კინოლეგენდები ორლანდოს ობიექტივში - კვირის პალიტრა

კინოლეგენდები ორლანდოს ობიექტივში

"ცოტა ადრე რომ მივმხვდარიყავი, რამდენად მშვენიერი ფოტოგრაფი ხარ, არასდროს ვიქნებოდი ისეთი პრეტენზიული, როგორიც ადრე ვიყავი", - მისწერა ამერიკის პირველმა ლედიმ ჯეკი კენედიმ 1954 წელს ორლანდო სუეროს. ორლანდო ის ფოტოგრაფია, რომელმაც ჯონ და ჯეკი კენედების ქორწილის დღეები აღბეჭდა, ახალდაქორწინებულებთან ერთად ჯორჯთაუნში ხუთი დღე გაატარა. ორლანდო სუეროს ფოტოობიექტივი უამრავი კინოლეგენდის კადრებს ინახავს, მათ შორის არიან ბრიჟიტ ბარდო, ჯეკ ნიკოლსონი, ნატალი ვუდი და ა.შ. მის ფირზე ჰოლივუდის "ოქროს ხანაა" აღბეჭდილი, 1962-დან 1980 წლამდე. დღეს მის არქივს შვილი, ჯიმ სუერო უვლის და მისი ნებართვის გარეშე ფოტოების გავრცელება აკრძალულია. "კვირის პალიტრის" მკითხველს ჯიმ სუერომ ექსკლუზიურად ის ფოტოები გაუზიარა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლეგენდარული ფოტოგრაფის შვილი კადრს მიღმა ისტორიების შესახებ ჩვენს მკითხველს უამბობს.

კენედები

ჯიმ სუერო: - ჯონ და ჯეკი კენედისთან გატარებული დღეები ჯორჯთაუნში ორლანდოს ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგონებაა. იმხანად ორლანდო იყო ერთადერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ახალგაზრდა სენატორის სახლში რამდენიმე დღე გაატა­რა და ფეხბურთიც კი ითამაშა ჯონისა და მის ძმასთან - რობერტთან ერთად. ორლანდო ამერიკული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და კენედების ოჯახსაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ერთ მოგონებაში ორლანდო იხსენებს, როგორ უნდოდა ჯეკის გადაღება ნაყინის ჭამისას, მაგრამ თავად ჯეკიმ არ დართო ნება, არ არის კარგი­ აზრიო. მოგვიანებით, ორლანდოსადმი მიწერილ წერილში მან მოიბოდიშა თავისი მორცხვობის გამო.

ბრიჟიტ ბარდო

ჩარლი ჩაპლინის იმიჯის მორგების იდეა ბრიჟიტ ბარდოსთვის მექსიკაში გადა­ღებისას დაიბადა. თურმე ბარდომ იცოდა, ვინ იყო ჩაპლინი, მაგრამ კარგად არ იცნობდა მის შემოქმედებას. ჩაპლინზე საუბარი გახდა შთაგონება ორლანდოსთვის, რომ ბრიჟიტ ბარდო შეემოსა ჩაპლინივით. ბარდოს იმხანად ფილმში იღებდნენ, ამიტომ ფოტოგადაღებები დილას ადრე უნდა ყოფილიყო. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაოცდა, როდესაც ბრიჟიტ ბარდო დილაუთენია ადგა ორლანდოს ფოტოსესიისთვის, რადგან საყოველთაოდ ცნობილი იყო ფრაზა: "ბარდო არავისთვის და არაფრისთვის არ დგება დილას ადრე". ეს არის კინოვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და შთამბეჭდავი ფოტოები.

54b50353-ce1a-4092-89be-96dd2ede5789-1720382037.jpg

ნატალი ვუდი

სამგზის "ოსკარის" ნომინანტი ნატალი ვუდი და ორლანდო სუერო ერთმანეთს 1960-იანი წლების ლოს-ანჯელესში, ფოტოგადაღებაზე შეხვდნენ. პირველი შეხვედრისას ორლანდოს ჩვევად ჰქონდა ფოტოგმირთან გასაუბრება, დამეგობრება და მხოლოდ შემდეგ გადაღება. ნატალის შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა როდესაც მსახიობის ასისტენტმა ჰკითხა, როდის დაიწყებდა გადაღებას, ორლანდომ მიუგო, კამერის გარეშე ვარ მოსული, ჯერ მხოლოდ გასაცნობადო. ნატალის და მისი ასისტენტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გაუკვირდათ, რომ ნიუ-იორკიდან ფოტოგრაფი კამერის გარეშე ჩავიდა ლოს-ანჯელესში. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ შედგა ამ ორის შეხვედრა და უამრავი ფოტო შემოუნახეს ისტორიას.

ფიდელ კასტრო

ორლანდო ორჯერ შეხვდა ფიდელ კასტროს - ერთხელ ვაშინგტონში, ხოლო მეორეჯერ ნიუ-იორკში, 1959 წელს. ვაშინგტონში ვიზიტისას ორლანდომ დაარწმუნა ახალგაზრდა ფოტოგრაფი პოლ სლეიდი, რომ სასტუმროს ლობიში გვიანობამდე დარჩენილიყვნენ, რადგან ფიდელს აუცილებლად მოუნდებოდა ჭამა და ქვემოთ ჩამოვიდოდა. შუაღამისას სავარძლებში ჩაძინებულებს ნაბიჯების ხმა მოესმათ და დაინახეს ფიდელი თავის გარემოცვასთან ერთად. ფიდელის გარემოცვამ იცოდა, რომ ორლანდო ესპანურად საუბრობდა და სთხოვეს გადაეთარგმნა რესტორანში, თუ რისი შეკვეთა სურდა ფიდელს. ასე აღმოჩნდნენ ფოტოგრაფები ფიდელთან ერთად შუაღამეს. მეორე შეხვედრა იყო ფიდელ კასტროს ცნობილი გამოჩენა პენსილვანიის რკინიგზაზე. ათიათასობით მხარდამჭერი ელოდა ფიდელის გამოჩენას. შეუძლებელი იყო ასეთ ვითარებაში ფოტოგრაფების მუშაობა, მაგრამ ორლანდომ ასისტენტთან ერთად მოახერხა ბარგის ჩასაბარებელ უზარმაზარ ყუთებზე აძრომა და გადაიღო კასტროსა და ხალხის შეხვედრა. ეს იყო წარმოუდგენელი სცენა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამ მიგნების გარეშე ფიდელის ფირზე აღბეჭდვა, საშიში, რისკიანი, მაგრამ გამართლებული აღმოჩნდა ორლანდოს მიგნება - მაღლიდან აღებეჭდა შეხვედრის კადრები.