No Georgia, no party! - თუმცა გაგრძელება აუცილებლად იქნება! - კვირის პალიტრა

No Georgia, no party! - თუმცა გაგრძელება აუცილებლად იქნება!

ევროპის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს არის პირველი ტურნირი, რომლის მიმდინარეობა და შედეგები ქართველი გულშემატკივრისთვის მეორეხარისხოვანი გახდა. გერმანიის სტადიონებზე ჩვენი ნაკრები აღარ თამაშობს და რაღა მნიშვნელობა აქვს, ნახევარფინალში ესპანეთი-საფრანგეთის წყვილს ვნახავ(დი)თ, თუ თურქეთი-შვეიცარიას?

კონტინენტის პირველობის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა მისთვის ახალ ტურნირზე და პორტუგალიის ძლევით პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვა. მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან კი დავმარცხდით, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპის ნახევარი და მსოფლიოს მეოთხედი დავტოვეთ პირდაღებული - ამდენი თუ შეგეძლოთ, აქამდე სად იყავითო?! ყველას დავამახსოვრეთ თავი თავდაუზოგავი ბრძოლით, სანახაობრივი თამაშით და საოცარი გულშემატკივრით! სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებს კი ისეთი დახვედრა და ზეიმი მოუწყვეს, ვეჭვობ, "ევრო-2024"-ის ჩემპიონს ეღირსოს!

გადამეტებული არაფერი ვარგა და საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა კიდეც ასეთმა პომპეზურმა აღნიშვნამ. ბევრი ვერც მიხვდა, რას ვზეიმობდით, როცა საქართველოს ნაკრებმა ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა და პლეი-ოფსაც პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა? სატურნირო თვალსაზრისით, არც არაფერს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი პირველი იყო საქართველოს ნაკრებისთვის და მასშტაბური დახვედრა/ზეიმიც (გულშემატკივრის) უპირველესად სწორედ ჩვენს ღირსეულ დებიუტს უკავშირდებოდა. მადლობა იყო ერთიანობის მიზეზისთვის, იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს გერმანიის ქალაქების სტადიონებზე, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დიდ ეკრანთან შეკრებილ ქართველებს, იმ ათასობით გულშემატკივარს, ტელეეკრანების წინ სუნთქვაშეკრული რომ ქომაგობდა გუნდს, რომელმაც ახალ ეტაპზე აიყვანა ქართული ფეხბურთიცა და ახლახან ნახსენები გულშემატკივარიც...

...აქამდე სად იყავითო, კითხულობენ საქართველოს ნაკრებზე, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, ამიერიდან სად ვიქნებით. რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატის მონაწილის სტატუსი, გაგრძელდება თუ არა ის ერთიანობა და სიყვარული, ის მუხტი, რაც ნაკრებში და მის გარშემო იყო მარტის ბოლოდან, აგერ ივლისის პირველ დღეებამდე...

მალე ვნახავთ: სექტემბერში ხომ უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება იწყება (ქვეჯგუფში მეტოქეებად გვყავს უკრაინა, ჩეხეთი და ალბანეთი), დეკემბრის ბოლოს კი იმ გუნდების ვინაობასაც შევიტყობთ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რომ უნდა ვეთამაშოთ.

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ცოცხლად ნახვა სპორტის სამყაროში მომუშავე ყველა ჟურნალისტის ოცნება და მიზანია, მით უმეტეს, თუ დიდი ტურნირის მასპინძელი ქვეყნიდან შენი ნაკრების მატჩებსაც აშუქებ! დორტმუნდის, ჰამბურგის, გელზენკირხენისა და კიოლნის სტადიონებზე საქართველოს ნაკრების ოთხივე მატჩს დავესწარი (დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკის" მედიატრიბუნიდან ვუყურე საფრანგეთი-პოლონეთის შეხვედრასაც) და გერმანიიდან რამდენიმე წერილიც გამოვგზავნე. მათი უმეტესობა "სადღეგრძელოს" ტიპის, ემოციური შინაარსისა იყო, დღევანდელ წერილში კი ვეცდები ევროპის ჩემპიონატის მეორე მხარე გაგაცნოთ, რამდენიმე სიტყვით მაინც მოვყვე იმ ქალაქებზე, სტადიონებსა თუ ადამიანებზე, გერმანიაში რომ ვნახე ივნისის ბოლო ორი კვირის განმავლობაში:

