„ჩემი იარაღი ჯვარია!“ - კვირის პალიტრა

„ჩემი იარაღი ჯვარია!“

ომი რომ ადამიანის სულს აშიშვლებს, ამას თავად მეომრები ამბობენ. მართლაც, ვერსად ამოიცნობ ისე კარგად კაცის ხასიათს, როგორც ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქართველებს, ჩვენს მამებსა და ძმებს ხასიათის სიმტკიცისა და გმირული სულისკვეთების წარმოჩენის შესაძლებლობა არაერთხელ მიეცათ. ამის ერთი მაგალითი სენაკის ქვეითი ბრიგადის კაპელანის, დეკანოზ იოსებ ესაკიას საოცარი თავგადასავალია. 2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, 35 წლის იოსებ ესაკია ჯარის მოძღვარი იყო. 5 შვილის მამას ჯარისკაცები მაშინაც კი არ მიუტოვებია, როდესაც მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ აღმოჩნდნენ. წინა ხაზზეც იბრძოლა და შემდეგ, თავადაც დაჭრილმა, სხვა დაჭრილები ზურგზე აკიდებული გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. მორიგი დაჭრილი ჯარისკაცის გადასარჩენად, პირდაპირ ოსების სახლშიც შესულა. თავად ამ ყველაფერს არ ადასტუ­რებს და ამბობს: "ყველგან ვიყავი, სადაც საჭირო იყო, თუმცა ჩემი იარაღი­ ჯვარია... უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მომივლენს, რისი ატანაც არ შემიძლია. საქართველოს ისტორიიდან არაერთი სასულიერო პირის გახსენება შემიძლია, რომლებიც კრიტიკულ მომენტში რიგითი ჯარისკაცებივით იბრძოდნენ. თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, თავსაც დავიცავდი და ჩემს ჯარისკაცებსაც".

