"იდუმალი თქმულებებია შემორჩენილი ხვამლის მთაზე, იქ გვირაბები და ბევრი საინტერესო ადგილია, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი" - რაში მდგომარეობს ფოტოგრაფიის საიდუმლო - კვირის პალიტრა

"იდუმალი თქმულებებია შემორჩენილი ხვამლის მთაზე, იქ გვირაბები და ბევრი საინტერესო ადგილია, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი" - რაში მდგომარეობს ფოტოგრაფიის საიდუმლო

ბადრი ვადაჭკორია: "ჩვენმა ემიგრანტებმა დაბადების დღე ხუთჯერ გადამიხადეს და ხუთი ტორტი შემაჭამეს, ეს ძალიან კარგი, დაუვიწყარი დღე იყო"

"ფოტოსურათი არის საიდუმლო... და რაც უფრო მეტს მოგითხრობს, მით უფრო ნაკლები იცი" - ამბობდა მე-20 საუკუნის სახელგანთქმული ფოტოგრაფი - დიანა არბუსი.

badri-vadachkoria-1707895853.jpg

მაინც, რა საიდუმლოს ინახავს ფოტოგრაფია, რომელმაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეძლო? - ამ შეკითხვით ცნობილ ფოტოჟურნალისტს - ბადრი ვადაჭკორიას მივმართეთ:

- ფოტოგრაფიის მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მას აქვს უნარი, რომ წამი მარადიულობად აქციოს და ადამიანთა სახეები მომავალ თაობებს შემოუნახოს. სწორედ ამიტომ, 1960-1970-იან წლებში, ამერიკელი ფოტოგრაფები პრეზიდენტებზე უფრო პოპულარულები იყვნენ. იყო დრო, როცა მთელ ჟურნალს ერთ ფოტოზე აწყობდნენ და ეს ფოტო ჟურნალის ხერხემალი იყო. მე სპეციალობით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფოტოებს იმ დროიდან ვიღებ, როდესაც ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი. ბავშვობა ლანჩხუთში გავატარე და მე-8 თუ მე-9 კლასიდან ვთანამშრომლობდი რესპუბლიკურ პრესასთან. მასალებს ვწერდი, თან ფოტოებს ვაგზავნიდი და სიტყვით ვერ გამოვთქვამ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ამ ყველაფერს დამიბეჭდავდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობდი, როცა გაზეთში ვხედავდი წარწერას - "ტექსტის და ფოტოს ავტორი ბადრი ვადაჭკორია"?!

badri-1720540003.jpg

- გამოდის, რომ ფოტოგრაფიით 1960-იანი წლებიდან ხართ გატაცებული?

- თავიდან მართლაც გატაცებული ვიყავი, მაგრამ სკოლის შემდეგ, როცა ჟურნალისტი გავხდი, უკვე პროფესიულ საიდუმლოებებსაც ვეზიარე და უფრო საფუძვლიანად დავიწყე მუშაობა. ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია გურამ თიკანაძემ, რომლის ფოტოები იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ფოტოკამერა ხელში პირველად სწორედ მისი გავლენით ავიღე. საბოლოოდ რა გამომივიდა? - ეს თქვენ უნდა შეაფასოთ. ფოტოაპარატი ხელიდან მაშინაც გამიშვია, როცა დიპლომატიურ სამსახურში ვიყავი. ფოტოებს ყოველთვის ვიღებდი, რადგან ეს ჩემი საყვარელი საქმე იყო და არის. ამაზე უკეთესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მიკეთებია...

badri-1-1720540036.jpg

- ყველაზე გამორჩეული, საყვარელი ფოტოები სად გაქვთ გადაღებული?