2-1720384737.-კიოლნის-Hauptbahnhof.jpg

Hauptbahnhof

ჰაუპთბანჰოფი გერმანული სიტყვათშეთანხმებაა და მთავარ, ცენტრალურ სადგურს ნიშნავს. პირდაპირი მნიშვნელობით კი ეს არის ადგილი, საიდანაც, არა მხოლოდ გერმანიის, "ბებერი კონტინენტის" ნებისმიერ ქალაქში მოხვდებით! "ევრო-2024"-ზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოდ გვეკუთვნის. მათ შორის, რეგიონული (საჭიროების შემთხვევაში, ჩქაროსნულითაც) სარკინიგზო რეისებითაც. ჰოდა, ამ პრივილეგიას აქტიურადაც ვიყენებდით და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე არსებული მთავარი ქალაქების უმეტესობაც მოვინახულეთ. მეტიც, თამამად შემიძლია თქმა, რომ გერმანიაში ყოფნისას ყველაზე ხშირად ვამბობდით ორ ჯადოსნურ სიტყვას - "სტადიონი" და "ჰაუპთბანჰოფი", მით უმეტეს, ისინი ერთმანეთთანაც მჭიდროდ არის დაკავშირებული: ნებისმიერი ქალაქის სტადიონზე ყველაზე კომფორტულად და სწრაფად სწორედ ბანჰოფიდან მიხვალ!

განსაკუთრებით მასშტაბური და შთამბეჭდავია კიოლნის, ჰამბურგის, ფრანკფურტისა და მიუნხენის ვაგზლები. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე (სწორედ ამ რეგიონში გაიმართა საქართველოს ნაკრების მატჩების უმეტესობა) ყველაზე დიდი სწორედ კიოლნის ჰაუპთბანჰოფია: 1859 წელს გახსნილ სადგურს 5 პლატფორმა აქვს და ყოველდღიურად, 300 ათასამდე მგზავრს ისტუმრებს სხვადასხვა მიმართულებით (გერმანიის მასშტაბით, ეს მეხუთე მაჩვენებელია).

მომრგვალებული ფორმის შემინული სახურავის მქონე კიოლნის ვაგზალი თავისთავად შთამბეჭდავია, თუმცა ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება მას შემდეგ, რაც სადგურიდან გახვალთ და... მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებული კიოლნის გრანდიოზული კათედრალის ჩრდილში ჩაიკარგებით! დიახ, კიოლნის ჰაუპთბანჰოფსა და საკათედრო ტაძარს, ფაქტობრივად, ერთი ეზო აქვთ (სხვაობა მხოლოდ რამდენიმე საფეხურია) და თუ მგზავრების რაოდენობას ტაძრის მრავალრიცხოვან მნახველებსაც მივუმატებთ, უნახავადაც ცხადი გახდება, ხალხმრავლობის რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. არ დამითვლია, მაგრამ გერმანიაში ყოფნისას კიოლნში, მინიმუმ, რვაჯერ მომიწია ჩასვლამ და ყველა ჯერზე უამრავი ქართველი ვნახე. განსაკუთრებით, ივნის-ივლისის გასაყარზე, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალს ხომ სწორედ კიოლნის "რაინ ენერჯი შტადიონმა" უმასპინძლა.

და რადგან ჩემს საყვარელ ბანჰოფთანაც არის და მასზე მასშტაბური და ძველიც, ორიოდ სიტყვას გეტყვით კიოლნის სახელგანთქმულ კათედრალზეც, რომელიც მესამე ადგილზეა მსოფლიოს უმაღლეს ტაძრებს შორის. კათედრალის მშენებლობა 1248 წელს დაიწყო, რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა. 157 მეტრი სიმაღლის გოტიკური ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში (ვაშინგტონის მონუმენტის გახსნამდე) მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად მიიჩნეოდა. მართლაც გრანდიოზულ, ულამაზესი ფასადისა და ვიტრაჟული ფანჯრების მქონე ტაძარს ყოველწლიურად მილიონობით მნახველი ჰყავს.

