"სადაც ეჭვიანობაა, იქ დიდი სიყვარულია. ჩემთვის სულერთი რომ გახდება, სად ხარ და რას აკეთებ, მაშინ იფიქრე, რომ აღარ მიყვარხარო" - რას ჰყვებოდა ქეთევან კიკნაძე თავის უდიდეს სიყვარულზე - კვირის პალიტრა

"სადაც ეჭვიანობაა, იქ დიდი სიყვარულია. ჩემთვის სულერთი რომ გახდება, სად ხარ და რას აკეთებ, მაშინ იფიქრე, რომ აღარ მიყვარხარო" - რას ჰყვებოდა ქეთევან კიკნაძე თავის უდიდეს სიყვარულზე

"ძირითადად, ბაღებში ვსეირნობდით, თორემ რესტორანში როგორ შემიყვანდა - ეს ცუდი ტონი იყო. ერთხელაც, რომ გამაცილა, მითხრა: იცი, რა? ამდენი სიარული მე არ შემიძლია. წამომყევი ცოლად და დავამთავროთ ეს ამბავიო"

ახლახან, 2024 წლის 10 მაისს, მსახიობ ქეთევან კიკნაძეს საიუბილეო 85-ე წელიწადი მივულოცეთ, რამდენიმე დღეში კი გაზეთ "კვირის პალიტრაში" სტატიაც დავწერე მის მეუღლეზე, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძესა და მართლაც შედევრად ქცეულ ფილმ-სერიალის - "დათა თუთაშხიას" კიდევ სამ შემოქმედზე. იუბილიდან, ფაქტობრივად, ერთ თვეში, სოციალური ქსელიდან სამწუხარო ამბავი შევიტყვე - 9 ივლისს ქალბატონი ქეთევან კიკნაძე გარდაცვლილა - მარადიული ნათელი მის სულს.

ketevan-kiknadze-1720539769.jpg

ერთხანს ინტერვიუებისთვის ლორთქიფანიძეებთან სტუმრობა ხშირად მიხდებოდა და, შესაბამისად, ქალბატონ ქეთევანსაც ბევრჯერ გავსაუბრებივარ, თავისი საავტორო ლექსების კრებულებსაც მჩუქნიდა ხოლმე. სწორედ ქალბატონი ქეთევანის მონათხრობით შევიტყვე მისი და ბატონი გიგას სიყვარულის ამბავიც. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ორი ხელოვანის შეხვედრის, ურთიერთობისა და თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია.

მახსოვს, მითხრა, გიგასგან ბევრი რამ ვისწავლეო, მერე კი დააყოლა, რა ბედნიერია თამარი (თამარ ჯავახიშვილი, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე – ი.ხ.), თან გადაჰყვა ჭაბუას, ისე მოუარა და კიდეც ვუთხარი: თამრიკო, შენ გული იჯერე ჭაბუას მოვლით, მე კი ეს ვერ გავაკეთე-მეთქი. რა მექნა? - თვითონ ვიყავი ავადო.

ბატონი გიგას სიცოცხლეში ვამჩნევდი, რომ იგი განსაკუთრებული სითბოთი ესაუბრებოდა ან დაუყვავებდა ხოლმე ქალბატონ ქეთევანს, გეგონებოდა, ეს-ესაა, სიყვარულში გამოუტყდნენ ერთმანეთსო.

ალბათ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ამიტომაც წლების წინ, ბატონი გიგას გარდაცვალების შემდეგ, ვეღარ მოვითმინე და ერთ-ერთი სტუმრობისას, ჩავეკითხე მსახიობს, - რას ფიქრობთ, რით გამოგარჩიათ და შეგიყვარათ ბატონმა გიგამ-მეთქი? მახსოვს, ცოტა ხნით ჩაფიქრდა და, - იცით, რა... გიგაც, ალბათ, ჩემსავით აფასებდა: მე, მაგალითად, ვერ ავიტანდი ჩემ გვერდით უცოდინარს, გაუნათლებელს. გიგას პოტენციალს სულ ვგრძნობდი. მებრძოლი კაცი იყო, მართალია, არასდროს დამარცხებულა, მაგრამ ახლიდან დაწყებასაც ყოველთვის შეძლებდა. ძალიან შეუპოვარი და თვითდაჯერებული იყო და ეს თვისებები ჩემთან ურთიერთობისასაც გამოამჟღავნა.

