„ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა“ - კვირის პალიტრა

„ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა“

თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უახლოეს წინასაარჩევნოდ, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე­ გვესაუბრება.

- ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და სოციოლოგიური კვლევის გარეშეც ნათელია სიტუაცია. არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასე მკაფიოდ არ ყოფილა ჩამოყალიბებული ოპოზიციური ამომრჩეველი.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ორჭოფობა, იმისდა მიხედვით კი არ უნდა გადაჯგუფდნენ, ვინ ვის არ ელაპარაკება, ვინ ვის უყვარს ცალმხრივად და ვინ ვისთან უფრო კარგად გრძნობს თავს, ელექტორატის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.

მესმის, რომ სიებთან დაკავშირებით პრობლემებია, ეს ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ოთხი პოლუსია გამოკვეთილი, რომლებიც 5%-იან ბარიერთან ახლოს არიან, ან 5%-იანი ბარიერის პრობლემა საერთოდ არა აქვთ. ესენია: "ნაციონალური მოძრაობა", "ახლები", "ლელო" და გახარიას პარტია. სხვებს ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვთ. შესაბამისად, ან ამ ოთხიდან უნდა გააკეთონ არჩევანი და რომელიმეს ირგვლივ დაჯგუფდნენ, ან ამ ოთხმა უნდა მოძებნოს საერთო და იმის მიხედვით გაერთიანდნენ. თუ მართლა ისე ფიქრობენ, როგორც ამბობენ, ქვეყანა მართლაც საფრთხის წინაშე დგას და "ქართულ ოცნებას" მართლა რუსეთისკენ მივყავართ, მაშინ რა დროს სიები და პარტიული ინტერესებია?!

- როგორ შეიძლება ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური პარტიები ისე გადაჯგუფდნენ, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს?

- ჩემი აზრით, ყველაზე მართებული იქნება, თუ ოპოზიციურ ფლანგზე სამი დიდი ბლოკი იქნება: "ნაციონალური მოძრაობა", "ახლები" და "ლელო", პლუს გახარია და წვრილ-წვრილი პარტიები. წვრილ პარტიებს, რა თქმა უნდა, სიებთან დაკავშირებით ვერ ექნებათ ისეთივე პრეტენზიები, როგორიც მსხვილ პარტიებს. აქაც მარტივად არის საქმე - წვრილი პარტიებიდან ე.წ. გამსვლელ სიაში უნდა იყოს ყველა პარტიის ლიდერი, შემდეგ ვისაც როგორ მოუწევს.

ეს ძალიან მარტივი სქემაა და არ სჭირდება ამდენი გაჯანჯლება. მათგან განსხვავებით, ივანიშვილს თავის დროზე პოლიტიკური წონაც მეტი ჰქონდა და ხალხის ნდობაც, მაგრამ ერთი წლით ადრე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. სააკაშვილის გუნდიც ერთი წლით ადრე ჩამოყალიბდა, 2003 წლის არჩევნებისთვის. არადა, 2003 და 2012 წლებში, დღევანდლისგან განსხვავებით, ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი იყო. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციურ პარტიებს გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ წინასაარჩევნოდ მზადება. მხოლოდ ტელეეთერში საუბარი საკმარისი არ არის. ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ გადაჯგუფება-პოზიციების საბოლოოდ შეთანხმებას "ქართული ოცნებაც" ელოდება, მთელი რიგი პროპაგანდისტული, წესიერი თუ უწესო ქმედებები აქვს დაგეგმილი. არც 2020 წლის არჩევნები იყო მაღალი სტანდარტის, მაგრამ ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. ამიტომ დროზე უნდა გაინძრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რათა ოპოზიციონერი ელექტორატი მაქსიმალურად აითვისონ.

- ოპოზიციონერი ლიდერები სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელმა აქტიურობამ ხომ არ დააბნია, მისგან უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს და დასავლეთის მესიჯებს ხომ არ ელოდნენ?

- სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა დასავლეთსა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციით, არამედ როგორც ხელისუფლის როლით. ამასთან, არა მგონია, ოპოზიციურ ელიტას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდეს, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავისი ანტიდასავლური რიტორიკით შექმნა. ხომ მოისმინეთ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ. "ქართულმა ოცნებამ" თავისი უგუნური პოლიტიკით საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად,

დასავლეთი ოპოზიციასთან ურთიერთობაში დაბრკოლებას არ შექმნის და ყველანაირად მხარს დაუჭერს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე აანონსებს "ქართული ოცნება", რომ დასავლეთი "ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

- დასავლეთი არჩევნებში არასდროს არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მისთვის არჩევნების სწორად ჩატარებაა მთავარი. ამიტომ არჩევნებში ერეოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მმართველი ძალის ჩატარებულ არჩევნებს ეჭვით უყურებდნენ. ამ მოტივით ჩაერივნენ როგორც 2003 წლის, ასევე 2012 წლის არჩევნებში და კარგად მოიქცნენ, მათი წყალობით ავცდით სამოქალაქო დაპირისპირებას. მმართველი ძალა არც ამ არჩევნებზე გამოიყურება სანდოდ, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს - ვერც ოპოზიციაა წელში გამართული. 2020 წელს ოპოზიცია არ იყო დამაჯერებელი, როდესაც ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა. რატომ ვამბობ ამას? პოლიტიკური პარტიები იმდაგვარად უნდა გამსხვილდნენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შინაურისთვისაც სარწმუნო იყოს და გარე დამკვირვებლისთვისაც.

ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება მეტი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩეს და შეაგროვოს მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 მანდატი. ამიტომ ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის სრული ათვისება და ამასთანავე, ხალხიც დაარწმუნოს, რომ ნამდვილად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. დრო სჭირდება ამ ყველაფერს და არ ვიცი, რას აპირებენ.

- როგორ უნდა გადაჯგუფდნენ ოპოზიციური პარტიები, რათა მათი ერთობა დამაჯერებლადაც გამოიყურებოდეს და საარჩევნო ბარიერის გადალახვაც შეძლონ?

- ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა", "ახლები" და "ნაცური" პატარ-პატარა პარტიების ერთად დაჯგუფება ყველაზე პრაგმატული გამოსავალი იქნება. ასევე ძალიან კარგი იქნება "ლელოსა" და გახარიას პარტიების გაერთიანება, ხოლო თუ მათ ელისაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე სხვა "არანაცური" პარტიებიც დაემატებიან, ეს იქნება შუაშისტური ყველაზე დიდი გაერთიანება, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს მმართველ გუნდს.

- როგორც ჩანს, ოპოზიციონერი ლიდერები ამ ვარიანტს არ იზიარებენ. ალეკო ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" წითელ ხაზებს ვეღარ ხედავს და მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, რაც შეეხება "ლელოს", გახარია სწორედ ამ პარტიის მიმართ გამოხატავს ყველაზე დიდ სიმპათიას, მაგრამ თავად "ლელოს" ლიდერები "ახლებთან" თანამშრომლობას არჩევენ, გახარიას პოზიციას კი ცალმხრივ სიყვარულს ადარებენ.

- კარგი იქნება, თუ "ლელოს" ლიდერები გახარიას შეთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრდებიან და ცალმხრივ სიყვარულზე საუბარს თავს დაანებებენ. თუ "ლელო" და "ახლები" გაერთიანდებიან, 5%-იან ბარიერს ნამდვილად გადალახავენ, მაგრამ ეს იმის წინა პირობაც იქნება, რომ "ლელო", როგორც პოლიტიკური დამოუკიდებელი სუბიექტი, მოღვაწეობას დაასრულებს.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ "ახლები", რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ანასხლეტია და მისი ამომრჩეველიც "ნაციონალების" ყოფილი ამომრჩევლები არიან, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია და ნიკა გვარამია თანალიდერები გახდნენ. ამ გაერთიანების შემთხვევაში "ლელოს" ამომრჩეველი გახარიასთან წავა. შესაბამისად, დაკარგავს საკუთარ ამომრჩეველს და დარჩება "ახლების" ამომრჩევლის ანაბარა. ზუსტად ის დაემართება, რაც "ევროპულ საქართველოს", როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ელისაშვილისთვის "ნაციონალებთან" თანამშრომლობა წამგებიანი ნამდვილად არ არის, საპარლამენტო მანდატს ნამდვილად მიიღებს. ალეკოს "ნაციონალებისთვის" დიდი სარგებლის მოტანა ხმების თვალსაზრისით არ შეუძლია, მაგრამ პროპაგანდისტულად მაინც აწყობთ, იტყვიან, აგერ ჩვენ გვერდით მარტო ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" კი არა, ელისაშვილიც არისო. არ არის გამორიცხული, ხვალ-ზეგ კიდევ ვინმე ორი ან სამკაციანი პარტიაც მიიერთონ, მაგამ ეს არსებულ სურათს დიდად ვერ შეცვლის. ყველაზე მნიშვნელოვანია შუაშისტური ხმების დიდი რაოდენობა, რომელსაც, ვფიქრობ, გახარია წაიღებს, თუ თავის გარშემო "ლელოს" თუ არა, დოლიძეს, ელისაშვილსა და საპარლამენტო "გირჩს" მაინც შემოიკრებს.

- ანა დოლიძის პოზიცია ჯერ ნათელი არ არის, ელისაშვილზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო "გირჩის" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი ვერავის ვერ ეწყობიან.

- ვერავისთან ვერშეწყობა უდრის "ქართულ ოცნებასთან" შეწყობას და კარგია, თუ ამას ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია გაითვალისწინებენ. აქ ხომ დამატებით ხმებზე არ არის საუბარი. ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს და არჩევნებამდეც კი ვერ ახერხებს თანამშრომლობას. პოლიტიკა ძმაკაცობა კი არ არის, ამ სფეროში რომ მოდიხარ, სწორედ იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც დიდად გულზე არ გეხატება. თუ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები არ იტყუებიან და მართლა კოალიციური მთავრობა უნდათ, "ქოცებთანაც" მოუწევთ თანამშრომლობა და "ნაცებთანაც", იმიტომ, რომ 2024 წლის პარლამენტში ერთი პოლიტიკური ძალაც იქნება და მეორეც.

- დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალთა როგორი ბალანსი შეიძლება იყოს 2024 წლის პარლამენტში?

- ალბათ, პირველ ადგილზე "ქართული ოცნება" გავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, 76 მანდატის მოგროვებას და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას შეძლებს. მთავარია, ოპოზიციას ამ ზაფხულში არ ჩაეძინოს და სწორად იმუშაოს.

ხათუნა ბახტურიძე