"მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაუყვანიათ - "შავ დელფინში", რუსეთის ყველაზე საშიშ ციხედ ითვლება, უვადო პატიმრობით იხდის სასჯელს. ეს იმდენად გასაიდუმლოებული საქმეა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც კი ვერ გაგცემდათ ამაზე პასუხს" - კვირის პალიტრა

"მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაუყვანიათ - "შავ დელფინში", რუსეთის ყველაზე საშიშ ციხედ ითვლება, უვადო პატიმრობით იხდის სასჯელს. ეს იმდენად გასაიდუმლოებული საქმეა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც კი ვერ გაგცემდათ ამაზე პასუხს"

რომელთა მეომარი შვილებიც უკვე თვეებია რუსეთის ციხეში, არაადამიანურ პირობებში იხდიან სასჯელს, ყველა მათგანს დონეცკის ე.წ. სასამართლომ აბსურდული ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის თქმით, მათთვის ერთადერთი გამოსავალი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლაა.

ერთ-ერთი ტყვის, არტურ ნივერჩუკის დედის თქმით, მის შვილს, მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად, უმძიმეს მდგომარეობაში უწევს ყოფნა, მათ არ ჰყავთ ექიმი, არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, არ აქვთ საკვები და რაც მთავარია - მასზე ძალადობს ციხის ადმინისტრაციაც კი...

- ჩემი შვილი 2019 წელს "აზოვის" პოლკში, კონტრაქტით ჩაირიცხა. მაშინ მასშტაბური ომი არ მიმდინარეობდა. ომი რომ დაიწყო, ისინი მარიუპოლში, შიროკინასა და მთელი დონეცკის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდნენ... ბოლოს ის სამი წლის წინ, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვნახე, 86 დღის განმავლობაში "აზოვსტალში" იყვნენ, მარიუპოლს იცავდნენ, არადა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკვე ალყაში იყვნენ მოქცეული. მას შემდეგ, რაც სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს, წინააღმდეგობა შეწყდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენი ბიჭების ნაწილი ტყვედ აიყვანა და რუსეთის სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილა. თქვეს, რომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის ან დნრ-ის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) ან ლნრ-ის (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) ტერიტორიაზე დატოვებდნენ, შემდეგ კი ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში, უკრაინაში დააბრუნებდნენ... თუმცა, 900-ზე მეტი ადამიანი რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმოფანტეს, ვინ სად წაიყვანეს, არავინ იცის.

თებერვალში გავიგეთ, რომ არტური, დნრ-ის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის ნოემბრიდან ორენბურგის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაუყვანიათ, რომელსაც "შავ დელფინს" უწოდებენ (ის რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე საშიშ ციხედ ითვლება), უვადო პატიმრობით იხდის სასჯელს. როგორც ჩემი შვილის მასალებშია მოცემული, ის იმ მოტივით გაასამართლეს, თითქოს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ფიზიკური ძალადობის ფონზე, კამერის წინაშე აიძულეს "დანაშაული ეღიარებინა", თითქოს ქალაქ მარიუპოლში 5 ადამიანს ესროლა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა...

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბსოლუტური სისულელეა, თავად უკრაინელს თავისივე ხალხი დაეხოცა... ჩემს შვილს ყველაზე კარგად ვიცნობ, ის უდანაშაულო ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ ესროდა.

- იცით, სინამდვილეში რა მოხდა?

- მხოლოდ ის ვიცი, რაც რუსული პუბლიკაციებიდან გავრცელდა, რაც რა თქმა უნდა, "ფეიკია". ჩვენ, დედებს, რომელთა შვილებიც რუსეთის ციხეებში არიან, "ტელეგრამზე" ჯგუფი გვაქვს, სადაც ამ საქმის გარშემო აზრებს ვცვლით - ყველა პუბლიკაციაში ერთი და იგივე წერია, მითითებულია მარიუპოლის კონკრეტული ადგილები, სადაც ვითომ მათ დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, ესროლეს და ა.შ. "აზოვის" პოლკი 2014 წელს შეიქმნა და მარიუპოლთან ახლოს იყვნენ ლოკალიზებული. თუ მართლა მკვლელები იყვნენ, 2022 წლამდე, მთელი ხუთი წლის განმავლობაში რატომ არ დახოცეს უდანაშაულო ადამიანები?.. ადვოკატი გვეუბნება, რომ რამდენიმე პუნქტი "გადასამუშავებელია" და იქნებ რამე გამოვიდეს.

