რა შემთხვევაში აგებს „ოცნება“ არჩევნებს და იგებს ოპოზიცია? - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში აგებს „ოცნება“ არჩევნებს და იგებს ოპოზიცია?

ამ კვირაში, წესით, უნდა გაირკვეს, ოპოზიცია არჩევნებში რა კომბინაციით გავა. თამასა უმაღლეს ნიშნულზეა და მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ამის მიღწევა, ასე თუ ისე, შეიძლება, მით უმეტეს, საერთაშორისო სანქციები ნელ-ნელა ხელშესახები ხდება, რაც, ცხადია, "ოცნების" წისქვილს არ ასხამს წყალს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათ მომხრეებიც ჰყავთ და დღემდე მუშაობს პროპაგანდა, რომ "გეები მოდიან" და "ქართველობას იცავენ, " რასაც უკვე "სუვერენიტეტის დაცვა" და "ორ ფეხზე" დგომის კამპანიაც დაემატა. თუკი ბოლო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, ოპოზიციამ დაახლოებით მილიონი ხმის მობილიზება უნდა შეძლოს, რათა "ოცნებას" დაგეგმილი ერთპიროვნული მმართველობა ჩაუშალოს. რამდენად არის ეს ოპოზიციისთვის შესაძლებელი და ოპოზიციის როგორი კონფიგურაციები იქნებოდა ამისთვის ყველაზე ოპტიმალური, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ:

- მთავარი ის იქნება, ამ რამდენიმე ჯგუფიდან ბარიერის გადალახვის ვის რა შანსი ექნება. გამოკვეთილია ოთხი ცენტრი: "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", "ლელო" და გახარიას პარტია. ბოლო კვლევებით, ამ ოთხს 5%-ზე მეტი აქვს, უფრო სწორად, 5%-ის ფარგლებში. "ახალი" და "ნაციონალური მოძრაობა" გარანტირებულად ხვდებიან პარლამენტში, პრობლემატურია "ლელო" და გახარია. კი არიან, ამ 5%-ის ფარგლებში, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება ძალიან მოინდომებს ამ პარტიების ჩაძირვას, მათთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და არჩევნების შედეგებიც არ ჯდება ხოლმე ისე, როგორც ეს წინა კვლევებშია, მათ ნამდვილად უდგათ გამსხვილების აუცილებლობა.

კვლევებით ჩანს, რომ ხელისუფლება კატასტროფულ მდგომარეობაშია, ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, მთელ საქართველოში უმცირესობაშია, თბილისში ხომ საერთოდ 80% არ უჭერს მხარს. მთავარია, ოპოზიციური ხმები იყოს კონსოლიდირებული და არ დაიკარგოს.

ამიტომ "ლელო" და გახარია თუ შეძლებენ, რაღაცნაირად თავიანთი ამომრჩევლების გარდა, კიდევ სხვაზეც გავიდნენ, პატარ-პატარა პარტიებიც შემოიერთონ, ეს ბლოკი მათ მისცემს პროცენტების გაზრდის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება გარანტირებულად დამარცხდება, თუ ჩავთვლით, რომ ეს არჩევნებიც დაახლოებით ისე ჩატარდება, როგორც იყო 2020 და 2021 წელს და შეიძლება ცოტა უარესადაც.

თუ "ლელოსა" და გახარიას გამსხვილება არ მოხერხდა, ხელისუფლებას გაეზრდება შანსები, რომ კვლავ დარჩეს, თუმცა, უპირატესობა არ ექნება დიდი.

- "ლელოს" და გახარიას გამსხვილება ერთად თუ ცალ-ცალკე?

- როგორც ჩანს, მათი ერთად ყოფნა არ გამოვა, რადგან "ლელოს" მკვეთრი განცხადებებიდან იოლად მისახვედრია, რომ გახარიას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავენ ბლოკში.

- მათ ხომ მაინც განსხვავებული ელექტორატი ჰყავთ და მათი გაერთიანება იქნებოდა შედეგიანი?

