"შალვა ნათელაშვილის, გიორგი გახარიას პაროდიას ბრწყინვალედ გავაკეთებ, ასევე - ბადრი ჯაფარიძის. "პოზიტიურ კონტექსტში პოპულარობამ "გაასწორა" - კვირის პალიტრა

"შალვა ნათელაშვილის, გიორგი გახარიას პაროდიას ბრწყინვალედ გავაკეთებ, ასევე - ბადრი ჯაფარიძის. "პოზიტიურ კონტექსტში პოპულარობამ "გაასწორა"

"ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ"

სახელი, გვარი: რეზო ბლიაძე.

ასაკი: 37 წლის.

განათლება: ხელოვნებათმცოდნე.

ამჟამინდელი საქმიანობა: ჯგუფის - "რეზო და ბავშვები" სიმღერების ტექსტების და მუსიკის ავტორი, სოლისტი. აქვს დაახლოებით 17-წლიანი გამოცდილება ტელევიზიებში მუშაობის - იუმორისტული გადაცემების სცენარისტად, მუსიკალურ პროდიუსერად...

ჰობი: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "გაიღვიძეთ, მეგობრებო! შემდეგ გაიღიმეთ, გაიაზრეთ, თუ ვინ ხართ, სად ხართ და რას აკეთებთ და მერე, "გაიჩითეთ", რა".

- თანამოაზრეებმა ერთმანეთი მოვძებნოთ, ბევრნი გავხდეთ და ჩვენი იდეების რეალიზება მოვახდინოთ, რომ თავსმოხვეული სხვისი იდეებით აღარ ვიცხოვროთ, აღარ ვაცხოვროთ ჩვენი შვილები...

- რეზო, წარმოიდგინეთ, არავინ გიცნობთ. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- მე ვარ რეზო ბლიაძე. დავიბადე ბორჯომში. მომწონს და მიყვარს ადგილი, სადაც დავიბადე. მაქვს საინტერესო იდეები და მათი რეალიზება მინდა. მომაქციეთ ყურადღება, სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ - დაახლოებით ასეთი იდეა, კონცეფცია აქვს "რეზო და ბავშვებს" თუ სხვა საქმეებს, რასაც ვაკეთებ.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- როცა 3 წლის ვიყავი. მაშინ საბავშვო ბაღის ზეიმში ვმონაწილეობდი - "წუნა და წრუწუნაში" წრუწუნას როლს ვასრულებდი. ჩემ შესახებ გაზეთ "ბორჯომში" დაწერეს. მაშინ ვიგრძენი, რომ სხვანაირი "პონტი" ვიყავი (იღიმის)... მერე, რა თქმა უნდა, პოპულარობა უფრო მასშტაბური გახდა. ვერ გეტყვი, ეს პირველად როდის ვიგრძენი, რადგან "რეზო და ბავშვებამდე" გარკვეული საქმიანობებით ვიყავი დაკავებული, სადაც იგრძნობოდა, რომ ჩემი თაობის მეგობრები, რომლებიც იუმორისტულ გადაცემებზე ვმუშაობდით, გარკვეულწილად პოპულარულები ვიყავით. იმ განსაკუთრებულად სასიამოვნო შეგრძნების შესახებ გეტყვით, რომელიც პირველად დამეუფლა: როცა სიმღერა - "მეგობარო" ჰიტი გახდა, ადამიანებმა ქუჩაში მასობრივად მოსალმება დაიწყეს, - მეგობარო, გაუმარჯოს, გენაცვალე მეგობაროო!.. იქიდან ყველაფერი გაირკვა, რაშიც იყო საქმე, რა... ასეთ პოზიტიურ კონტექსტში პოპულარობამ "გაასწორა".

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავთ?

- აუ, ძალიან ცოტა ხანს მძინავს, ალბათ - 4-5 საათი, რადგან გვიანობამდე სტუდიაში ვარ. წლების განმავლობაში ასეთი რეჟიმი გამომუშავებული მაქვს. პერიოდულად, კარგად გამოძინებას ვახერხებ, როცა დასასვენებლად მივდივარ. მაგალითად, ბორჯომში ძილი ძალიან მიყვარს. 3 დღით რომ წავიდე, შემიძლია, იმ ხნის განმავლობაში მხოლოდ მეძინოს და ეს 3-დღიანი ძილი კარგა ხანს მეყოს.

- 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?

- კვერცხი იყოს... ხან მოვხარშავ, ხან - შევწვავ. შეიძლება, უმადაც შევჭამო.

- გიყვართ თუ რაკი მარტივად მოსამზადებელია, ამიტომ აირჩიეთ?

- პრაქტიკული ადამიანი ვარ. თან, ამ სიმარტივეში, შემიყვარდა კიდეც.

- ადამიანში რას აფასებთ?

- რასაც მინდა, რომ ჩემში აფასებდნენ.

- ანუ?

