"სრულიად საიდუმლოდ": "ჩაწყობილი" ავიაკატასტროფა - ბოლო გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს და "კა-გე-ბეს" აგენტი დედა-შვილი - კვირის პალიტრა

"სრულიად საიდუმლოდ": "ჩაწყობილი" ავიაკატასტროფა - ბოლო გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს და "კა-გე-ბეს" აგენტი დედა-შვილი

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობის მრავალი ფორმიდან „გავლენის აგენტი“ ყველაზე პრივილეგირებულ აგენტურას მიეკუთვნება და მას იმდენად უფრთხილდებიან, რომ „გავლენის აგენტის“ ვინაობა, გადაბირების ნიუანსები და მოტივების შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან. საბჭოთა სპეცსამსახურებში, რომლებიც „რჩეულთა დახურული კლუბი“ და „ელიტური კასტა“ იყო, ახალი წევრების მიღება–დაწინაურება დიდ სიფრთხილით ხდებოდა.

ამ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „დინასტიურობის პრინციპს“: ვეტერანი ჩეკისტების შთამომავლებისთვის სუკ–ში ან სამხედრო დაზვერვაში ჩარიცხვა გაცილებით იოლი იყო, ვიდრე „უბრალო მოკვდავთათვის“. ამ პრინციპს იყენებდა საბჭოთა დაზვერვა საზღვარგარეთ წლების მანძილზე კავშირზე მყოფი აგენტურის „დაკონსერვების“ ან „დაარქივების“ შემთხვევაშიც: ხშირად ძველი აგენტის ოჯახის წევრები ან უახლოესი ნათესაობა აგრძელებდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.

აგენტურის ჩანაცვლების „დინასტიურობის პრინციპი“ ძალზე პერსპექტიული და განსაკუთრებით შედეგიანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც სუსტი დემოკრატიის გამო უმაღლესი პოლიტიკური პოსტები ფაქტიურად მემკვიდრეობითა და პროტექციით ნაწილდება. ამგვარ შემთხვევებში საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები ყოველნაირად უწყობენ ხელს „გავლენის აგენტების“ დინასტიების შექმნა–შენარჩუნებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გადახედეთ თუნდაც შუა აზიის ქვეყნების უახლეს ისტორიას და დარწმუნდებით ამ მოსაზრების სისწორეში.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სპეცსამსახურების არქივებიდან მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი, შემდგომ კი მისი უფროსი ვაჟი რაჯივ განდი ათწლეულების მანძილზე თანამშრომლობდნენ საბჭოთა დაზვერვასთან.

ინდოეთის ინიციატივით შექმნილი ე.წ. „მიუმხრობლობის საერთაშორისო მოძრაობა“, სადაც განვითარებადი ქვეყნები გაერთიანდნენ და რომელიც „ცივ ომში“ სრულიად ნეიტრალური უნდა ყოფილიყო, ჯერ ჯავაჰარლალ ნერუს, შემდეგ კი ინდირა განდის დახმარებით, საბჭოთა იმპერიის მძლავრ გეოპოლიტიკურ იარაღად იქცა მსოფლიო პოლიტიკის „საჭადრაკო დაფაზე“. ამიტომაც ინდირა განდი საბჭოთა კავშირისთვის შუცვლელი პიროვნება იყო: მისი მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე (უპირველესად განვითარებადი ქვეყნების მიერ საბჭოთა ორიენტაციის არჩევაში) ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ინდირა განდის საშინაო პოლიტიკურ „ცელქობებზე“ კი კრემლი თვალს ხუჭავდა.

1975 წელს ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ინდირა განდი „კლასიკური“ ავტორიტარული მმართველი გახდა: შეზღუდა ოპოზიციური პარტიები და დააპატიმრა მათი ლიდერები, დააწესა ცენზურა მასმედიაზე, რამდენჯერმე გადადო საპარლამენტო არჩევნები და სოციალ–ეკონომიკური რეფორმების (შობადობის რეგულირება, სიღატაკესთან ბრძოლა, ბანკების ნაციონალიზაცია და ა.შ.) ძალადობრივი გზით ჩატარება მოინდომა. ინდოეთის სახელმწიფოს მთავრობა და პოლიტიკური სტრუქტურა თანდათან „სიამის ტყუპივით“ შეეზარდა ურთიერთს. საკადრო გადაწყვეტილებები, რომელთაც ძირითადად სანჯაი განდი იღებდა, არა პატიოსნებასა და პროფესიონალიზმზე, არამედ მხოლოდ პირად ერთგულებაზე იყო დამოკიდებული. ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი ბატონობდა. სად იყო და რას აკეთებდა ოპოზიცია?

