დიდი ექვთიმე - კვირის პალიტრა

დიდი ექვთიმე

ექვთიმე თაყაიშვილი - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი...

"ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული, მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ", - წერდა მასზე პროფესორი მიხაკო წერეთელი.

თავად კი ამას წერდა: "თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლები­სამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა".

1921 საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების გამო დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა და თან წაიღო სამუზეუმო განძეულობა. განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურის საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან", - წერდა და სიტყვაც შეასრულა - 1945 წელს "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" სამშობლოში სისხლის ფასად დაცულ განძთან ერთად დაბრუნდა.

ისტორიის დოქტორი, ემიგრაციული ისტორიის მკვლევარი რუსუდან დაუშვილი ექვთიმეს ემიგრაციაში მოღვაწეობის უცნობ დეტალებზე გვიამბობს.

backegrounde-2-1720382358.jpg

მძიმე და საპასუხისმგებლო მისია

1921 წლის თებერვალში, როდესაც წითელი არმია თბილისს მიუახლოვდა, საქართველოს ეროვნული განძის გადარჩენა ბოლშევიკთა ხელყოფისაგან ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა. როგორ მოხდა მისი ჩართვა ამ საქმეში, ამაზე ემიგრანტი ვალიკო ჩუბინიძე მოგვითხრობს. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას შეხვდა, რათა სამუზეუმო განძეულობის გადარჩენაზე ეზრუნათ. შეხვედრაზე ჟორდანიამ გამოიძახა "იოსებ ელიგულაშვილი - თანაშემწე ფინანსთა მინისტრისა, კაცი განათლებული, ენერგიული და საქმიანი", თაყაიშვილის კარგი ნაცნობი და მეგობარი, რომელიც მის მოადგილედ დანიშნა. თაყაიშვილის მოგონებებიდან ცნობილია, თუ რა მძიმე და საპასუხისმგებლო საქმე დაევალათ მას და ელიგულაშვილს: "კონსტანტინე კანდელაკმა, მე, იოსებ ელიგულაშვილმა და ტფილისის ხაზინის გამგემ ბეკმა მთელი ღამე გავატარეთ ქუთაისის ხაზინაში, რომ ნივთები ჩაგვებარებინა,­ დაგვებეჭდა და ვაგზალზე გასაგზავნად გაგვემზადებინა... ბეკი და ელიგულაშვილი სადგურზე იყვნენ, მათთან მიჰქონდათ ყუთები და ბარათები, თუ რამდენი იყო გაგზავნილი, ისინი ყუთებს იღებდნენ, ვაგონში ათავსებდნენ და თან გვიგზავნიდნენ ბარათებს, თუ რამდენი ყუთი მიიღეს. ამ ოპერაციამ თითქმის გათენებამდე გასტანა".

განძი ქუთაისიდან ბათუმში ჩაიტანეს­, ბათუმიდან კონსტანტინოპოლში, 10 აპრი­ლს კი - მარსელში, სადაც მათ დახვდათ­ მთავრობისაგან მივლინებული ცნო­ბილი მეცნიერი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი და მთავრობის საქმეთა რწმუნებული­ ანდრია დეკანოზიშვილი, რომელთა დახმარებითაც განძი მარსელის ბანკში გადაიტანეს. ერთი თვე დასჭირდა მის აღწერას და სამუზეუმო-საეკლესიო და სახაზინო ქონების განცალკევებას.

საარქივო მასალებიდან ირკვევა...

- კარგადაა ცნობილი ის ხიფათი და სირთულეები, რაც ამ მოგზაურობის­ დროს მგზავრებმა და განძმა გადაიტანეს. ეს დაწვრილებით აქვს აღწერილი გივი ჟორდანიას წიგნში "დაბრუნებული საუნჯე", ამასთან, ეს ისტორია ცნობილია ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებიდან, შალვა ამირანაშვილის, იოსებ მეგრელიძის და სხვა­თა წიგნებიდანაც, მაგრამ ბოლო წლებში­ აღმოჩნდა ბევრი უცნობი ფაქტი. გურამ შარაძის წიგნში "ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა!" შეტანილია ლევილიდან ჩამოტანილი სამთავრობო არქივის დოკუმენტები. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1921 წლის 14 აპრილს იოსებ­ ელიგულაშვილმა მარსელიდან საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოყვანილია ციფრები:

