რატომ ვერ მოხერხდა მელია-გვარამიასა და "ლელოს" გაერთიანება? - რას აცხადებს ნიკა გვარამია - კვირის პალიტრა

რატომ ვერ მოხერხდა მელია-გვარამიასა და "ლელოს" გაერთიანება? - რას აცხადებს ნიკა გვარამია

მცირე განსხვავებები იყო ჩვენსა და „ლელოს“ ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“ - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამია, პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პარტიები დღეიდან ერთიან კამპანიას დაიწყებენ.

„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის. დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ. მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის ერთიან საქმეში, ვუსურვო წარმატება. ეს ჩვენთვის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთობა ემყარება პრინციპებს: საქართველოს დასავლური საზოგადოების წევრობა, არ თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და ოპოზიციური კოორდინაცია, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"