პოლიტიკური ფსიქიატრია, ანუ ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის ამბავი - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ფსიქიატრია, ანუ ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის ამბავი

საერთო-სახალხო ზეიმმა "ევრო 2024"-ზე ჩვენი ფეხბურთელების ასპარეზობის გამო გვათქმევინა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთი არაა, რომ პოლიტიკას ფეხბურთმა აჯობა და მთელი ერი გააერთიანა, თუმცა, როდესაც მთელი ერი ეფერებოდა ჩვენს ფეხბურთელებს, მაინც იპოვეს მარცვალი, რომლის გაღვივება განიზრახეს, და კვლავ სცადეს საზოგადოების დანაწევრება, მოტყუება, ახალი დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის გაჩენა. ამჯერად ზივზივაძე-ობოლაძის ცრუ ამბავს ვგულისხმობ, თუმცა მსგავსი მაგალითები კენტად არ გვაქვს. როგორც კი ერი ერთი სულისკვეთებითა და ენით იწყებს საუბარს, მაშინვე ჩნდება გასახლეჩი ინციდენტები. რა გვჭირს ან რა ჰქვია იმას, რაც გვჭირს? - "კვირის პალიტრის" რესპონდენტია პოლიტფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

- ფსიქოლოგებში ასეთი მოვლენების კვლევის ტალღა თვალში საცემი გახდა ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ. პოლიტიკური ფსიქოლოგია, როგორც დარგი, 70-იან წლებში გაჩნდა, აშშ-ში, ფსიქიატრთა საზოგადოების წიაღში. ამას საგანგებოდ ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ბევრი რამ სწორედ ფსიქიატრიული ნიშნით განიხილებოდა.

ეს უფრო ადრე დაიწყო.... საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხალხის მასებმა ხელისუფლება რევოლუციებით შეცვალეს. წლები რომ გავიდა და მსგავსმა ტალღამ მთელ ევროპას გადაუარა, სოციოლოგები დაფიქრდნენ, კი მაგრამ, რა მოხდა?.. გაჩნდა ფრაზები: "ბრბო", "აგრესიული ბრბო", "უაზრო ბრბო"... ანუ ბრბო წარმოჩნდა როგორც სტიქია, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს აწყობილი ქვეყანა. აწყობილი ქვეყნის დანგრევის შემდეგი ეტაპი უკვე ჰიტლერი იყო. ამ შემთხვევაში სულ სხვა თავისებურებები გამოიკვეთა, თუმცა ის აზრი, რომელიც რევოლუციების შემდეგ ბრბოს შესახებ დაიბადა, რომ ის რაციონალური არაა, რომ მართლაც ეგზალტირებული მასაა, აქაც გამოჩნდა. ამიტომ ეს ფსიქიატრების საფიქრალი გახდა. ეს ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად. შემდეგში სერიოზული გამოკვლევები დაიწყო. ერთი კვლევა სწორედ იმას ეძღვნებოდა, რასაც კონფორმიზმს ეძახიან. სპეციალური ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს ადამიანებს, რომლებიც რაღაცის აღქმას 100%-ით ახერხებდნენ, მერე ყალბი ცდის პირები შეუცურეს. 5 ყალბი ცდის პირი არასწორად აღწერდა მოვლენას, სიცრუე იყო, და დანარჩენების დიდმა პროცენტმაც დაიწყო მოვლენის არასწორად აღწერა. ამას კონფორმიზმი ეწოდა. როდესაც რაღაცას ბევრი ადამიანი ამბობს, ძალიან ძნელია ობიექტურობის შენარჩუნება და ამ ბევრს დანარჩენებიც აჰყვება ხოლმე. ეს კვლევები იმისკენ იყო მიმართული, რომ მკვლევრებს გაეგოთ, რა მოხდა გერმანიაში. უაღრესად ინტელექტუალური ქვეყანა უცბად აღმოჩნდა ჰიტლერის ზღაპრების გავლენაში. მან იცოდა, რასაც აკეთებდა, გამიზნული პროპაგანდა ჰქონდა, რაც შეიძლება დაუჯერებელი რამ თქვი და იმას უფრო ადვილად დაიჯერებენო. სხვა ექსპერიმენტებიც ჩატარდა, სადაც ჩანდა, რომ თუ ადამიანი ჯარისკაცის ან პოლიციელის როლს აიღებს, შემდეგ უკვე ამ როლის მიხედვით მოქმედებს. შესაძლოა სადისტი სულაც არ არის, მაგრამ სადისტივით იქცევა, ამaს როლი ჰკარნახობს. სადისტური ფენომენები შექმნეს, მორჩილება მთელი ერის მასშტაბით.