- გახარია და "ლელო" რომ გაერთიანებულიყვნენ, რა თქმა უნდა, შედეგიანი იქნებოდა, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ მათი ელექტორატი განსხვავდება. მათი ამომრჩეველი, ძირითადად, ის ხალხია, ვისაც არც "ნაცი" უნდა და არც "ქოცი" და მათი გაერთიანება, ცხადია, სერიოზული სინერგია იქნებოდა ამომრჩევლისთვის, მაგრამ არის ლიდერებში პრობლემა. უფრო მეტად, მაინც "ლელოს", რომ თავის დროზე გახარია მათ ჩაგრავდა და ახლა სთხოვენ ეს აღიაროს და ამის გამო პასუხი აგოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება გახარიასთან დაჯგუფდნენ ელისაშვილი, ანა დოლიძე და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც "გირჩი" წარმოადგენს, ანუ მეგრელიშვილ-ხვიჩიას "გირჩი". ეს პარტიები რომ შევიდნენ გახარიასთან ალიანსში, 2-3%-ს ნამდვილად მოუმატებს და პრაქტიკულად ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს, რომ 5%-იანი ბარიერის მიღმა დატოვოს.

რაც შეეხება "ლელოს", შეუძლია შეიერთოს "დროა" და ჯაფარიძის "გირჩი". ფიქრობენ ასევე "ახალთან" გაერთიანებას და, თუკი ეს შედგება, ვთქვათ, "ახლის", "ლელოსი", "გირჩისა" და "დროასი", ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე რეიტინგული ძალა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა "ლელომ" დაკარგოს შუაშისტი ამომრჩევლის ნაწილი, ვისაც არც "ნაცი" უნდა და არც "ქოცი", რადგან გვარამია მაინც "ნაცად" აღიქმება, ბევრისთვის ამისგან მაინცდამაინც შორს არც ხოშტარია-ჯაფარიძეა. სამაგიეროდ, ეს გაერთიანება წაართმევდა ხმებს "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთ შემთხვევაში, "ნაცმოძრაობა" ძალიან დაზარალდება და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა სწორედ ეს გაერთიანება გახდებოდა. ეს კი თავისთავად იქნებოდა განაცხადი, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატიც აქედან დადგება, რადგან, როგორც წესი, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას აყენებს ის გაერთიანება, ვინც ყველაზე მეტ ხმას იღებს არჩევნებში.

თუ ეს სამი ძლიერი გაერთიანება ასე ჩამოყალიბდა, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება დამთავრებულია. "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ მოიგებს. თუ ისეთ გაყალბებაზე წავა, როდესაც იწერ იმას, რაც გინდა და არ გაინტერესებს, ამას რა მოჰყვება, ცხადია, ამას ყველა მხრიდან ისეთი რეაქცია ექნება, რომ თავისთავად დაამთავრებს ხელისუფლებას. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველა ვარიანტში წააგებს. ამიტომ ეს ყველაზე სასურველი სცენარია. სხვა შემთხვევაში იმის თქმა, თუ რა მოხდება, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან ერთიანი სია რეალურად უკვე გამორიცხულია და სიმართლე გითხრათ, ისიც ვერ გავიგე, "თავისუფლების მოედანი" რომ შეიქმნა, რა უნდათ და რას აპირებენ. კი, კვალიფიციური ხალხია და კარგი იქნებოდა, რომელიღაც პარტიებში იყვნენ, მაგრამ ახლა პოლიტიკურად მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს. მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე პარტიაში პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვებოდნენ, მაგრამ ასე ცალკე პლატფორმის შექმნის მიზანი ვერ გავიგე. ალბათ, აქედან შეეცდებიან გადანაწილდნენ.

