ფეხბურთი, პოლიტიკა, არჩევნები და ჭორები - რა გველის შემოდგომით?! - კვირის პალიტრა

ფეხბურთი, პოლიტიკა, არჩევნები და ჭორები - რა გველის შემოდგომით?!

შეიძლება ითქვას, ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატების სიხარულმა ყველა და ყველაფერი გადაფარა. მიუხედავად მერვედფინალში ესპანეთთან მარცხისა, ჩვენი ნაკრები სამშობლოში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა მართლაც შეუძლებელი შეძლო - საქართველო არა მარტო საფეხბურთო სამყაროს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესის ობიექტად იქცა. სწორედ ნაკრების წარმატებული ასპარეზობისა და მისი პოლიტიკური შლეიფის შეფასებით დავიწყეთ საუბარი პოლიტიკის ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილთან:

- ჩვენს საფეხბურთო წარმატებაში უპირველესად პოლიტიკური კონტექსტი უნდა აღინიშნოს და არა სპორტული. ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო მომხდარის მთავარი კონცეპტი - მსოფლიომ გაიცნო საქართველო გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ოდესმე მომხდარა. როგორც ცნობილია, საქართველოს თაობაზე ინფორმაციას როგორც სპორტული, ასევე სხვა მიმართულებით, მილიონობით ადამიანი ეძებდა. ქართველები ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა დავუკვირდეთ: ამგვარი ყურადღების ორგანიზება თავისთავად არ ხდება. მავანი იტყვის, ალბათ, ეს დავიმსახურეთო, რადგან საქართველოს ნაკრებმა შემართებით ითამაშა და მეც დავეთანხმები - კი, ნამდვილად, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს გარშემო ყურადღების კონცენტრირება მიზანმიმართულად მოხდა, ანუ მსოფლიოს საქართველო მხოლოდ თავისით კი არ გაეცნო, არამედ მსოფლიოს საქართველო გააცნეს. ეს დასავლური პოლიტტექნოლოგიური კლასტერის მუშაობის შედეგია, რომელმაც სპორტული ღონისძიება დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს პრეზენტაციისთვის გამოიყენა.

უნდა ითქვას, რომ ეს ექსკლუზიურად არ მომხდარა. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალკანეთის ქვეყნებში, მათ შორის ხორვატიაში წლების წინ. ზუსტად იგივე გააკეთეს გასული საუკუნის 90-იან წლებში პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვენიის და ა.შ. მსოფლიოსთვის გასაცნობად. იმჟამადაც გამოყენებულ იქნა სპორტული ღონისძიებები - ოლიმპიადები, ევროპის ჩემპიონატები თუ სხვა სპორტული შეჯიბრებები. დღეს ჯერი საქართველოზეა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში გადაწყვეტილია და ამ ფორმით დასავლური პოლიტიკური ელიტა თავის აუდიტორიას საქართველოს პოზიტიური კუთხით აცნობს. აჩვენებს, რომ ეს მებრძოლი და ძლიერი ხალხია, რომლის ადგილიც ევროპაშია. ასეთი ინტეგრაცია სერიოზული ბონუსებით მთავრდება ხოლმე. დასავლეთმა ჩვენი მხარდაჭერისთვის მომავალშიც უნდა გაიღოს ფინანსები, ამისთვის კი საჭიროა დასავლელმა საზოგადოებამ ბევრი რამ იცოდეს ჩვენ შესახებ. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ეხმარება მათ, ვინც იმსახურებს, და ვინც მისი ნაწილია. აი, ამ პროცესთან გვაქვს დღეს საქმე. ასეთი პოლიტტექნოლოგიური კომბინაციები განსაკუთრებით მედიის აქტიურობაში აისახება. მე როგორც ვიცი, ევროპულ პრესაში საქართველოზე ამ ჩემპიონატის დროს 15 000-ზე მეტი სტატია დაიწერა. ჩვენზე წამყვანი გამოცემები წერდნენ და ამის ფინანსური ეკვივალენტი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. ვინმემ რომ მოინდომოს და იგივე პიარაქცია ჩაატაროს, ამაზე ნაკლები არ დაუჯდება. ამას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიმეორებ, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

- როგორც შეაფასებთ ამის პარალელურად ჩვენი ხელისუფლების ძალიან დამაბნეველ პოლიტიკას, როდესაც განსაკუთრებით ე.წ. აგენტების კანონის მიღებით ღია კონფრონტაციაზე წავიდნენ დასავლეთთან, ანუ იმ პოლიტიკურ სივრცესთან, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მზად არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

- შეიძლება ითქვას, ეს ორი თანმხვედრი პროცესია. როდესაც ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, რეალობას შევხედოთ და ვთქვათ, რომ დღეს ერთი კაცი და მისი პოზიციაა მნიშვნელოვანი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი ყველა მეტ-ნაკლებად მისი პოლიტიკური დირიჟორობით მოქმედებს.