"1) 112 ყუთი ხაზინის ოქრო-ვერცხლის ფულები და ზოდები; 2) 61 ყუთი - ბორჟომის სასახლის ნივთები; 3) 22 ყუთი მუზეუმებისა და მონასტრების ნივთები; 4) 11 ყუთი ეკლესიის ვერცხლეულობა გადაცემული ხაზინისა და ბანკის მიერ; 5) 43 ყუთი ხაზინის საფასების ქონება, სადაც ურევია კერძო მობარებული და ზუგდიდის ქონება. 249 ყუთი, რომელიც არის მოთავსებული 236 ყუთში..."

ქონების გაყოფის შემდეგ, 28 აპრილს, ნოე ჟორდანიას შეატყობინეს არსებული ვითარება და სთხოვეს ბანკში დატოვებული 39 ყუთის დასაბეჭდად ახალი ბეჭდის გადაგზავნა და ნებართვა სახაზინო ვერცხლეულის სარეალიზაციოდ: "112 ყუთი ოქრო-ვერცხლი, რომელიც წარმოადგენს ხაზინის საკუთრებას. ოქრო - ზოდი და მენდლები; ვერცხლი - ზოდი, ფული (უმთავრესად წვრილი), მენდლები, დაახლოვებით მისი ღირებულება დღევანდელი კურსით წარმოადგენს 2,5-3 მილიონ ფრანკს. დაახლოვებით მისთვის გწერთ, რომ მენდლების და ზოდების ტიტრი ("პრობა") ჯერ არ ვიცით. ოქროს ფასი ამ დღეებში ეცემა, რაც აიხსნება ფრანკის აწევით, აგრეთვე ვერცხლეულობაც... ჩემი აზრით, უნდა შევუდგეთ დაუყოვნებლივ ვერცხლის გაყიდვას, რაც დაახლოვებით მოგვცემს ერთ მილიონ ფრანკამდე. ოქროს გაყიდვას მე მგონი უნდა მოვუცადოთ 5-7 დღე, როცა 1 მაისის ამბები მიიღებს თავის სახეს და ფრანკის კურსი ერთგვარ სტაბილიზაციას დაემორჩილება... მუშტარი ორივე საგნისა უკვე აღმოვაჩინე - ეს ცნობილი ფრანგული ფირმაა, რომელიც სპეციალურათ ამას ვაჭრობს და საფრანგეთის ბანკის კონტრაგენტია "ჟონ Aლლემანდ&ჩო", რომელსაც აქვს განყოფილებები პარიზში, ლონდონსა და სხვაგან. აღებული ფულით შემიძლია ვიყიდო ინგლისური გირვანქა (ჩექი) და ამით უზრუნველვყოთ ფრანკის დაცემით ზარალი. შემდეგ თქვენ იცით რაგვარ ფორმაში უზავთ კაპიტალიზაციას. რაც შეეხება სხვა ვერცხლეულობას, დანა-ჩანგალი, კოვზები, თეფშები და სხვა, მე მგონი მისი რეალიზაცია დროებით გადადებული უნდა იქნეს", - წერდა იოსებ ელიგულაშვილი

26 მაისს ავალიშვილმა და ელიგულაშვილმა ხაზინის ვერცხლეულობა 1.200.000 ფრანკად გაყიდეს. გაყიდული ნივთების ფასმა შეადგინა 2.300.000 ფრანკი. 2.500 ფრანკი გადაიხადეს მარსელის ბანკში განძის შენახვის ერთი წლის საფასურად და პარიზში გაემგზავრნენ, სადაც იმ დროს იმყოფებოდა საქართველოს ლტოლვილი მთავრობა. განძის დაბინავებისა და ხაზინის ვერცხლეულის გაყიდვის გარდა, იმხანად იოსებ ელიგულაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა - სწორედ­ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ საქართველოს მთავრობამ 1922 წელს პარიზთან ახლოს დაბა ლევილის მამული და ორსართულიანი სასახლე "შატო" შეიძინა, რომელიც დღესაც საქართველოს ეკუთვნის და 70 წლის განმავლობაში დიდი სამსახური გაუწია ქართულ ემიგრაციას - გახდა ლტოლვილთა თავშესაფარი და უცხოეთში გარდაცვლილთა ძვალშესალაგი.