4-vupertalis-shekiduli-rkinigza-am-patara-germanuli-kalakis-savizito-baratad-ikca-1720384737..jpg

ვუპერტალი

გერმანიაში ორ კვირაზე მეტი გავატარე. ამ დროის განმავლობაში ვესტუმრე რამდენიმე ქალაქსა თუ დაბას (კიოლნი, ჰამბურგი, ესენი, ბონი, დიუსელდორფი, გელზენკირხენი, აახენი, ფელბერტი, ფრანკფურტი, მიუნხენი, ნიდერლანდური ვაალსი და სხვ.), თუმცა ყველაზე მეტი დრო დიუსელდორფის ადმინისტაციულ ცენტრს დაქვემდებარებულ პატარა ქალაქ ვუპერტალში გავატარე - სწორედ აქ იყო სასტუმრო, სადაც რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით 10 დღის განმავლობაში ვიცხოვრეთ. შესაძლოა "პატარა" გერმანიის მასშტაბით იყოს, თორემ ვუპერტალში თითქმის 400-ათასამდე მცხოვრებია, მდინარეც აქვთ, სტადიონიც და... რა თქმა უნდა, ჰაუპთბანჰოფიც! თუმცა ვუპერტალის მთავარი ღირსშესანიშნაობაა შეკიდული რკინიგზა.

ვუპერტალის შეკიდული რკინიგზა (ოფიციალური დასახელებაა მონორელსური შეკიდული გზის სისტემა) მგზავრებს 1901 წლიდან ემსახურება და ამ პატარა გერმანული ქალაქის სავიზიტო ბარათადაც იქცა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს განსხვავებული სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქალაქის სტუმრებს, ისე ადგილობრივთა შორის. შეკიდული რკინიგზის სრული სიგრძე 13 კილომეტრზე მეტია, უმეტესი ნაწილი (10 კმ) პატარა მდინარე ვუპერის ზემოთ გადის, დანარჩენი სამი კილომეტრი კი - ქალაქის ქუჩების თავზე. რკინიგზის 20 სადგურიდან ერთ-ერთი (ჩემი საყვარელი Hauptbahnhof), ჩვენი სასტუმროს წინ იყო და დღეში რამდენჯერმე ვხედავდით მინიმალური ხმაურის ფონზე, როგორ დასრიალებდნენ დაკიდებული ვაგონები...

სხვათა შორის, ვუპერტალს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებს პატარა დაბა ფელბერტს, სადაც, "ევრო-2024"-ის დროს დაბინავდა საქართველოს ეროვნული გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებმა საფეხბურთო ნაკრების გარეშე არც ვუპერტალი დატოვეს და სლოვენიის ნაკრებს დაუთმეს ბაზა, რომელიც ქალაქის ზოოლოგიური პარკის გვერდით მდებარეობს და ასეც ჰქვია - "სტადიონი ზოოპარკთან". ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე სლოვენიელებმა რამდენიმე ღია ვარჯიშიც გამართეს, თანაც, ვუპერტალის მთავარი ღირსშესანიშნაობაც იქვეა და... შეკიდული რკინიგზის იღბლიან მგზავრებს პირდაპირ ვაგონიდან შეეძლოთ სლოვენიელთა ვარჯიშის ფრაგმენტების ნახვა.

მონორელსური შეკიდული მატარებელი ვუპერტალის სავიზიტო ბარათია. თუმცა მთავარ ბანჰოფებზე უკვე ვილაპარაკეთ და აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ გერმანელებს "ნამდვილი" რკინიგზითაც შეუძლიათ თავის მოწონება - მთელი ქვეყანა ლიანდაგებით არის დაქსელილი და ისეთ პატარა ქალაქშიც კი, როგორიც ვუპერტალია, დღის განმავლობაში ათობით რეგიონული თუ ჩქაროსნული მატარებელი გაივლის. ადგილობრივები კი წუწუნებენ, ბოლო დროს მატარებლები ხშირად იგვიანებენო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაგვიანების შუალედი 4-12 წუთს არ აჭარბებს და ვუპერტალის თუ მიმდებარე ქალაქების რკინიგზის სადგურებიდან შეუფერხებლად მოხვდებით გერმანიისა თუ კონტინენტური ევროპის ნებისმიერ ქალაქში.