ketevan_kiknadze.jpg

პირველი "თვალის დადგმა" და შეხვედრა

ქალბატონმა ქეთევანმა მიამბო, - გიგამ ინსტიტუტში დადგმულ სპექტაკლში რომ მნახა, მაშინ დამადგა თვალი. ვიგრძენი კიდეც მისი განწყობა. პირველად ინსტიტუტის კარნავალზე შევხვდით - შევამჩნიე, ვიღაც მიმზერდა და რომ გავხედე, მომეწონა - ჯოხით კი იყო, მაგრამ შავი პიჯაკი ძალიან უხდებოდა. თვითონ ვერ ცეკვავდა, ფეხის გამო, მე კი მის ჯინაზე ყველა ბიჭს ვეცეკვე. მაშინ 19 წლის ვიყავი, გიგა კი - 11 წლით ჩემზე უფროსი იყო.

მერე რეჟისორ მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში მნახა და ისე მოვწონებივარ, მარჯანიშვილის თეატრშიც იმდენი ულაპარაკია ჩემზე, რომ შემდეგ წარმოდგენას ყველა დაესწრო. მომდევნო ჯერზე ინსტიტუტში, ლიფტთან შევხვდით. გიგა ლიფტს ელოდებოდა, მე კი გვერდით ჩავურბინე - კიბით უნდა ავსულიყავი, რადგან სტუდენტებს ლექტორების ლიფტით სარგებლობა გვეკრძალებოდა. გიგამ დამიძახა, მოდი, წაგიყვანთო და წავყევი. მერე ისე მოაწყო, რომ რაღაც ჯგუფი კინოში ერთად წავედით, მე კი რატომღაც მის გვერდით "მოვხვდი". "მზიური ველის სერენადას" ვუყურებდით და ძველი ფირი ისე ხშირად წყდებოდა, ჩვენება გაიწელა. შინ გამიბრაზდებოდნენ და ამიტომ მოვუბოდიშე, უნდა დაგტოვოთ-თქო. რაღას იზამდა? მერე სადღაც-სადღაც მეპატიჟებოდა. ძირითადად, ბაღებში ვსეირნობდით, თორემ რესტორანში როგორ შემიყვანდა - ეს ცუდი ტონი იყო. ერთხელაც, რომ გამაცილა, მითხრა: იცი, რა? ამდენი სიარული მე არ შემიძლია. წამომყევი ცოლად და დავამთავროთ ეს ამბავიო. პასუხს სხვა დროს გეტყვით-მეთქი, - ვუთხარი. - თქვენობით ველაპარაკებოდი, ჩემი პარალელური ჯგუფის პედაგოგი იყო და... დღეს რომ შეყვარებულები ახლობლობენ, ასეთი სიახლოვე კი არ გვქონდა! საბოლოოდ, რასაკვირველია, დავთანხმდი და პოეტი პეტრე გრუზინსკი და მსახიობი ლია კაპანაძე იყვნენ ჩვენი მეჯვარეები. როდესაც პეტრეს უკითხავს: გიგა, რომელი გოგოა, მე ვიცნობო? გიგას უპასუხია: შენს ნაცნობს ცოლად როგორ შევირთავო?! - პეტრე განებივრებული იყო ქალებით და გიგაც ამიტომ გაეხუმრაო, - დააყოლა სიცილით.