0-29179-1-ekvtime-taqaishvili-1-1720382358.jpg

"შატოში" დასახლებული ექვთიმე

- საქართველოს სახელმწიფო ხაზინისა და ეროვნული განძის საფრანგეთში დაუნჯების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი "შატოში" დასახლდა და განაგრძო სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა. იკვლევდა ქართულ სიძველეებს ევროპაში, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეებთან, გამოცემებთან, მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში და ა.შ. მისი ბიოგრაფიის ემიგრანტული პერიოდის ყველა ეტაპი სათანადოდ შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.

ბევრისთვის უცნობია, რომ დიდი მეცნიერი იყო ქართველ სტუდენტთა დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე, ბელგიაში ქართული ენის კათედრის შექმნის ინიციატორი, "ქართული საარქეოლოგიო და საკულტურო მასალების გამოცემის ფონდის" დამაარსებელი, პარიზის წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. განსაკუთრებული როლი ქართული ემიგრაციის კონსოლიდაციაში პარიზის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიამ შეასრულა. ქართულ ენაზე მოძღვრის სიტყვასა და ქადაგებას მრევლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, ახალ ეკლესიას სხვადასხვა საეკლესიო ყრილობასა და კონფერენციაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველოს ეკლესიის იურისკონსულტობა უნდა ეკისრა. 1928 წელს ეკლესიის დასაარსებლად შეიქმნა კომიტეტი ექვთიმე თაყაიშვილის, ელენე აფხაზის, ანასტასია წერეთლის, ზურაბ ავალიშვილის, ილამაზ დადეშქელიანის, იოსებ დადიანის, იოსებ კემულარიას, იაკობ ხოჭოლავას, დავით სხირტლაძის, ლევან ზურაბიშვილის შემადგენლობით, რომელმაც მოუწოდა პარიზელ ქართველობას თანადგომისა და ეკლესიასთან საკვირაო სკოლის დაარსებისაკენ. კომიტეტმა მსოფლიო პატრიარქის, უმაღლესი მართლმადიდებელი ავტორიტეტის მფარველობა მიიღო და ეკლესიის დასაარსებლად დიდი შრომა გასწია. სხვა საქმეებთან ერთად, 1929 წელს 27 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზელ ქართველებს წმ. ნინოსა და საქართველოს გაქრისტიანებაზე მოხსენება წაუკითხა.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიაქის ბასილი III-ის ნებართვისა და ეგზარქოს გერმანოსის დასტურის შემდეგ, 1932 წლის 24 მაისს, პარიზის ბერძენთა ეკლესიაში მთავარეპისკოპოსმა გერმანოსმა მღვდლად აკურთხა ეკლესიის პირველი მოძღვარი, ბონის უნივერსიტეტის დოცენტი გრიგოლ ფერაძე. ამით დასრულდა ქართული კოლონიის დიდი ხნის მუშაობა ეკლესიის დასაარსებლად. 1942 წელს გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში მოწამებრივ დაღუპვამდე, დეკანოზი გრიგოლ ფერაძე პარიზის წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღოლი იყო.

საგანგებო კომიტეტი

- საქართველოს ოკუპაციის დროს, თითქმის ყველა კუთხიდან (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, გორი, ოზურგეთი, ზუგდიდი, შორაპანი, ლეჩხუმი,­ ონი, თელავი, თიანეთი) საზღვარგარეთ, სახელმწიფო თუ საკუთარი ხარჯით, 200-მდე სტუდენტი სწავლობდა. 1921 წლის 19 ივლისს სწორედ მათ დასახმარებლად შეიქმნა "სტუდენტთა სალიკვიდაციო და დამხმარე საგანგებო კომიტეტი", რომლის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი­ - საქართველოს ლეგაციის პირველი მდივანი სოსიპატრე ასათიანი, წევრები - სახელმწიფო მინისტრი აკაკი ჩხენკელი და პროფესორი ზურაბ ავალიშვილი იყვნენ. გამგეობები შეიქმნა იმ ქალაქებში, სადაც სტუდენტები სწავლობდნენ. სტუდენტთა გამგეობებს წერილები დაეგზავნა, შედგა სია, სადაც აღნუსხული იყო სტუდენტთა ყველა მონაცემი, რომელთა მიხედვით იმ დროს აგრონომიის, იურისპრუდენციის, სამედიცინო, ეკონომიკის, კომერციის, სავაჭრო, საფინანსო, კოოპერაციის, ელექტროტექნიკის, ისტორიის, ფილოსოფიის, ფილოლოგიის, სატრანსპორტო, სატყეო, სამშენებლო ფაკულტეტებზე 97 სტუდენტიდან 92 ვაჟი და 5 ქალი სწავლობდა: 34 - გერმანიაში, 12 - საფრანგეთში, 43 - ჩეხოსლოვაკიაში, 5 - პოლონეთში, 2 - ბელგიაში.

