„ჩვენი ხასიათი, შეუდრეკელობა განსაკუთრებით გამოჩნდა ამ ევროპის ჩემპიონატზე“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი ხასიათი, შეუდრეკელობა განსაკუთრებით გამოჩნდა ამ ევროპის ჩემპიონატზე“

ჯანსუღ კახიძის ცენტრმა კიდევ ერთი სეზონი დახურა. 29 ივნისს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო რევაზ ტაკიძემ უდირიჟორა.­ საღამომ დიდი ოვაციით ჩაიარა, რომლის დასრულების შემდეგ მაესტრო ვახტანგ კახიძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ყოველთვის, წელსაც გამორჩეულად ჩაიარა სეზონმა, ბევრი სიურპრიზითა და სიხარულით...

- ამ სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წინა სეზონები რამით ნაკლები იყო. ყველა სეზონს თავისი ხიბლი და სხვადასხვა­ პროგრამა აქვს, არის ექსკლუზივები. როგორც იცით, ორი ფესტივალი გვაქვს: "შემოდგომის თბილისი" და ჯანსუღ კახიძის ფესტივალი მაისში. რამდენიმე წელია კი დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ იანვრის ბოლოს ვმართავთ საგუნდო მუსიკის რამდენიმე კონცერტს. ამას ფესტივალს ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ საგუნდო ფესტივალი ცალკე არსებობს. წელს ფოლკლორის ცენტრთან ერთად გაიმართა ლოტბართა სკოლების ძალიან საინტერესო კონცერტიც. 30 რეგიონიდან ჩამოვიდნენ საოცრად ნიჭიერი ბავშვები. ადრე ჩემი ინიციატივით ივნისში ვატარებდით ბავშვებისათვის ფესტივალს, რომელსაც "მრავალჟამიერი" ერქვა. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის ფესტივალი წამოვიწყე, სხვათა შორის, ფინანსურად აბსოლუტურად მოუმზადებლად, და საბოლოოდ, ვფიქრობ, ეს სამი რამ გაერთიანდება და ბატონი ანზორის სახელობის იქნება.

წელს სრულიად განსხვავებული პროგრამები იყო. ვცდილობთ ყოველთვის საინტერესო შევარჩიოთ, მაგრამ არის მეორე მხარეც - ამ ფესტივალებს დაფინანსება სჭირდება და დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს მაისის ფესტივალის, ხოლო ქალაქ თბილისის მერიას "შემოდგომის თბილისის" მხარდაჭერისათვის.

ფესტივალებს შორის პერიოდში კი იყო ფილარმონიული სეზონი. რამდენიმე კონცერტს მე ვუდირიჟორე. დიდი სიამოვნებით ვპატიჟებ ასევე ქართველ დირიჟორებსა და სოლისტებს. წელს იდირიჟორეს ბატონმა რეზო ტაკიძემ, ბატონმა რეზო ჯავახიშვილმა, დათო მუქერიამ, გოჩა მუსიაშვილმა და ვფიქრობ, თანდათან უფრო გაიზრდება ახალგაზრდა ქართველი დირიჟორების ჩართულობა. ორკესტრისთვისაც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სხვა ხელი. სხვა დირიჟორებსაც უნდა ჰქონდეთ თავის გამოჩენის საშუალება.

წელს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი გვქონდა ნიჭიერთა ათწლედის 90 წელთან დაკავშირებით - ჩვენთან შვიდმა ბავშვმა დაუკრა. საოცარი, არაჩვეულებრივი თაობა გვეზრდება.

- პირადად თქვენთვის როგორი წელი იყო?

- ჩემთვის ყოველთვის რთულია.

დიდხანს არ მქონდა საშუალება, რომ მუსიკა დამეწერა. ისეთი რეჟიმით ვცხოვრობდით, ვერაფრისთვის ვერ ვიცლიდი. თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიამ ცოტა მიშველა, შვიდი ახალი ნაწარმოები დავწერე. ეს ინერცია ახლაც გრძელდება. რამდენიმე დღის წინ დავამთავრე 8-წუთიანი ახალი ნაწარმოები, რომელიც სექტემბერში შესრულდება.

