ნარკოტრაგედია საქართველოში: "ზედიზედ სამი ადამიანი გარდაიცვალა" - იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და სწრაფ მორალურ დეგრადაციას - კვირის პალიტრა

ნარკოტრაგედია საქართველოში: "ზედიზედ სამი ადამიანი გარდაიცვალა" - იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და სწრაფ მორალურ დეგრადაციას

ჩვენდა სამწუხაროდ ნარკოტიკები კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. გახშირდა ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები, დაიღუპა რამდენიმე პირი. როგორც ირკვევა, ზოგმა არც იცოდა, რა ნარკოტიკს მოიხმარდნენ. "მეტადონი" ოპიოიდია, რომელიც გამოიყენება ჩანაცვლებით თერაპიაში და ჰეროინის მომხმარებლებს აძლევენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პრობლემის გადალახვაში. თუმცა ის "მეტადონი", რომელიც ბოლო დროს ბაზარზეა და რაც ზედოზირებას იწვევს, "მეტადონის" ე. წ. ქუჩის ვერსიაა. დადგინდა, რომ ზედოზირებით დაღუპულები ოპიოიდების მომხმარებლები არ იყვნენ, დიდი ალბათობით, ის შერეული იყო სხვა სუბსტანციაში ან სხვა არაოპიოიდურ ნივთიერებასთან. რამდენად მძიმე ვითარებაა ამჟამად, ამ საკითხებზე ჩვენი რესპონდენტები გვესაუბრებიან.

"კუსტარული ნარკოტიკის მომხმარებლის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლის"

დავით ვადაჭკორია, ნარკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი:

- 2023 წელს ავღანეთში, რომელსაც ნარკოტიკის ბაზრის დაახლოებით 70 პროცენტი ეჭირა, "თალიბანმა" 95 პროცენტით შეამცირა ოპიუმის წარმოება. აქედან გამომდინარე, წინა პლანზე წამოვიდა კუსტარული ნარკოტიკები. მათ შორის არის "მეტადონი". რასაკვირველია, კუსტარული "მეტადონის" მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა ჩვენთან და ზედოზირების არაერთი შემთხვევაც ყოფილა. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, ე.წ. ქუჩის "მეტადონში" შემავალი რა ნივთიერებები დადგინდა ანალიზით, მაგრამ უთუოდ იქნება სხვადასხვა ნივთიერება.A ვგულისხმობ "ამფეტამინის" ჯგუფის ნივთიერებებს.

ოპიუმის შემცირებამ მსოფლიოში სინთეზური ნარკოტიკების რეალიზაციის ზრდა განაპირობა, როგორც "ფენტალინის", ასევე "ამფეტამინისა" და "მეტანფენტამინის" ჯგუფის ნივთიერებების. აქედან გამომდინარე, ზედოზირების გამო ლეტალური გამოსავლის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბედნიეროდ, ჩვენთან "ფენტალინის" ინიექციური მოხმარება არ არის, მაგრამ კლინიკაში გვყავს უცხოეთიდან აქ სამკურნალოდ ჩამოსული მისი მომხმარებლები, - ძირითადად, ის ქართველები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თუმცა უცხოელებიც არიან. იქ ძალიან მოდებულია "ფენტალინი".

- მიჰყავთ ბოლომდე მკურნალობა?

- პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა, თუმცა "მეტადონის" მომხმარებლების მკურნალობას მეტი დრო სჭირდება. საკმაოდ უსიამოვნო პროცესია პაციენტისთვის ამ სენისგან გათავისუფლება, თუმცა სურვილის შემთხვევაში ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. ამფეტამინების მომხმარებლისთვის ეფექტურია ხანგრძლივი რეზიდენტული სარეაბილიტაციო მკურნალობა. ამფეტამინებს დამოკიდებულების პოტენციალი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე სხვა ჯგუფის ნარკოტიკებს, ამიტომ მკურნალობის ეფექტური მეთოდი რთული მოსაძებნია. ამ ჯგუფის მომხმარებელთათვის სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო. არ არსებობს ჩანაცვლებითი პროგრამებიც.ამფეტამინები სწრაფ დამოკიდებულებას, დესოციალიზაციას იწვევს. მომხმარებელი ხშირად სოციალურად საშიშ ადამიანად ყალიბდება და სამართავად გაცილებით რთულია. ასეთ პაციენტს დაწესებულებაში მკურნალობა ესაჭიროება. აუცილებელია მისი სრულად მოწყვეტა იმ გარემოსაგან, სადაც მოხმარება ხდება, რადგან ნებისმიერი ასეთი სტიმული სურვილის გაათმაგებას იწვევს.

სამართალდამცავები ხშირად ატარებენ რეიდებს, აკავებენ რეალიზატორებს, მაგრამ მაინც მატულობს მომხმარებელთა რიცხვი. ამიტომ უცილებელია ამ პრობლემასთან საბრძოლველი პოლიტიკის, კომპლექსური პროგრამის შემუშავება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური საბჭოს შექმნა. მასში უნდა ჩაერთონ ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები, შს მინისტრი და ა.შ. ფრაგმენტული, ეპიზოდური ჩარევები, ინტერვენციები, შედეგს ვერ მოგვცემს. საჭიროა პრევენციიდან რეაბილიტაციამდე მწყობრი სისტემა. ხშირად ამბობენ, ამდენი რეალიზატორი დავაკავეთ, პრევენცია მოვახდინეთო, მაგრამ ფაქტია, ვითარება უფრო მძიმდება.

- ახალგაზრდები მასობრივად იყენებენ სტიმულატორებსაც. ესეც იწვევს ზედოზირებებს?

- სტიმულატორების ახალ-ახალი ნაირსახეობებია და მათი მოხმარება არაპროგნოზირებადია. ადრეც მითქვამს, შეიძლება საქართველოშიც იყოს იატაკქვეშა წარმოება. კუსტარულ ნარკოტიკებს რით ამზადებენ, რას ურევენ, როგორ ხდება ამ ნივთიერებების სინთეზირება, მოქმედების გაძლიერება, ვინ იცის. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მოუყვანიათ პაციენტი, უთქვამს, მეგონა, ასეთი მოქმედება ექნებოდა, რეალურად კი სულ სხვა აღმოჩნდაო.

- ასეთი პაციენტების მკურნალობაც რთულია?

-კუსტარული ნარკოტიკის მომხმარებლის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ბანალური, სხვა ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლის. ეს ნივთიერებები გაცილებით მავნედ ზემოქმედებeნ თავის ტვინზე, ნერვულ სისტემაზე. იწვევს მწვავე ფსიქიკურ აშლილობას, დეპრესიას, შფოთვას. იწყება პიროვნული ღერძის დანგრევა, სწრაფი მორალური დეგრადაცია. ასეთი პაციენტების მართვა, მკურნალობა, მათი რეაბილიტაცია და შედეგის მიღება გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს.

"ამ დღეებში სამი შემთხვევა იყო ზედოზირების, დაიღუპნენ მომხმარებლები"

თემო ხატიაშვილი "მანდალას" ხელმძღვანელი: - ქუჩის მეტადონს კუსტარულად ამზადებენ და მას ინიექციურად მოიხმარენ. ძალიან ძლიერი ოპიოიდია, დაახლოებით ჰეროინს უტოლდება სიძლიერითა და მოქმედებით. რაც ყველაზე საგანგაშოა, ძალიან მაღალია ზედოზირების რისკი. პრობლემა ის არის, რომ კრისტალურია და ძალიან ჰგავს ე.წ. კლუბურ ნივთიერებებს. ამიტომ დიდი შანსია, რომ ოპიოიდებში გამოუცდელმა მოიხმაროს და ზედოზირება მოხდეს. მაგალითად, გემოთიც და ფერითაც ძალიან ჰგავს მდმ-ს, ამფეტამინის ჯგუფის სხვადასხვა ნივთიერებას. თავისუფლად შეიძლება აერიოთ "მეფედრონში". როცა ორგანიზმი არ არის ოპიოიდების მიღებას მიჩვეული და ამ ნივთიერებას მოიხმარს, მოსალოდნელია ზედოზირება. არა აქვს მნიშვნელობა ინიექციით მოიხმარ თუ პერორალურად. 10 და 9 შემთხვევაში ზედოზირება ხდება.