სიებში მითითებული იყო სტუდენტის დაბადებისა და საშუალო სასწავლებლის დამთავრების წლები, ადგილი, სად და რომელ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელი წლიდან, როდის დაამთავრებდა, რა სახსრებით არსებობდა - სტიპენდიით, მშობლების დახმარებით თუ საკუთარი შრომითი შემოსავლით. სტუდენტთა მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, შეიქმნა სტიპენდიაზე წარსადგენ და გაჭირვებულ სტუდენტთა სიები, გამოიყო თანხები. სასწავლებლების დამთავრების შემდეგ სტუდენტთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი კი ემიგრაციაში დარჩა. მათ შორის იყვნენ შემდგომში მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი ემიგრანტი მოღვაწეები: ვიქტორ ნოზაძე, კიტა ჩხენკელი, ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, ვახტანგ ღამბაშიძე, ისიდორე მანწკავა, კირილე ვეკუა, გიორგი გამყრელიძე, ალექსანდრე ქართველიშვილი, მიხეილ მუსხელიშვილი, სიმონ ბერეჟიანი, ნიკოლოზ ჭუმბურიძე, ბარნაბ გელაზანია, შოთა ნიკოლაძე, გიორგი ნაკაშიძე, კონსტანტინე კობახიძე, გიორგი ჯაყელი, დავით ბერეკაშვილი და სხვები.

10 წელიწადში ემიგრაციაში ახალი თაობა წამოიზარდა. საჭირო იყო მათზეც ზრუნვა. 1933 წელს "ლტოლვილთა ოფისის" დირექტორის მოადგილემ, მდიდარმა ქართველმა და უმდიდრესი ქალის ბარბარა ჰატენის ქმარმა ალექს მდივანმა სტუდენტებისათვის სტიპენდიების დანიშვნა გადაწყვიტა. კომიტეტმა მას წარუდგინა 72 სტუდენტის სია... სასტიპენდიო კომიტეტში მიიწვიეს ექვთიმე თაყაიშვილი. შეიმუშავეს რეგლამენტი, რომლის მიხედვით პირველ სხდომაზე განხილვის შემდეგ შეირჩა საფრანგეთში მოსწავლე 15 სტუდენტი. სტიპენდია გოგი ჭაჭიაშვილსაც დაენიშნა, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა სორბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ცნობილი პროფესორის, პაპენისათვის სადოქტორო თემა უნდა ჩაებარებინა. ალექს მდივანი შანხაიშიც ჩავიდა და სტიპენდიები იქ მოსწავლე ხარბინელ ქართველ სტუდენტებსაც დაუნიშნა. 1935 წელს ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა და სტიპენდიების საქმე ჩაიშალა. კომიტეტს დიდი წვალება და ხვეწნა-მუდარა უხდებოდა სტუდენტთა დასახმარებლად... მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ქართველ სტუდენტთა დამხმარე კომიტეტის არსებობა შეწყვიტა, ექვთიმე თაყაიშვილს კი ქართული განძეულის გამო მრავალი თავსატეხი გაუჩნდა.