ჩემი შვილის ხმა ბოლოს 2022 წლის 11 აპრილის დასაწყისში მოვისმინე. მანამდე პერიოდულად გვეხმიანებოდა. ცუდი კავშირი იყო და მითხრა, რომ შესაძლოა, მეტჯერ ვეღარ დაგიკავშირდე, ალყაში გვაქცევენ და არ ვიცი, რა იქნებაო... ეს ბოლო საუბარი იყო, შემდეგ კავშირი გაწყდა. ტყვედ აყვანისა და გასამართლების შემდეგ, მისი ხმა არ გამიგონია. დიდი წვალებით, ოსეჩკინის დახმარებით (პროექტ გულაგუ.ნეტ-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ოსეჩკინი, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგე რუსი ჯარისკაცების საზღვარგარეთ ევაკუაციის პროგრამა დააფუძნა და ზოგ შემთხვევაში, მათ რუსეთის დატოვებაში ეხმარებოდა) გავიგე არტურის შესახებ, ასევე ისიც, თუ რომელ ციხეში ჰყავდათ ჩემი შვილი. ის ჰყვებოდა, ორენბურგის ყველაზე საშიში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მყოფ პატიმარზე, ვინმე მაქსიმზე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც არტურის მსგავსად ე.წ. დნრ-ის სასამართლომ გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მანვე უპოვა მაქსიმს ადვოკატი, რომელმაც მისი დახმარებით სხვა ბიჭების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ "შავ დელფინში" ის ერთადერთი არ იყო, ვინც ამ ბრალდებით გაასამართლეს. შემდეგ ადვოკატმა დაურეკა მაქსიმის დედას და ეს ამბავი გააგებინა, სწორედ ის დაუკავშირდა სხვა ბიჭების დედებსაც. ეს ადვოკატი ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ შეუშვეს კოლონიაში და იმედი გვაქვს, კიდევ შეძლებს იქ შესვლას.

- რა გითხრათ, რა ვითარებაში არიან ტყვეები?

- გვითხრა, რომ არტური ძალიან გახდა, მას სხეულის მასის 25% დაკარგული აქვს, თებერვლის შემდეგ პროსტატა ტანჯავს, შარდში სისხლს აყოლებს, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ექიმი არ ნახულობს; მეტიც, ციხის ტერიტორიაზე, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სამედიცინო ნაწილიც კი არ არის. ერთი თვის წინ დაწერეს განცხადება ექიმის მისვლის მოთხოვნაზე, მაგრამ მივიდა თუ არა, დღემდე არ ვიცით.

"შავ დელფინში" მიმდინარე წლის თებერვლიდან არიან, მანამდე ერთი კოლონიიდან მეორეში ატარებდნენ და იმ ჯოჯოხეთამდე, რომელშიც ახლა იმყოფება, რა გამოიარეს, ღმერთმა იცის... მათი საკვები ერთი ნაჭერი პური და რაღაც წვნიანია, ერთი ნაჭერი კომბოსტოთი და კარტოფილით... მიუხედავად ამისა, მათ აიძულებენ იმუშაონ, ერთი თვე ღამის ცვლაში, მეორე თვე კი დღის ცვლაში, ჯარისკაცებისთვის სამოსს კერავენ, დაჯდომის უფლება თავისუფალ დროსაც კი არა აქვთ. 12 საათის განმავლობაში, სულ ამუშავებენ... ციხის ადმინისტრაცია გამუდმებით ძალადობს მათზე...

ჩემმა შვილმა ადვოკატს უამბო, რომ სულ ბოლო დღეების კოშმარი - მარიუპოლი ესიზმრება, როდესაც შეუჩერებლად ესროდნენ ჭურვებს, ალყაში მოქცეულები კი ყოველ წუთს სიკვდილს ელოდნენ... გამუდმებით თვალწინ უდგას ის უმძიმესი დღეები, როდესაც ბუნკერში იყვნენ, მათ გარშემო კი ალყა ვიწროვდებოდა და ყოველ წუთს შეიძლებოდა დაებომბათ და ნანგრევებში აღმოჩენილიყვნენ.

ამ კოლონიაში სასჯელს იხდიან მკვლელები, რეციდივისტები. ადვოკატი, რომელსაც ჩვენ თანხას ვუხდით, რათა როგორმე შეაღწიოს არტურთან და მისი მდგომარეობა გაიგოს, ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებს.

