დაკარგულები: რატომ უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში - "ყველაზე საშიშია, როდესაც ადამიანი ჩუმად არის და არაფერს ამბობს" - კვირის პალიტრა

დაკარგულები: რატომ უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში - "ყველაზე საშიშია, როდესაც ადამიანი ჩუმად არის და არაფერს ამბობს"

ალბათ, შეამჩნევდით ბოლო დროს გახშირებულ გაუჩინარებებს. ადამიანები შინიდან გადიან და იკარგებიან. მათ შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი განაცხადება პრობლემას უფრო საცნაურს ხდის. ოჯახები ტრაგედიის მიზეზების შესახებ ვერაფერს ამბობენ. გაუჩინარებულებს თითქოს ტრაგედიისთვის არანაირი წინა პირობა არ ჰქონიათ. რატომ ქრებიან ადამიანები, ამის შესახებ ფსიქოლოგ ლილე ბაზაძეს ვესაუბრეთ.

- სამწუხაროდ, დაკარგვის შემთხვევები­ გახშირდა. ახალგაზრდები უჩინარდებიან და ოჯახები მათ დიდხანს ეძებენ. რა არის ეს, მოზღვავებული პრობლემებიდან გაქცევა თუ სტრესულ გარემოზე შურისძიება?

- თუ ტრაგედიის მიზეზად დანაშაულს, დაავადებას, ნარკო და თამაშდამოკიდებულებას გამოვრიცხავთ, მაშინ მიზეზი, გარემოში უნდა ვეძიოთ, რომელიც, როგორც წესი, უწყვეტი სტრესებითა­ და პრობლემებით არის სავსე. უწყვეტი სტრესი ქრონიკულად სტრესული მდგომარეობაა, რა დროსაც ნათელი წერტილები არის, თუმცა იშვიათად. ამ დროს უარყოფითი მუხტი იმდენად მძლავრობს,­ რომ ე.წ. გამონათებისთანავე ცდილობს მის ჩაქრობას.

ადამიანს სტრესებთან განუწყვეტელი ბრძოლა სჭირდება, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებთ კიდეც, და ამაში გამოიხატება­ ჩვენი თავდაცვის უნარი. მაგრამ რა მოსდის ადამიანს, როდესაც ერთ დღეს გამოჩნდება ისეთი პრობლემა, რომელთანაც შესაჯახებლად ფსიქოლოგიურად ან თუნდაც ფიზიკურად მზად არ არის! აი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბრძოლას ვეღარ გაუძლოს, პრობლემისგან გაქცევა გადაწყვიტოს და როგორც ამბობენ, გადაიკარგოს. საბედნიეროდ, ჯანსაღი ფსიქიკა ამ მომენტში მალევე ფხიზილდება. თუმცა არის შემთხვევები, როცა გაქცევა ტრაგედიით მთავრდება. სხვათა შორის, სტრესთან ბრძოლაც და გაქცევაც ადამიანის თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ევოლუციიდანაც კი მოგვდევს, როდესაც­ ადამიანი საფრთხეს გაურბოდა. თუმცა ჩვენს ეპოქაში ამ მექანიზმმა არა მხოლოდ­ ფორმები შეიცვალა, არამედ მას სტრესი­სგან თავდაცვის მესამე ფორმაც დაემატა, რასაც ფსიქოლოგები გაშეშებას უწოდებენ­. ალბათ,

ბევრს უნახავს ადამიანი,­ რომელიც სტრესების გამო მოძრაობის სურვი­ლსაც კი კარგავს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სტრესებიდან გამოსავალს ვეღარ ხედავ და აღარც გსურს დანახვა. არადა, სინამდვილეში, გამოსავალი ყოველთვის არის, მხოლოდ მისი დანახვის სურვილი და გვერდით მყოფების მხარდაჭერაა საჭირო, თუნდაც ფსიქოლოგის თუ ახლობლების, რომლებსაც დახმარება სთხოვოს. თუმცა ამას არ აკეთებენ.

- როდესაც გაუჩინარების ან თუნდაც სუიციდის ამბავს იგებ, პირველი რეაქცია გაოცებაც კი არის, როგორ, ერთი შეხედვით­ ჯანსაღი ადამიანი არავის არაფერს ეუბნება­ და ცდილობს ყველას მოშორდეს. რა განაპირობებს ასეთ ქცევას?