მე-20 საუკუნის მიწურულს ამერიკელმა პოლიტოლოგმა შარპმა მეთოდურად დაამუშავა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. საამისოდ მან 198 რეცეპტი დაწერა. სწორედ ამ რეცეპტების მიხედვით მოხდა "ვარდების რევოლუცია" საქართველოში, ხოლო უკრაინაში - ნარინჯისფერი რევოლუცია. იქაც აამუშავეს ის მექანიზმები, რომლებიც გიხსენეთ, მაგალითად, კონფორმულობა. ყველამ თუ იძახა, რომ აუტანელია, საშინელია საქართველოში ცხოვრება, მდგომარეობა და ა.შ., ეს აუტანლობა უკვე რეალურ განცდად გადაიქცევა და ხალხს უბიძგებს ქმედებისკენ. თუმცა "ვარდების რევოლუცია", 30 ათასმა კაცმა გააკეთა. მაშინაც ბავშვები გამოიყვანეს და ცოტა ხნის წინ ამ კანონის გამოც ზუსტად ბავშვები გამოვიდნენ. იმიტომ, რომ ბავშვებს ენდობა მოსახლეობა, ფიქრობს, რომ გულწრფელია, მაგრამ ამავე დროს ეს ხერხია.

ერთ-ერთი ხერხი ისიც არის, რომ რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიმეორო ერთი და იგივე, ვთქვათ, ხელისუფლება ცუდია! ამისთვის სხვადასხვა მიზეზს იშველიებენ. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ბუდუ ზივზივაძის ამბავი, რომ პოლიტიკა ჩაერია სპორტში და... აღარ გავიმეორებ და ამ ყველაფერს ამისამართებენ ხელისუფლებაზე. მიზანი ერთია - მეორდებოდეს რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა. ხელისუფლების ხარვეზიანობის აზრი ყველა წერტილიდან უნდა მოდიოდეს, რათა საზოგადოებაში დამკვიდრდეს აზრი, რომ ეს ხელისუფლება გასაშვებია. ამ განცდას ამკვიდრებენ. ისევე როგორც 2003-ში დამკვიდრდა განცდა, რომ შევარდნაძე გასაშვები იყო, თან იმდენად დამკვიდრდა, რომ შევარდნაძის გვერდით მისივე მინისტრები აღარ დარჩნენ, შემოეცალა ყველა ისევ იმ კონფორმულობის მექანიზმით. ოღონდ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური კონფორმულობა არ იყო. მაშინ მაილსი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, თანამდებობის პირებს ეუბნებოდა, თუ არ გადააგდებთ შევარდნაძეს, დაკარგავთ ამერიკასო და მიიღეს "ვარდების რევოლუცია".

- მსგავსი ამბები არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გახშირდება?

- 2012 წლიდან ყველა არჩევნების წინ იწყება ტალახის სროლა და ძახილი, რომ აუცილებელია ამათი გაშვება. როგორც წესი, ესეც ტექნოლოგიის საკითხია, თუ როგორ მიაღწიო იმას, რომ ადამიანებმა გააკეთონ ის, რაც გინდა, თანაც, ისე, ვერც მიხვდნენ, რომ შენს საქმეს აკეთებენ. კერძოდ, დღეს ბევრი ვინმე ცდილობს "ნაცმოძრაობა" მოიყვანოს ხელისუფლებაში, ოღონდ ამას კი არ ამბობენ, იმას გაიძახიან, ეს ხელისუფლება გასაშვებიაო! ამ ხელისუფლებას თუ გაუშვებ, მათემატიკური პრინციპით, ხმების უმრავლესობით, "ნაცმოძრაობა" მოვა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მეორე მხარე გულხელდაკრეფილი ხომ არ უნდა იჯდეს? ამ ფსიქოლოგიურ ბრძოლაში როგორ იქცევიან მხარეები?

- რა თქმა უნდა, მეთოდები სხვადასხვაა და ეს ძალიან ხშირად დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, თუ რა არის საჭირო გაკეთდეს, არამედ იმაზე, თუ რა ტიპები არიან ისინი, ვინც უნდა გააკეთონ. მგლის გადაცმა ცხვრის ტყავში ძნელია. ამიტომ სასურველია მგელი იკბინებოდეს. "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აგრესიული მოძრაობაა, სტილი აქვს აგრესიული. მორიელმა რომ კუს უკბინა იგავ-არაკში, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეეძლო, იმასავით არიან. ხომ შეიძლება "ოცნებას" შეეჯიბრო სიკეთის კეთებაში? ოდესმე ასეთი ფაქტი გახსოვთ?... არა, იმიტომ, რომ სტილი აქვს აგრესიული - იბრძვის, ლანძღავს...

ყველა მხარე მოქმედებს ისე, როგორც მისთვის უფრო ბუნებრივია. ანალოგიურადაა "ქართული ოცნება".