- რა თქმა უნდა, საქართველოში. ყველაზე თბილი და კარგი ქვეყანა სწორედ საქართველოა. 102 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ვერც ერთი შეედრება. საქართველოს ტერიტორია 69,700 კვ.კილომეტრია - ეს ერთი ქვეყნისთვის ძალიან ცოტაა, მრავალფეროვნებისთვის - კიდევ უფრო ცოტა, მაგრამ ჩვენს სამშობლოში იმდენი რამ არის სანახავი, შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ამოწუროს. საოცრებაა თუშეთი და სვანეთი, სადაც არაერთი საინტერესო ფოტო მაქვს გადაღებული, მაგრამ ჩემთვის გამაოგნებელი იყო გომის მთა! ეს მთა ოზურგეთიდან 35 კილომეტრშია. ცოტა ხნის წინ ვიყავი, გამიმართლა, კარგი ამინდი დამხვდა და ბევრი ლამაზი ფოტოც გადავიღე. ყველაზე მეტად, იცით, რამ გამახარა? - ისეთი გზა დაუგიათ, რომ იქ ასვლა საერთოდ არ გამჭირვებია. ადრე გომის მთა მიუდგომელი ადგილი იყო, სადაც უპრობლემოდ ვერ ახვიდოდი, ახლა კი, ისეთი გზა დამხვდა, რომ გაოცებული დავრჩი. ისეთი ლამაზი ბუნებაა და ისეთი ფოტოები გადავიღე, რომ თვით ტოსკანას არ ჩამორჩება. ტოსკანა იტალიის რეგიონია, რომელიც ძალიან მომწონს, რადგან იქ განსაკუთრებით ლამაზი ხედებია, თუმცა, ჩვენს პეიზაჟებს მაინც ვერაფერი შეედრება - რატომ? - უცხოეთში ყველაფერი ადამიანის ხელითაა შექმნილი, ჩვენთან კი, ბუნებრივი სილამაზეა. ტოსკანას თავისი სილამაზე აქვს, ხოლო საქართველოს - თავისი.

badri4-1720540063.jpg

- რომელია ყველაზე მისტიკური, იდუმალი ადგილი საქართველოში?

- ხვამლის მთა, რომელიც ცაგერში მდებარეობს და ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. ვინ იცის, რამდენი იდუმალი თქმულებაა შემორჩენილი ხვამლის მთაზე, რომელიც მართლა ლამაზი სანახავია. იქ გვირაბები და ბევრი საინტერესო ადგილია, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ხვამლის მთაზე შარშან, წლის ბოლოს ვიყავი, 29 მაისსაც მინდოდა წასვლა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის დამემთხვია, მაგრამ ამ დროს, იტალიაში აღმოვჩნდი. ქართველმა ემიგრანტებმა უთბილესი შეხვედრა მომიწყვეს, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ვხუმრობ ხოლმე, 24 საათის განმავლობაში, დაბადების დღე ხუთჯერ გადამიხადეს, ხუთი ტორტი შემაჭამეს და კინაღამ, შაქარმა ამიწია-მეთქი. ძალიან კარგი, დაუვიწყარი დაბადების დღე გადამიხადეს.

badri-5-1720540261.jpg

- ახლო მომავალში სად გსურთ ფოტოების გადაღება?

- ძალიან მინდა ტობავარჩხილის ტბა მოვინახულო, სადაც ნამყოფი არ ვარ. ვიცი, რომ ულამაზესი ადგილია, მაგრამ ძნელად მისადგომი, ამიტომ, ვფიქრობ იქამდე შვეულმფრენით ხომ არ ავიდე? ამ რამდენიმე დღის წინ გოდერძის უღელტეხილზეც ვიყავი, ზარზმიდან იქამდე სულ 17 კილომეტრია, მერე ბეშუმი მოდის, მერე - მწვანე ტბა... ამ ადგილების ნახვას არაფერი სჯობს! ჩვენი ალპური ზონა ულამაზესია. ადრე იქ ასვლას საათები სჭირდებოდა, მაგრამ იქაც გზა გაჰყავთ და მუშაობა რომ დასრულდება, ბეშუმში ასვლაც ისე გაადვილდება, როგორც გომის მთაზე.

zviadi-1720540095.jpg

- ბატონო ბადრი, პორტრეტების გადაღება უფრო მოგწონთ თუ პეიზაჟების?

