"რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში, მსოფლიო იწყებს ახალ მსოფლიო წესრიგზე ლაპარაკს“ - კვირის პალიტრა

"რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში, მსოფლიო იწყებს ახალ მსოფლიო წესრიგზე ლაპარაკს“

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომი განსაკუთრებულ სტადიაზე გადავიდა, რომელსაც სხვანაირად შეიძლება რესურსების ამოწურვის სტადია დავარქვათ. უკრაინის რესურსი კარგა ხანია ამოწურულია, ვგულისხმობ დასავლურ რესურსს. როგორც ჩანს, მოსკოვშიც ხვდებიან, რომ გადამწყვეტ უპირატესობას ომში ვერ აღწევენ, გამარჯვების პერსპექტივა არა აქვთ. ამ ფორმატში კი იხარჯება უამრავი რესურსი როგორც ფინანსური, ისე, რაც მთავარია, ადამიანური. მხარეებს მილიონ ნახევარზე მეტი ცოცხალი ძალის დანაკარგი აქვთ. ეს უზარმაზარი ციფრია. იმის მიუხედავად, რომ ომი სამი წელია გრძელდება, მაგრამ თანამედროვე ომებისთვის დანაკარგი ძალიან მაღალია, თან უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა განადგურებული, საწარმოო ობიექტები და ა.შ. არა მარტო უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც. რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებს, ნავთობის გადამმუშავებელ ქარხნებს უკრაინელები საოცარი სიზუსტით ანადგურებენ. ამ ამბებიდან გამომდინარე მშვიდობაზე მოლაპარაკების თემა ძალიან აქტუალური გახდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებას არა აქვს მყარი შინაარსი. სხვადასხვანაირი მიდგომა აქვთ. რა ინფორმაციაც ვრცელდება რუსეთსა და ამერიკაზე, კულუარულ მოლაპარაკებებს ვგულისხმობ რუსულ გეგმაზე, იმას, რაც რუსეთის შს მინისტრმა კოლოკოლცევმა წარადგინა ამერიკაში, წარმოუდგენელია, ასეთი რამ მსოფლიო ომის ისტორიას არ ახსოვს.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ შეთავაზებების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ახალი თავდაცვის მინისტრ ბელოუსოვისა და ამერიკის შს თავდაცვის მინისტრ ოსტინის სატელეფონო მოლაპარაკებებში გახმაურდა, როდესაც ისინი თანხმდებოდნენ, რომელ მხარეს რომელი ტერიტორიის დაბომბვა შეეძლო. ეს წარმოუდგენელია! დაახლოებით ასეთი საუბარი იყო, შენ შეგიძლია დაბომბო 50 კმ სივრცე ჩემს ტერიტორიაზე და არ შეგიძლია დაბომბო იმაზე მეტიო, ამერიკელები კი ეუბნებოდნენ, ჩვენ მეტი უნდა დავბომბოთო. რაც შეეხება თვითონ წინადადებას, რომელიც რუსეთის შს მინისტრმა წარადგინა, იქ აქცენტები გაკეთებულია იმაზე, რომ რუსეთი იტოვებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს, რადგან იქაური მოსახლეობის ერთი მესამედი მაინც მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

სავარაუდოდ, რუსეთი დააბრუნებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, ნამდვილად აბრუნებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყირიმი ერთობლივად უნდა გააკონტროლონ რუსეთმა და უკრაინამ. ასევე მათი მოთხოვნაა, უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ შევიდეს ნატოში, ხოლო თუ ევროკავშირში გაწევრდება, არ იქნება დიდი პრობლემა.

პრინციპში ყველა ამ წინადადებაზე მსჯელობა შეიძლება, გარდა ერთისა, ყირიმის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ნატოსთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის გაკონტროლება. ეს ომი სწორედ შავი ზღვისთვის მიმდინარეობს. რუმინეთში მთავრდება ერთ-ერთი სამხედრო ბაზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია, ზუსტად ამ ბაზის მეშვეობით უნდა გაკონტროლებულიყო შავი ზღვა. ყირიმს ასე მარტივად არ დათმობენ ამერიკელებიც. მოსკოვს ეს ძალიან კარგად ესმის და ამიტომ აქვს შუალედური მიდგომა და თანახმაა, ორივემ გააკონტროლოს ყირიმი, რაზეც უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულ უარს იტყვის. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება - ეს დოკუმენტი გაგზავნილია არა ბრიუსელში ან სხვაგან, არამედ აშშ-ში, ვაშინგტონში, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამს ამ ომის მთავარ მწარმოებლად და ამ ყველაფერს ნახევრად ოფიციალური სახე აქვს. საინტერესოა, ამერიკის პოზიცია როგორი იქნება. თუ ისინი დათანხმდებიან, მაშინ ზელენსკის სხვა გზა არ ექნება. თუმცა არა მგონია, ყირიმის თემას დათანხმდეს ამერიკა.