ადამიანები

"...ოოო, ქართველები ხართ? თურქეთი-საქართველო ფანტასტიკური მატჩი იყო. ძალიან კარგად ითამაშეთ, სუპერ!" - გერმანულად მეუბნება შუახნის არცთუ გერმანული გარეგნობის მამაკაცი. შეკიდული მატარებლის მოლოდინში ვუპერტალის სადგურზე, 12 მეტრის სიმაღლის ბაქანზე ვდგავართ და ჩვენ ქვემოთ მიმავალ ავტომანქანებსა და ადამიანებს ვათვალიერებთ... გერმანულ ენაზე მეცხრე კლასის შემდეგ აღარ მილაპარაკია, მაგრამ სიტყვების მწირი მარაგი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ გერმანელ (მერე რა, რომ არცთუ გერმანული გარეგნობის?!) კაცს ძალიან მოეწონა საქართველოს ნაკრების თამაში. თურქეთთან უამრავი მომენტი გქონდათ და ბოლო წამებზე ჩეხების დამარცხებაც შეგეძლოთო. წარმატება გვისურვა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩშიც - აბა, თქვენ იცით, პორტუგალიასთანაც ძალიან უნდა მოინდომოთო (სხვათა შორის, პორტუგალიის დამარცხებიდან მეორე დღეს სპეციალურად წავედი იმავე სადგურზე გერმანელი კეთილისმსურველისთვის მადლობის სათქმელად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ ვიპოვე)...

და ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა: სტადიონებზე თუ მათ მიღმა შევხვდით უამრავ უცხოელს, რომელთაც სახე ებადრებოდათ ჩვენი ეროვნების გაგების შემდეგ და მაშინვე იწყებდნენ საქართველოს ნაკრების ქებას. ხშირად "ევრო-2024"-ის აკრედიტაციის მოწმობითაც კი ხვდებოდნენ, რომ ქართველები ვიყავით და მყისიერად პოულობდნენ სალაპარაკო მიზეზსაც და თემასაც. სხვათა შორის, აკრედიტაციის ბეიჯმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა გერმანიის ყველა ქალაქში: თბილისში მსგავსი მოწმობა არავის უკვირს. აი, გერმანელები კი დაჟინებით მოგვაშტერდებოდნენ ხოლმე და ხან ერთმანეთს, უფრო კომუნიკაბელურები კი ჩვენ გვეკითხებოდნენ, ეს რა არისო? და როცა გაიგებდნენ, რომ ამ მოწმობებით ყველა გზა ხსნილი გვქონდა სხვადასხვა ქალაქის სტადიონებში, მუზეუმებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოწონებით აქნევდნენ თავს. რამდენიმემ (ცხადია, ნახევრად ხუმრობით), ისიც კი გვთხოვა, მომყიდეთ, ნებისმიერ თანხას გადავიხდიო.

წყლის საყიდლად ვუპერტალის პატარა სადღეღამისო მაღაზიაში (ვისაც ევროპის ქვეყნებში უმოგზაურია, კარგად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნებში, სადაც მაღაზიები მაქსიმუმ 19:00 საათამდე მუშაობენ, კვირაობით ყველაფერი დაკეტილია და წყლის ან პროდუქტის ყიდვას მხოლოდ სადგურზე მდებარე პატარა მარკეტებში შეძლებთ) შესულებს, გამყიდველი თვითონ გამოგვეცნაურა, შეგვატყო, ქართველები რომ ვიყავით და "გამარჯობა" მოგვაძახა - ბერძენი აღმოჩნდა, ვარკეთილელი ცოლი მყავს, თბილისში ყოველ წელს ჩამოვდივარო, და წყალიც საჩუქრად გამოგვატანა.