როცა რეპეტიციისა და საოფისე სამუშაოს მერე გადაქანცული, მიდიხარ სახლში, მუსიკას ვერ დაწერ. ამას სჭირდება სიმშვიდე, კონცენტრაცია და რაც მთავარია, ენერგია, თანაც შინაგანად მზად უნდა იყო. თუ მივედი ამ მომენტამდე, დავიწყე წერა, მერე ჩემთვის აღარაფერი აღარ არსებობს. რაც მთავარია, წელს მე და ორკესტრი "გრემის" ნომინანტები გავხდით.

- ივან ლინსის ალბომმა My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, დაიპყრო სოციალური სივრცე.

- დიდი მადლობა. მახსოვს, პირველი, რაც თვალწინ ვიდეოკადრივით ამომიტივტივდა, იყო მამაჩემის სურათი, ქურქსა და კეპში რომ დირიჟორობს. 30 წლის წინ, როდესაც ეს ორკესტრი შეიქმნა და დავიწყეთ "სონი-კლასიკისათვის" ჩანაწერების გაკეთება, არც გათბობა იყო და არც სინათლე. ხშირად სანთლის შუქზე ვწერდით. სულ 9 წელი მოასწრო მამამ ამ ორკესტრთან მუშაობა და ბევრი სიძნელის გადალახვა მოუხდა. წელს ამ ორკესტრის 30 წლის იუბილეა და მოულოდნელად ასეთი სასიხარულო რამ გავიგეთ. რა ბედნიერი იქნებოდა მამა, რომ გაეგო, მისი ჩაგდებული მარცვალი ასე გაღვივდა და 30 წლის მერე ამხელა აღიარება მოიპოვა. მინდა ორკესტრს საიუბილეო თარიღი და ამხელა დაფასება მივულოცო. ის მოწინავე ქვეყნების მუსიკოსთა ხუთეულშია. საქართველო ამ კუთხითაც დაფიქსირდა. მაისის ფესტივალის შედეგად ამ უნიჭიერესი მუსიკოსის ალბომი ჩავწერეთ და დიდი გამოხმაურებაც პოვა. ეს იყო ერთგვარი ჩემი მონოლოგი საიუბილეო წლისთვის. სადაც ვყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე და პარალელურად ნაწარმოების ფრაგმენტებს ვასრულებდი. 50 წელია სცენაზე ვარ და ამ 50 წლის ჩატევა ერთ საღამოში ძალიან ძნელი იყო და ამიტომ "შემოდგომის ფესტივალის" ფარგლებში გავმართავ საავტორო კონცერტს, სადაც შესრულდება ჩემი რამდენიმე ნაწარმოები და მათ შორის ახალიც.

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რამდენად აისახა თქვენზე, როგორც შემოქმედზე?

- ყოველთვის და ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ ერთადერთი რამ მშველოდა, ორკესტრის პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა.

სიტუაცია როგორი არეულიც არ უნდა იყოს, შენი საქმე უნდა გააკეთო, თორემ ჩვენს საქმეს როგორც კი გააჩერებ, შეიძლება ერთ კვირაში დაგენგრეს ათწლეულებში ნაშენები. ამ ორკესტრს გავლილი აქვს 90-იანი წლები, 2000-იანი წლების დასაწყისი, პალტოებში, ხელთათმანებით დაკვრა, რემონტი, უდარბაზობა, მამაჩემის გარდაცვალება და ასე შემდეგ. ერთადერთი საშუალება ამის გადასალახავად საქმის კეთება იყო და არის. ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყანას უნდა ჰყავდეს ღირსეული ორკესტრი, ოპერის თეატრი, სახელმწიფო თეატრები...

კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გეზი გვაქვს აღებული ევროპისკენ, სადაც დიდ პატივს სცემენ ჩვენს ფოლკლორს, მართლაც საოცარ მემკვიდრეობას, მაგრამ ევროპული კულტურითაც უნდა ფასობდე, სიმფონიური ორკესტრით, ოპერით... დროს არ უნდა ჩამორჩე და არც ჩამოვრჩებით.