ojaxi-1720539607.jpg

ლორთქიფანიძეებთან

ბატონი გიგას და ქალბატონი ქეთევანის ურთიერთობას რომ ვაკვირდებოდი, ბატონი გიგას მეუღლისადმი განსაკუთრებული სიყვარული და სითბო ძალიან აშკარა, თვალშისაცემი იყო. ბატონი გიგას გარდაცვალების შემდეგ ქალბატონ ქეთევანს რომ ვესტუმრე და მათ ურთიერთობაზე ვკითხე, ღიმილით მითხრა, - ახლა, იდილია რომ დაგიხატოთ, ოჯახში არაფერი ხდებოდა-თქო, დამიჯერებთ? კიდეც ვკამათობდით, ვჩხუბობდით, მაგიდის გარშემოც გვირბენია, მაგრამ გიგა რას დამეწეოდა! უმეტესად მაინც მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ რომ გავჯიუტდებოდი და არ ვურიგდებოდი, ისევ თვითონ მიხდიდა ბოდიშსო. მაინც ჩავეკითხე, ბევრად უმცროსი და ლამაზი რომ იყავით, არ ეჭვიანობდა-თქო? და კვლავ ღიმილით მომიგო, - საკუთარი თავი ლამაზი არასდროს მგონებია, მაგას ნუ მეტყვით. გიგა კი ეჭვიანი ნამდვილად იყო, თუმცა... მე უფრო მეტად ვეჭვიანობდი და საბაბიც მქონდა ხოლმე. მახსოვს, რაღაცაზე ვიეჭვიანე და შინიდან გავისტუმრე. ნოდარ დუმბაძესთან ათევდა ღამეს და ერთხელ ნოდარს უთქვამს: ე, ბიჭო, წევიდეთ, ეგებ ჩემი ხატია შეგირიგდესო - "ჩემს ხატიას" მეძახდა. ჰოდა, მოვიდნენ პოეტი ოთარ მამფორია, ნოდარი და გიგა. ისეთი ამბავი ავუტეხე, კიბეებზე ერთმანეთს ასწრებდნენ. ნოდარს სიცილით უთქვამს: გიგა, გენაცვალე, აი ხატია კი არა, ბუგრიმოვა ყოფილაო (ირინა ბუგრიმოვა - ცირკის მსახიობი, მტაცებელი ცხოველების მომთვინიერებელი - ი.ხ.). რა თქმა უნდა, მალე შევრიგდით.

მის ეჭვიანობაზე კი, რომ ვუსაყვედურე, ასე არ შეიძლება-თქო, მიპასუხა: სადაც ეჭვიანობაა, იქ დიდი სიყვარულია. ჩემთვის სულერთი რომ გახდება, სად ხარ და რას აკეთებ, მაშინ იფიქრე, რომ აღარ მიყვარხარო.

ketevan-kiknadze-3-1720539680.jpg

ისე, ყველგან ერთად დავდიოდით - წვეულებაზე, სპექტაკლზე, კონცერტზეო... უცებ ჩაფიქრდა და დააყოლა, - მეამაყება, რომ ყველა რეგალიის მფლობელია. მთელი სახლი სავსეა სიგელებით, მოსალოცი დეპეშებით, სამახსოვრო ნივთებით, ფოტოებით. აქვეა ლადო გუდიაშვილის, ასევე, დიდი მწერლების გიგასადმი ნათქვამი სიტყვები. ასეთ კაცს ჩემს ჭკუაზე სიარულს როგორ შევკადრებდი. და არც უვლია. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემს ცხოვრებაში გიგას წინ არასდროს წავხტომივარ. ერთადერთი, ვინმე რამეს რომ სთხოვდა, შინიდან გასვლისას ვახსენებდი, ძალიან გთხოვ, არ დაგავიწყდეს-მეთქი... მისი ცოლობა დიდი ბედნიერებაც იყო და დიდი ტვირთიც. რამდენი რამის გაკეთებას აპირებდა, ფილმების გადაღება უნდოდა... ერთხელ ჩემმა მეგობარმა უთხრა, ფელინი "კალიასკაში" იჯდა და ისე იღებდა ფილმებსო, მაგრამ გიგამ ვერ შეძლო - მის მდგომარეობას ამძიმებდა ის, რომ მუხლის ქვემოთ ფეხი არ ჰქონდა. თორემ მაგას რომ ემუშავა...

სულ ვფიქრობ, მე რომ ჯანმრთელად ვყოფილიყავი, გიგას ასე არ დაუმძიმდებოდა მდგომარეობა... შევნიშნე, ცრემლები ვერ შეიკავა და ხმადაბლა მითხრა, არ მინდა ამაზე ლაპარაკიო...

დღეს კი უკვე ქალბატონ ქეთევანთან გვიწევს გამოთხოვება და მჯერა, მათი სიყვარულის ამბავი ზეცაში გაგრძელდება... უფალთან ახლოს!

lortkipanidze-2-1699647572.jpg

p.s. საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს მსახიობი ქეთევან კიკნაძე ქ. ბორჯომში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1959 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ თუ სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: მარიამი ("შეხვედრა წარსულთან", 1966), თინა ("ტარიელ გოლუა", 1968), ბეჩუნი პერტია ("დათა თუთაშხია", 1978), ზაზას დედა ("თეთრი ბაირაღები", 1990), მარგო ("პრემიერა", 1991), ქეთევან დედოფალი ("წიგნი ფიცისა") და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.

იგი გახლდათ საზოგადოება "ქალები მშვიდობისთვის" წევრი;

საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი;

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;

ბორჯომის საპატიო მოქალაქე, მიენიჭა ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის...

(სპეციალურად საიტისთვის)