ღვთის სასწაული

აგვისტოს ომის დროს, როდესაც მორატორიუმი გამოცხადდა, სენაკის ბრიგადას შინდისში, რკინიგზის სადგურში შესვლა უბრძანეს. ქართველებს ეგონათ, ტერიტორია სუფთა იყო, მაგრამ იქ მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსები დაგვხვდნენ. კაპელანი მეთაურის მანქანაში იჯდა და სადგურში პირველი შევიდა. შესვლისთანავე დაინახეს, რომ რუსები მანქანას ტყვიამფრქვევს უმიზნებდნენ. მირზა მალაზონიამ (მძღოლი) მანქანა დაამუხრუჭა და ორივე გადმოხტა. მტერი რკინიგზის მთელ პერიმეტრზე ყოფილა ჩასაფრებული, ყველა მხრიდან ისროდნენ, მირზა დაიჭრა. კაპელანმა მძიმე ჯავშანჟილეტი გაიხადა, მირზა ზურგზე მოიკიდა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. მალევე დაინახა ბუნებრივი საფარი და იქით გაეშურა, მაგრამ ჭურვის ერთი ნამსხვრევი მუხლში მომხვდა, მეორე - მკლავში. ძალ-ღონე მოიკრიბა და მირზა საფარში ჩაათრია და თავად გარემოს დასაზვერად გამოფოფხდა. უეცრად პირდაპირ მის ფეხებთან ჭურვი დავარდა, მაგრამ არ გასკდა... რუსული ვერტმფრენები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ და თავის წამოწევაც კი სახიფათო იყო. როგორც იქნა, ფორთხვით სამშვიდობოს გასასვლელი გზა მოძებნა. ამასობაში სროლაც შეწყდა და საფრისკენ მიბრუნდა, მაგრამ მირზა აღარ დახვდა, მის ნაცვლად 4 ჯარისკაცი იპოვა. ერთი მძიმედ იყო დაჭრილი. დროს ვეღარ დაკარგავდა, მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი სისხლისგან იცლებოდა. ანაფორა ჩაიცვა, ჯვარი გაიკეთა, მძიმედ დაჭრილი ზურგზე მოიკიდა. მიტოვებულ სოფელს რომ მიუახლოვდა, უკვე ბნელოდა და გეზი გორისკენ აიღო. მალე ისევ მიადგა პატარა, ნახევრად ცარიელ სოფელს. მხოლოდ რამდენიმე სახლიდან გამოდიოდა შუქი. აღარ დაუწყია ძიება, ქართველები ცხოვრობდნენ თუ ოსები და მასპინძელს დაუძახა. ულვაშიანმა, ჯმუხმა კაცმა გამოხედა და გამართული ქართულით ჰკითხა, ვინ იყო და საიდან მოდიოდა. კაპელანმა უთხრა, საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ, ჯარს ვახლავარო. არც ის დაუმალავს, ზურგზე მოკიდებული კაცი ჯარისკაცი რომ იყო. კაცმა სტუმრები შინ შეიპატიჟა. როგორც გაირკვა, ოსი იყო და შინ სტუმრებიც ჰყავდა. ერთმა ქართველი კაპელანისა და ჯარისკაცის დანახვაზე რაღაც ჩაიბურდღუნა, ხელი აიქნია და ოთახიდან გავიდა. კაპელანმა ექიმის მოყვანა ითხოვა. მართლაც მოუყვანეს შუახნის ქალი, რომელმაც ქართველ ჯარისკაცს ხმის ამოუღებლად დაუმუშავა ჭრილობა. კაპელანს იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს, გამთენიისას კი ჩაეძინა. მზემ რომ კარგად ამოანათა, ჯმუხმა კაცმა გააღვიძა, მანქანა მოსულია და წადითო. როგორც მოგვიანებით გაიგო, მირზა საფრიდან თავისით გამოფოფხებულა, მაგრამ შორს ვეღარ წასულა... როდესაც რუს ჯარისკაცებს ჯერი მის ფეხებზეც გადაუტარებიათ, მას ხმა არ ამოუღია და რუსებსაც მკვდრად მიუჩნევიათ. შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებს, ახმედ ხუციშვილს უპოვია და სამშვიდობოს გაუყვანია.

ის, რისი დაწერაც შეიძლებოდა

მამა იოსების შესახებ კიდევ ბევრი საოცარი ამბავი შევიტყვე, მაგრამ თავად მთხოვა, არ დამეწერა. ის, რისი დაწერაც შეიძლება, ის არის, რომ ჯარისკაცებს აღმსარებლობის მიხედვით არ ყოფს. მუსლიმან­ ქართველებსაც არაერთხელ გაუნდვიათ მისთვის თავიანთი საწუხარი. როგორც ამბობს,­ ქართველმა მუსლიმანებმა ავღანეთში ყოფნის დროს დიდი სამსახური გაუწიეს, გარდა იმისა, რომ მათი წყალობით ავღანელებთან ადვილად გამონახა საერთო ენა, მათი დახმარებით ეკლესიის აშენებაც მოახერხა.

ქართული ტაძარი ავღანეთში

ავღანეთში, ისევე როგორც აგვისტოს ომში, ბიჭები ლოცვა-კურთხევის გარეშე­ არ გაუშვა. ავღანეთში პირველი წირვა აღავლინა და შემდეგაც, ყოველი საბრძოლო დავალების წინ, ლოცავდა ბიჭებს. ერთხანს ხატები კარავში ჰქონდათ დასვენებული, შემდეგ ფრანგებმა ბაზილიკის სტილის ლამაზი შენობა დაუთმეს. ამის გამო ავღანელებისგან სირთულე არ შეჰქმნიათ, პირიქით, ქართველების დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდათ.

"თურმე შუა საუკუნეებში ავღანელები ამბობდნენ, ირანელები ჩვენთან დედაკაცები არიან, ჩვენ კი ქართველებთან ვართ დედაკაცებიო. მებრძოლი ხალხია, რუსებს ვერ იტანენ, ეზიზღებათ. ამერიკელებს შედარებით კარგი თვალით უყურებენ - ამ ხალხმა ინფრასტრუქტურა მაინც შეუქმნა, რუსებმა კი მხოლოდ მიწისაგან პირისა აღგავეს იქაურობა", - ამბობს კაპელანი.