ვფიქრობ, მთელი აზრი ამ ვითარებისა იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ევროპული ელიტის შეთავაზებული საქართველოს ინტეგრაციის ტემპი საკმაოდ აჩქარებულად მოეჩვენა. მას, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ეს რისკებს აჩენს რუსეთთან დამოკიდებულებაში. ამიტომაც აირჩია ამგვარი პოლიტიკური პოზიცია, რაც ამ ტემპს გარკვეულწილად ამუხრუჭებს. როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ასე იმ რისკებს ანეიტრალებს, რაც შესაძლოა რუსეთისგან წარმოიშვას. ამ პოლიტიკური პოზიციის ადრესატი იმთავითვე ევროპა არ ყოფილა, არამედ ეს გარკვეულწილად დამამშვიდებელი სიგნალია რუსეთისთვის. თუ ბალანსი მოძიებული იქნება ისე, რომ რუსეთიც დამშვიდდება და ევროპული ინტეგრაციის ტემპსაც არ ვავნებთ, ეს იქნებოდა ოპტიმალური პოზიცია, მაგრამ ხელისუფლებას ეს ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ ერღვევა ხოლმე და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესიც ზიანდება. აქვე მინდა დაბეჯითებით ვთქვა, - საქართველოს ინტეგრაციის ტემპი დამოკიდებულია კიდევ არაერთ ფაქტორზე, მათ შორის უმთავრესია გლობალური პოლიტიკური გადალაგების სცენარი.

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით დასუსტდება რუსეთი და როგორი იქნება ის საზავო პირობები, რასაც რუსეთი გააფორმებს დასავლეთთან. ვფიქრობ, ეს ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა. შესაბამისად, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ევროინტეგრაციის ტემპი ჯერ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

- საფეხბურთო ეიფორიას დავუბრუნდეთ და შევაფასოთ საზოგადოების განწყობები, რომელიც ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიმართაც კი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით იცვლებოდა. მუდმივად ვშიშობთ, რომ პოლიტიკური ძალები სათავისოდ და არასწორად გამოიყენებენ ამ წარმატებას, მაგალითად, საარჩევნოდ ქულების დასაწერად. შესაბამისად, მუდმივად გვესმის შეთქმულების თეორიები, რომელსაც ხალხი ადვილად იჯერებს. მაგალითად, ფაქტობრივად, არავის გაუკვირდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთ ფეხბურთელს სიტყვის უფლება არ მისცეს იმ საყოველთაო ზეიმზე, რომლითაც დავხვდით ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ნაკრებს.

- ჩემი შეფასებით, ამის საფუძველი უნდა ვეძებოთ საბჭოთა კავშირში, რომლის მენტალური მემკვიდრეც ვართ, გვინდა ეს თუ არა. 70 წელიწადის განმავლობაში ლეგალური და საჯარო დისკუსიები აკრძალული იყო და ხალხი ჭორებითა და კონსპირაციებით იკვებებოდა. ამ პრაქტიკის გადასაჩვევად ქართველ სოციუმს სჭირდება თაობების შეცვლა, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამას კი დრო უნდა. ვიდრე ეს მოცემულობა იქნება, მის ექსპლუატაციას პოლიტიკური აქტორები სულ შეეცდებიან. კონსპიროლოგიას, ეჭვებს, შიშებს, ჭორებს უახლოეს პერიოდში გასაქანი კვლავაც ექნება. ეს სამწუხარო რეალობაა. ამიტომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ითვალისწინებენ ამ რეალობას და მის საფუძველზე მოქმედებენ. რას ვიზამთ, როგორიც არის საზოგადოება, ისეთივეა პოლიტიკური მართვის ფორმულები და მანიპულაციის სისტემები. პრობლემა ისაა, რომ მასას აღელვებს ისეთი რამეები, რაც მნიშვნელოვანი არ არის. ოპოზიციას კი აღელვებს ის, რომ ხელისუფლებამ არ მიიწეროს საარჩევნოდ ქართული ფეხბურთის წარმატება, თუმცა ხელისუფლებასაც იმავე ტიპის შიში აქვს.

