ყირაზე გადასული შეყვარებული ქართველის ძეგლი პარიზში - კვირის პალიტრა

ყირაზე გადასული შეყვარებული ქართველის ძეგლი პარიზში

ალბათ, ბევრს გაგვიგია მხატვარი გელა წულაძე, რომლის ხელოვნებას საოცარი მუხტი თუ მისია დაჰყვა: მხატვარი,­ რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს და მამით ქართველი და დედით ფრანგია, ორივე ერის საოცარ შემოქმედებით ჰარმონიას ატარებს. მისი სკულპტურები­ ორივე სამშობლოში დგას. საქართველოში განსაკუთრებით ბათუმს ამშვენებს. რამდენიმე დღის წინ კი პარიზში, სენ-ჟერმენზე, კაფე დე ფლორის წინ შეყვარებული ქართველი ყმაწვილის ქანდაკება გაჩნდა, რომელიც ყირაზეა გადასული, - უბრალოდ, ისე, სიყვარულის ბედნიერებისაგან. ჩვენ პარიზელ ქართველ ემიგრანტს ნანიკო სიჭინავას ამ სიხარულზე ვესაუბრეთ.

- ყირაზე გადასული შეყვარებული ბიჭის ქანდაკება პარიზში რამდენიმე დღის წინ დაიდგა. ამ ადგილას რომ ჩავიარე და ყირაზე მდგომი ეს "ყმაწვილი" დავინახე, არც კი ვიცოდი, ავტორი ვინ იყო, საქართველო, ისე თავისით გამახსენდა. თითქოს რაღაც უცნაურმა სიხარულმა დამიარა, თვალწინ წარმომიდგა ყველა ის ბიჭი, რომლებიც საქართველოში სიყვარულით ან სხვა სიხარულით ასე აყირავებული მინახავს. მერე ვიკითხე ავტორი და როდესაც ქართული სახელი მითხრეს, ყველაფერი ცხადი გახდა. მადლობა ამ ნიჭიერ კაცს, რომელმაც საქართველოს სახელით ევროპა გაალამაზა. ქართველებს პარიზი მხოლოდ ახლა არ შეგვყვარებია, ჯერ კიდევ საუკუნეზე დიდი ხნის წინ გვიყვარდა და გვენატრებოდა, რადგან აქ უამრავი ქართველი სწავლობდა და ბედნიერდებოდა, ვიდრე კაცობრიობის წინაშე დამნაშავე რუსეთმა ევროპას არ ჩამოგვაშორა.

- ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობამდე საქართველოში იშვიათად იყო კუთხე, საიდანაც პარიზში არ მიდიოდნენ სასწავლებლად, მათ შორის ცნობილი მხატვრები და მწერლები.

- დიახ, ასეა. ქართველი ერი ბედნიერია, რომ ევროპას უბრუნდება. ამიტომ მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გელას. ამ ქანდაკებას პარიზის გულში ათიათასობით უცხოელი ნახავს და იტყვის, აი, ევროპის ნაწილის, საქართველოს ხელოვნება, რომელიც დიდებულიაო. გულით მინდა ბატონი გელას ასეთი ნამუშევარი თბილისში ან სხვა რომელიმე საქართველოს ქალაქში იყოს. ასეთ შემოქმედებას, შეყვარებული ბიჭების სიხარულის ყირამალას, სხვებისთვისაც სიხარული და ბედნიერება მოაქვს.