ჩვენს ორგანიზაციაში უფასოდ შეიძლება ამ ნივთიერებების დატესტვა. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ბევრი ნივთიერება დაბინძურებულია. ამიტომ ვაფრთხილებთ ყველას, დატესტვის გარეშე არ მოიხმარონ არანაირი ნივთიერება.

ამ დღეებში სამი შემთხვევა იყო ზედოზირების, დაიღუპნენ მომხმარებლები. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო ოპიოიდების მომხმარებელი. მათი გამოყენება იწვევს სასუნთქი გზების ბლოკირებას და სუნთქვის გაჩერებას, ძილში იპარებიან ნელ-ნელა. ასეთ დროს ერთადერთი ეფექტური საშუალება "ნალოქსონის" გამოყენებაა (ძველი სახელი "ნარკანი"), რომელიც ანტიდოტია და სიკვდილამდე მისულ ადამიანს თუ გაუკეთებ, გადაარჩენს. ამიტომ ოპიოიდების მომხმარებლებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ "ნალოქსონი". მას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. ვთქვათ, თუ მომხმარებელს არა აქვს ოპიადი ორგანიზმში და სხვა ნივთიერება აქვს მოხმარებული, "ნალოქსონი" მაინც არ დააზარალებს. თუ ოპიოდია, მით უმეტეს, უშველის. "ნალოქსონი" აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება და ვურჩევ ყველას, თან იქონიან, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ. ჩვენ უფასოდ გავცემთ "ნალოქსონს" და ოპიოიდის მომხმარებლებს ინტენსიურად მიაქვთ. "ნალოქსონი" სტიმულატორის მომხმარებელსაც უშველის. სტიმულატორების ზედოზირების დროს მომხმარებელი გონებას არ კარგავს, მაგრამ თუ ზედოზირების შორს წასული ფორმაა, ასეთ დროს აუცილებელია სამედიცინო დახმარება.

- დღეს საქართველოში ყველა სახის ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება?

- საკმაოდ მდიდარია ნარკოსცენა როგორც ქართული, ისე გლობალური. რაც მსოფლიო ბაზარზე ჩნდება, ყველაფერი შემოდის ჩვენთან. კვლავ დიდი პრობლემაა "ფენტალინის" მოხმარება. ისევ ფართოდ მოიხმარენ კლუბურ ნარკოტიკებს. ისევ პრობლემატურია "ალფა პვპ"-ს მოხმარება როგორც კლუბებში, ისე გარეთაც. მას ინიექციურადაც იყენებენ და ამიტომ უფრო მაღალი რისკის შემცველია.

- რამდენად ხშირად ტესტავენ ნივთიერებებს?

- წლიდან წლამდე მომართვიანობის ტენდენცია მზარდია, მაგრამ მაინც არასაკმარისი. ამ სერვისს მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია გასცემს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ იმდენად დიდია მომხმარებლების რაოდენობა, ერთი პატარა ორგანიზაცია ამას ვერ გასწვდება. ამიტომ ბევრი სერვისის გარეშე რჩება. ბევრიც პოლიციის შიშით ვერ მოდის, რადგან ჩვენთან მოსვლისას საჭიროა ცოტაოდენი ნივთიერება თან იქონიონ, ეს კი კანონით ისჯება. თუმცა არ გვქონია შემთხვევა ჩვენს ორგანიზაციასთან ვინმე დაეკავებინოთ, მაგრამ შიში მაინც აქვთ.