მისი თქმით, არსებობს ერთადერთი გამოსავალი - უკრაინულ მხარეს ჰყავს ასევე სამუდამო პატიმრობამისჯილი რუსი ჯარისკაცები, მათი გაცვლა შეიძლება იმ ბიჭებში, რომლებიც "შავ დელფინში" იმყოფებიან. სხვა შანსი თითქმის არ არსებობს.

- თავად საიდან ხართ?

- დასავლეთ უკრაინის ქალაქ როვენსკაიადან. ყოველდღე რუსული ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების ქვეშ გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც წარმოვიდგენ, ჩემი ერთადერთი შვილი რა მდგომარეობაშია. არ ვიცი, რისი იმედი უნდა მქონდეს, უკრაინაში ქაოსია. მთელი ქვეყანა ომშია. ამ ათობით ათასი სამხედროს დასაბრუნებლად იმდენს აკეთებენ, რამდენიც შეუძლიათ, ეტაპობრივად აბრუნებენ და მადლობა მათ ამისთვისაც, მაგრამ ეს ბიჭები, ჩემი შვილი და მისი მეგობრები უკიდურესად საშიშ პატიმრებთან ერთად იხდიან სასჯელს და არავინ იცის, როდის ვის რა წამოუვლის თავში... ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე, მაგრამ როგორ?.. ადგილს ვერ ვპოულობ. მის გარდა სხვა არავინ მყავს. მარტომ გავზარდე. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს და პერიოდულად ვცდილობ, ჩამოვიდე, რათა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინო ხმა... "შავი დელფინის" გაგონებაზე ყველა თავს სინანულით იქნევს - ძალიან მძიმე სიტუაციაა, ფაქტობრივად, სრულიად დახურული კოლონიაა და არ ვიცით, რა შეიძლება გამოვიდესო.

- თქვენი ვაჟი ომამდე რას საქმიანობდა?

- ჩემი შვილი სკოლაში დადიოდა, შემდეგ სტილისტის კურსების გავლა უნდოდა, თავისი სალონის გახსნას აპირებდა... თუმცა, "აზოვში" წავიდა, რათა თავისი ქვეყანა დაეცვა, ახლა კი კაციჭამიებთან იხდის სასჯელს. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორია კი არ არის, რამდენიმე ათეულის უბედურებაა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი შვიდნი არიან, ისეთივე პატარა ბიჭები, როგორც ჩემი არტური, 1998-2000-იან წლებში დაბადებულები და ისინი თითქოს ყველამ დაივიწყა. ჩვენ, დედები საკუთარი ძალებით ვცდილობთ, რაღაც ფონდები, ორგანიზაციები ვიპოვოთ, რომლებიც ტყვეთა გაცვლაზე მუშაობენ და მათ ხმა მივაწვდინოთ.

სერგეი, რუსი ადვოკატი:

- არტურ ნივერჩუკი სამხედრო ტყვე არ არის, ის გასამართლებული პატიმარია, ამ ორს შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა. "დონეცკის რესპუბლიკის" სასამართლომ მას უკვე გამოუტანა განაჩენი - უვადო პატიმრობა და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ორენბურგის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში იმყოფება. აღნიშნულ ციხეში უვადო პატიმრობამისჯილები იხდიან სასჯელს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დედა დამიკავშირდა... არცთუ ისე დიდი ხანია, ამ საქმით ვარ დაკავებული, სულ რამდენიმე თვეა. ზოგადად, ასეთ საქმეებს ხელს არ ვკიდებ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს. ამიტომ, უბრალოდ ვცდილობ, მის გარშემო სიტუაცია გავაკონტროლო, რომ არ მოხდეს კანონდარღვევა.

- მაგრამ ის მაინც ხდება, არა?

- დიახ, მაგრამ ეს არის ციხე უვადო პატიმრობამისჯილებისთვის, სადაც სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანები იხდიან სასჯელს. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტია, ვცდილობ დედის წერილი და ფოტოები გადავცე, თუნდაც სოციალური ქსელით მიღებული, რადგან საზღვრის მიღმა მას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

- რუსეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების დოკუმენტის მოპოვება შეძელით?..

