ზეიმი და ტროლინგი ანუ პროჟექტორით საძებნელი საღი აზრი - კვირის პალიტრა

ზეიმი და ტროლინგი ანუ პროჟექტორით საძებნელი საღი აზრი

სოციალური ქსელები რომ დეზინფორმაციისა და ფეიკნიუსების გავრცელების არენად იქცა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვწერდით. ამაზე დიდი ამბები იყო ატეხილი­ ამერიკაშიც და ევროკავშირშიც, სადაც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სოცქსელების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება პირდაპირ ურტყამს ქვეყნის უსაფრთხოებას. კერძოდ, რუსეთში მთელი საინფორმაციო ჯარებია შექმნილი, რომელთა მთავარი მიზანი სხვა ქვეყნებში არჩევნებზე ზემოქმედება, ქვეყანაში ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა და დამახინჯებული ინფორმაციის თავს მოხვევაა.

სოცქსელებში პოლიტიკური ტროლიზმი­ და ბოტიზმი საქართველოშიც ყვავის. ტრო­ლი რეალური ადამიანია, რომელიც ფეიკაკაუნტის უკან იმალება (რათა ტროლ­ობა მის რეალურ ცხოვრებაზე არ აისახოს. მაგ. ვინმემ ცხვირ-პირი არ გაუერთიანოს) ანუ არ წერია რეალური სახელი და, რა თქმა უნდა, არც რეალური ფოტო უდევს­. ბოტი პროგრამაა. ტროლები და ბოტები ურთიერთკომბინაციით სოცქსელებში კომენტარების სახით უტევენ მიუღებელ ფიგურებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას ან "ეთანხმებიან" რომელიმე პოსტს და ქმნიან იმიტაციას, რომ პოსტის შინაარსი მართალია ან საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს.

საქართველოში ტროლები და ბოტები­ ჰყავს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომ­ლებსაც ფული მეტ-ნაკლებად აქვთ. ბოტოფერმების შენახვას არცთუ მცირე ფინანსები სჭირდება. საქართველოში ზოგიერთი საკუთარი გვარ-სახელით ტროლობს. მსხვილი ტროლები საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი პირები არიან. სქემა ასეთია: მსხვილი ტროლი აქვეყნებს პოლიტიკურ პოსტს ან აზიარებს ჭე-კლასის ვითომ მედიასაშუალების მიერ დაწერილ სისულელეს. მის პოსტს შეესევიან "მონათესავე" ტროლები და ბოტები, იწონებენ მის პოსტს და დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტებს წერენ: "დიახ, მეც ასე ვიცოდი", "პირადად შევესწარი", "შენ გაიხარე, სიმართლეს რომ ამბობ". შესაბამისად, მოქალაქისთვის ქმნიან იმიტაციას, რომ მსხვილი ტროლი ჭეშმარიტებას წერს. იგივე სქემა­ მოქმედებს კონკრეტული ფიგურის­ "გაშავების" მცდელობისას. ტროლ-ბოტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა განწყობების დამკვიდრების მცდელობა ანუ, რომ ეს მოვლენა მაინცდამაინც ცუდია, ისტერიკის ატეხა და ა.შ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დეზინფორმაციისა და ფეიკნიუსის გადამოწმება შეიძლება. თუმცა ჩვენმა მოქალაქეების ნაწილმა არ იცის, ეს როგორ გააკეთოს ან ეზარება. თუმცა სწორედ მედიასაშუალებები არიან ის ბარიერი, რომლებმაც ზემოხსენებული აჯაფსანდალი უნდა გაფილტრონ და რეალური სურათი დაგვანახონ. სამწუხაროდ, მედიების ნაწილი ხშირად ეგება ბოტ-ტროლინგის ანკესს ან თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცდილობს განავრცონ სოცქსელებში დაწერილი სისულელეები.

საქართველოში ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას, გამწარებას, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდებას, რაც კარგ შედეგს ნამდვილად არ მოგვიტანს. ერთ რომელიმე კონკრეტულ ძალას არ ვგულისხმობთ, ეს ეხება ყველა იმ მხარეს, რომელიც ტროლებისა და ბოტების ქარხანას ფლობს.

რას გვერჩოდნენ?!

საქართველოს ნაკრების ზარ-ზეიმით მიღებას ბოტ-ტროლინგის მორიგი აფეთქება მოჰყვა და ეს ყველაფერი აეროპორტიდან დაიწყო. როგორ თუ აეროპორტში ჩვენი ფეხბურთელები დახურულ ავტობუსში ჩასხეს და ხალხს არ აჩვენესო, შემდეგ კი, როდესაც ფეხბურთელებმა ღია ავტობუსით რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ქუჩებში იარეს, ბოტ-ტროლინგმა მიმართულება შეიცვალა - ხელისუფლებას ნაკრების წარმატებით ქულების დაწერა სურსო. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ტიპის საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი­ ხელისუფლებაა (მოგწონს ის თუ არა).

ზეიმის ჩაშხამების მიზნით, ტროლ-ბოტები რამდენიმე მიმართულებით უტევდნენ. მაგალითად, ააზვირთეს "მესიჯი", რომ რაგბიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა­ ევროპის ჩემპიონატი მოიგო და თითქოს ამ ამბავს ყურადღება არავინ მიაქცია. დიახ, შვიდკაცა მორაგბეებმა მართლაც მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, ოღონდ ზედიზედ მეშვიდეჯერ. ქართველი ფეხბურთელები კი პირველად გავიდნენ ასეთ საფეხბურთო ზეიმზე. ჩვენთვის საამაყო და დასაფასებლები­ არიან მორაგბეებიც, კალათბურთელებიც, მოჭიდავეებიც და ზოგადად, ყველა ის სპორტსმენი, რომლებიც ჩვენი დროშით წარმატებას აღწევს, თუმცა ფეხბურთს სულ სხვა რეზონანსი აქვს.

ამავე პერიოდში გავრცელდა ფეიკი,­ რომ თითქოს საქართველო-ესპანეთის საფე­ხბურთო მატჩის პარალელურად, რაგბიში­ საქართველო-ესპანეთის მატჩი გაიმართა და ქართველებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. დიახ, რაგბიში ეს მატჩი გაიმართა, ოღონდ 2024 წლის თებერვალში. რა იყო ამ ფეიკნიუსის მიზანი - იმის წარმოჩენა­, რომ ქართველები მორაგბეებს არ ვაფასებთ, თუ იმის, რომ დიდი არც არაფერი გაუკეთებიათ ქართველ ფეხბურთელებს, უცნობია.

შემდეგ უკვე ქართველების კიდევ ერთ სიამაყეს, ლევან საგინაშვილს მიადგნენ (ქართველი "ჰალკი"). მთელი ფბ შემოიარა­ პოსტებმა, რომ საგინაშვილი ჩემპიონი გახდა და აეროპორტში ოჯახის წევრების გარდა­ არავინ დახვდა. არადა, ეს იყო 2019 წლის პოსტი. უბრალოდ, დააკოპირეს და გაასაღეს, როგორც დღევანდელი ამბავი.

მიკროფონის სკანდალი

თუ ადამიანს გაქვს ანალიზის უნარი, შენი შეცდენა ძნელია. ანალიზის უნარი არ უნდა დაგიქვეითოს უარყოფითმა განწყობებმა. ასეთ შემთხვევაში, ხილული თუ ფარული ტროლები ვეღარ მოგატყუებენ. ხილულ ტროლებში ვგულისხმობთ იმათ, ვინც საკუთარი გვარ-სახელით ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოების გაღიზიანება უნდა მოჰყვეს. მთავარი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანია. იმას ვგულისხმობთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს არ ანებებენ თავს.

მთელი ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას წინასწარ დაქოქილ ტროლ-ბოტებს ისე გამოჰყავდათ, თითქოს ვილი სანიოლი­ ბუდუს იმიტომ არ ათამაშებდა (სულ რამდენიმე წუთით შემოვიდა მოედანზე), რომ მან თავის დროზე იმ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გაილაშქრა, თან უთქვამს, რომ არ მოსწონს, როდესაც პოლიციელები ახალგაზრდებს სცემენ. ვის მოსწონს რო?!

ანალიზის უნარი მიეხმარებოდა ზოგიერთს, რომ მოეხდინა მოვლენების მოდე­ლირება. წარმოიდგინეთ, რომ კალაძე (რადგან ფეხბურთელია მაინც) ურეკავს ვილი სანიოლს და ეუბნებდა, ეგ ზივზივაძე ოპოზიციონერი ყოფილა და მოედანზე არ დამანახოო, და ვილი სანიოლიც თავდახრილი­ ეთანხმება ანუ ფეხებზე იკიდებს თავის მომავალს, რადგან ამაში სიმართლის 1 პროცენტიც რომ იყოს, სანიოლს ევროპაში ისეთ მგლის ბილეთს მისცემდნენ, რომ სამოყვარულო გუნდსაც კი ვეღარ გაწვრთნიდა. რაც მთავარია, ეს იცის ზივზივაძემ და ზის მორჩილად სათადარიგო სკამზე. ვინმეს წარმოუდგენია ასეთი სცენარი?

