რას გადაურჩა ევროპა ანუ დიდი ფრანგული გამარჯვება - როგორ არ მოუშვა ხელისუფლებაში მაკრონმა მარინ ლე პენი - კვირის პალიტრა

რას გადაურჩა ევროპა ანუ დიდი ფრანგული გამარჯვება - როგორ არ მოუშვა ხელისუფლებაში მაკრონმა მარინ ლე პენი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) თავის რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდზე (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ისევ რატომ უარყვეს ფრანგებმა ულტრამემარჯვენეები“ (ავტორი - ჰიუ სკოფილდი, პარიზელი კორესპონდენტი). მასალაში გაანალიზებულია საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად შექმნილი სიტუაცია.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ვერსიას:

ფრანგებმა ისევ განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების ხილვა არ სურთ. ფრანგებმა ევროპარლამენტის არჩევნებში და ქვეყნის ეროვნული კრების (პარლამენტის ქვედა პალატაში) პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება უზრუნველჰყვეს, მაგრამ როგორც კი საქმე იმ არჩევნებამდე მივიდა (ანუ მეორე ტურამდე), რომელსაც მარინ ლე პენის პარტიისათვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობა ექნებოდა, ფრანგმა ამომრჩეველმა უფსკრულის ნაპირიდან უკან დაიხია.

გუშინ, 7 ივლისს, ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მოულოდნელად მტკივნეული წარუმატებლობა განიცადა, რის შედეგადაც მან, მიცემული ხმების რაოდენობით, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და აუტსაიდერად იქცა (მემარჯვენეებმა, დაახლოებით, 150 სადეპუტატო ადგილი მიიღეს და ეს მაშინ, როცა ერთი კვირის წინ მათ 300 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ). ეს იმით აიხსნება, რომ ბევრმა მოყოყმანე ამომრჩეველმა გადაწყვეტილება მიიღო და საარჩევნო ურნებთან სპეციალურად იმიტომ მივიდა, რომ მემარჯვენეების წინსვლა შეეჩერებინა და ხმა სხვა კანდიდატებისათვის მიეცა (სხვათა შორის, ფრანგ ამომრჩეველთა აქტიურობა ისტორიულად მაღალი იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში - 60%-ზე მეტი).

ახლა „ეროვნული გაერთიანება“ დაიწყებს იმის მტკიცებას (ალბათ, გარკვეულწილად, სამართლიანად), რომ ასეთი არასასურველი შედეგი იმიტომ დადგა, სხვა პარტიები მის წინააღმდეგ რომ გაერთიანდნენ და „შედეგები გადათამაშდა“. მემარჯვენეების თქმით, ცალ-ცალკე მდგომი პარტიები, რომლებიც ადრე დღე და ღამე ერთმანეთს ლანძღავდნენ, ახლა დაივიწყეს თავიანთი უთანხმოებები და გაერთიანდნენ ახალი კოალიციის შესაქმნელად, „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ იგივე გააკეთეს მემარცხენეებმა და მაკრონისტებმა.

და მაინც, როგორც უნდა იმართლონ თავი მემარჯვენეებმა, ფაქტი ფაქტად რჩება: ფრანგ ამომრჩეველთა უმეტესობას ხელისუფლებაში მემარჯვენეების დანახვა არ სურს - იმიტომ, რომ მათი იდეები არ მოსწონთ ან იმიტომ, რომ იმ უწესრიგობების შეეშინდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვებოდა.

მაგრამ თუ მარინ ლე პენის „მარჯვენა ხელი“ - ჟორდან ბარდელა საფრანგეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, მაშინ ვინ იქნება მთავრობის მეთაური? ეს დიდ გამოცანას წარმოადგენს და ამ კითხვაზე პასუხს დრო დასჭირდება.

ბოლო დაძაბულ კვირებში მოხდა რაღაც ისეთი, რომელმაც ფრანგულ პოლიტიკურ სისტემაზე გავლენა მოახდინა და თვით მისი ბუნება შეცვალა.

