„მიმინოს“ ჩამოვარდნა... - კვირის პალიტრა

„მიმინოს“ ჩამოვარდნა...

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებ­ლობის დღეს, დედაქალაქს დაბალ სიმაღლეზე ქართულმა Су-25-ებმა გადაუფ­რინეს საქართველოს ეროვნული დროშის თეთრი და წითელი ფერის კვამლის ცაში გაფრქვევით. ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა. ამ თვითმფრინავებს შორის ის Су-25-იც იყო, რომელმაც 2 ივლისს ბოლნისის რაიონის სოფელ დისველთან კატასტროფა განიცადა.

თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ერთ-ერთი გამოცდილი სამხედრო მფრინავი გახლდათ, ისევე როგორც მისი მართული Су-25-ის მოდერნიზებული ვარიანტი "მიმინოც" ახალი გარემონტებული იყო, მაგრამ ტრაგედია მაინც დატრიალდა...

1992 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართველმა სამხედრო მფრინავებმა დაიწყეს თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ექსპლუატაცია და მათ შორის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება, ეს ამ ტიპის ქართული საბრძოლო თვითმფრინავის პირველი ავიაკატასტროფა იყო.

su-25-1-1720384319.jpg
Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ჭრილი, რომელზეც კარგად მოჩანს მფრინავის კაბინა, ძრავებისა და "შავი ყუთის" განთავსების ადგილები..

ქართული Су-25-ები, სამწუხაროდ, აქამდეც დაგვიკარგავს ქართულ ცაში, მაგრამ მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად - აფხაზეთის ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს. სამოქალაქო ომის დროს კიდევ ერთი დავკარგეთ (შეიძლება მეორე Су-25-იც დანარცხებოდა მიწას, მაგრამ საზენიტო რაკეტის მოხვედრისა და ცეცხლის გაჩენის მიუხედავად, მისმა გამოცდილმა მფრინავმა არ განახორციელა კატაპულტირება და მოიერიშე კოპიტნარის აეროდრომზე მაინც დასვა, გადაარჩინა).

სამაგიეროდ, აგვისტოს ომის დროს ხუთმა ქართულმა Су-25-მა ერთი ჯგუფური საბრძოლო გაფრენა უდანაკარგოდ შეასრულა როკის გვირაბიდან შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ჯავშანკოლონის წინააღმდეგ - შემდგომი საბრძოლო გაფრენები უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან ცხინვალთან საჰაერო სივრცეში უკვე რუსული ავიაგამანადგურებლები "ნავარდობდნენ".

"ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ჩატარდა. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი", - განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და დაამატეს, რომ "მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია. წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა".

2-su-1720384320.jpg
ქართველი სამხედრო მფრინავი "მიმინოს" კაბინაში ფრენისას...

საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი იმისა, თუ რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი - სოციალურ ქსელებში ათასნაირი ჭორ-მართალი ვრცელდება, თვითმხილველებზე დაყრდნობითაც, მათ შორის მათზეც, ვინც თვითმფრინავს შვეულმფრენისგან ვერ არჩევს.

როგორც წესი, საავიაციო შემთხვევები ანუ ავარიები და კატასტროფები (ავიაკატასტროფის რანგი ენიჭება საავიაციო შემთხვევას, თუკი ის მსხვერპლით დამთავრდა - დაიღუპნენ საფრენი აპარატის ბორტზე ან მიწაზე მყოფი პირები 24 საათის განმავლობაში) სამი ძირითადი მიზეზის გამო ხდება: რთული მეტეოროლოგიური პირობები, რაც ძალზე ართულებს და საშიშს ხდის ფრენას (მაგალითად, ჭექა-ქუხილის ფრონტში გავლისას), საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა ან პრობლემები და ფრენის დროს ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომა-შეცდომები. ისეც ხდება, რომ ამ სამი მიზეზიდან შეიძლება ორი ან სულაც სამივეც კი ერთმანეთს გადაებას.

ამ ეტაპზე იკვეთება შემდეგი სურათი - მოიერიშე თვითმფრინავი მორიგი საჰაერო მანევრიდან ვეღარ გამოვიდა და, ფაქტობრივად, ცხვირით დაეჯახა მიწას. მას ჰაერში ფრენისას ცეცხლი არ გასჩენია. მფრინავს კატაპულტირება არ მოუხდენია, შეიძლება ვერ მოასწრო. თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების ტურბინებში აღმოჩენილი მიწა მიუთითებს, რომ ძრავები გამართული იყო და მიწასთან შეჯახების მომენტისთვისაც მუშაობდნენ.

3-su-1720384320.jpg
"მიმინოს" კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია ეს "შავი ყუთი" - რეალურად კი ნარინჯისფერი ფრენის პარამეტრების რეგისტრატორი "ტესტერი", რომლის მაგნიტური ლენტის გაშიფვრა დაადგენს ამ ტრაგედიის მიზეზს...

კატასტროფაგანცდილი საბრძოლო თვითმფრინავი მოდერნიზებული "მიმინოს" მოდიფიკაცია იყო და ჰქონდა როგორც საშტატო "ტესტერის" ტიპის ე.წ. შავი ყუთი, ასევე ვიდეორეგისტრატორიც, რომელიც კაბინაში მფრინავის მოქმედებებსა და ხელსაწყოების ჩვენებებსაც იღებს.

5-su-1720384319.jpg
ეს "მიმინოს" ბოლო ვირაჟი აღმოჩნდა...

თუკი ეს მონაცემები გადაურჩა 14-ტონიანი შეჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავის მიწასთან დიდი სიჩქარითა და საშინელი ძალით შეჯახებას, მაშინ ნათელი მოეფინება, რამ გამოიწვია ტრაგედია.

საგულისხმოა, რომ 2001 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით ამავე რაიონში ასევე კატასტროფა განიცადა L-29 "დელფინის" ტიპის რეაქტიულმა სასწავლო თვითმფრინავმა, რის შედეგადაც დაიღუპა ქართველი სამხედრო მფრინავი კაპიტანი დავით ცხოვრებაძე.

"კვირის პალიტრის" რედაქცია დიდი გულისტკივილით თანაუგრძნობს ტრაგიკულად დაღუპული კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს, მის ახლობლებსა და ყველა იმ პატრიოტს, რომელთათვისაც ქართველი შევარდნები საამაყო და მისაბაძია.