- ბოლო დროს ხშირად ამბობენ, პოლიტიკამ კულტურა ჩაყლაპაო.

- ჩვენ აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ჩვენ საქვეყნო საქმეს მუსიკის საშუალებით ვაკეთებთ. მუსიკა თავისთავად ენაა და საკმარისია შენი თავის გამოსახატავად, შენი სიტყვის სათქმელად.

საერთოდ, დიდი არეულობაა მთელ მსოფლიოში. კარგის მოლოდინი ნაკლებად გაქვს, რაღაც კატასტროფისაკენ მიგიწევს გონება. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან! მეშინია, რა ცხოვრება იქნება? რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს? ამიტომაც ჩვენს მომავალ თაობას, გურული სადღეგრძელოსი არ იყოს, მინდა მშვიდობა ვუსურვო. უამისოდ ყველაფერი შეფერხდება და გაჩერდება.

vi-2-1720376457.jpg

- და ამ რთულ სიტუაციაში ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა ერი და ბერი გააერთიანა...

- მე ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ.

ფეხბურთი აღმოჩნდა ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან დიდი ნახტომი გაკეთდა. სხვა სახეობებშიც გვაქვს წარმატება. ჩვენი მორაგბეები რამდენი წელია თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასეთივე ძალიან დიდი წარმატება აქვთ კალაბურთელებს, ამოიქაჩა წყალბურთიც, ხელბურთიც, რომელიც ჩამკვდარი იყო, ნელ-ნელა გამოცოცხლდა. აღარაფერს ვამბობ სპორტის ინდივიდუალურ სახეობაზე - ძიუდოზე, ჭიდაობაზე, ძალოსნობაზე... მაგრამ ფეხბურთი მაინც ყველასგან გამორჩეულია. ჩვენი ხასიათი, შეუდრეკელობა განსაკუთრებით გამოჩნდა ამ ევროპის ჩემპიონატზე.

სხვათა შორის, გუშინ განმეორებით ვნახე თურქეთთან თამაში. პირველად სულ სხვა ემოციებით ვუყურებდი, გუშინ კი ცივი ტვინით ვუყურე და ძალიან კარგად უთამაშიათ. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ნებისმიერი ძლიერ გუნდთან უშიშრად ითამაშებენ ჩვენი ბიჭები. დიდი გამოცდილება მიიღეს ამ ჩემპიონატში. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ საქართველოს ნაკრები აღმოჩენაა და ეს ჯერ დასაწყისია. თითოეულ მათგანს პირადად ვუხდი მადლობას ამ საოცარი დღესასწაულისათვის.

- ბატონი ჯანსუღის ნაწარმოები, რომელიც ფილმისთვის "პირველი მერცხალი" დაიწერა, ამ დღეებში სახალხო სიხარულს ძალიან მოერგო.

- გეთანხმებით. მამამ მეგრული სიმღერის "აბა, ულა" ერთი მუხლი გამოიყენა და ერთხანს ფეხბურთის მარშადაც იქცა.

- ვიცი, რომ უკვე იწყებთ მზადებას "შემოდგომის თბილისისათვის".

- "შემოდგომის თბილისს", რომელიც 15 სექტემბერს დაიწყება, საშა კორსანტიასთან ერთად გავხსნით. შემდეგ იქნება ლა-სკალას კამერული ორკესტრის კონცერტი, ჩემი და იოსებ კეჭაყმაძის საავტორო საღამოები, დაუკრავს ინდოეთის კამერული ორკესტრი... ვინაიდან წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის საიუბილეო წელია, ჟანრობრივად პროგრამა გავაფართოეთ. ასევე იგეგმება ორი კონცერტი: ცნობილი კუბელი მესაყვირის სექსტეტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს, და მეორე - მოვუსმენთ ამერიკულ ცნობილ სოულ-ჯგუფს "ქენედი ადმინისტრეიშენს", რომელიც 19 ოქტომბერს დახურავს ფესტივალს. ასე რომ, ქართველ მსმენელს შემოდგომაზე არაერთი სიურპრიზი ელოდება.

რუსუდან შაიშმელაშვილი