„მე მაქვს მოლოდინი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“
პუტინი, სანამ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების საკუთარ ვარიანტს გაახმოვანებდა განაცხადა: - "რუსეთმა უნდა განაახლოს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წარმოება და შემდეგ გადაწყვიტოს, სად განათავსოს ისინი". მისი თქმით, შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს კვლავაც განალაგებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. "აშშ არა მარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. როგორც ჩანს, ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ სისტემების წარმოება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ სად განვათავსოთ ისინი", - ციტირებს პუტინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი. პუტინს არ დაუკონკრეტებია, სად გეგმავენ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებას. რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების რუსულ ვერსიას, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში რუსული მხარე მზად არის საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მოლაპარაკება დაიწყოს. რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატოს ცეცხლის შეწყვეტისა და პუტინთან მოლაპარაკების მზადყოფნა უკრაინის პრეზიდენტმა, ამ და სხვა საკითხებზე გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების მკვლევარი თორნიკე შურღულაია გვესაუბრება:
- პუტინის განცხადება, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების წარმოებისა და განთავსების შესახებ, ისევე როგორც ბევრი სხვა განცხადება და ქმედება, მეტყველებს, რომ უკიდურესად დაძაბოს ვითარება, თუმცა ამის რესურსი აღარ აქვს. პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ თუ აშშ-ს რუსეთზე ან სხვა რომელიმე ქვეყანაზე დარტყმა დასჭირდა, ამისთვის არც ფილიპინების ტერიტორია სჭირდება და არც მალაიზიის. მას აქვს საკონტინენტთაშორისო ბირთვული და არაბირთვული რაკეტები. თუ, მაგალითად, რუსეთს 15-16 წუთი დასჭირდება ბირთვული რაკეტის გასაშვებად, აშშ-ის არმიას მაქსიმუმ 11 წუთში წინმსწრებად შეუძლია მოწინააღმდეგის რაკეტის განადგურება. ის, რასაც ფილიპინებზე აკეთებს ვაშინგტონი, ეს არის პარტნიორი ქვეყნის დახმარება და არა რუსეთზე შეტევისთვის მზადება. რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა ზრუნავს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობაზე. ჩვენ ვაღიარებთ თუ არა, "ცივი ომი" დაწყებულიც არის და ახალ ფაზაშიც გადასული - ბიპოლარული სამყარო დასრულებულია, პოლარულიც, ახლა უკვე მულტიპოლარული სამყარო გვაქვს.
- სხვათა შორის, მულტიპოლარული სამყარო რომ რეალობად იქცა, ეს პუტინმაც განაცხადა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BღIჩშ-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს, გლობალური განვითარებისა და ჭეშმარიტი მულტიპოლარულობის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ".
- დიახ, ასეა, რუსეთის უკან ჩინეთი დგას, ისევე როგორც უკრაინის უკან - ამერიკა, თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე - ირანი, რომელიც სტრატეგიულ სამკუთხედს ქმნის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რუსეთი ამ სახელმწიფოების ინტერესების ინსტრუმენტი გახდა. ირანი და ჩინეთი თითქოს თავად არ იბრძვიან, არაფერში არ არიან ჩართული, ჩინეთი თანამშრომლობს კიდეც ამერიკულ კომპანიებთან. ამერიკა-ჩინეთს პაექრობა უფრო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე მტრობა. ძალზე საინტერესო პროცესი განვითარდა - რუსეთმა უკრაინაში ყოვლად უაზრო ომი წამოიწყო, სადაც დიდი რესურსი დახარჯა და დაისუსტა თავი; ამერიკისა და ევროპის ყურადღება უკრაინაზე გადავიდა, მათი რესურსების დიდი ნაწილი მას ხმარდება და ამ ყველაფრით მოგებული რჩება ჩინეთი - ავითარებს ეკონიმიკას და ახორციელებს გლობალურ, რეგიონულ პროექტებს. ბალკანეთის ყიდვაც კი დააპირა, ავსტრალიის ყოფილ პრემიერსა და მინისტრებთან გააფორმა კონტრაქტები, რომლებიც გასაიდუმლოებულია, პოლონეთში რკინიგზის და აეროპორტის აშენებაც მოინდომა, მაგრამ პოლონელებმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ სტრატეგიულ ობიექტებს უცხო ქვეყნის კონტროლში ვერ მოაქცევდნენ. ჩინეთს სურს გლობალური პოლიტიკური აქტორის პოზიცია დაიკავოს, თავს ამერიკის საპირწონედ მიიჩნევს.
- ალბათ, საქართველო-ჩინეთს შორის გაღრმავებული ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობაც ამ კონტექსტში მოიაზრება?
- რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის საქართველო ძალიან საინტერესოა. აქ არის შავ ზღვაზე გასასვლელი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. არ უნდა გვეგონოს, რომ ჩინეთს ანაკლიაში მხოლოდ პორტი აინტერესებს. ის ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ნებისმიერი რეგიონიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ ამ ქვეყანასთან. ხომ გაგიგონიათ, "ხელი ხელს ჰბანსო".
ჩვენც შეგვიძლია ჩინელებთან თანამშრომლობით სარგებელი მივიღოთ რეგიონის განვითარებისა და ოკუპირებული აფხაზეთისთვის ალტერნატივის შეთავაზებისთვის. უბრალოდ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, მათ შორის სადმე რუსული საცეცები არ იყოს ჩართული.