სინამდვილეში, მე როგორც პოლიტტექნოლოგმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივია, რომლის გადაფორმებას რომელიმე პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს ხოლმე. ასეთი მაგალითები არსებობს უახლეს ისტორიაში, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. დასავლურ პოლიტტექნოლოგიაში ცნობილია, რომ სპორტული წარმატების საარჩევნოდ ექსპლუატაცია არ არის მომგებიანი და ეფექტური.

- მინდა ნაკრების დახვედრის ღონისძიებაზე მომხდარ ერთ ეპიზოდზე ვისაუბროთ. ეს შეეხება პრემიერისა და პრეზიდენტის ფეხბურთელებთან ერთად სცენაზე ასვლას, ჩვენ ვნახეთ რაოდენ ნეგატიურად შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს და როგორ პოზიტიურად სალომე ზურაბიშვილს. შეიძლება აქედან გამომდინარე რაიმე დასკვნის გაკეთება მომავალი არჩევნების კონტექსტში?

- ვინც ამ ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლა დაგეგმა პოლიტტექნოლოგიურად, მან დიდი ზიანი მიაყენა მის საარჩევნო იმიჯს. საქმე ისაა, რომ დასავლეთთან პაექრობის შემდეგ პრემიერი ძალზე არაპოპულარულია. ის, რომ მას დაუსტვენდნენ, ამის გათვლა შეიძლებოდა. ხელისუფლებას ბევრი შეცდომა მოსდის, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო. ეს დახვედრა "ქართულმა ოცნებამ" ხომ როგორც წინასაარჩევნო ღონისძიება დაგეგმა. როდესაც შენთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დაგისტვენენ, ამაზე უარესი წინასაარჩევნოდ სხვა რაღა უნდა მოხდეს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პრობლემა პოპულარობის დეფიციტი კი არ არის, არამედ ის, რომ მას არა აქვს სერიოზული პოლიტიკური აქტივი. არა აქვს პარტია, არა აქვს რესურსები და ბოლომდე არ არის გარკვეული, აქვს თუ არა დასავლეთის საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ პოლიტიკური რეალობა ჩამოაყალიბოს. მე ამის შესაძლებლობებს დღეს ვერ ვხედავ. მისი მთავარი პრობლემა ორგანიზაციული წინა პირობების არარსებობაა, რომელიც ერთ დღესა და ერთ კვირაში ვერ გაჩნდება. მოკლედ, სალომე ზურაბიშვილს კობახიძისგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლები პრობლემა აქვს.

- ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე უნდა გკითხოთ. ვერა და ვერ გაირკვა, როგორ აპირებს ოპოზიციური სპექტრი არჩევნებში მონაწილეობას. დიდი დრო დაიხარჯა საერთო სიაზე მსჯელობაში, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მიუღწეველი რამ არის. თქვენი შეფასებით, წარმატებისთვის რა იქნებოდა უკეთესი, ერთიანი სიით გასვლა თუ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება?

- ერთი გარემოება მინდა გამოვყო - მომავალი არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება დასავლეთის აქტიურობაზე და არა ოპოზიციის ფლანგზე გადალაგებებზე. თუ დასავლეთის ჩართულობა სერიოზული არ იქნება, ოპოზიციას ამ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღება გაუჭირდება. მაინც მგონია, მთავარი გრიგოლ ლილუაშვილის ამერიკული ვიზიტია. ჩემი აზრით, ამ ვიზიტით ივანიშვილი შეეცადა ორი რამ გაერკვია: ემუქრება თუ არა საფრთხე მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას და როგორ უყურებენ ამერიკელები მისი პრეზიდენტობის საკითხს? საერთოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლილუაშვილი უკვე შემდგარი კომუნიკატორია, ის ხშირად დადის აშშ-ში. იქაურ ელიტას მისი ფიგურა რომ არ აინტერესებდეს, ეს ვიზიტები ვერ შედგებოდა. ამერიკელებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჯერ ღარიბაშვილსა და ახლა კობახიძესთან ურთიერთობის ინტერესი არასდროს გამოუხატავთ, რადგან იციან, რომ რეალურად ივანიშვილისგან სუს-ს აქვს მინდობილი საქართველოს პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება. ამერიკელებს კი ინფორმაციის მიღება პირველი ხელიდან სურთ ხოლმე. აშშ-დან პასუხი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ჩამოვა. სწორედ იმ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდნენ ოპოზიციაშიც. თუ აღმოჩნდა, რომ ამერიკული პოლიტელიტა ფსონს სალომე ზურაბიშვილზე დადებს, დამერწმუნეთ, ერთმანეთს გადაასწრებენ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ მოსახვედრად.