ქართული ენის კათედრა

- ქართული კულტურისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპაში ქართული ენის კათედრების დაარსებას. 1932 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ბელგიაში ყოფნისას ბრიუსელის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ისტორიის ინსტიტუტში ქართული ენის კათედრის გახსნის საკითხი დასვა. იქ უკვე მოქმედებდა სომხური ენის კათედრა, მიწვეული იყო პროფესორი ადონცი. ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის საორგანიზაციო კომისია ცნობილი და გამოჩენილი პირებით დაკომპლექტდა: თავმჯდომარე - ბრიუსელის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯორჯ სმეტსი, მოადგილე - ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზანტიოლოგი ჰენრიხ გრეგუარი, მდივანი და ხაზინადარი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარკოზ ტუღუში და ინჟინერი დავით ბერეკაშვილი. პროფესორად დასახელდა მიხეილ წერეთელი, რომელიც ლექციებს ასირიოლოგიაშიც წაიკითხავდა.

თანხის შესაგროვებლად კომისიამ მოწოდებით მიმართა საზოგადოებას. თანხა შეგროვდა და 29 სექტემბერს ბრიუსელის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრა ოფიციალურად გაიხსნა. გრეგუარმა შეკრებილთ ქართული და ასირიული ენების შესწავლის მნიშვნელობა და ლექტორი მიხეილ წერეთელი გააცნო. სიტყვა წერეთელმაც წარმოთქვა. ილაპარაკა ასირიოლოგიაზე, ქართულ ფილოლოგიასთან მის მიმართებაზე. 1933 წელს წერეთელი ბერლინის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში პროფესორად მიიწვიეს. მისი საქმე ბელგიაში ტუღუშმა გადაიბარა.

ბრიუსელის უნივერსიტეტის ინიციატივამ ბიძგი მისცა ევროპაში ქართული ენის სხვა კათედრების დაარსებას. გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენათა სემინარში ქართულ კულტურასა და ენას უძღვებოდა პროფესორი მეკელაინი. საზოგადოების ინტერესის გამო 1934 წელს გადაწყდა ქართული ენის კათედრის დაარსებაც. მოგვიანებით კათედრას სათავეში ნიკო ნაკაშიძე ჩაუდგა. ქართული ენის კერძო გაკვეთილების მიღება მიხეილ წერეთელთან შეიძლებოდა. აღმოსავლური ფაკულტეტი 1935 წელს ვარშავის უნივერსიტეტშიც დაარსდა. პროფესორად გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, ქართული ენაში ლექციების წასაკითხად - გიორგი ნაკაშიძე. 1936 წლის ნოემბერში ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც წარმატებით მოღვაწეობდა პროფესორი შალვა ბერიძე, ინსტიტუტის დირექტორის, დეპუტატ გრაფ ბარბიელინის ინიციატივით ქართული ენის კათედრა დაარსდა. მსმენელთა ფართო წრე კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ამუშავებდა.

1933 წელს პარიზში ექვთიმე თაყაიშვილის ყოფილმა მოწაფემ, ემიგრანტმა არჩილ მეტრეველმა 64-გვერდიანი ბროშურა გამოსცა "პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი". მეტრეველმა იმ წელს საგამომცემლო საქმიანობა მიხეილ წერეთლის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისას" გამოცემით დაიწყო. აპირებდა გამოცემათა მთელ სერიას: ზურაბ ავალიშვილის "საქართველოს ისტორიის", მიხეილ წერეთლის თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის", მეკელაინის თარგმნილი ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფიის", "ქართლის ცხოვრების", ექვთიმე თაყაიშვილის წიგნების გამოცემას, მაგრამ პარტნიორი ფირმის ფინანსური პრობლემების გამო "ქართული ბიბლიოთეკის" შექმნა ჩაიშალა.