- რამდენად აქვს დასავლეთს ჩინეთის ამბიციების მოთოკვის რესურსი?
- დღეს ჩინეთსა და დასავლეთს, სახელდობრ, ამერიკას შორის, ძალიან სერიოზული პაექრობაა, ინტერესთა ვაჭრობაა გამართული. ჩინეთს ხშირად უწევს დათმობაზე წასვლა და დასავლეთის ინტერესების გათვალისწინება. მაგალითად, რუსეთში სავალუტო კრიზისის შემდეგ რუსეთის საფინანსო და საბანკო სისტემისთვის ჩინური იუანი მნიშვნელოვანი ფულადი ერთეული გახდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკამ რუსეთის ეკონომიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობისთვის ეკონომიკური სანქციები გაამკაცრა, ჩინურმა ბანკებმა მოსკოვის ბირჟები დატოვეს. თუ ჩინეთი დასავლეთს ანგარიშს არ გაუწევს, ამერიკას მისთვის სანქციების დადება შეუძლია. ამას გარდა, ჩინური შრომის ბაზარი ამერიკულ შეკვეთებზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, შეკვეთები რომ გაუქმდეს, რითი დასაქმდება ჩინელი მუშახელი? პეკინი სოციალურ აფეთქებას ვერ ასცდება. ასეთივე ვითარებაა არაბულ ქვეყნებთან დაკავშირებითაც. არის მოსაზრება, რომ ისინი ამერიკის დაუძინებელი მტრები არიან, ამ დროს არაბული ნავთობმონარქიები ძალიან კარგად თანამშრომლობენ ამერიკულ კომპანიებთან, იმიტომ, რომ ამერიკა ყველაზე დიდი მომხმარებელია და მისი წყალობით მდიდრდებიან.
- თუმცა რუსეთი მაინც ცდილობს თავისი დღის წესრიგი შესთავაზოს მსოფლიოს. პუტინი უკვე განიხილავს უკრაინასთან მოლაპარაკებას. ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააკეთა ერთობლივი განცხადება სი ძინპინთან ერთად. ამჯერად საქმეში ერდოღანი და ორბანი ჩართო. შეიძლება თუ არა პოზიცია შეცვალოს ზელენსკიმ, რომელიც ამ დრომდე უარყოფს ზავს უკრაინა-რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვით და ამბობს, პუტინი მკვლელია და მისი ნდობა არ შეიძლებაო.
- რატომ უნდა შეცვალოს ან რის ფასად, ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ხარკოვის დათმობის ფასად? გამორიცხულია, ამაზე ზელენსკი არ წავა. უკრაინამ უკვე იმხელა მსხვერპლი გაიღო, რომ უკანდასახევი გზა არა აქვს. უკრაინაში კარგად იციან, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის მაინც გააგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. საქართველო ხომ ამის საუკეთესო მაგალითია?! ზავი რუსეთის ერთგვარი მანევრია - ამოისუნთქავს, გადააჯგუფებს, შეიარაღდება და ისევ გააგრძელებს შეიარაღებულ დაპირისპირებას. შემდეგი იქნება საქართველო, ბალტიის ქვეყნები და ა.შ.
- ზელენსკიმ იცის, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის გააგრძელებს ომს, მაგრამ მანამდე, სანამ დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, პროცესების განვითარების ძალიან სკანდალური ვერსიები იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებს ტრამპი მოიგებს. რუსეთისთვის მხოლოდ უკრაინის კი არა, საქართველოს დათმობაზეც არის საუბარი.
- თუ ტრამპის განცხადებებს გავითვალისწინებთ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკა დაუბრუნდება იზოლაციონიზმს, ამერიკის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ კი შეიძლება მართლა გამოიწვიოს გლობალური ომი. დავუშვათ, დაუთმეს რუსეთს უკრაინაც და საქართველოც. ბალტიის ქვეყნებში უკვე გამოჩნდნენ "მწვანე კაცუნები" (გე-რე-უს არაფორმალური დაჯგუფება). დათმობით წაქეზებული რუსეთი აუცილებლად შეუტევს ბალტიის ქვეყნებს, მისი ჭურვები უცილობლად მისწვდება პოლონეთსაც, რაც ევროპას აიძულებს ომში ჩართვას. საინტერესოა, რას იზამს ასეთ შემთხვევაში ტრამპი?! ან უნდა დაშალოს ნატო, ან ომში უნდა ჩაერთოს. არ დაგვავიწყდეს, ტრამპი არაპროგნოზირებადი ადამიანია, ხშირად გაუკეთებია იმის საწინააღმდეგო, რაც უთქვამს. შესაბამისად, რთულია წინასწარ განსაზღვრო, რას იზამს. მას ისიც აქვს ნათქვამი, ბაიდენის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მოსკოვს დავბომბავდიო. არავინ იცის, რა იგულისხმა, როდესაც თქვა, რუსეთ-უკრაინის ომს ერთ დღეში დავამთავრებო - უპირობოდ შეუწყვეტს დახმარებას უკრაინას თუ მოსკოვს დაბომბავს. ისეთი ექსცენტრიკული ტიპია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მოდი, გეტყვით, მე მაქვს მოლოდინი, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ამის ნიშნები უკვე აშკარად არის - პროქსიომი გვაქვს, მხარეები უფრო ძაბავენ ვითარებას, ყველაფერი იქით მიდის, რომ "ცივი ომი" "ცხელ ომში" გადაიზარდოს.
ხათუნა ბახტურიძე