- დავუშვათ, ლილუაშვილის ვიზიტი აშშ-ში მართლაც გარკვეული პასუხების მისაღებად შედგა. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ ივანიშვილსა და ხელისუფლებას მაშინ, როცა აშშ-მა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სწავლება "ღირსეული პარტნიორის" ჩატარებაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. გარდა ამისა, ხელისუფლების რიტორიკაც აშშ-ის მიმართ დიდად არ შეცვლილა.

- ახლა ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია, პოლიტტექნოლოგიურად ამ დროს რიტორიკას არ ცვლიან ხოლმე. სინამდვილეში რიტორიკა ხშირად არის ხოლმე პოლიტიკური ვაჭრობის ატრიბუტი. როდესაც ცდილობენ ოპონენტს დაანახონ, რომ ბოლომდე წავლენ და პრობლემებს შექმნიან. ვფიქრობ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, როდესაც პასუხს მიიღებენ, მერე რას იტყვიან.

ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ჩემი აზრით, შემდეგი განზომილებიდან ამოდის - როგორი პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ აშშ-ის როლის შესახებ საქართველოში, რეგიონში და ა.შ., აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთის გასაძევებლად არ შეიცვლება. ამისთვის ძალიან დიდი თანხა ჩაიდო, უკრაინაში ომიც ამას მოჰყვა და თქვენ გგონიათ, რუსეთთან ასეთი დაპირისპირებების შემდეგ აშშ საკუთარ ინტერესებს კობახიძის განცხადებების გამო შეცვლის? დღეს მიდის რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრციდან გაძევების პროცესი და დიდწილად წარმატებითაც. შუა აზია რუსეთს დასავლეთმა და ჩინეთმა სოლიდარულად წაართვეს, სამხედრო გარანტიებიც კი მისცა ჩინეთმა ყაზახეთს, წაართვეს უკრაინა, ბალტიისპირეთიდან ხომ კარგა ხნის წინ გამოაგდეს. საქართველოც ვერ ასცდება რუსეთის ორბიტიდან გასვლას. ამის საწინააღმდეგოდ ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, ვერც ქვეყანაში და ვერც მის გარეთ. საქართველოს ხელისუფლების თუ ოპოზიციის ქმედებები ვერ შეცვლის რეგიონში კონფიგურაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიიდან რუსეთის გაძევებისთვის რესურსს არა მარტო დასავლეთი ხარჯავს. შეხედეთ, როგორ აქტიურობს საუდის არაბეთი დაღესტანსა და ჩეჩნეთში. მარტო ამ ქვეყანამ 2010 წლიდან დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაში 10-12 მილიარდი დოლარი ჩადო თავისი გავლენის გასაძლიერებლად.

ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენისთვის ასევე იბრძვიან თურქეთი და ირანი - ანუ რუსეთს მიადგნენ მთელ პერიმეტრზე და ლამის ყველა მხრიდან უტევენ. კრემლს ამასთან გამკლავება ძალიან უჭირს. მას არც ინვესტიციები აქვს, არც ტექნოლოგიები, არც სამხედრო ძალა და ფინანსები, რომ ამ პერიფერიული სივრცეების კონსოლიდირება ძველებურად შეძლოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერაფრით დარჩება რუსული პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, რადგან ის რეალურად აღარც არსებობს. ფუნდამენტური ტრანსფორმაცია გარდაუვალია. პრობლემა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი როლისა და პოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნება სურს. სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ მისი აქტიურობა.