- ენერგეტიკას, თუ რამდენად კომფორტულად და მნიშვნელოვნად ვგრძნობ თავს. ტვინის დიაპაზონებიც მაინტერესებს ხოლმე... მერე უკვე საერთო ინტერესების და ემოციური კავშირების აღმოჩენა ხდება... მოკლედ, ადამიანურობას, თანამოაზრეობას ვაფასებ - რომ უყვარხარ და გამოხატავს, გიყვარს და გამოხატავ... ერთმანეთს პატივს სცემთ...

- მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც ბოლო დროს თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო...

- ბუდუს პოლიტიკური ნიშნით არ ათამაშებენო. ეს გამაოგნებელი რამეა, სიგიჟეა, რომელზეც გავერთე, სიმართლე გითხრათ, თუმცა მადლობა ბუდუს. ლოკალურმა სიგოიმემ ცოტათი გამაკვირვა, როცა ნაკრების ბიჭებს ყველანი უნდა ვგულშემატკივრობდეთ - ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ბრწყინვალედ გამოდის, ერი ხარობს, დოპამინი "მოედინება", ვიღაცებს კი სურთ, მაშინვე ნეგატიურ განწყობაში "გადაგაგდონ". ჩემთვის ეს ადგილობრივი სიგოიმეა.

- რეზო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიური პროგნოზების შესახებ ვიდეოების გამოქვეყნება რამ შთაგაგონათ?

- საერთოდ აზრზე არ ვარ, რას ვლაპარაკობ. ზოდიაქოს რა ნიშანია, ეგეც კი არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონი მიხეილ ცაგარელი კარგი ფსიქოლოგია. შესაბამისად, ასტროლოგია ყოფილა ცოტა უფრო განსხვავებული, დახვეწილი ფსიქოლოგია - არტფსიქოლოგია: მხატვრული სახე აქვს - შეგიძლია, სისულელეები ისაუბრო, ერთი და იmaვე ადამიანს ზოდიაქოს 12 ნიშნის სახელით ელაპარაკო ან პირიქით... საინტერესო და სახალისოა... ბატონი მიხეილი საინტერესო მთხრობელი, კარგი ორატორია, პაროდირებასაც ექვემდებარება და რავი, მის პოპულარობას ხელს ვუწყობ, რა, სულელი გოგოები კი ხარობენ, სულელი ბიჭები - "იგრუზებიან".

- ბატონი მიხეილის პროგნოზების არ გჯერათ თუ საერთოდ, ასტროლოგიის?

- ასტროლოგიის არ მჯერა, მაგრამ მჯერა ადამიანების ხასიათის სხვადასხვა თვისების დაბადების. ზოდიაქოს 12 ნიშანი იქნება თუ 150, შეგვიძლია, ადამიანები გარკვეულ კატეგორიებად დავყოთ და ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ მაგალითად, თვის 17 რიცხვიდან 17-მდე იყო დაბადებული. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, ზღაპრის თემაა.

- კიდევ ვისი პაროდიის გაკეთება შეგიძლიათ?

- უცნაური ადამიანების პაროდიები გამომდის. როგორც ჩანს, პაროდიის უნარი მაქვს. სცენარისტის თვისებები მახასიათებს და რაღაცნაირად, ვიცი, პერსონაჟს პაროდიისას რა უნდა ვათქმევინო, როცა უკვე მისი ხასიათის თვისებებს აღმოვაჩენ ხოლმე... არასერიოზული პოლიტიკოსების პაროდია შემიძლია. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის პაროდიას ბრწყინვალედ გავაკეთებ, ასევე - ბადრი ჯაფარიძის, გიორგი გახარიასი... რამდენი არასერიოზული პოლიტიკოსი გვყოლია (იცინის)!..

- უცებ დაგვისახელე ერთი ქართველი, ღირსეული, მოქმედი პოლიტიკოსი...

- მოდი, ამ წინადადებას "პოლიტიკოსი" გამოვაკლოთ და გეტყვით: ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ, რომელზეც "რეზო და ბავშვები" სიმღერას ვამზადებთ. ქალბატონი ნონას სახით, სამყაროს ჭადრაკის დაფაზე ნამდვილი მეფე გვყავს და არა - დედოფალი. თქვენი ჟურნალის საშუალებით გადავცემ, რომ სიამოვნებით მოვასმენინებთ სიმღერას, რომელიც უკვე გამზადებული გვაქვს და ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ქალბატონი ნონა უფლებას მოგვცემს, რომ ეს სიმღერა თამამად შევასრულოთ.

- როგორი ქცევა გახასიათებთ, როცა ემოციებზე კონტროლის უნარს კარგავთ?

- სამწუხაროდ, ემოციების კონტროლის უნარს ხშირად ვკარგავ, რაც უამრავ შეცდომად აისახება ხოლმე, მაგრამ გამოუსწორებელიც არაფერი ყოფილა... ვისურვებდი, რომ ემოციები უფრო მეტად ვაკონტროლო. მაგალითად, სიმღერაში - "ველოსიპედი" ასახულია ასეთ დროს როგორ ვიქცევი: "თუ მომეფერები, მოგეფერები მეც... გამიბრაზდები? გაგიბრაზდები მეც..." ეგ არის, რა.

