მოხუცი და თეთრი სახლი: შეცვლიან თუ არა ბაიდენს - "კამალა ჰარისი დონალდ ტრამპზე ისე გაიმარჯვებს, როგორც არაფერი" - კვირის პალიტრა

მოხუცი და თეთრი სახლი: შეცვლიან თუ არა ბაიდენს - "კამალა ჰარისი დონალდ ტრამპზე ისე გაიმარჯვებს, როგორც არაფერი"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC), ტრადიციულად, ფართოდ უთმობს ყურადღებას აშშ-ის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას და აქვეყნებს სარედაქციო ანალიტიკურ სტატიას სათაურით - „რა იქნება, თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება: პლუსები და მინუსები დემოკრატებისათვის“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში არ წყდება დისკუსიები ჯო ბაიდენის პერსპექტივაზე საპრეზიდენტო არჩევნებში. თავად 81 წლის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ტელედებატებში მისი გამოსვლა ძალიან დაბალ დონეზე შეფასდა, დაჟინებით ამბობს, რომ მას ბრძოლის გაგრძელებისა და გამარჯვების უნარი აქვს. ჯო ბაიდენის ნათქვამის ბევრს არ სჯერა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას დაარწმუნებენ საარჩევნო რბოლიდან თავისი კანდიდატურის მოხსნაში (ნოემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი), იბადება კითხვა - ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება და როგორ გამოვა ალტერნატიული კანდიდატი დონალდ ტრამპთან ორთაბრძოლაში.

ორი დღის წინათ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელობამ, სხვა საკითხებთან ერთად, ჯო ბაიდენის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, შანსებიც განიხილა. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ძლიერდება ტენდენცია, რომ ჯო ბაიდენის პერსპექტივა თანდათან უიმედო ხდება.

არის თუ არა სიტუაციის გამოსწორების შანსები და რა უნდა გააკეთონ დემოკრატებმა თავიანთი კანდიდატისა და, რაც მთავარია, პარტიის რეპუტაციის გადასარჩენად?

ახალი სტარტის აუცილებლობა და შესაძლებლობა

იმ დემოკრატების შორისაც კი, რომელიც ბოლო დრომდე ჯო ბაიდენს იცავდნენ, ზოგიერთები უკვე დარწმუნდნენ, რომ შეუძლებელია თავის არიდება ისეთი კითხვებისაგან, რომლებიც კანდიდატის ასაკს და გონებრივ მდგომარეობას ეხება.

„დონალდ ტრამპთან გამართულმა დებატებმა ამერიკელ ხალხში სამართლიანად გამოიწვია დაინტერესება - აქვს თუ არა ჯო ბაიდენს იმდენი ენერგია, რომ მეტოქეზე გაიმარჯვოს?“, - აცხადებს კონგრესმენი-დემოკრატი ადამ შიფი, კალიფორნიიდან, რომელიც, მართალია, არ მოუწოდებს ჯო ბაიდენს, რომ მან კანდიდატურა მოხსნას (ჯერჯერობით ასეთი პოზიცია საჯაროდ მხოლოდ პალატის წევრმა ხუთმა დემოკრატმა გამოხატა), მაგრამ სთხოვს, ჯო ბაიდენს გაესაუბროს და რჩევა ჰკითხოს ობიექტურ ადამიანებს, შემდეგ კი გადაწყვიტოს - ნამდვილად არის თუ არა თვითონ ყველაზე საუკეთესო კანდიდატი.

