ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს! - როგორ მოქმედებს უახლესი ტექნიკის ბოროტად გამოყენება ბავშვებზე - კვირის პალიტრა

ეს ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს! - როგორ მოქმედებს უახლესი ტექნიკის ბოროტად გამოყენება ბავშვებზე

თვალის სიმშრალე, ცრემლდენა, სიწითლე და ქავილი... - ეს სიმპტომები გამოუცდია ყველას, ვისაც კომპიუტერთან ან მობილურ ტელეფონთან საათობით ყოფნა უწევს. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ მხედველობის დაზიანებამდე მივყავართ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოქმედებს ელექტრონული მოწყობილობები ბავშვზე, რომლის ორგა­ნიზმი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ამიტომ თვალის დაავადებათა რიცხვი მოზარდებს შორის საგრძნობლად გაიზარდა. როგორ მოქმედებს უახლესი­ ტექნი­კის ბოროტად გამოყენება ბავშვებზე, ექიმი-ოფთალმოლოგი მარი ტუშური გვესაუბრება.

- ბავშვებში მხედველობის დაზიანების­ შემთხვევები ძალიან გახშირდა. ამას ერთა­დერთი ახსნა აქვს: პატარებს ძალიან­ მცირე ასაკიდან აქვთ კონტაქტი გაჯეტებთან­. იმის გამო, რომ მშობლები დაკავებული არიან, ბავშვების უმრავლესობა დიდ დროს ატარებს ტელეფონსა და კომპიუტერთან, რაც მათი თვალებისთვის სასიკეთო­ სულაც არ არის.

- რა ხდება ამ დროს, როგორ აზიანებს კომპიუტერი ან ტელეფონი ბავშვის­ მხედველობას?

- ამ დროს თვალი დაძაბულია, მოზა­რდი ერთ წერტილს უყურებს და წამწამებს აღარ ახამხამებს, რასაც თვალის სიმშრალე და უამრავი პრობლემა მოჰყვება. ამას ემატება გამოსხივება, რომელიც ყველა­ ელექტრონულ მოწყობილობას აქვს და საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგამდე მივდივართ. მოზარდს სულ უფრო ნაკლები­ კონტაქტი აქვს გარე სამყა­როსთან, თანდათან ასაკი ემატება და ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება უჩნდება. ბავშვი ყურადღებას არ აქცევს თვალების წვას ან ქავილს, რაც ბოლოს მხედველობის პრობლემით მთავრდება.

- ყველაზე გახშირებული ბავშვებში რომელი დაავადებაა?

- ნებისმიერი ოფთალმოლოგი დამიდასტურებს, რომ წლების წინ ყველაზე ხშირი პრობლემა შორსმხედველობა იყო, ახლა კი ძალიან გახშირდა ახლომხედველობა ანუ მიოპია. რაც დრო გადის, ბავშვს მხედველობის პრობლემები­ უმწვავდება, მიოპია პროგრესირებს­ და თვალებს აზიანებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვს ერთი თვალი უფრო ძლიერი აქვს და კარგად ხედავს, ხოლო მეორე - ნაკლებად. ცხადია, ის ამ პრობლ­ემას ვერ ამჩნევს და "ზარმაცი თვალის" სინდრომი უყალიბდება: ამ დროს მთელ დატვირთვას ჯანსაღი თვალი იღებს, მეორე თვალი­ კი ზარმაცდება და ზიანდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ბავშვის მიყვანა ოფთალმოლოგთან, რათა "ზარმაცმა თვალმა" თავისი­ ფუნქცია შეასრულოს, მით უმეტეს­, 10 წლის ასაკის შემდეგ "ზარმაცი­ თვალის" მკურნალობა უფრო რთულია.

კიდევ კარგი, უკვე არის საკმაოდ ეფექ­ტიანი მეთოდები, ამიტომ მკურნალობის დაწყება მაინც მცირე ასაკში სჯობს.

- ადრე თვალის დაავადებებს გენეტიკას­ აბრალებდნენ, დღესაც ასეა?