- ფსიქიკა ურთულესი ფენომენია და ამიტომ ეს კითხვა იოლად საპასუხო არ არის. ერთი ექსპერიმენტის შესახებ გიამბობთ, რომელიც ცნობილმა ფსიქოლოგმა მარტინ სელიგმანმა ჩაატარა. მან გადაწყვიტა სუსტი ელექტროშოკით ემოქმედა ძაღლებზე და დადგა ბარიერები, რათა ამ დროს არ გაქცეულიყვნენ. სულ ცოტა ხანში კი ბარიერები საჭირო არ აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე ცდის შემდეგ ძაღლები­ არათუ გაქცევას,­ არამედ გადახტომასაც კი არ ცდილობდნენ. პირი­ქით, მორჩილად ელოდებოდნენ მორიგ­ ელექტროშოკს - ანუ ცხოველებმა­ დაისწავლეს, რომ სიტუაციას მაინც ვერ შეცვლიდნენ და გვერდზე გახტომაც აღარ ღირდა, ამიტომ დაკარგეს რეაქცია მოვლენაზე.

ამას დასწავლილი უსუსურობა­ ჰქვია, რომელსაც ჩვენთვის ცნობილი ფრაზებიც ახასიათებს: "ჩემი ბედის რა ვთქვა", "ჩემი ბედი რომ ვიცი..." და ა.შ. სწორედ ეს დასწავლილი უსუსურობა ფიგურირებს იმ მომენტებშიც, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია და აღარ იბრძვის. აი, ამ მომენტში პრობლემებისაგან "თავდასახსნელად" შესაძლებელია ის გაიქცეს, და უფრო უარესი, თავიც მოიკლას, მით უფრო, თუ სტრესი ანუ შოკი ძალიან მტკივნეული თემებისგან იქნა მიღებული. მაგალითად, თუნდაც სიყვარულის, კარიერის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო და ა.შ. ეს ყველაფერი ემოციურად ახალგაზრდულ ასაკში ბევრად მძიმეა, ვიდრე ხანდაზმულობაში. თუ მკითხავთ, რა ქმნის უსუსურობის დასწავლის პირობებს, გეტყვით, რომ ამაში არაერთი განმეორებითი სტრესი მონაწილეობს.

სხვათა შორის, ამ მხრივ მთელი კაცობრიობისთვის დიდი უარყოფითი როლი ითამაშა ისეთმა გლობალურმა მოვლენამ, როგორიც იყო ორწლიანი პანდემია. ჩვენ ის თითქმის მივივიწყეთ, სინამდვილეში კი მის შედეგებს დღემდე ვიმკით. იმ დროსაც ადამიანმა დაიჯერა, რომ უსუსური იყო და მაინც ვერაფერს შეცვლიდა, დაისწავლა უსუსურობა და ექსტრემალურ მომენტებში ამჟღავნებს. ამის გამოც მომრავლდა მსგავსი მომენტები. თუ გაგვიჩნდება­ შეკითხვა, კიდევ როდის იქმნება ყველაზე უკეთ უსუსურობის დასწავლის პირობები, რა უწყობს ამას ხელს, გიპასუხებთ, რომ ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია პირის ბავშვობა.

ის, ვისაც ბავშვობაში ხშირი, განმეორებითი სტრესები ჰქონია, უსუსურობას, ასე ვთქვათ, უფრო ადვილად დაისწავლის. სასურველია, ეს მომავალ დედებს და ბებიებს ახსოვდეთ, რომლებიც შვილიშვილების გაზრდაში მონაწილეობენ. ამ მხრივ სამიდან ექვსი წლის ასაკამდე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ხდება სირთულის გადალახვის მოტივაციის ჩამოყალიბება. ამ დროს "არ შეიძლება­ და ხელი არ ახლო, გაფუჭდება" შეძა­ხებას არ უნდა ახლდეს სტრესული­ მომენტები. ეს ბავშვს ცხოვრებისეულ მოტივაციას უკარგავს. თუ ამ დროს ბავშვის ქვეცნობიერი დაისწავლის უსუსურობას, სტრესულ სიტუაცი­აშიც სწორედ ამ დასწავლილ მოდელს გამოიყენებს.­ დაბალი თვითშეფასებაც, ყველაფერში ბედის­ ან სხვის დადანაშაულებაც, ამ მომენტიდან მომდინარეობს და ხელს უშლის ადამიანის თვითდამკვიდრებას.

არადა, ჯანსაღ ფსიქიკას თითქმის ყველაფრის გადალახვა შეუძლია, რასაც ცხოვრება ახვედრებს.