უკრაინა-რუსეთის ომმა მოიტანა ის კატაკლიზმები, რაც ევროპაში მოხდა. ევროპის, განსაკუთრებით ძველი ევროპის, საზოგადოება მიჩვეულია ცხოვრების მაღალ დონეს და ამ ომმა ძალიან ბევრი პრობლემა მოიტანა: ინფლაცია, ეკონომიკის დაცემა, მიგრანტების მოზღვავება და ამ ყველაფერმა განაპირობა მნიშვნელოვანი ცვლილებები ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

- რას გულისხმობთ?

- ბრიტანეთში ლეიბორისტების, ხოლო საფრანგეთში ლე-პენის გამარჯვებას. ასეთივე პროცესი მიდის გერმანიაში. საერთოდ, კონსერვატორების მოსვლა რიგ ევროპულ ქვეყნებში, ბალკანეთი იქნება თუ სხვა. ამას ხედავს ევროპის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. მათ არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ რუსეთის გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმის რესურსი აქვთ, ბოლომდე იომონ. ამიტომ დაიწყეს მოლაპარაკებაზე საუბარი. საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ აგერ ორბანი ჩავიდა კიევში, შემდეგ მოსკოვში... რუსეთი თვითონაც ხვდება, რომ ომის გაგრძელება ამ ფორმით შეუძლებელია. დასავლეთში დაახლოებით იგივე პოზიცია აქვთ და მიდის ერთი იწილო-ბიწილო.

კიდევ ერთი საკითხი აქვს დაყენებული რუსეთს - სანქციების მოხსნა, მაგრამ ასე მარტივად ეს ვერ მოხდება, თუმცა შესაძლებელია ამაზეც ლაპარაკი. დღეს დასანქცირებული რუსული რკინიგზა დასავლეთს ძალიან აწყობს, ჩინური პროდუქციის გაკონტროლება უფრო მეტად შეუძლია. ჩინეთს ევროპაში 700-800-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აქვს, პროდუქცია ევროპაში რუსეთიდან შედიოდა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის რუსეთს არ მოეხსნას სანქციები. ეს პროცესი ძალიან გაიწელება, მაგრამ მერე დაიწყება ახალი პროცესი.

ახალი გეოპოლიტიკური სურათი გვაქვს. არ არსებობს მსოფლიო წესრიგის კონტურები, აღარ არსებობს თამაშის ძველი წესები და აქედან გამომდინარე, სამშვიდობო მოლაპარაკების შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ მსოფლიო იწყებს ახალ მსოფლიო წესრიგზე ლაპარაკს.

- ამერიკა არჩევნებისთვის ემზადება. ტრამპისა და ბაიდენის დებატებიც ყველამ ნახა. იქ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს აისახება უკრაინა-რუსეთის ომზე?

- ის, რომ ბრიტანეთში ლეიბორისტები ასეთი შედეგით გაიმარჯვებდნენ, არავინ ელოდა. საერთოდ, კონსერვატორები იმარჯვებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვითარებაში სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია. მაგალითად, დემოკრატიულ პარტიაში არ არსებობს ერთპიროვნული დამოკიდებულება იმის მიმართ, უნდა იყოს თუ არა ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატად აგვისტოს არჩევნებში.

- ამერიკის არჩევნების შემდეგ გაირკვევა, როგორ შეიძლება დალაგდეს მსოფლიო?

- ამერიკის პოლიტიკაში დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არის საერთო ტენდენციები, საერთო მიდგომები. 1912 წელს შეიქმნა სარეზერვო ფონდი, რომლის მეშვეობითაც აშშ დანარჩენ მსოფლიოში ფინანსურად გარკვეულ პროცესებს დღემდე არეგულირებს. შეთანხმდნენ თამაშის წესებზე და დაიწყეს კიდეც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ახლა ინერციით მიდის ეს პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოშლილია მსოფლიო წესრიგი, მაგრამ მოცემულობა ხომ არსებობს და ასე მარტივად არ გამოვა. ტრამპი არ არის მარტო, მის უკან დგანან ძალიან სერიოზული ფინანსური ინსტიტუტები, ისეთები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას. ვერ გეტყვით, რომ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში უცებ რამე განსაკუთრებული და რადიკალური მოხდება.

- ლეიბორისტების მოსვლა დიდ ბრიტანეთში რამ განაპირობა?