მე გამოვდივარ იმ ინტერესიდან, რომ გარანტირებული იყოს ხელისუფლების დამარცხება. თუმცა თავისთავად იმდენად ცუდად არის ხელისუფლების საქმე და სექტემბერში მოსალოდნელია სიტუაციის უფრო გამწვავება, თან ძალიან მაგრად, შეიძლება ხელისუფლებას რა მხარდაჭერაც დარჩა, იმის ნახევარი კიდევ დაკარგოს.

- გამწვავებაში რას გულისხმობთ?

- სექტემბერში ძალაში შედის ე.წ. აგენტების კანონი და ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? რა და, უნდა მოსთხოვოს ყველა არასამთავრობოს და მედიას, დარეგისტრირდით აგენტებადო. ძალიან ბევრი არ დარეგისტრირდება. მერე ამათ უნდა დააკისრონ ჯარიმა, რასაც ისინი არ გადაიხდიან. მოკლედ, გამწვავდება ურთიერთობები და მერე რას იზამენ? მივლენ ოფისებში და კომპიუტერებს წაართმევენ, გასაყიდად გამოიტანენ თუ რას იზამენ, ჯარიმას რომ არ გადაიხდიან? ამიტომაც ვამბობ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და ცხადია, ხელისუფლება მხარდაჭერებს დაკარგავს. ასე რომ, სულ რომ არავინ არაფერი არ გააკეთოს, შესაძლოა, ოპოზიციის ყოველგვარი კომბინაციის გარეშე წააგოს.

- ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევნებზე მოგებისთვის საშუალოდ მილიონი ხმაა საჭირო და შესაძლებელია ოპოზიციამ ჯამში მილიონი მოაგროვოს?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მით უმეტეს, თუ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლების, რაც აქამდე არ ყოფილა და რაც ხელისუფლებისთვის კარგი არ არის.

თუ შევადარებთ სიტუაციას 2020-2021 წლების არჩევნების შედეგებს, იქაც ჯამში უფრო მეტი ხმა ჰქონდა ოპოზიციას, ვიდრე ხელისუფლებას. მას შემდეგ ხელისუფლების საქმე უკეთესად ნამდვილად არ წასულა. პირიქით, ამ რუსული კანონის მიღებით მკვეთრად გაიუარესა საქმე. აქედან გამომდინარე, წესით, ხელისუფლება ამ არჩევნებზე უნდა შეიცვალოს. როგორ შეიცვლება, რანაირად, არ ვიცი. ცხადია, ეს რთული ამბავია, მაგრამ შესაძლებელია ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ჩამოშორდნენ ძალაუფლებას და ჩვენ დავბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. მთავარი ეს არის და მერე რაღაც გამოჩნდება.

- უკვე ჩანს, რომ "ოცნებას" დასავლეთის აზრი არ აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, არც ერთ რეკომენდაციასა და შენიშვნას აღარ ითვალისწინებს. ახლაც რომ თქვას, მე არ მაინტერესებს, რას ამბობს დასავლეთი, მინდა და ვრჩები ხელისუფლებაშიო, უხეშად რომ ვთქვათ, მერე რა გზა გვრჩება?

- რჩება მასობრივი დაუმორჩილებლობა, მასობრივი გამოსვლები და "ოცნების" იძულება, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს. ასეა ყველგან. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას რჩება ორი გამოსავალი: ან დაჰყვეს ხალხის ნებას, თუ მასობრივი გამოსვლები და ქვეყანა პარალიზებული ხდება, ან მიმართოს ძალას და სისხლში ჩაახშოს ყველაფერი, რასაც, მგონი, არ იზამს. ამის გამბედავი არა მგონია. თუ გაბედავს და, ორ ამდენს პასუხად მიიღებს. არა მგონია, ძალოვანი სტრუქტურები სისხლის ღვრაზე წავიდნენ, რასაც შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს.

როდესაც 80% შენს წინააღმდეგაა, რანაირად უნდა დარჩე ხელისუფლებაში? თუ გააყალბებ, ამაზე ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებ. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.