აახენში, რომელიც ნიდერლანდების მოსაზღვრე გერმანიის უკიდურეს დასავლეთში მდებარე უძველესი ისტორიული ქალაქია (ცნობილია ქვანახშირის აუზებით, ბალნეოლოგიური კურორტით, სახელგანთქმული კათედრალით, სადაც კარლოს დიდის სამარხია და სხვ.), შეგვხვდა ესპანელი ყმაწვილი "ნაპოლის" 77-ნომრიანი მაისურით - ხვიჩა კვარაცხელიას ფანი ვარ და საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს დავესწარიო! საფრანგეთი-პოლონეთის მატჩის შემდეგ, მე და სპორტალლ.გე-ს ჟურნალისტ ღვთისავარ ანთაძეს მატარებელში რამდენიმე შეზარხოშებული პოლონელი დაგვემგზავრა: ბეიჯების დანახვისა და საქართველოს გაგონებისთანავე ხელი და ლუდი ერთდროულად გამოგვიწოდეს და... მერეც, მთელი გზა - დორტმუნდიდან ვუპერტალამდე გასავლელი 45 წუთი აღარ გაჩუმებულან: თბილისსა და ქუთაისში რამდენჯერმე ვიყავითო, ქუთაისელი მასპინძელიც (თუ არ ვცდები, ვაჟა ერქვაო) დიდი სიყვარულით გაიხსენეს და ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ქუთაისიდან თბილისში "შუმახერივით" ჩაიყვანა.

5-1720384736.jpg

რაც მთავარია, ერთ-ერთმა, რომელიც კატოვიცეში ცხოვრობს, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გაიხსენა გია გურული - მისნაირი ფეხბურთელი ჩვენ არ გვყოლია და თუ ხმას მიაწვდენ, გადაეცი, რომ კატოვიცეში დღემდე ყველას უყვარსო! ჰოდა, ბატონო გია, იცოდეთ, რომ მხოლოდ თბილისში, ლანჩხუთსა თუ ჰავრში კი არა, კატოვიცეშიც დღემდე ძალიან უყვარხართ!

ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენო ერთი ზორბა შოტლანდიელიც, რომელსაც შოტლანდია-შვეიცარიის მატჩის დაწყებამდე შევხვდი: გაცნობისთანავე გამომიწოდა ლუდის ქილა - ქართველებს მაგარი გუნდი გყავთ და თურქეთთან თქვენ უნდა მოგეგოთო! ედინბურგელი ჯეელი აღმოჩნდა, "ჰიბერნიანის" ფანი ვარო, და იმის მიუხედავად, ამ მოკრძალებულ კლუბს საუკეთესო ექვსეულიც კი სანატრელი აქვს, მის გულშემატკივრებს "სელტიკსაც" ურჩევნიათ და "რეინჯერსსაც". მატჩის ბილეთი არ ჰქონდა, მაგრამ დიდად არ ნაღვლობდა - ფანზონაში აპირებდა ყურებას მისნაირ ზორბა კაბიან ყმაწვილებთან ერთად. ყველაზე მეტად სქოთ-ქომაგებში სწორედ ეს მომწონს - ნახევარზე მეტს არც ბილეთი ჰქონდა, არც მისი ყიდვის იმედი და სხვათა შორის, არც გამარჯვების! სამაგიეროდ, ჰქონდათ ბევრი ლუდი, დროშა და სიმღერა, რომელიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მეც ამეკვიატა: Nო შცოტლანდ, ნო პარტყ! ("არ არის შოტლანდია - არ არის ზეიმი!").

ჰოდა, რაკიღა, ჩვენთვის სადებიუტო ევროზე შოტლანდიელებზე მეტხანსაც დავრჩით და იტალიელებზეც, სათქმელიც, საამაყოც და სასიმღეროც მათზე მეტი გვაქვს.

ევროპის ჩემპიონატი კი გრძელდება, მაგრამ ჩემთვის ის 30 ივნისს დასრულდა, რადგან... No Georgia, no party!

გაგრძელება კი აუცილებლად იქნება - ჩვენი ფეხბურთისაც და... გერმანიაში ნანახი ამბებისაც.

აახენი-კიოლნი-თბილისი