100 წლის ფეტყუმის 165 შთამომავალი
შეიძლება თუ არა ადამიანი 100 წლის გახდეს და 165 პირდაპირი შთამომავალი ჰყავდეს?! აქედან: 9 შვილი, 27 შვილიშვილი, 89 შვილთაშვილი, 34 შვილთაშვილის შვილი, 5 შვილთაშვილის შვილიშვილი და კიდევ 1 შვილთაშვილის შვილიშვილის შვილი?! კი, შეიძლება! ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ხანგრძლივი სიცოცხლე და ასეთი სიხარული თავად უფალმა აჩუქა. აი, ამიტომაც, როცა მომწერეს, სადღაც, ლამაზ შუახევში, ნიგაზეულში 100 წლის ფეტყუმ კაკალაძე ცხოვრობსო, არ დავაყოვნე და მისი ამბები გამოვიძიე. ჰოდა, 100 წლის ფეტყუმთან საუბარი ასე დავიწყე. ხომ შეგიძლიათ სულ ცოტა ხანს მესაუბროთ-მეთქი? პასუხი კი ასეთი იყო, ნენე შენ რა უნდა მითხრა იმისთანა, რომ ყური არ დაგიგდო? რასაც მეტყვი, ორივე ყურში კარგად გევიგონებ და დევიმახსოვრებ. შენც გამოგადგება ჩემი ნათქვამი, 100 წლის ქალი ვარ და რაცხა იმისთანას გეტყვი, რაც არ გინახავს და არც გაგიგონია, ეს უნდა დაიმახსოვრო და სხვას გადასცე.
- ცნობილია, რომ აჭარაში ქალს გარიგებით ათხოვებდნენ. ნუთუ იმდენად მტკიცე სიყვარული მოდიოდა, რომ 9 შვილის გაჩენა შეძელით. უსიყვარულოდ ამას ვერ გააკეთებდით.
- მაგი სწორია, ნენე, თუ ადამიანი გეზარება და მის გვერდით ცხოვრებაც არ გინდა, 9 შვილს წესრიგიანად ვერანაირი ძალა ვერ გაგაზრდევინებს. დღეს სხვებიც მეკითხებიან მაგას, თუ არ გიყვარდა, რაფერ დაქორწინდიო. რაფერ და, ბუნების და მშობლების წესზე. აგია, წესები იმფერი ძალისაა, რომ სიყვარულსაც მეიყვანს. მერე შეგვიყარდა ერთმანეთი. იგი მე მიჯერებდა, მე კიდო იმას ვუჯერებდი და კი გვქონდა სიწყნარე და წესიერება სახლში. 12 წლით უფროსი იყო ჩემი ქმარი ჩემზე, დიდი ომის დროს პოლიციელად მსახურობდა და მაგიზა ვერ მოძებნა დაოჯახების დრო. მეც 22 წლის ვიყავი, ყველა ბიჭი ომში იყო წაყვანილი და უფრო ადრე რაფერ გავთხოვდებოდი! რომ გავთხოვდი, იმ წელიწადს დიდი საქმე მქონდა ჩაბარებული, თურქეთის საზღვარზე ჯარის ცხენები გვყავდა წაყვანილი საბალახოდ და მამას ვეხმარებოდი მომწყესვაში. ნამეტანი დიდი რაოდენობით ცხენები იყო მაშვინ. ჯარიც ნამეტანი დიდი რაოდენობის გვედგა. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ სტალინს თურქეთისთვის ჩვენი მიწის ჩამორთმევა ჰქონდა ჩაფიქრებული, მარა არ გამოვიდა მაი ამბავი. მე მაშინ გავთხოვდი, ომი რომ დამთავრდა, 1946 წელს შემეძინა პირველი ბაღანა. მერე კიდო დანარჩენები.
- ვინ გაზრდევინებდათ ამდენ შვილს. ომის დასასრულს ძალიან დიდი გაჭირვება იყო.