„თუ გავითვალისწინებთ ჯო ბაიდენის ღირსშესანიშნავ წარმატებებს და დონალდ ტრამპის მმართველობის საშინელებებს, წესით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი იატაკზე უნდა მიასრისოს. სად ჯო ბაიდენის ნიჭი და გამოცდილება და სად დონალდ ტრამპის უნარები? მათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ისინი წინასაარჩევნო რბოლაში ერთმანეთს ფეხდაფეხ ჯერჯერობით იმიტომ მიჰყვებიან, რომ ჯო ბაიდენს მისი გასწრება ერთადერთი მიზეზით არ შეუძლია - ასაკის გამო“, - ამბობს ადამ შიფი, რომელიც ცდილობს ამერიკელ ამომრჩევლებს ჩაუნერგოს აზრი, რომ ამ შემთხვევაში ასაკი გადამწყვეტ როლს არ ასრულებს: არც დონალდ ტრამპი არის ახალგაზრდა და თუ ჯო ბაიდენს ამის გამო აკრიტიკებენ, მაშინ იმავეს იმსახურებს დონალდ ტრამპიც.

მაგრამ ადამ შიფი ცბიერულად უდგება საკითხს და აქცენტები ასაკზე გადააქვს. სინამდვილეში, დემოკრატების პრობლემა ჯო ბაიდენის ასაკი კი არ არის, არამედ - მისი ფიზიკური მდგომარეობაა.

პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე [ლიბერალური] ნაწილის ამომრჩევლები ჯო ბაიდენის შანსების მიმართ თანდათან იმედს კარგავენ. გასულ კვირას გამოქვეყნდა გაზეთ Wall Street Journal-ის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, დემოკრატების მხოლოდ 86%-მა განაცხადა, რომ თავის ხმას ჯო ბაიდენს მისცემს. ყურადღება მივაქციოთ: სამი თვის წინათ ეს ციფრი 95%-ს შეადგენდა.

თუ დემოკრატები მოასწრებენ და ამერიკელ ამომრჩევლებს რომელიმე ახალ კანდიდატურას შესთავაზებენ, მას, რასაკვირველია, ჯო ბაიდენის პოლიტიკური გამოცდილება არ ექნება, რაც კანდიდატს ნეგატიურ შარავანდედს შეუქმნის. გარდა ამისა, ასაკის გამო კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჯო ბაიდენს (და, შესაბამისად, დემოკრატიულ პარტიას) სხვა ბევრი საკითხის გამოც საყვედურობენ - აშშ-ის ეკონომიკის არასასურველი (რბილად თუ ვიტყვით) მდგომარეობიდან მექსიკელი იმიგრანტების ნიაღვრის გამო.

ამომრჩევლებში ნეგატიურ გამოხმაურებას ბადებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არათანმიმდევრულობაც, ისრაელის მხარდაჭერის საკითხში. რიგ შტატებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, დემოკრატთა საყრდენებს წარმოადგენენ, ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, მიჩიგანში პრაიმერიზის დროს ჯო ბაიდენს 100 ათასმა დემოკრატმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა.

„მძინარე ჯოს“ არაპოპულარობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს დემოკრატთა შანსების მიმართ სხვა თანამდებობებზე არჩევნების დროს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

„დღეს იქნება თუ ხვალ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მალე დავინახავთ, რომ კონგრესის წევრები პირდაპირ განაცხადებენ - მათ ასეთი სიტუაცია არ აწყობთ“, - აღნიშნა Fox News-ისადმი მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან ტიმ რაიანმა.

„მერე რა, რომ ჯო მოხუცია... მას წარმატება მოაქვს“

დემოკრატიულ პარტიაში, ასევე, არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ნებისმიერ ახალ კანდიდატს, ჯო ბაიდენთან შედარებით, შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს, მაგრამ არსებობს სერიოზული რისკებიც.

თუ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტი დათანხმდება საარჩევნო რბოლიდან გამოსვლას, რა მოხდება ამ ნაბიჯის შემდეგ, გაურკვეველია: კონკრეტულად ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება, მხარს დაუჭერს თუ არა მთელი დემოკრატიული პარტია ახალ კანდიდატს და, რაც მთავარია, როგორ გამოვა ეს კანდიდატი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - შეძლებს თუ არა იგი რესპუბლიკელი მეტოქის დამარცხებას?