- რატომ არ ითხოვს უმეტესობა დახმა­რებას? არადა, ფსიქოლოგის პროფესიონალურ დახმარებაზე რომ აღარ ვისაუბროთ, ხშირად ახლობლის მხარდაჭერას მართლაც შეუძლებელი შეუძლია.

- საბედისწერო მომენტებში ერთი სიტყვის წაშველებაც ზოგჯერ ყველაფერს­ ცვლის. ის ადამიანები, რომლებიც ხშირად­ ითხოვენ დახმარებას, ნაკლებად­ არიან მი­დრეკილი საკუთარი თავის თვით­დაზიანებისა ან სუიციდისაკენ. ის, ვინც დახმარებას ითხოვს, როგორც წესი, მხარდაჭერასაც იღებს. როცა ადამიანი ჩუმად არის და არაფერს ამბობს, ოჯახის წევრისთ­ვისაც ძნელია მასში საბედისწერო­ განზრახვა გამოიცნოს. ამ მომენტსაც ის ფაქტი განსაზღვრავს, რომ ჩვენ დასწავლილი არა გვაქვს სწორედ ის, რაც საჭიროა, კერძოდ, დახმარების თხოვნა საჭირო მომენტში. გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, მაგრამ აბა, დავაკვირდეთ, ჩვენს საზოგადოებაში ვინ ასწავლის ბავშვებს, რომ კრიზისულ სიტუა­ციაში დახმარება ითხოვონ. თითქმის არავინ. ჩვენი საზოგადოების უმეტე­სობა დახმარების თხოვნას სიამაყის შელახვად მიიჩნევს. არადა, პირიქით არის - დახმარების თხოვნა სიამაყის შელახვა ან სირცხვილი კი არ არის, გადამრჩენელია. სირცხვილი და ტრაგედია სწორედ ის არის, რომ დახმარება და ქრონიკული შემწეობის იმედად ცხოვრება ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიო. როდესაც მხარდაჭერამ შეიძლება გადაგარჩინოს და ამით სტრესისგან იხსნა ყველა ის ადამიანი, რომელთაც უყვარხარ, ეს რატომ არის სირცხვილი?

- თუმცა, როდესაც ეს საფეხურები გავლილია­ და ადამიანს უჭირს თუნდაც გამძლეობის უნარ­ების თავიდან დასწავლა, იქნებ არის ისეთი რამ, რასაც ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ? თუნდაც იმიტომ, რომ სიცოცხლე გაუჩინარების სურვილით არ დავამთავროთ.

- არის - მადლიერების გრძნობა იმისთვის, რაც უკვე გაქვს. ამ გრძნობაზე ნებისმიერი რელიგია მათ შორის, ჩვენი, მართლმადიდებლობაც გვეუბნება.­ თუ ადამიანი მადლიერია იმის გამო, რაც უკვე აქვს, ეს მას სტრესებისაგან იცავს­ და რაც მთავარია, ბედნიერების საყრდენს­ უჩენს. რა არის ნებისმიერი ადამიანის არსი ამქვეყნად? საკუთარი თავის რეალიზება, დამკვიდრება. თუ მადლიერი ხარ, რომ რაღაც რეალიზებული უკვე გაქვს, მაშინ გაუჩინარება რატომ უნდა მოგინდეს? ეს არ ნიშნავს, რომ გაჩე­რდე და აღარა­ფერი შექმნა, მაგრამ სამაგი­ეროდ, არც პრობლემებს გააზვიადებ, რადგან უკვე იცი, რომ რაღაც გაქვს და ამიტომ მადლიერი ხარ. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ბედნიერების ნიშანი განისაზღვრება იმის მიხედვით, ადამიანს შეუძლია თუ არა თავისი ცხოვრებით კმაყოფილება.

ბედნიერება არის მხოლოდ ის, რასაც ამწუთას მივიჩნევთ ბედნიერებად და არა მომავალში არსებული ემოციები. ამიტომ არის, როდესაც ვამბობთ "მე ბედნიერი­ უნდა ვიყო, ამიტომ ვი­ბრძვი", ეს გარკვეულ­წილად ნიშნავს, რომ ბედნიერება გაურკვეველ მომავალში "გადავისროლე" და ახლა არ შემიძლია მისი განცდა. მერე აღმოჩნდება, რომ მომავალშიც ვერ გახდი ბედნიერი, რომ მისი შექმნა არ შეგიძ­ლია. ასე რომ, ბედნიერება ახლანდელია, ყოველდღიური და არა რაღაც მომავალი მატერიალური.

წაიკითხე ვრცლად