- რა თქმა უნდა, გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გენეტიკა უკვე აღარ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა მშობ­ლებს ან ბებია-ბაბუას, მხედველობის პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ პატარებს­ აქვთ. ჩვენთან მოჰყავთ 9-10 წლის ბავშვები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული­ მიოპია აქვთ და აშკარაა, რომ შეძენილია. ყველა მშობელი ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ მათ შვილს 24 საათის განმავლობაში ტელეფონი უჭირავს, ამას ემატება არასწორი რეჟიმი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას და ძილის­ რეჟიმსაც. ბავშვს პატარაობიდანვე სწორი­ ჩვევები უნდა ჩამოვუყალიბოთ. ბავშვების უმრავლესობას უყვარს დაწოლილი კითხვა, რაც მხედველობას ძალიან ვნებს. თუ კომპიუტერთან ზის ან ტელევიზორს უყურებს, ოთახში ნორმალური განათება­ უნდა იყოს. სიბნელეში კითხვაც არ შეიძლება. სწორედ ასე ვითარდება თვალის დაავადებები, რომლებიც მოზარდობის ასაკში უფრო საყურადღებოა, რადგან მხედველობა სწორედ ამ ასაკში ყალიბდება.

- რას ურჩევთ იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც მხედველობის პრობლემები აქვთ?

- თვალისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს და ჯანსაღ კვებას, ამიტომ ბავშვის რაციონში უნდა ჭარბობდეს სტაფილო, მოცვი და ნებისმიერი კენკროვანი, რომელიც ვიტამინებით არის მდიდარი, ოღონდ ცოცხლად და არავითარ შემთხვევაში, თერმულად დამუშავებული.

მოზარდს ცილოვანი საკვებიც არ უნდა მოაკლდეს. რა თქმა უნდა, რაციონში თევზიც უნდა შევიტანოთ. ჩვენ განებივრებული არა ვართ ოკეანის თევზით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს­ "ომეგა 3"-ს, მაგრამ ნებისმიერი თევზი კარგი და სასარგებლოა, მათ შორის, კონსერვებიც. თევზის გარდა, "ომეგა 3"-ით მდიდარია ხილი, ბოსტნეული, ისპანახი, სელის მარცვალი და ა.შ...

- რა უფრო საზიანოა ბავშვის მხედველობისთვის: ტელეფონი, კომპიუტერი თუ ტელევიზორი?

- ალბათ, ტელეფონი ყველაზე საზიანოა, რადგან ძალიან მცირე ზომის ეკრანი აქვს. როგორც წესი, კომპიუტერი უფრო შორ მანძილზე დგას და უფრო დიდი მონიტორი აქვს. შესაბამისად, როცა ადამიანი მასთან ზის, დაძაბულობაც ნაკლებია. თუმცა კომპიუტერთან ყოფნასაც თავისი რეჟიმი უნდა ჰქონდეს. თანამედროვე ბავშვები წიგნებსაც კითხულობენ და კომპიუტერთანაც ხანგრძლივად უწევთ სხდომა, ამიტომ მათი თვალები ორმაგად დატვირთულია. ჩამოთვლილთაგან ნაკლებად მავნეა ტელევიზორი, რადგან მისი ეკრანი შორსაა და თუ ოთახში ნორმალური­ განათებაა, თვალი ნაკლებად იძაბება. ტელევიზორს და ბავშვს შორის მანძილი 2-3 მეტრი უნდა იყოს. ის, ეკრანს პირდაპირ უნდა უყურებდეს და არა გვერდულად. ასევე ნაკლები ზიანი მოაქვს წიგნს, რადგან მას გამოსხივება არა აქვს, უბრალოდ, წიგნთან სწორად უნდა იჯდეს და თვალები 45 წუთში ერთხელ მაინც უნდა დაასვენოს.

- როდესაც მოზარდს მხედველობის პრობლემები აქვს მკურნალობის რა მეთოდებს იყენებთ?

