"გენპროკურორობის კანდიდატებიდან გიორგი გაბიტაშვილია ის, ვისაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს - მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად" - კვირის პალიტრა

"გენპროკურორობის კანდიდატებიდან გიორგი გაბიტაშვილია ის, ვისაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს - მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად"

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გენერალური პროკურორობის კანდიდატებიდან გიორგი გაბიტაშვილია ის, ვისაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს.

როგორც მან კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ინტერესი გიორგი გაბიტაშვილთან მიმართებით მაღალია.

„ზოგადად, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი ინტერესიც, ბუნებრივია, რომ მასზე ყველაზე მაღალია. ჩემთვისაც ყველაზე საინტერესოა მასთან გასაუბრება, რადგან წინასწარ ასეთი ინფორმაციაა ცნობილი. პიროვნულად მასთან შეკითხვები ნაკლებად მაქვს. ის იურისტია, ისევე როგორც მე და ერთი პერიოდის სტუდენტები ვართ თსუ-ში. შესაბამისად, მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად და მეორე საკითხია, დღევანდელ სისტემაში რას ნიშნავს მთავარი პროკურორი, რამდენად სწორია, ზოგადად, ახლა პროკურორის არჩევა და იმ ლეგიტიმაციით, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია, ეს საერთოდ სხვა საკითხია. მე საერთოდ სხვა ტიპის პროკურატურას ვეთანხმები, აქ პიროვნული ფაქტორები არაფერ შუაშია. სინამდვილეში, მგონია, რომ პროკურატურა უნდა იყოს დაზარალებულის წარმომადგენელი და შესაბამისად, ის უნდა იდგეს იმ პრინციპზე, რომ თუ არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს დამნაშავე, რაც დღევანდელი სისტემისთვის წარმოუდგენელია“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭო „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრებას მართავს. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორობის რიგით მე-5 კანდიდატია, რომელიც საპროკურორო საბჭოს წინაშე წარსდგა.

"ინტერპრესნიუსი"