- როგორც ინგლისელი ექსპერტები ამბობენ, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა არ იყო ორიენტირებული ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. ბრიტანეთს გავლენის გაძლიერება და აღდგენა სურს მსოფლიოში და ამას წარმატებით გაართვა თავი, ბევრად უფრო ეფექტურია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის აზიაში, კავკასიაში ბრიტანული პოლიტიკა. ბრიტანული სპეცსამსახურები უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, მათ შორის ამერიკის. ამას ეწირება ბრიტანეთის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შიდა პოლიტიკაც. ამან გამოიწვია კონსერვატორთა კატასტროფული მარცხი.

- ეს ყველაფერი როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე?

- საქართველოს უმნიშვნელოვანესი პლუსი არა მარტო ის არის, რომ გეოპოლიტიკური რეგიონის ნაწილია, არამედ ის, რომ ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვგულისხმობ კავკასიას და აქედან გამომდინარე, ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ დიდია. დღევანდელი ქართული პოლიტიკა საკმაოდ რთულად აღსაქმელია დასავლეთისთვის. სიჯიუტე, რომელსაც ამჟღავნებს ქართული პოლიტიკური ელიტა, გაუგებარია დასავლეთისთვის, რომელიც მიჩვეულია ასეთი ტიპის ქვეყნებისგან მორჩილებას. თუმცა არსებობენ ევროპის რიგი ქვეყნები, რომლებიც გაწევრდნენ ევროსტრუქტურებში, 90-იან წლებში ნატოს სტრუქტურებში. ბრიუსელისა და ვაშინგტონის აზრით, მადლიერი უნდა იყვნენ, თავდაცვისა და ეკონომიკური ქოლგები რომ შეუქმნეს ამ ქვეყნებს, მაგრამ ეს ქვეყნები დღეს უკვე სხვა პოზაში არიან. უნგრეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის პოზიცია გავიხსენოთ, პატარა ახალი ქვეყნების ერთგვარი ჯანყია იდეოლოგიური ნარატივების მიმართ, რომელთა დამკვიდრებას ძველი კოლექტიური დასავლეთი ცდილობს.

ჯიუტობს ქართული მხარე და დასავლეთი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს იმ პროცესებს, რაც ხდება ჩვენს რეგიონში.

მართლაც მნიშვნელოვანი პროცესებია. ვგულისხმობ ფაშინიანის სომხეთს, რომელიც დღეს ძალიან აქტიურ დასავლურ პოლიტიკას ეწევა და ცდილობს ბალანსის სისტემები შექმნას, რაც დაფუძნებულია თურქეთთან ურთიერთობის წესის შეცვლაზე. რაც თავი მახსოვს, მესმის, რომ 1915 წლის გენოციდი პირველი მსოფლიო ომის დროს თურქებმა მოუწყვეს სომხებს. სომხებისა და მათი დაისპორის მუშაობის შედეგია, რომ რიგი ქვეყნები აღიარებენ ამ გენოციდს, მათ შორის საფრანგეთი. უცებ გამოდის ფაშინიანი და ამბობს, შეიძლება გენოციდი იყო, მაგრამ ამხელა პოლიტიკური ჟღერადობის მიცემა არ იყო სწორიო. პრაქტიკულად, ფაშინიანმა ხელის ერთი მოსმით შეარყია ბაქო-ანკარის ურთიერთობა. არც ერთ სიტუაციაში ანკარა ბაქოს არ უღალატებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთია ბიოგრაფიული და პოლიტიკური აზერბაიჯანი და მეორე - აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, რომელთანაც ანკარამ უკვე დაიწყო სხვა ტონალობით საუბარი და მოსთხოვა სამშვიდობო ხელშეკრულების ფორმირება. სომხეთს სურს სამშვიდო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, აზერბაიჯანი კი ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს. ფაშინიანის პოლიტიკა საინტერესოა: მოსკოვისგან დისტანცირება, დასავლეთთან დაახლოება და თურქეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება, პლუს ისრაელი, რომელიც აზერბაიჯანის მოკავშირეა და არა თურქეთის, სერიოზული დისტანცირება, ასევე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება. წარმოუდგენელი იყო ეს სომხეთისგან, მაგრამ გააკეთა. მოკლედ, ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. პლუს ჩინეთის განსაკუთრებული აქტიურობა როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე სამხრეთ კავკასიაში.

- როგორ განვითარდება მოვლენები?

- მთავარია, საქართველომ ბალანსირების პოლიტიკა შეინარჩუნოს და დახვეწოს. ეს უმნიშვნელოვანესია პატარა ქვეყნისთვის.

თეა ხურცილავა