- "ოცნებას" ხომ ჰყავს ადმინისტრაციული რესურსი, ჰყავს მხარდამჭერები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მათმა პროპაგანდამ კარგად იმუშავა. ეს არ არის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი?

- ნაკლებად. ბოლო კვლევებით, მე რაც ვიცი, ძალიან დაცემულია ხელისუფლების რეიტინგი. ცხადია, რეგიონებში ნაკლებად, მაგრამ თბილისში კატასტროფული სიტუაცია აქვთ, ასევე, დიდ ქალაქებშიც.

- არის ეს კვლევები იმდენად სანდო, რომ ოპოზიციამ თავი დაიმშვიდოს?

- თავის დამშვიდება არაფრით არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისთავად შეიცვლება. პროპორციული სისტემა გვაქვს და ეს ბევრ რამეს ცვლის. თუმცა კვლევები, რომელთაც მე საინფორმაციო წყაროებში ვეცნობი, პრინციპში, სანდოა, მეტ-ნაკლებად სწორად ასახავს სიტუაციას. ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების საქმე გაცილებით ცუდადაა. ადმინისტრაციული რესურსიც ხომ ადამიანებისგან შედგება და, თუ სიტუაცია სექტემბერში გამწვავდება, ზემოთ რაზეც ვილაპარაკეთ, მაშინ ასე მარტივად აღარ მისცემენ ხმას. ახლა არის არჩევანი ასე - ან ბიძინა, ან ევროპა - ანუ ოპოზიცია არის ევროპა და "ქართული ოცნება" არის ანტიევროპა, პრაქტიკულად, რუსეთი, და როცა რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანი დგება ქვეყანაში, ბუნებრივია, რუსეთი ვერ მოიგებს.

ხელისუფლებამ თავად წაიყვანა ასე საქმე. არავინ ეხვეწებოდა, ასე გააკეთეო, მაგრამ გააკეთა. ეტყობა, ჩათვალა, რომ ასე უფრო მეტს მოიგებდა. დიდი ეჭვი მაქვს, ამაში გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. ამ კაცს, ასე თუ ისე, ვიცნობ და ვინც იცნობს, ყველა დამიდასტურებს, რომ ქართველ ერზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენა აქვს, ჰგონია საქართველოს მოქალაქეები, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მაშინ რომ იყვნენ, დღესაც იმ მდგომარეობაში არიან. ჰგონია, ის სიბნელე და რუსების ხიბლი ისევ ისე არსებობს. ამ დროს საზოგადოება ძალიან შეცვლილია, ქვეყანაში სულ სხვა სიტუაციაა, რაც მან, უბრალოდ, არ იცის. პრინციპში, რაც გააკეთა, ეგონა, ამით მეტ ქულას აიღებდა, მაგრამ პირიქით, რეიტინგი დაკარგა.

- ანუ ხელისუფლებაში დასარჩენი გადამწყვეტი 37-38%-ის ამღები "ქართული ოცნება" არ არის?

- ეს რთული სათქმელია. თუ ხელისუფლებამ გადამწყვეტი მანდატების რაოდენობა მაინც დააგროვა, მაშინ ეს უფრო ოპოზიციის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების. თუ ოპოზიცია არასწორად გადაჯგუფდე და კატასტროფული შეცდომები დაუშვა, ჯამში ხელისუფლებაზე მეტის აღებას ვერ მოახერხებს.

- უფრო მეტი შეცდომის დაშვების პერსპექტივა ვის უფრო აქვს, "ოცნებას" თუ ოპოზიციას?

- მე მაინც მგონია, ხელისუფლებას. უბრალოდ, კარგი სვლა აღარ აქვს დარჩენილი, რაიმე პოზიტივის შემოტანა აღარ შეუძლია. მისი ერთადერთი ვარიანტია, იძახოს, აი, რუსი მოგვადგა კარს და მე თუ არ ვიქნები, შემოვა და ყველას დაგვხოცავსო.

რუსა მაჩაიძე