- როგორი ბავშვი, მოსწავლე იყავით?

- კარგი მოსწავლე და მგონი, კარგი ბავშვიც ვიყავი, გარკვეული ლიდერული თვისებებით გამორჩეული. ძალიან აქტიური გახლდით: კარგადაც ვსწავლობდი, კარგადაც ვცელქობდი, ვმღეროდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი და საერთოდ, რასაც ხელს ვკიდებდი, ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, რაც შესაბამისად, მასწავლებლებს, ჩემს გარემოცვას ჩემ მიმართ დადებითად განაწყობდა. სხვათა შორის, დედაჩემს ჩემი ძმის შესახებ იმავეს არ ეუბნებოდნენ, რასაც ჩემზე.

- ძმა უფრო მეტად ცელქი იყო?

- ჰო. ახლაც უფრო ცელქია, ვიდრე მე. ჩემზე 1 წლით უმცროსი გახლავთ. ჩემს სფეროში არაა, მაგრამ რომ მოენდომებინა, ჩემზე უკეთესიც იქნებოდა, რადგან ძალიან კარგად მღერის, უკრავს, ერთობა და ჩემგან განსხვავებით, სვამს კიდეც (იცინის).

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?

- შრომისუნარიანობა, მიზანდასახულობა. როგორც გითხარი, 4 საათი მძინავს. თუ რამე სასწრაფოდ გასაკეთებელია, საერთოდ არ მძინავს, რადგან საქმის მიმართ ერთგულება ჩემთვის ყველაზე დიდი ერთგულებაა. ჩემთან ურთიერთობაში ვინც საქმისადმი ჩემი დამოკიდებულების, ღირებულების სტანდარტებს არღვევს, მასთან არაფერს არაფრად მივიჩნევ, მათ შორის - არც ღალატს ღალატად. ადამიანი, რომელიც ჩემი სიმღერებით, ჩემი საქმით ცხოვრობს, მინდა აღფრთოვანებულიც იყოს იმით, რასაც ვაკეთებ. აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილების განცდა მაინც ჰქონდეს, რა...

- უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოხდა, როცა ბევრი ადამიანი შეეცადა, თავი უსარგებლოდ მეგრძნო, მაგრამ ზუსტად ასეთ დროს, საკუთარ თავს ვპოულობ და ვხვდები, ჩემი თავი სულ მჭირდება: ყველასგან მიტოვებულს შეგიძლია, მზის სხივებით დატკბე, გულში სიხარული იპოვო, არ გაბოროტდე, ადამიანად დარჩე და პიროვნებად შედგე. თუ ამას მოახერხებ, უსარგებლო ადამიანი არ იქნები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვჭირდებით საკუთარ თავს, ოჯახს, შვილებს, ქვეყანას და ა.შ.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?

- არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც ბევრ დროს ვატარებ (რამდენიმე აღარ არსებობს და ვეღარ დავასახელებ), მაგალითად - ერთ-ერთი მათგანი ჩვენი ჯგუფის მენეჯერი - ივანე გახლავთ, რომელიც ჩემ გვერდით ზის და გვისმენს... კიდევ მყავს საინტერესო, ამოჩემებული ადამიანები, ვისთან საუბრებიც მიყვარს. სტუდიაში ვიკრიბებით, ინფორმაციას ვცვლით... ბორჯომშიც, თბილისშიც მყავს რამდენიმე ადამიანი, ვისთანac მეგობრობა, საუბარი ძალიან მსიამოვნებს.

- ცხოვრებაში თქვენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- 1 მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს, რომელზეც დიდი ხანია, ჩამოვყალიბდი საკუთარ თავთან, გარემოცვასთან და ღმერთთან. ეს არის ამ ქვეყნის სიყვარული, ჩაღრმავება - თუ რა მისია აქვს ამ ქვეყანას და საერთოდ, რატომ არსებობს... ამ ქვეყნისთვის, რომელშიც ჩემი შვილები ცხოვრობენ და მინდა იცხოვრონ, ყველაფერი უნდა გავაკეთო, სანამ ცოცხალი ვარ. გარკვეულ ასაკამდე ასე განწყობილი არ ვიყავი: ვცხოვრობდი ჩემთვის, ჩემი გართობისთვის, ეგოისტური სიამოვნებისთვის... დგება ეპიზოდები, როცა ადამიანმა უნდა გაიაზრო, გონება "გაწურო" და საბოლოოდ ჩამოყალიბდე, ყოველი დღე რატომ თენდება - მხოლოდ იმიტომ, რომ ჭამო თუ დანარჩენი სამყაროც რაღაცას აკეთებს?..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"