაა, აბა, რა არის?! გარკვეული პერიოდი "დაფრინავ", ბედნიერი ხარ, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარი თავის მართვა უნდა ვისწავლოთ და ვეცადოთ, რომ ფსიქიკური აშლილობა - სიყვარული ცოტა სხვანაირ კალაპოტში ჩავსვათ.

- სილამაზის სალონების ხშირი სტუმარი ხართ?

- მათზე დამოკიდებული არ ვარ. თმას თავად ვერ შევიჭრი, მაგრამ დავარცხნა ისედაც არ მიყვარს: ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს და მირჩევნია, დაბანის შემდეგ, როგორც გაშრება, ისე მქონდეს. სალონში ფრჩხილებს, დიოდურ ეპილაციას ვიკეთებ, სახის კანს ვუვლი... ჯერჯერობით, მხოლოდ ბიორევიტალიზაცია მაქვს გაკეთებული. შეიძლება, ბოტოქსის ინიექცია მჭირდება, მაგრამ ვცდილობ, არ გავიკეთო, რადგან მსახიობი ვარ - მიმიკური ნაოჭიც მჭირდება...

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- მეუღლე და შვილი. ჩემი მეუღლე უნიჭიერესი მხატვარი, გიორგი კობიაშვილი (კობი) გახლავთ, რომელზეც დიდ გეგმებს ამყარებენ. უცხოეთში (ასევე - საქართველოშიც) მისი ნამუშევრები არაერთ კოლექციონერს აქვს. მეუღლე ძალიან მეამაყება, მას კი ეამაყება და ძალიან უყვარს, როცა სცენაზე მიყურებს. ვფიქრობ, გიორგის სახით დიდი გულშემატკივარი მყავს... შვილს რაც შეეხება, ჯერ კიდევ 3 წლის იყო, როცა კულისებში იჯდა. მახსოვს, ახმეტელის თეატრში, "მაკნატუნაში" ვთამაშობდი. მარგო 3-4 წლის იყო. მინი მაუსის ყურებიანი "აბადოკი" ეკეთა. კულისებში პატარა სკამი დავუდგით და ვუთხარით, - სპექტაკლი რომ დაიწყება, არ გაინძრე, სანამ არ დასრულდება-თქო... სპექტაკლის მსვლელობისას ერთ-ერთმა მსახიობმა მითხრა, - გახედე, წრუწუნასავით ზისო. გავხედე და - შუქმა რომ მიანათა, პატარა მარგო მოკუნტული, გაუნძრევლად იჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ცელქი იყო. პატარ-პატარა შენიშვნებსაც მაძლევდა, რომლებზეც ვფიქრობდი - როგორ შეამჩნია-მეთქი? შენიშვნებს დღესაც მაძლევს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დამიდაქალდა. ახლახან დაქალის დაბადების დღეზეც მყავდა... უფროსი ადამიანივით აზროვნებს. წინათ თუ ბევრ შენიშვნას მაძლევდა, ახლა ვეამაყები, რაც ძალიან მსიამოვნებს. მაქებს და მგონია, რომ ეს დავიმსახურე...

- თქვენს ცხოვრებას რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჰარმონიულობის შენარჩუნება. ადრე ცოტათი იმპულსურად ვცხოვრობდი. ახლა, ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ მშვიდად, წყნარად ვიყო, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"