- ცხადია, ადამიანების გადაღებას სულ სხვა ხიბლი აქვს. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ეროვნული მოძრაობის დროს, არაერთი ცნობილი ფოტო მაქვს გადაღებული. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ყველაზე ცნობილი ფოტოებიც ჩემმა ფოტოკამერამ აღბეჭდა და შემოინახა. გული მწყდება, რომ ეს შავ-თეთრი ფოტოებია, მართალია, შავ-თეთრ ფოტოსაც აქვს თავისი ხიბლი, მაგრამ ფერადოვნება განწყობას ძალიან ამაღლებს.

merabi-1720540119.jpg

- უცხოეთში რომელი ადგილებია თქვენთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ყველაზე საინტერესო?

- იტალია ულამაზესია, მაგრამ ელზასს და ლოთარინგიას სულ სხვა ანდამატი აქვს. იქ ულამაზესი ადგილებია, რომელიც დიდი სიამოვნებით გადავიღე. ახლახან ვიყავი ნორვეგიაში და ისიც არაჩვეულებრივი ქვეყანაა. აზია ხომ საოცრებაა, რის გამოც, აზიური ქვეყნები ყველაზე მეტად მიტაცებს. ადამიანმა და მით უმეტეს, ფოტოგრაფმა, აუცილებლად უნდა ნახოს ნიუ-იორკი: მართალია, იქ ისტორიულ ფოტოებს ვერ გადაიღებ, მაგრამ უამრავი შთამბეჭდავი ადგილია, რომლის ფოტოზე აღბეჭდვა ნამდვილად ღირს. ნიუ-იორკი საოცრებაა, მაგრამ ჩემი შთაგონების წყარო მაინც საქართველოა. ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ: მიყვარს ჩემი ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სადაც ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული გამოვცადე.

shimshiloba-1720540149.jpg

- როგორც ვიცი, ახალ წიგნზე მუშაობთ. ეს დიდი ხნის ჩანაფიქრია?

- 18 საავტორო ალბომის ავტორი ვარ. ახლა კიდევ ერთ წიგნზე ვმუშაობ, რომელშიც ჩემი უახლესი ფოტოები იქნება. მინდა ყველამ ნახოს, როგორია დღევანდელი საქართველო. ამ ალბომში ნაჩვენები იქნება საქართველოს ულამაზესი ადგილები, მისი ბუნება, ხალხი და ა.შ. ჩემს ყველა ალბომს საქართველოს სახელი ერქვა: "საქართველო", "ეს საქართველოა", "ჩემი საქართველო" და ა.შ. ახალი წიგნი რამდენიმე თვეში გამოვა. ჯერ მისთვის სახელი არც კი შემირჩევია, მაგრამ ჩვენი სამშობლოს სახელი ისევ შენარჩუნდება. ეს ქვეყანა ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, ჩემი შემოქმედების მიზანიც ერთადერთია: ქართველები ერთმანეთთან მოვარიგო და ჩვენი ქვეყანა ყველას შევაყვარო. დაბადების დღე ათეულ ათასობით ადამიანმა მიმილოცა, მაგრამ არავისთვის მიკითხავს, ვინ იყვნენ, რომელი პარტიის წევრები და მომხრეები მილოცავდნენ, რადგან მე ქართველ ხალხს და ჩემს მეგობრებს პარტიების მიხედვით არ ვყოფ.badri-2-1720540184.jpg

- და ბოლოს, ახალბედა ფოტოგრაფებს რას ურჩევდით?

- რაც შეიძლება ბევრი ფოტო გადაიღონ და თავიანთ თავზე გამუდმებით იმუშაონ. დღეს ფოტოგრაფობა გაცილებით ადვილია, რადგან შეგიძლია, შენი ნამუშევრები სოციალურ ქსელში განათავსო და პოპულარული გახდე, ამასთანავე, გაიგო, რა მოსწონს ხალხს და რა - არა. თუმცა, როგორც ყველაფერში, ამ საქმეშიც, უმთავრესი მაინც ნიჭია. ჯერ - ნიჭი და მერე - მახვილი თვალი, რომლის გარეშეც, კარგი ფოტოს გადაღება წარმოუდგენელია.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)