kkk-1720504920.jpg

იმ წლების სიმბოლო

პოლიტიკური ოპოზიციიის ლიდერები, "მეხუთე კოლონისა" და "პაკისტანელი ჯაშუშების" მოგონილი ბრალდებებით ციხეებში ისხდნენ. ინდოელი პოლიტიკოსები დღესაც იმ პერიოდს, როგორც „ომს საკუთარ ხალხთან“ , – ამგვარად აფასებენ. თავად განდების მშობლიური პარტიის („ინდოეთის ეროვნული კონგრესის“) ამჟამინდელი მხარდამჭერები იძულებულნი არიან შედარებით „რბილი“ ტერმინი – „ინდოეთის დემოკრატიის ბნელი წლები“ – გამოიყენონ.

1971 წლიდან ინდირა განდის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ვეტერანი ჯაიპრაკაშ ნარაიანი (1902–1979) გახდა. ის მკაცრად აკრიტიკებდა მმართველ პარტიას დიქტატორული ტენდენციების, ხელისუფლების წარმომადგენლების თავნებობის, ეკონომიკური სტაგნაციისა და მასობრივი სიღარიბის გამო. ნარაიანი გამოვიდა "ტოტალური რევოლუციის" – მასობრივი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოწოდებით. 1974 წლის 5 ივნისს ჯაიაპრაკაშ ნარაიანიმ მიტინგზე განაცხადა: „დამოუკიდებლობის 27 წელი გავიდა და რას ვხედავთ? ქვეყანაში არის შიმშილი, კორუფცია, ინფლაცია, ჩაგვრა და უსამართლობა. ჩვენ გვჭირდება რადიკალური შემობრუნება, და ეს უნდა გავაკეთოთ“. 1975 წლის 25 ივნისს ჯაიაპრაკაშ ნარაიანი, სხვა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს. იმავე წლის 6 ნოემბერს 73 წლის ნარაიანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საბჭოთა სპეცსამსახურები ჯაიაპრაკშ ნარაიანს, როგორც „ულტრამემარჯვენე რეაქციულ ლიდერს“ ისე ახასიათებდნენ და მისი დისკრედიტაციისთვის დეზინფორმაციულ ოპერციებს ატარებდნენ.

ოპოზიციის მეორე ლიდერი მორარჯი დესაი (1896–1995) პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 1975 წლიდან 1977 წლამდე ციხეში, სამარტოო საკანში იჯდა.

1977 წლის იანვარში ყველასგან მოულოდნელად, ინდირა განდიმ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამოაცხადა. მისი უმცროსი ვაჟი, სანჯაი განდი, უფრო რეალურად აფასებდა ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და სოციალ–ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსახლეობაში მათი პარტიის არნახულ არაპოპულარობას, ამიტომაც ის არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თუმცა ინდირა განდი დაეწმუნებული იყო გამარჯვებაში.

1977 წლის 18 იანვარს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა. გაათავისუფლეს პატიმრები. ოპზიციამ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო: ჯაიაპრაკაშ ნარაიანის ინიციატივით დაარსდა „ჯანატა პარტია“ („სახალხო პარტია“) – ოპოზიციური გაერთიანება.

nar-1720504901.jpg

საარჩევნო კამპანიის დროს ნარაიანმა ინდოეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა არჩევანი გაეკეთებინათ დემოკრატიის სასარგებლოდ ინდირას დიქტატურის წინააღმდეგ. 1977 წლის 16 –20 მარტს ინდოეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა. ინდირა განდის პარტიამ განიცადა გამანადგურებელი მარცხი: პარლამენტში ვერ მოხვდნენ დედა–შვილი განდებიც. ინდირა განდის პარტიის დამარცხება საბჭოთა ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

შეიქმნა ინდოეთის ახალი მთავრობა მორარჯი დესაის მეთაურობით. ჯაიაპრაკაშ ნარაიანმა კი უარი თქვა სამთავრობო პოსტებზე.

des-1720504879.jpg

მორარჯი დესაი და ჯაიაპრაკაშ ნარაიანი

ინდოეთის ახალმა პრემიერ–მინისტრმა პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი ამოცანაა ინდოეთში დემოკრატიული, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეცენტრალიზებული საზოგადოების აშენება, რომელიც დაფუძნებული იქნება მაჰათმა განდის იდეოლოგიურ მემკვიდრეობაზეო. ამავე დროს მორარჯი დესაიმ პირობა დადო, რომ გადახედავდა 1971 წლის საბჭოთა-ინდოეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებს, რათა ინდოეთი არ იყოს რომელიმე დაპირისპირებული პოლიტიკური სისტემისა და სამხედრო ბლოკის მხარეზეო.