ჯო ბაიდენის რამდენიმე მოკავშირე მიუთითებს, რომ მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს და სხვას არავის შეუძლია მეტოქეზე გამარჯვება და რომ ჯო ბაიდენს მართლაც აქვს ამის უნარი: „დიახ, ჯო ბაიდენი მოხუცია“, - აღიარა ასევე მოხუცმა, 82 წლის სენატორმა ბერნი სანდერსმა ტელეარხ „სიბიესისათვის" (CBS) მიცემულ ინტერვიუში, - დიახ, იგი თავის აზრებს მკაფიოდ ვეღარ აყალიბებს. ცხადია, მინდა, რომ მან ისევ ახალგაზრდულად აირბინოს თვითმფრინავის ტრაპის საფეხურები... დიახ, მას ასე აღარ შეუძლია... მაგრამ ჩვენ ფოკუსირება პოლიტიკაზე უნდა მოვახდინოთ: ფაქტია, რომ ჯო ბაიდენის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა და კიდევ მოუტანს“.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსონმა გასულ შაბათ-კვირას ჯო ბაიდენის სასარგებლო აგიტაცია გასწია და ყველგან ერთსა და იმავეს ამბობდა: „რესპუბლიკელები სწორედ იმას ცდილობენ, რომ ჩვენს პარტიაში განხეთქილება შეიტანონ. მათ სურთ, რომ ჯო ბაიდენის ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო ჩვენ ერთმანეთს გადავემტეროთ. ეს ძალიან მავნე დისკუსიაა და მას თავი უნდა ავარიდოთ“.

გევინ ნიუსონის მსგავსად ლაპარაკობს მიჩიგანელი კონგრესვუმენი დები დინგელი „სი-ენ-ენის“ (CNN) ეთერში: „რესპუბლიკელებს უნდათ, რომ საკუთარ რწმენაში ეჭვი შევიტანოთ. ახლა მთელი ძალები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ“.

კამალა ჰარისი? პოტენციური რეზერვი

საყოველთაოდ არის გავრცელებული აზრი, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი - ინდური ფესვების მქონე ფერადკანიანი [დედა ინდოელი, მამა - იამაიკელი აფრიკელი], 60 წლის კამალა ჰარისი ამერიკელ დემოკრატ ამომრჩევლებში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. მაგრამ დემოკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მის წარდგენაზე კანდიდატად, თუ საკითხი ჯო ბაიდენის ჩანაცვლებაზე დადგება.

სენატორმა ტიმ ჰარისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბოლოსდაბოლოს, უკიდურეს შემთხვევაში, ჯო ბაიდენის ჩანაცვლება ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისით შეიძლება: „მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე უკეთესი გამოსავალი სწორედ კამალა ჰარისის კანდიდატად წამოყენება იქნებოდა. ვინც ამბობს, რომ კამალა უფრო სარისკო კანდიდატურა არის, ვიდრე ჯო ბაიდენი, ისინი რეალურ სიტუაციაში ვერ ერკვევიან“. ადამ შიფიც აცხადებს, რომ კამალა ჰარისი დონალდ ტრამპზე ისე გაიმარჯვებს, როგორც არაფერი.

ბევრი დემოკრატის აზრით, კამალა ჰარისის სასარგებლოდ მეტყველებს მისი ასაკი, გამოცდილება და ქალობა. „მან კარგად იცის თავისი საქმე. ახლა რომ კამალა ჰარისს ყურადღება არ მივაქციოთ, შეცდომა იქნება“, - ამბობს დონა ბრაზილი, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.

ობიექტურობის პრინციპს თუ დავიცავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მართლაც ასეა. კამალა ჰარისი ვიცეპრეზიდენტად თავის დროზე იმიტომაც აირჩიეს, რომ იგი შავკანიანი ქალია და თუ მას ახალი კანდიდატის ძიებისას ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს დემოკრატების ტრადიციული ფერადკანიანი ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო