"დედისაგან გადანერგილი თირკმელიც გაუჩერდა და მისი სიცოცხლე ისევ ბეწვზე ჰკიდია", "თვალებზე 6 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ... ორივე თვალში დაკარგა მხედველობა" - მიხეილ ჯახუას საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"დედისაგან გადანერგილი თირკმელიც გაუჩერდა და მისი სიცოცხლე ისევ ბეწვზე ჰკიდია", "თვალებზე 6 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ... ორივე თვალში დაკარგა მხედველობა" - მიხეილ ჯახუას საზოგადოების დახმარება სჭირდება

მიხეილ ჯახუას საზოგადოების დახმარება სჭირდება

დედის სიყვარული მძლეთამძლეა, - ტკივილამდე ნაცნობ ამ ფრაზას არანაირი არგუმენტი არ სჭირდება დასამტკიცებლად. თუმცა ამ სიყვარულშიც არის მომენტი, როდესაც ცრემლი გუბდება და გზას ვეღარ ნახულობს... როდესაც სიტყვები უძლურია. ასეთ დროს ჩვეულებრივი კითხვაც კი, - ასე რატომ ხდება? - უპასუხოდ რჩება. აი, ასეთი უპასუხო კითხვა აქვთ ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ლელა ჯახუასა და მისი ვაჟის, მიხეილის ტანჯვის გამო: მიხეილ ჯახუას უკვე დედისაგან გადანერგილი თირკმელიც გაუჩერდა და მისი სიცოცხლე ისევ ბეწვზე ჰკიდია. ლელა ჯახუამ შვილს თირკმელი 9 წლის წინ აჩუქა და მაშინ ჯახუების ოჯახში ცა გაიხსნა, რაც მხოლოდ 7 წელიწადს გაგრძელდა. მერე კი ისევ გამოჩნდა ბედისწერა, რომელთან ბრძოლასაც მხოლოდ დედები არ ეპუებიან. დედის სიყვარული ხომ მძლეთამძლეა. ლელამ იცის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, შვილი უცხოეთში უნდა წაიყვანოს, თირკმელი ისევ გადაუნერგოს და ისევ აცოცხლოს. უბედურება კი, როგორც მისი წესია, მოულოდნელად დაიწყო.

ლელა ჯახუა:

- ის დღეები ახლაც ცხადად მახსოვს, მწარედ, თითქოს ჩემი შვილის დიაგნოზით ცოცხალმკვდარი ახლა ვბრუნდები საავადმყოფოდან და სიცოცხლე აღარ მინდა. მიშა 12 წლის მყავდა, როდესაც შევატყვე, რომ რაღაც გაუჭირდა: სიცოცხლით სავსე ბავშვი მოითენთა, უცებ გახდა, სახლიდან გასვლაც შეწყვიტა და უამრავი წყლის სმა დაიწყო. მაშინვე გავიფიქრე, ვაიმე, ბავშვს დიაბეტი ხომ არ სჭირს-მეთქი და ექიმთან წავიყვანე. კი, ასე მოხდა… ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა. ეს 1990-იან წლებში მოხდა და ბავშვებში დიაბეტის შემთხვევა თითქოს ამდენად ხშირი არ იყო. ამიტომ საშინელ შოკში ჩავვარდი, თუმცა ექიმმა დამამშვიდა: მართალია, ბავშვის ორგანიზმი ინსულინს საერთოდ ვერ გამოიმუშავებს და დღეში სამჯერ ინსულინის ინიექცია დასჭირდება, მაგრამ სისხლში შაქარს თუ აკონტროლებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლაც ჩემს თავს ვეკითხები, რა შემეშალა, რომ მას შემდეგ ჩემს შვილს ყველა ვერაგი დაავადება დაემართა, რაც კი შეიძლება დამართოდა. ფიზიკური არსებობისათვის შრომაც კი გვერდით გადავწიე, რომ შვილს არ მოვშორებოდი და მისი ჯანმრთელობა მეკონტროლებინა. ყველაფერს ჩემი მეუღლე აკეთებდა, რომელმაც შვილის ტანჯვას ბოლომდე ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ბედნიერები ძალიან ცოტა ხანს ვიყავით, სანამ ჩემი შვილი 29 წლის გახდებოდა. 29 წლის ასაკში კი ჯერ ცალ თვალში დაკარგა მხედველობა და ოპერაცია დასჭირდა, მერე - მეორეში, რომელსაც ასევე ოპერაცია დასჭირდა. სულ თვალების 6 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, ორივე თვალში დაკარგა მხედველობა.

- ძალიან მძიმე ამბავია.

- ეს რომ ეკმარებინა ჩვენს ბედისწერას, იქნებ ჩემი შვილი ისეთ სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილიყო, როგორშიც დღეს არის. მერე ამას სხვა უბედურებაც მოჰყვა: დიაბეტისაგან თირკმლებიც დაუზიანდა. რასაც ნეფროპათია ჰქვია. ამ დროს თირკმელი მუშაობას წყვეტს, ადამიანი შუპდება და თუ სისხლის გაწმენდა ანუ დიალიზი ვერ ჩაიტარა, ვერ იცოცხლებს. მაშინ ოზურგეთში არ იყოს დიალიზის აპარატურა და ოზურგეთიდან ბათუმში დავდიოდით დიალიზისთვის. ამ დროს მის გვერდით ყოველთვის მე ვიყავი. საკმაოდ რთული პროცედურაა და ასე მგონია, მე თუ იქ ვიქნები, არ გაუჭირდება.

- ოზურგეთიდან ბათუმამდე საკმაოდ მძიმე გზაა და სახსრებსაც მოითხოვს.

- გზის ფულს, 150 ლარს სახელმწიფო გვაძლევდა. ავტომანქანით კი მას დავყავდით, ვინც ჩვენთვის მოიცლიდა. ეს მიშასთვის არავის დაუმადლებია, მაგრამ ძალიან ცუდად ხდებოდა გზაზე. ჩვენ კი უცხოეთში წასასვლელი და ოპერაციის ფული არ გვქონდა. ღმერთს მადლობა, რომ ამასობაში საქართველოშიც დაიწყო თირკმლის გადანერგვის ოპერაციები. ექიმმა, - შეგიძლიათ თირკმელი ოჯახის წევრებმა აჩუქოთო. ამაზე რა დამაფიქრებდა, ანალიზი მაშინვე ჩავიტარე, ერთი სული მქონდა, პასუხს როდის მეტყოდნენ. ექიმებმა რომ მითხრეს, თქვენი თირკმელია თავსებადი, მზად ხართ გადაუნერგოთო? გამიკვირდა, ეს დედას რატომ უნდა ჰკითხო, აბა, დედამ რა უნდა გააკეთოს-მეთქი?! 9 საათს ვიკეთებდით ოპერაციას, გვერდიგვერდ ვიწექით საოპერაციოში მე და ჩემი შვილი. ღმერთს მადლობა შევწირე, როცა მითხრეს, შენი შვილის სხეულში შენი თირკმელი უკვე ამუშავდაო. მაგრამ ახლა ჩემს შვილს ჩემმა თირკმელმაც უარი უთხრა, აღარ მუშაობს.

- რა მოხდა? სამედიცინო ინფორმაციით, გადანერგილი თირკმელი ათწლეულების განმავლობაში იბრძვის ადამიანის სიცოცხლისთვის. ან თქვენ როგორ ხართ ცალი თირკმლით?

- მე კარგად ვარ. ნეტავი მეორე თირკმლის გაღებაც შეიძლებოდეს, რომ ჩემს შვილს მივცე, მაგრამ ამას არც ერთი ექიმი არ აკეთებს. ამიტომ საზღვარგარეთ უნდა წავიყვანო, სადაც დონორის შოვნა შესაძლებელია. სხვანაირად მომიკვდება. უმძიმეს მდგომარეობაშია, ჯერ სასოწარკვეთით და მერე - თირკმლის გარეშე ტანჯვით, ამას ის ემატება, რომ ამასობაში ჩუტყვავილა შეხვდა, დიაბეტის გამო წყლულები აღარ შეუხორცდა და განგრენა დაეწყო, რის გამოც ორივე კიდური მოკვეთეს. თირკმელი კორონავირუსმა გაუჩერა.

- რას ამბობთ?! ორივე ინფექცია მაინცდამაინც თქვენს შვილთან როგორ აღმოჩნდა?!

- კი, ასე მოხდა. რომ არა იმუნიტეტის დამაქვეითებელი წამალი, რომელსაც ყოველდღე იღებდა, შეიძლებოდა ორგანიზმს ორივე ინფექციის წინააღმდეგ ებრძოლა და ეს უბედურებები არ დაგვმართოდა. არადა, შეუძლებელია, ეს წამალი არ მიეღო, იმუნიტეტის დაქვეითება იმიტომ იყო საჭირო, რომ ორგანიზმის იმუნიტეტს უცხო სხეული, ამ შემთხვევაში ჩემი თირკმელი, არ მოეშორებინა. თუმცა ეს კოვიდინფექციამ მაინც გააკეთა. ის ჩვენთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა.

- არც კი ვიცი რა გითხრათ. წარმოუდგენელი ტკივილია. ცხადია, ისევ დიალიზზე დადიხართ ისევ შვილთან ერთად.

- კი, სხვანაირად ის ვერ იცოცხლებს. მადლობა ღმერთს, რომ ეს აპარატურა უკვე ოზურგეთშია. მე ტკივილების უფლება არ მაქვს, ჩემი შვილი კი სასოწარკვეთაშია, ეშინია, რომ ვეღარ გადარჩება. ჩემსავით ვერავინ იგრძნობს, მას როგორ უნდა სიცოცხლე, უფრო თავისი შვილების გამო. სანამ სიცოცხლის ხალისი ჰქონდა და სჯეროდა, დაავადებას მოერეოდა და იშრომებდა, ოჯახი შექმნა. ახლა ორი შვილი ჰყავს. უფროსი 14 წლისაა, ჩემი შვილი კი 44 წლის არის და უნდა მათი ხმები ესმოდეს, უნდა ცხოვრების დასაწყისში მაინც დაეხმაროს. თავადაც ხომ იცის, როგორ საჭიროა ამ დროს მამა.

ყველას ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ საუბრით და ტრაგედიით შევაწუხე. თუმცა, ამჯერად უკვე სხვა გზა აღარ მქონდა. ეგებ დედები მაინც შემეწიონ და შვილი საზღვარგარეთ წამაყვანინონ საოპერაციოდ. თუ შვილი ვერ ვაცოცხლე, არც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი.

მიხეილ ჯახუას დასახმარებელად ანგარიში:

GE78TB7078145068100041 თიბისი ბანკი.

GE64BG0000000533853417 საქართველოს ბანკი.

მიმღები: სოფიკო ევგენიძე.

ტელეფონი: 555 11 11 39

(სპეციალურად საიტისთვის)