ეს უკვე დიდი საფრთხე იყო მოსკოვისთვის. საბჭოთა სპეცსამსახურებმა სასწრაფოდ აამოქმედეს აგენტურა, რომელიც მრავლად ჰყავდათ ძველად ოპოზიციის, შემდეგ კი ხელისუფლების სათავეში მოსულ პოლიტიკურ გაერთიანებებში. მორარჯი დესაი კოლეგებმა დაარწმუნეს, რომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გადახედვაში სიჩქარე არ ივარგებდა: „ჯერ ჩადი მოსკოვში, შეხვდი ბრეჟნევს და შემდეგ გადავწყვიტოთ“ – ალბათ ამგვარი იყო მათი არგუმენტები. მართლაც 1977 წლის 26 ოქტომბერს ინდოეთის ახალი პრემიერ–მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა.

bre-1720504858.jpg

ლეონიდ ბრეჟნევი და მორარჯი დესაი

საბჭოთა „ნორჩ“ ლიდერ ბრეჟნევთან შედარებით მორარჯი დესაი, რომელიც ათი წლით უფროსი იყო ბრეჟნევზე, გაცილებით მხნედ გამოიყურებოდა. „ამ წლის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ ციხეში ვიჯექი, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე მალე შევძლებდი, როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, თქვენთან საუბარს“, - განუცხადა მორარჯი დესაიმ ბრეჟნევს. მინიშნება მოსკოვის ფავორიტის, ინდირა განდის ავტორიტარულ მმართველობაზე აშკარა იყო, თუმცა ბრეჟნევმა, როგორც ყოველთვის, გაუგებრად რაღაც ჩაილუღლუღა.

1977 წლის 26 ოქტომბრის ვიზიტის შემდეგ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილებების მიღება ძალზე მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფონზე უხდებოდა.

ვიცი, რომ ბევრს არ გჯერათ „შეთქმულების თეორიების“ და უნდო ღიმილით უყურებთ სპეცსამსხურების ყოვლისშემძლეობაზე გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებს. ერთში კი დამეთანმხეთ, რომ „შემთხვევითობა“, თუ რამდენჯერმე განმეორდა, იქ უკვე სპეცსამსახურების ხელი და გონი იკვეთება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მორარჯი დესაი მოსკოვიდან სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო, როდესაც 1977 წლის 5 ნოემბერს ინდოეთის ერთ–ერთ შტატში მთავრობის წევრებთან ერთად მიფრინავდა. საბჭოთა ტუ-124კ , რომელსაც ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა, დელიში განლაგებული ერთ–ერთი სამხედრო ბაზიდან ადგილობრივი დროით 17–00 საათზე აფრინდა. ოფიციალური ინფორმაცია ასეთია: ოთხი საათის შემდეგ დანიშნულების ადგილზე ჩაფრენისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა ვერ შეძლო ასაფრენ ბილიკზე

tuu-1720504841.jpg

ტუ-124კ კატასტროფის შემდეგ

დაშვება და ისინი მეორე წრეზე წავიდნენ. ხელახალი დაშვებისას თვითმფრინავის ეკიპაჟმა სწორედ ვერ გათვალა სიმაღლე, ხეებს წამოედო და ჩამოვარდა. ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა, თუმცა ინდოეთის მთავრობის ხუთი წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მორარჯი დესაი, ცოცხალი გადარჩა.

ამ ავიაკატასტროფის ოფიციალური ვერსია ძალზე წააგავს 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიის მოსკოვისეულ ვერსიას. მაშინ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოსკოვის დროით 10:41 საათზე, "სმოლენსკ-სევერნის" აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავმა ტუ-154, რის შედეგადაც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელისუფლების პირველი პირები. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 88 სამთავრობო დელეგაციის წევრი იყო. სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს: პოლონეთის უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები.

ttt-1720504816.jpg

ავიაკატასტროფა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხდა და ამ გარემოებამ დიდი გავლენა იქონია გამოძიების ობიექტურობაზე. რუსეთის ხელისუფლების „ჯიბის კომიტეტმა“ – ე.წ. „დსთ-ს საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის ეკიპაჟის არასწორი მოქმედება იყო, რომელმაც ცუდი ხილვადობის მიუხედავად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და ხეებს წამოედოო. დღემდე არსებობს ვერსია, რომ თვითმფრინავის კატასტროფა შეიძლება ყოფილიყო პოლონეთის პრეზიდენტის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა.

რაც შეეხება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მორარჯი დესაის: ამ ავიაკატასტროფის შემდეგ მას აღარ გახსენებია 1971 წლის ხელშეკრულების გადახედვა და 1979 წელს კვლავ ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს.

(მეექვსე ნაწილის დასასრული)