- სათვალეს, კონტაქტურ ლინზას, მასაჟს... - ყველაფერს ვუნიშნავთ, რაც მხედველობის კორექციისთვის კარგია.

18 წლის შემდეგ უკვე ბევრი საშუალებაა, რომ პაციენტმა სათვალე მოიხსნას, მათ შორის, ოპერაციაც, მაგრამ ოპერაციამდე ყველა რისკი უნდა გამოირიცხოს. არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება. იმისათვის, რომ ეს პრობლემები თავიდან აიცილონ, მშობლებმა უნდა მოახერხონ, რომ ბავშვს გაჯეტებთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდეს.

თუ მოზარდი მშობლებს არ უჯერებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგის ჩარევა:­ ის ბავშვს­ აუხსნის, რატომაა მისთვის­ საზიანო ტელეფონსა და კომპიუტე­რთან საათობით ჯდომა.­ თუ მშობლის და ექიმის ერთობლივი მცდელობაც უშედეგოდ ჩაივლის, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ და შვილი ამ დამოკიდებულებისგან იხსნან.

- რაზეც დღეს გვესაუბრეთ, დიდი ალბათობით, მოზრდილებსაც ეხება...

- რასაკვირველია. სწორი კვება, ვიტა­მინების მიღება და თვალის ექიმთან რეგულარული ვიზიტი ყველასთვის აუცი­ლებელია.

როდის მივიყვანოთ ბავშვი თვალის ექიმთან

პრევენციის მიზნით ბავშვი წელიწადში­ ერთხელ მაინც უნდა მიიყვანოთ ოფთალმოლოგთან, რადგან თვალის პრობლემები­ ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება. სამწუხაროდ, მშობლებს­ დროულად არ მიჰყავთ შვილი ექიმთან, რაც მდგომარეობას ართულებს. ნებისმიერ შემთხვევაში რაც უფრო ადრე მიიყვანთ თვალის ექიმთან, მისი პრობლემა უფრო მალე აღმოიფხვრება.

● თუ შენიშნავთ, რომ თქვენს შვილს თვალების სიწითლე და დისკომფორტი აქვს, ან საგნები თვალებთან ძალიან ახლოს მიაქვს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ის ჯერ 8-10 წლისაა, ტელეფონი მხოლოდ 10-15 წუთით უნდა მისცეთ.

● რაც უფრო ნაკლებად მივაჩვევთ ბავშვს ტელეფონს და კომპიუტერს, მით უფრო ნაკლებად გაუჩნდება მათზე დამოკიდებულება. ამიტომ უნდა ვეცადოთ თამაშით ან სპორტით იყოს დაკავებული, რათა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს კომპიუტერთან. შაბათ-კვირას შეიძლება ეს დრო გავზარდოთ.

● როდესაც მოზარდი კითხულობს, ის უნდა იჯდეს ნორმალური განათების ფონზე, მონიტორის დაცილება თვალიდან 35-40 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს. ბავშვი 30 წუთში ერთხელ მაინც უნდა ადგეს და თვალები ავარჯიშოს, ახლო მანძილს თვალი მოაშოროს და სივრცეში გაიხედოს. ძალიან ხშირად ბავშვებს მონიტორზე სინათლე ძალიან დაწეული აქვთ, ან პირიქით, მკვეთრი სინათლე აქვთ დაყენებული, რასაც ყურადღება სჭირდება. გარემოსა და მონიტორის განათება შესაბამისობაში უნდა იყოს, რათა ბავშვის თვალები ძალიან არ დაიძაბოს.

● იდეალურია, როდესაც მოზარდი 25-30 წუთის შემდეგ თვალებს დაასვენებს, ხოლო საათში ერთხელ წამოდგება და რამდენიმე წუთით ჰაერზე გაისეირნებს, რათა მის ორგანიზმში ჟანგბადის მარაგი აღდგეს და თვალებსაც ზედმეტი დატვირთვა მოეხსნას.

ხათუნა ჩიგოგიძე