- არა, არ მიმიღია ეს დოკუმენტი, ამის გაკეთებას არტურის ოჯახი თავად უნდა შეეცადოს - უნდა მიმართონ ტერიტორიის, იმ ოლქის იურიდიულ დაწესებულებას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემთვის ამის გაკეთება დაახლოებით იგივეა, რაც გერმანიაში ჩასვლა - იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვიმყოფები, დონეცკამდე 2 500 კმ-ზე მეტია. ამიტომაც, მე მათაც, ნივერჩუკის ოჯახსაც ავუხსენი, რომ თავად უნდა მიმართონ ადგილობრივ იურისტებს ამ გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მე გავასაჩივრო.

- როგორ ხედავთ ისეთი ორგანიზაციების როლს, როგორიც მაგალითად, "წითელი ჯვარია"?

- საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი გამოვიდა ყველა მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, შესაბამისად, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. თუმცა, იმ შემთხვევისთვის, თუ ტყვეთა გაცვლის შესაძლებლობა გაჩნდება, ოჯახმა არ უნდა მისცეს ნება არავის, რომ ეს გვარ-სახელი გაქრეს ან მიივიწყონ. ამის შესახებ მე დედასაც ვესაუბრე. არსებობს სხვადასხვა ორგანიზაცია, ასევე მედია, იმისთვის, რომ მისი გვარი ხშირად გააჟღერონ. კონკრეტულად ახლა, დღეის მდგომარეობით, გაცვლაზე საუბარიც ზედმეტი მგონია.

- ე.წ. დნრ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ?

- ეს დოკუმენტი არ მინახავს... ახლა ამ საქმეზე საუბარი, მასზე მსჯელობა ძალიან გამიჭირდება, რადგან საქმის დეტალებს არ გავცნობივარ.

- თავად გქონდათ პატიმრის ნახვის შესაძლებლობა? როგორია მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

- დიახ და მიმდინარე კვირას ვაპირებ იქ წასვლას, მის მონახულებას... იმის გათვალისწინებით, რა სტატუსის დაწესებულებაშიც იმყოფებიან, სიტუაცია ნორმალურია და პირობებიც ასატანია, შინაგანი შფოთი და ნერვიულობა აქვთ, რაც სულაც არ არის გასაკვირი... რაც შეეხება, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ომგამოვლილი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმები თანმდევია, ეს არის პოსტსაომარი სინდრომი, რომელიც ომში ნამყოფ ადამიანებს აქვთ.

- იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც თქვენ რუსეთში გაქვთ, როგორ ფიქრობთ, რით შეგიძლიათ მას დაეხმაროთ?

- დღესდღეობით იმის თქმა შემიძლია, რომ მხოლოდ მისი ნახვის შესაძლებლობა მაქვს - ვნახო, როგორია მისი ჯანმრთელობა, ხომ არ არის დარღვევები ადმინისტრაციის, პერსონალის მხრიდან, ოჯახის წერილები და ფოტოები შემაქვს, რათა მათ იცოდნენ, რომ ცოცხალია. სხვა გავლენა მის საქმეზე ჯერჯერობით არ მაქვს, ვგულისხმობ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას, ასევე, ტყვეთა გაცვლის თემას, რომელიც მე არ მეხება...

- სხვა ტყვეებში მისი გაცვლა, ყველაზე რეალური შანსი და იმედია, არა?

- ყოველგვარი კამათის გარეშე, ასეა ყველასთვის, მნიშვნელობა არა აქვს, გასამართლებულია თუ ტყვეა. უკრაინაში ხომ არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ასევე გაასამართლეს, ორივე მხარის შინ დასაბრუნებლად საუკეთესო გამოსავალი მათი გაცვლაა. ვფიქრობ, ეს ორივე ქვეყანას უნდა უნდოდეს.

- ამ საქმემდე მსგავს თემაზე გიმუშავიათ?

- იმის გათვალისწინებით, რომ ომი ახლახან დაიწყო და ჩემთვის ეს პირველი საქმეა, არა, თუმცა, არც პრეცედენტზე მსმენია. არც ის მსმენია, ვინმე გასამართლებულს ეძებდნენ და რამე გამოუვიდათ ან პირიქით - არაფერი გამოვიდა. ასეთი საქმეების შესწავლა სწრაფად არ ხდება. ისინი 2022 წელს ტყვეებად აიყვანეს, 2023 წელს გაასამართლეს და განაჩენიც გამოუტანეს. ასეთი საქმეების გამოძიება სწრაფად არ ხდება.

- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, მსგავს საქმეზე არტურთან ერთად რამდენი ბიჭია გასამართლებული?

- ეს იმდენად გასაიდუმლოებული და სპეციფიკური საქმეა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც კი ვერ გაგცემდათ ამაზე პასუხს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"