"ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. არ მახსენდება კარგად და ..." - როგორ იხსენებს გიორგი ლორია საკუთარ ბავშვობას? - კვირის პალიტრა

"ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. არ მახსენდება კარგად და ..." - როგორ იხსენებს გიორგი ლორია საკუთარ ბავშვობას?

ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ რამდენიმე წლის წინ გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი ბავშვობის შესახებ ემოციურად ისაუბრა და თქვა, რომ გაჭირვების გამო, იმ პერიოდის გახსენება არ უყვარს:

- დიღმის მასივში ვიზრდებოდი. არაფრით არ განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან. გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. საერთოდ არ მიყვარს... არ მახსენდება კარგად და იმიტომ. ერთადერთი კარგი მაშინ ის იყო, რომ მამაჩემი იყო ცოცხალი. ბავშვობიდან მეტი კარგი არაფერი მახსოვს. ძირითადად, გაჭირვება იყო. რომ ვხედავდი, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს, როგორ მტოვებდნენ სხვაგან... ერთხელ დასავლეთში დამტოვეს დედაჩემის დასთან, ჩემი და სხვაგან იყო, მაგრამ მაინც კავშირზე ვიყავით. ბოლოს დედაჩემმა და მამაჩემმა ისე ქნეს, რომ ყველაფერი დაალაგეს. მაგრამ, ცალკე, დაახლოებით, ნახევარი წელი ვიყავი. მაგრად განვიცდიდი. წარმოიდგინე, ზუსტად არ იცი, სად არის შენი დედა და მამა. ერთხელ თუ ორჯერ ჩამოვიდნენ... თან პატარა რომ ხარ, ეს უფრო მძიმეა.

გიორგი ლორია იხსენებს იმასაც, თუ როგორ დაიწყო კარიერული განვითარება:

- ბრაზმა გამატანინა ცხოვრება... შინაგანი გაბრაზება ძალიან დიდი მოტივატორი იყო. ფეხბურთში დიდი როლი გამართლებას აქვს. რაღაც დოზით გამიმართლა. საფეხბურთო სკოლა "ავაზა" რომ დავამთავრე, 17 წლის ვიყავი, ფეხბურთელების უმრავლესობა განაწილებულები იყვნენ. დიდი გუნდებიდან მოდიოდნენ და არჩევდნენ. მე არსად არ ვიყავი... ჩემით არავინ არ იყო დაინტერესებული. ჰაერში ვიყავი... ერთ დღესაც კახა კაჭარავა, ნოდარ აკობია და ლევან აბაშიძე ჩემთან სახლში მოვიდნენ, დამიძახეს, მეკარე გვინდა, ქალაქიდან გასვლას ხომ არ აპირებო. ვუთხარი, რომ წასასვლელი ვიყავი. ისევ დედაჩემის დასთან მივდიოდი. მთხოვეს, რამდენიმე თამაში ითამაშე და მერე წადიო. მივედი, ვითამაშე... იქ თურმე შერჩევა იყო, მაგრამ მე არ ვიცოდი. 3 დღეში დინამოს აკადემიიდან ხელშეკრულება მომიტანეს. პირველი ხელფასი 50 ლარი იყო და იქიდან 10 ლარი დამიქვითეს. მაგრამ, მაშინ ეს თანხაც რაღაცას ნიშნავდა. იხილეთ სრულად