ზეიმის ნაცვლად წიგნების გამოსაცემად ფინანსური დახმარება ითხოვა

- დიდი ეროვნული საქმის აღსასრულებლად ყოფილი ოლთისის ოკრუგში 1907 წელს, ყარსის ოლქისა, სამუსულმანო საქართველოში, ტაო-ისპირში 1917 წელს, ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, იმერეთში, რაჭაში გურიაში და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშების 6 წიგნად გამოსაცემად 1936 წლის ნოემბერში ექვთიმემ ემიგრაციას მიმართა. მან თავისი მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს გამართვაზე უარი თქვა და ზეიმის ნაცვლად წიგნების გამოსაცემად ფინანსური დახმარება ითხოვა. მის მიმართვას მთელი ქართული ემიგრაცია გამოეხმაურა. ექვთიმეს ინიციატივით, პარიზში დაარსდა "ქართული საარქეოლოგიო და საკულტურო მასალების გამოცემის ფონდი" და მალევე მიიღო პირველი შეწირულობანი. ჟურნალი "დამოუკიდებელი საქართველო" ყოველ თვეში ბეჭდავდა თაყაიშვილის დაწვრილებით ანგარიშებს ფონდის შემოსავლებზე, აქვეყნებდა შემომწირველთა გვარებს, თანხებს, მათ შორის, კერძო პირთა გარდა, ქართული ორგანიზაციებიც იყვნენ: ნიუ-იორკის, პოლონეთის, ხარბინის, ბრიუსელის, თეირანის ქართული სათვისტომოები - "ქართული კერა", "ქართული დრამატული დასი", სპორტულ-სატანვარჯიშო საზოგადოება "შევარდენი" და ა.შ. წიგნების გამოცემა ვიქტორ ნოზაძემ იკისრა, ის მარტო გამომცემლის შრომას არ დასჯერდა და 14 სექტემბერს "მიუზე სოსიალეს" დარბაზში ფონდის სასარგებლოდ წაიკითხა მოხსენება "ქართველი ერის შექმნისათვის".

1937 წლის ბოლოს შეგროვილი თანხით გამოიცა მონუმენტური, 440-გვერდიანი ნაშრომი "არხეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს". წიგნის წინასიტყვაობაში ექვთიმე თაყაიშვილი მადლობას უცხადებდა წიგნის გამოცემისათვის ვიქტორ ნოზაძეს, წიგნის სათაურის დახატვისათვის - ნესტორ კალანდაძეს, სამსონ ფირცხალავასა და სოსო გოგოლაშვილს - კორექტურისათვის. 1938 წლის მაისში გამოცხადდა სახსრების შეგროვება მეორე წიგნისათვის. შეგროვებული თანხა დიდი წიგნის გამოსაცემად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ 1938 წლის ბოლოს დაიბეჭდა 88-გვერდიანი "არხეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს". მესამე წიგნი "არხეოლოგიური ექსპედიცია სამუსულმანო საქართველოში, ტაო-თორთუმ-ისპირში 1917 წელს", რომელშიც ასახული იყო პირველხარისხოვანი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები: იშხანი, ოშკი, ხახული, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა, 1939 წლის ბოლოს უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ვეღარ მოესწრო მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო.

ეს ორი ფუნდამენტური გამოკვლევა დღემდე საუკეთესოა მრავალი აწ უკვე განადგურებული თუ დასაღუპად განწირული ძეგლის შესასწავლად. პარიზში დაბეჭდილი ეს ორი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ტომი 1991 წელს "მეცნიერებამ" გურამ შარაძის ძალისხმევით გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრანტულ ნაშრომებში. I ტომში შეტანილია "არხეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს", II ტომში - "არხეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს". იმედია, 2016 წელს გამომცემლობა "არტანუჯის" დაწყებულ ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა 12-ტომეულში დარჩენილი 4 წიგნი შევა.

ასე რომ, ექვთიმე თაყაიშვილი ქართული განძის პატრონობის გარდა, პარიზში წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ბელგიაში ქართული ენის კათედრის, "ქართული საარქეოლოგიო და საკულტურო მასალების გამოცემის ფონდის", ქართველ სტუდენტთა დამხმარე კომიტეტის დაარსების და სხვა მრავალ სამეცნიერო, თუ საზოგადოებრივ საქმეთა ინიციატორი და მოთავე გახლდათ.

325975138-916680243089666-2175509758368610552-n-1720382358.jpg

ექვთიმე ღვთისკაცი

ექვთიმე ემიგრაციაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ დაღუპვის პირამდეც მისულა, მაგრამ ღვთისა და ერისგან დაკისრებული მოვალეობისთვის არ უღალატია. 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ-ის ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში დასაბრუნებლად - საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობების მოლაპარაკების შედეგად ის ამერიკულ თვითმფრინავებზე დაიტვირთა და მცველების თანხლებით საქართველოში გადმოიგზავნა. განძს ექვთიმე თაყაიშვილიც გამოჰყვა. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლით გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე ექვთიმეს ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა კაცმა გააცილა. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა, ხოლო 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ექვთიმე თაყაიშვილი 2000 წლიდან მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.