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელმა, ზოგმა დიპლომატიურად, ზოგმა კი მწვავედ მხარი დაუჭირა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული თბილისში აქციებს მართავდნენ. გამოდის, სანიოლს ევროპის ჩემპიონატზე­ "ოცნების" პარტაქტივი უნდა წაეყვანა.

რა თქმა უნდა, შემდეგ ჩაირთო "მეორე­ მხარის" ტროლ-ბოტინგი შურაცხყოფის მთელი არსენალით, რომლის მიხედვით, თურმე საზოგადოების ნაწილს საქართველოს ნაკრების წარმატება არ უხარია.

შემდეგ იყო დიმა ობოლაძის ბულინგი.­ არიქა, ზივზივაძეს თავისუფლების მოედანზე სიტყვით უნდოდა გამოსვლა და დიმამ დაუბლოკაო ("ოცნების" დავალებით, რა თქმა უნდა). საოცარია, რომ ამ უაზრობას ისინიც კი აჰყვნენ, რომლებიც ტელეეკრანებიდან მოძღვრავენ საზოგადოებას. ანალიზის უნარი აქაც გამორთული იყო. გამოდის, ობოლაძის ზურგს უკან მდგომებმა­ გადაწყვიტეს ათეულათასობით ადამიანის თვალწინ, პირდაპირ ეთერში, პირზე ხელი აეფარებინათ ბუდუ ზივზივაძისთვის, არიქა, სიტყვით არ გამოვიდესო. ან ამ სისულელის­ გამავრცელებლების აზრით, რა მოხდებოდა, ბუდუ ზივზივაძე სიტყვით რომ გამოსულიყო? იტყოდა, არიქა, გადადგეს ხელისუფლებაო, ხალხი იხუვლებდა და მთავრობა დაემხობოდა?

შემდეგ ზოგიერთი აღშფოთდა - არიქა,­ გურამ კაშიამ რატომ გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მადლობა 30 მილიონის­ გამოო? სანთელი კი არა, პროჟექტორები არ გვეყოფა, რომ ამ აბსურდის უკუნეთში საღი აზრი ვეძებოთ. თუმცა რა ფბ-ზე ვსაუბრობთ, როდესაც­ ტროლინგი და აბსურდი გვესმის მაღალი ტრიბუნებიდან - ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც. თუმცა კარგ ტროლინგს კარგად დაგეგმვა უნდაო, ნათქვამია. ზოგიერთი შემთხვევა მართლაც ტრაგიკომიკურია.

ინტერნეტში გავრცელდა გერმანიაში გადაღებული ფოტო, რომელზეც UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან საუბრობს, მათ შორის ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძესთან. ხაბიბი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ერთ-ერთ მატჩს ესწრებოდა. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, კადიროვთან დაახლოებულ და პუტინის ფავორიტ ხაბიბთან საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად არ არის სწორი! თუმცა თავად ეს ფაქტი, "ნაცმოძრაობის" თამჯდომარეობიდან პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობამდე ჩაჩოჩებული ლევან ხაბეიშვილის ვერსიამ გადაფარა. ხაბეიშვილმა პრესკონფერენციაზე სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ "ოცნებას" არჩევნე­ბისთვის 300-500 ზონდერის მობილიზება­ სჭირდება და ამას კობახიძე და კალაძე განიხილავდნენ ხაბიბთან - ანუ ხაბეიშვი­ლის ლოგიკით, ევროპის ჩემპიონატზე დღისით-მზისით, ფოტოკამერების წინ კალაძემ და კობახიძემ ხაბიბს სთხოვეს,­ 300-500 ზონდერს საქართველოში­ ვერ ვშოულობთ ვერანაირად და იქნებ კადიროვთან საქმე ჩაგ­ვიწყო, რომ გვათხოვოსო. აბა, სხვანაირად როგორ შეუთვლიდნენ ამ თხოვნას კადიროვს. ასეთი ფარული საკითხები ხომ ასე წყდება.

თუმცა ტროლ-ბოტინგს წინ გენერალური ბრძოლა ჯერ კიდევ წინ აქვს. არჩევნებამდე 4 თვე დარჩა.

გიორგი კვიტაშვილი