როგორც ალექს დიამელმა - არჩევნების ვეტერანმა, ჯერ კიდევ შარლ დე გოლის დროიდან, განაცხადა,„დღეს საფრანგეთში არც ერთი დომინირებადი პარტია არ არსებობს“. „მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში შვიდი წლის წინ ემანუელ მაკრონი მოვიდა, ჩვენ ქვვეყნის პოლიტიკური ძალების დეკონსტრუქციის პერიოდში მოვხვდით და ახლა, ალბათ, რეკონსტრუქციას ვიწყებთ“, - ამბობს ვეტერანი აქტივისტი.

ამჟამად ბევრი პოლიტიკური ძალა არსებობს: სამი პირობითი ბლოკი (მემარცხენე, ულტრამემარჯვენე და ცენტრისტული), აგრეთვე - მემარჯვენე ცენტრისტული. ბლოკებს შიგნით კონკურენციის ტენდენცია და სხვადასხვა ინტერესი არსებობს.

იმ პირობებში, როცა არც ერთ პარტიას არ შეუძლია პარლამენტში (ეროვნულ კრებაში) უპირატესობის (უმრავლესობის) მოპოვება, გარდაუვალი ხდება ხანგრძლივი მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. თანაც ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მთავრობა ჩამოყალიბდება - იმ ურთიერთუთანხმოებისა და პრეტენზიების გათვალისწინებით, რასაც ერთმანეთს პოტენციური მოკავშირეები უყენებენ.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ბოლო დაძაბული კვირების შემდეგ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას შერიგების პერიოდისაკენ მოუწოდებს, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებისა და ზაფხულის არდადეგების დროს მოიცავს - ფრანგებმა ძალები რომ აღიდგინონ.

ჯერჯერობით პრეზიდენტი, ალბათ, ვიღაცას დანიშნავს, მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელად და სხვადასხვა პარტიასთან კონტაქტებს დაიწყებს. ვინ იქნება ის „ვიღაც“ - მემარცხენე? ცენტრისტი? პოლიტიკური აუტსაიდერი? ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რაც ეჭვგარეშეა, ისაა, რომ საფრანგეთი პარლამენტარიზმისაკენ მიდის. ხელისუფლება პრეზიდენტს ხელიდან გამოეცლება იმის გამო, თუ ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი.

იმ შემთხვევაში, თუ ემანუელ მაკრონი მოახერხებს და პრემიერ-მინისტრად ვინმე ცენტრისტს დანიშნავს (რაც იოლი არ არის, მემარცხენეთა წინააღმდეგობის გამო), ის ადამიანი თავის მოქმედებას პრეზიდენტისაგან დამოუკიდებლად განახორციელებს, რადგან მას პარლამენტის (ეროვნული კრების) მხარდაჭერა ექნება.

ემანუელ მაკრონის ფიგურა უპერსპექტივო ხდება და მისი იმედები, რომ 2027 წელსაც იქნას არჩეული პრეზიდენტად, ძალიან შემცირდება.

წააგო თუ არა საბოლოო ჯამში ემანუელ მაკრონმა, როცა ერთი თვის წინ მოულოდნელად ეროვნული კრება დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამოაცხადა? ნანობს თუ არა იგი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას? მზად არის თუ არა უკან დასახევად?

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ემანუელ მაკრონი ასე არ თვლის. იგი იტყვის, არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ სიტუაცია მოწყვლადი გახდა და რომ მან პოლიტიკაში სინათლე შეიტანა, როცა მარინ ლე პენის პარტიამ პარლამენტში იმდენი ადგილი დაიკავა, რამდენსაც იმსახურებდა და არა იმდენი, რამდენიც მემარჯვენეებს სურდათ. გარდა ამისა, პრეზიდენტს შეუძლია თქვას, რომ მისი რწმენა - ფრანგები არასოდეს დათანხმდებიან ულტრამემარჯვენეების ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლას - გამართლდა.

შესაძლოა, ემანუელ მაკრონის ხელისუფლება სუსტდება, მაგრამ ის ძველებურად ისევ ელისეის სასახლეში რჩება და პოლიტიკური დროის გამგებელი იქნება.

წყარო