ჩუმი ტრაგედია თბილისიდან 363 კილომეტრში - "გვიკრძალავენ არა მარტო ქართულად სწავლას, არამედ სკოლის დერეფანში ქართულად ლაპარაკსაც კი"
"გალში აფხაზები გვიკრძალავენ არა მარტო ქართულად სწავლას, არამედ სკოლის დერეფანში ქართულად ლაპარაკსაც კი... სკოლაში იძულებით რუსულად, შემდეგ კი სახლში მალულად ქართული წიგნებით ვმეცადინეობთ... ყველა მომდევნო თაობას ქართულად წერა და აზრის გადმოცემა უფრო და უფრო უჭირს... გვითხრეს, რომ წელსაც უგამოცდოდ ჩაგვრიცხავენ, მაგრამ მე ეროვნულებს მაინც ვაბარებ, არ მინდა მითხრან, რომ არ მეკუთვნოდა და რომ არა შეღავათი, სტუდენტი ვერ გავხდებოდი... არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა", - ამბობენ ოკუპირებული გალის სკოლების ქართველი მოსწავლეები და "კვირის პალიტრას" უამბობენ, რა ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მშობლიურ ენაზე აფხაზებისგან მალულად მიიღონ განათლება და ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლონ...
წლებია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ზეწოლითა და მუქარით, ზოგჯერ კი დაყვავებითა და დაპირებებით დაიყოლიოს გალელი მოსწავლეები, რათა უმაღლესი განათლების მისაღებად ენგურს გამოღმა არ წამოვიდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებში გალელ ახალგაზრდებს რევანშისტებად ამზადებენ და ამის“მოსაგვარებლად აფხაზებმა აკრძალეს ქართულად სწავლა, ქართული სახელმძღვანელოების შეტანა. მკაცრად აკონტროლებენ, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილებზე ბავშვებს ქართულად არ აუხსნან საგანი, ასევე აკრძალულია გაკვეთილის გარეთ ეზოებსა თუ დერეფნებში ქართულად საუბარიც. ამასთან, შეთავაზებებიც კეთდება - თუკი ქართველი ახალგაზრდები სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, საფასურს არ გადაიხდიან და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავენ. მიუხედავად ამისა, თავად დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სოხუმის უნივერსიტეტში მხოლოდ 30-მდე ქართველია ჩარიცხული. გალელი მოსწავლეების აბსოლუტური უმეტესობა კი, დიდი წინაღობების მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ.2020 წლიდან ოკუპირებული გალიდან და ახალგორიდან აბიტურიენტები ქართულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, მხოლოდ აგვისტოში განაცხადის შევსებაა საჭირო.
"აფხაზებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს, რომ თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წავსულიყავით!"
გიორგი, სტუდენტი: "აფხაზეთში წლებია სწავლება რუსულად მიმდინარეობს. ქართულს, როგორც უცხო ენას, კვირაში მხოლოდ 2-3 საათი აქვს დათმობილი. ჩემ შემდეგ თაობას ქართულად ლაპარაკი უჭირს, რადგან მშობლიურ ენაზე განათლებას ვერ იღებს, მხოლოდ ფარულად სწავლობენ. სახლში ქართულად და უფრო მეგრულად, სკოლაში კი რუსულად ლაპარაკობენ... მე სკოლა 2019 წელს დავამთავრე, მაშინ გამოცდას ვაბარებდით და ძალიან სტრესულად მახსენდება, რაც გადამხდა. მე და ჩემი მეგობრები მთელი წელი ზუგდიდში ვემზადებოდით. გამოცდების დრო რომ მოახლოვდა, ზუგდიდში ვიყავით, მაგრამ გალში სკოლის გამოსაშვები ზეიმი დაიგეგმა და ყველას შემოგვითვალეს, რომ აუცილებლად უნდა დავსწრებოდით, ამიტომ 27 ივნისს ყველა გალში ჩავედით. საღამოს გამოგვიცხადეს, რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა და თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წახვალთო. იყო ტირილი და დიდი ნერვიულობა. როგორია მთელი წელი იწვალო, მომზადების გამო ზუგდიდსა და გალს შორის დადიოდე და გეუბნებიან, არ გაგიშვებთო. ხმაური ატყდა მედიაშიც, საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა განცხადებით, თუმცა შედეგი არ ყოფილა. დავიწყეთ გეგმის შედგენა, როგორ გადავპარულიყავით ზუგდიდში. 29 ივნისს 8 ბავშვი შევიკრიბეთ, ავიკიდეთ ზურგჩანთები და დავიძარით ჩვენი სოფლის ბოლოს გაბმული მავთულხლართებისკენ. შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო რუსი ჯარისკაცი და დავეჭირეთ. მავთულხლართების სიმაღლე 3 მეტრია და ვერ გადაძვრები. ნახევარი საათი ვეძებდით ადგილს, რომელსაც გავარღვევდით და გადასვლას შევძლებდით. ერთ ადგილას მიწასა და მავთულხლართს შორის გასაძრომი ადგილი ვიპოვეთ და ეს გამოვიყენეთ. ჯერ გოგოები გავუშვით. ერთმა ბიჭმა ხელიც გაიჭრა, სისხლდენას ვერ ვუჩერებდით, პერანგით გადავუხვიეთ. იმდენად ღრმა იყო ჭრილობა, რომ ზუგდიდში ნაკერები დაადეს. მავთულხლართების იქით ტალახში ჩავცვივდით, მაგრამ მაინც გავედით. შემდეგი წინაღობა მდინარე ენგური იყო. თავთხელი მოვძებნეთ და დავიწყეთ გადასვლა, მაგრამ დინება ძალიან სწრაფი იყო. არ ველოდით ამას, ნაწილმა ცურვაც არ იცოდა და ასე, შიშით გადავლახეთ მდინარე გალუმპულებმა და ტალახში ამოსვრილებმა.