"კიდევ აპირებთ ცხელ წერტილში წასვლას?" - ვეკითხები მე და დაუფიქრებლად მპასუხობს, რასაც ჩემი მეთაური და საპატრიარქო მეტყვიან, იმას ვიზამ. ქართულ არმიაში ჩემი კონტრაქტი სამუდამოა, სანამ ცოცხალი ვარ, ჯარში უნდა ვიყოო.

როგორც ამბობს, ომშიც და მშვიდო­ბიან პერიოდებშიც ჯარისკაცი ქალები დიდ სულიერ სიმტკიცეს იჩენენ. ჯარში ისეთ მამაკაცებს უჭირთ, რომლებსაც ჭირვეული ცოლები ჰყავთ. "აგვისტოს ომის დროს ზოგიერთ ჯარისკაცს ცოლი ურეკავდა და ეჩხუბებოდა, სახლში დაბრუნდი­, ცოლ-შვილს მიხედეო. ზოგი გამუდმებით ეწუწუნება, მარტო ნუ მტოვებო. ცოლის ჭკუაზე მოსიარულე ჯარისკაცს მომავალი არა აქვს. ჯარისკაცს არავინ უნდა დაუსვას­ შეკითხვა: სად ხარ? რას აკეთებ და სად მიდიხარ? ამ შეკითხვებს არც მე მისვამს ჩემი მეუღლე", - ამბობს მოძღვარი.

ოჯახი

ოჯახი ნაადრევად, 20 წლისამ შექმნა. მეუღლეს ცხოვრების საუკეთესო თანამგზავ­რად მიიჩნევს. არც მისგან და არც შვილე­ბი­სგან აღსარება არასოდეს ჩაუბარებია.­ შვილების გეგმების შესახებ ყოველთვის იცის, რჩევებსაც აძლევს, მაგრამ ფიქრობს,­ რომ საბოლოო არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ. დარწმუნებულია, რომ მისი შვილები პირადულზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს დააყენებენ. ამბ­ობს, რომ დღეს ქართველებს თავის დაზო­გვისა და ცხოვრებით ტკბობის უფლება არა გვაქვს.

ღალატი

რუსების ღალატისა და ორპირობის შესახებ ხშირად სმენოდა, თუმცა ფაქტის წინაშე რომ დადგა, მაინც გაუჭირდა გაანა­ლიზება. როგორც მამა იოსები იხსენებს, "რუსები ურცხვად ამბობდნენ, ომი ქართველებმა დაიწყეს, ჩვენ კი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ავიღეთ იარაღი ხელშიო. არადა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუსული ტანკების უზარმაზარი კოლონა, რომელიც ცხინვალს ომის დაწყების პირველივე წუთებში მოადგა", - ამბობს და ჩემს კითხვაზე, მტერი თუ დაგიწყევლიათ-მეთქი, მპასუხობს: "არასოდეს, როდესაც ადამიანს წყევლი, ცხონების გზას უკეტავ, ამის უფლებას ჩემს თავს როგორ მივცემ?"

"როდესაც ჯარისკაცები აღსარებას გაბარებენ, მტრის სიძულვილზე ხშირად გელაპარაკებიან?" - კითხვას ვუბრუნებ მე. პასუხი ისეთია, მხოლოდ ღირსეულ ადამიანს რომ შეუძლია გაგცეს: "ქართველი მეომრები მტრის სიძულვილის გამო კი არა, ყოველთვის სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ, იბრძვიან და იბრძოლებენ. ჩვენი ბიჭები სიძულვილის გრძნობას მაშინაც კი არ შეუპყრია, როდესაც რუსების მუხანათური ღალატის მსხვერპლი აღმოვჩნდით".

ხათუნა ბახტურიძე