- ვინ და, საკუთარი მარჯვენა, ჩემი ქმარი, დედამთილ-მამამთილი, მაზლები, რომლებიც შინ დამხვდნენ. აგენი ყველა შრომობდნენ და სასმელ-საჭმელს ვინ დაგვილევდა. იმხელა "სტოლი" იშლებოდა ჩვენს სახლში, ყველა სადილზე 15 კაცი მაინც ეტეოდა. ასე არ იყო მაშვინ, ახლა პატარძლები სახლში უცხოს რომ ვერ იტანენ. მე პირიქით, მიხაროდა მათი ყოფნა, რომ მოიცლიდნენ, მაშინვე ხელიდან ბაღანეს გამომართმევდნენ და მეც სამუშაოდ მივრბოდი. აგი სამუშაო მე წელს კი არ მტეხდა, უფრო მამხნევებდა, მით უფრო, რომ ძალა მქონდა და ხალისი. თამბაქოს ნაკვეთიც ხომ ბევრი გვქონდა, აბა, გაგვებედა და თამბაქოს კრეფის გეგმა არ შეგვესრულებინა.
- 165 შთამომავალი გაუჩინეთ და გაუზარდეთ ქვეყანას, საამაყოდ გაქვთ საქმე, ეს ხალხი ხომ ორი სოფლის მოსახლეობაა.
- აბა, სხვანაირად რაფერ ღირდა ცხოვრება?! აჭარელ ქალებს მარტო ერთი დავალება გვქონდა ღმერთისგან, ჩვენი ამომჟუჟავი მტერი რომ ვერ მოგვრეოდა, ბევრი ბაღანა უნდა გაგვეჩინა და გაგვეზარდა. აგი ვქენი მეც.
- საინტერესოა, ამდენი ადამიანის სიყვარულს როგორ იტევს გული, ან ამდენს როგორ ეალერსებით?
- გული იცი, რაფერია, ნენა? როგორც აგი, ჩვენი შავი ზღვაა, გარედან რომ მარტო წყალს უყურებ და მის ფსკერზე კიდო იმხელა სიღრმეა, კაცმა არ იცის, შიგ რა იმალება და ვერც ვერასოდეს გაიგებს. ადამიანის გულში იმხელა სიღრმეა, მარტო 165 ბადიშის სიყვარულს კი არა, მთელი დედამიწის სიყვარულს დეიტევს და მე ჩემი ბადიშების სიყვარულში ხელს რა შემიშლის! ეგ არის, ყველას ერთად ვერ ვნახულობ. მე კი მინდა, მარა ვერ ვახერხებ. ამფერია ცხოვრება, შენს ჭკუაზე აფერს არ იზამს.
- ისევ ისე სჯერა თქვენი თქვენს შვილებს, როგორც ადრე სჯეროდათ? ახლა თავადაც ხომ არიან სიბრძნის ასაკს მიღწეული?
- მაგას რა ლაპარაკი უნდა, რომ ისევ ისე სჯერათ, ვინც გშობა და გაგზარდა, დედ-მამა ღმერთია. ჩემი ქმარი დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ მისი პატივისცემაც ასე მგონია, ჩემზეა გადმოსული. უმცროს შვილთან ვცხოვრობ და მადლობა ღმერთს, რომ არც ის და არც მისი ცოლ-შვილი ჩემ წინაშე ხმას არ აუწევენ.
- სანატრელი სიბერე გაქვთ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ.
- თქვენც ასე, გლოცავთ ყველას, მთელ საქართველოს, ჩემი ხნის მოიყარეთ და მშვიდობით იცხოვრეთ. ოჯახებში სიკეთე და სიხარული გქონოდეთ. ღმერთს ისე მიჰგებებოდეთ, უკან სიკეთედ დაებრუნებინოს ყველა თქვენი ნაშრომ-ნაამაგრი.