იმ წელს ყველამ ჩავაბარეთ, თუმცა ეს მხოლოდ ერთ სოფლის 8 ბავშვის ისტორიაა, აბიტურიენტი კი ბევრად მეტი იყო. ამის შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გალელი აბიტურიენტებისთვის მიეცათ შანსი და უგამოცდოდ ჩაერიცხათ უნივერსიტეტებში".
"მასწავლებლებს ხშირად ამოწმებენ, ქართულად ხომ არ გვიხსნის გაკვეთილს"
მარი, აბიტურიენტი: "ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავედი, ცოდნის შემოწმება მინდოდა. არ მინდა ვინმემ დამაყვედროს, რომ არა შეღავათი, სტუდენტი ვერ გახდებოდიო. თუმცა შეღავათი გალელ ბავშვებს გვჭირდება. არაოკუპირებულ ნაწილში სკოლადამთავრებულებს ვერც წარმოუდგენიათ, რა წნეხში ვართ გალში. ქართული წიგნები აკრძალულია, ამიტომ მალულად გადაგვაქვს დე ფაქტოსაზღვარზე. სკოლაში მუდმივად შემოწმებებია, ქართულად ხომ არ არის გაკვეთილები. 11 წელი მტრის ენაზე იძულებით გვიწევს განათლების მიღება. ქართულად სწავლას ძლივს ვახერხებთ რეპეტიტორებთან.
მე ზუგდიდში ვემზადებოდი. მთელი კვირა სკოლაში რუსულად ვსწავლობდი საგნებს, პარასკევს სკოლის შემდეგ კი ზუგდიდში მივდიოდი და ქართულად ვმეცადინეობდი. პარასკევ-კვირას ფორსირებულად სამ საგანში მომზადება მიწევდა. კვირას ისევ აფხაზეთში ვბრუნდებოდი. სკოლის გაცდენა დაუშვებელია, პრობლემებს გიქმნიან. ყველას არა აქვს ზუგდიდში მომზადების შესაძლებლობა, ამიტომ ზოგი გალში ემზადება. ჩვენთანაც კარგი მასწავლებლები არიან, თუმცა იმ თანამედროვე წყაროებს არიან მოკლებული, რასაც ენგურს გამოღმა რეპეტიტორებისგან სწავლობ. ზოგს რეპეტიტორების ფული არა აქვს, ასეთ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება".
"აფხაზები მეგრულად ლაპარაკს უფრო იტანენ, ვიდრე ქართულს"
ლიზა, აბიტურიენტი: "სკოლა წელს დავამთავრე. კლასში სულ 14 ბავშვი ვიყავით და ყველა გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ეროვნულ გამოცდებზე არ გავდივარ, უგამოცდოდ ჩასარიცხად უნდა დავრეგისტრირდე. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ვემზადებოდით აქ, სოფელში, ჩვენს მასწავლებლებთან. ქართულად ცალკე მომზადება ყველას გვჭირდება, რადგან ქართულად საგნების კარგად გააზრება გვიჭირს.
სკოლის გამოცდებსაც რუსულად ვაბარებთ მე-9 და მე-11 კლასებში. წელს 5 გამოსაშვები გამოცდა გვქონდა: ალგებრა, რუსული წერა და ზეპირი, აფხაზური ენა და აფხაზური ისტორია. ძალიან რთულია ეს ჩვენთვის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. აქ ძალიან დიდი კონტროლია სკოლაში, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილები ქართულად არ ჩაატარონ, ზოგჯერ კომისია მოდის და გაკვეთილებზე გვესწრება. დასვენებებზეც კი ვერ ვლაპარაკობთ ქართულად, რადგან მასწავლებლებს საყვედურს უცხადებენ და დაკითხვას უტარებენ. მეგრულად ლაპარაკს იტანენ, ვიდრე ქართულს. ქართული წიგნები მალულად გადმოგვაქვს საზღვარზე. ვისაც სწავლა უნდა, თავდაუზოგავად შრომობს, ხოლო ვისაც უბრალოდ გაძრომა სურს უგამოცდობის გამო, მათი ნაწილი ვერც ამთავრებს უნივერსიტეტს, რადგან შემდეგ ქართულად სწავლა უჭირს".