რამდენადაც აგრესიული და ხმაურიანია "ნაცმოძრაობა", იმდენად არააგრესიული, ჩუმია "ქართული ოცნება". პიარი საერთოდ არა აქვს. სხვადასხვა გზით მოქმედებენ, მაგრამ ჯერჯერობით "ოცნებას" გასდის თავისი სწორედ მეტოქის აგრესიულობის გამო. როგორც კი მოახლოვდება არჩევნები და სულ უფრო აგრესიულები გახდებიან "ნაცმოძრაობის" ყოფილი თუ გადასხვაფერებული წევრები, მოსახლეობა გაიხსენებს, ეს ის ხალხია, რომლის 9 წელიწადი ვერ დაუვიწყებია. ამიტომაცაა, რომ 12 წელია ვერაფერში გაიმარჯვა "ნაცმოძრაობამ", ვერც ადგილობრივში, ვერც საპარლამენტოში, იმიტომ, რომ ყოველთვის ახსენებს ყველას, რომ აგრესიულია. "ოცნებას" ესენი მიშვებული ჰყავს ნებაზე და მიშვებული ჯგუფების აგრესიულობა - რაც ბუდუს თავგადასავლითაც გამოჩნდა - იზრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ახლა შეცვლილი აქვთ ფორმულა - არ აირჩიოთ "ოცნება", სხვა რაც გინდათ, აირჩიეთო. "სხვა რაც გინდა" ნიშნავს "ნაცმოძრაობას", ოღონდ სახელს არ ახსენებენ. ეშმაკობენ, მაგრამ მოახერხებს "ოცნება" და ხალხს გააგებინებს, რომ ეშმაკობენ.

ივანიშვილი თავიდან ამბობდა, რომ პიარი არ არის საჭირო, ხალხი ისედაც დაინახავსო... ეს არ არის მთლად სწორი, იმიტომ, რომ პოლიტიკა დიდ სივრცეს ეხება და ხალხი ვერ დაინახავს, თუ არ მიაწოდე. პიროვნულად კარგი პოზიციაა, სიკეთე გააკეთე და ქვაზე დადე, მაგრამ პოლიტიკა ასეთი პიროვნული სიკეთეების იქითაა.

პოლიტიკის წარმოებას განუწყვეტელი პიარი სჭირდება. ხალხმა თუ არ გაიგო, რას აკეთებ, როგორ გამოგყვება?

- კლიმატურად არც ისე ცხელი ზაფხულია, მაგრამ პოლიტიკურად როგორი იქნება?

- ჩვენი მდგომარეობა არაა პრობლემა, თუკი მსოფლიოს შევხედავთ. აგერ ამერიკაში 2 ბეხლეწი ბებერი ერთმანეთს ეჭიდავება და რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მაინც საპენსიო ასაკის პრეზიდენტი ეყოლებათ, რაც არაა დიდი მიღწევა და კომპლიმენტი. ეს მსოფლიოსთვისაც ბევრ სირთულეს გულისხმობს, მათ შორის საქართველოსთვისაც. არჩევნების ფონზე შესაძლოა სრულიად შეიცვალოს პოლიტიკური კურსი ევროპის წამყვან ქვეყნებში და თავდაყირა დადგეს ევროპული პოლიტიკა. ამ ფონზე "ნაციონალებისა" და "ოცნების" ჭიდაობა არც ისე დიდი მნიშვნელობისაა. ყველა გამოკვლევით "ოცნებას" მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე "ნაციონალებს". თუმცა კითხვის ნიშნები ჩნდება არჩევნების მეორე დღეზე. არის დიდი ეჭვი, შარპის ერთ-ერთი რეკომენდაცია გამოიყენონ: მეორე დღეს უნდა ატეხო ყვირილი არჩევნები გაყალბდაო, და ამ ყვირილის ფონზე ხალხს აქვს სურვილი გადააგდოს მმართველი ძალა - ანუ არჩევნების საბაბით რევოლუციის მოწყობის სცენარი შეიძლება ამოქმედდეს.

- ასეთ მომენტში ხალხი შარპის მოძღვრების კითხვას ვერ დაიწყებს და როგორ უნდა იყოს შეიარაღებული ინფორმაციით?

- იარაღი და ინსტრუმენტი ის იქნება, რომ არ გაყალბდება, იმიტომ, რომ ოდნავ მაინც ხარვეზი თუ ექნება არჩევნებს, ეს დიდი რისკია "ოცნებისთვის". თუ მაინც დაიწყო რევოლუციური პროცესები, ამას მოჰყვება ხელისუფლების ძალისმიერი რეაქციაც. თუ დაახლოებით 49-51%-ზე გადანაწილდა ხმები, ძალიან იოლი იქნება ყვირილი, არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ თუ დიდი სხვაობა იქნება, მაშინ გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ

ქვეყნის სტაბილურობა ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მის ხელშია ქვეყნის ბედი. რაც მეტი ხმა იქნება ერთ მხარეს, იმის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი.

კიდევ ერთს დავამატებ - რევოლუცია პირველი ნაბიჯი იქნება, მეორე სააკაშვილის გამოშვება, მესამე - უკრაინის ომში ჩაბმა. ეს სამი ნაბიჯი გველოდება, თუკი ამომრჩეველი დაუფიქრებლად იმოქმედებს.