ზელენსკის ვედრება: "დამარტყმევინეთ!.." - რას გაუნადგურებენ უკრაინელები პუტინს, თუ ამერიკელებმა მწვანე შუქი აუნთეს - კვირის პალიტრა

ზელენსკის ვედრება: "დამარტყმევინეთ!.." - რას გაუნადგურებენ უკრაინელები პუტინს, თუ ამერიკელებმა მწვანე შუქი აუნთეს

„მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს“-ამ თხოვნას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აშშ-ებში მიმდინარე ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების და პირველ რიგში კი პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის გასაგონად სპეციალურად იმეორებს...

აშშ-ის პრეზიდენტის ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებული სიჯიუტით ნებას არ რთავს უკრაინის არმიას, რომ ამერიკული ბალისტიკური რაკეტები აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იყოს გამოყენებული.

1-raketa-1720598236.png
ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით რუსული აეროდრომების სამიზნეში ამოსაღებად უკრაინელებს ამერიკელების ნებართვა სჭირდებათ...

100 კმ-ი, სწორედ ამ მაძილამდე აქვს ნება დართული უკრაინელ სამხედროებს, რომ უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეუტიონ ამერიკული რაკეტებით, რის შესახებაც ძალიან კარგად უწყიან კრემლში და ამიტომაც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და საბომბო დარტყმების განმახორციელებელი მობილური სარაკეტო დანადგარები, ასევე ბომბდამშენების აეროდრომები ამ ას კმ-ზე ღრმადაა განთავსებული.

რაც შეეხება ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, მის მიმართ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას გართულება არ აქვს და არ უკრძალავს უკრაინის არმიას 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული ATACMS-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტებით რუსეთის საოკუპაციო ძალების საზღვაო და საჰაერო ბაზები დაბომბოს სევასტოპოლთან.

თუმცა, იმავის უფლებას,რუსეთის სამხრეთ ნაწილში, იმავე ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომთან მიმართებაში,თეთრი სახლი კვლავ არ რთავს უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის მას შემდეგაც, რაც აგრესორმა რუსეთმა 8 ივლისს ასე ბარბაროსულად დაბომბა ბავშვთა საავადმყოფო კიევში...

2-raketa-1720598235.png
ძირითადი სამხედრო აეროდრომები რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც სამასიოდე კმ-ით არიან დაშორებული უკრაინის საზღვრებიდან...

აქ წარმოდგენილ რუკაზე გამოსახულია უკრაინის საზღვრების სიახლოვეს განთავსებული ის ძირითადი რუსული სამხედრო აეროდრმები,საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები რაკეტებსა და პლანირებად საავიაციო ბომბებს უშვებენ უკრაინის ქალაქებისა და უკრაინის არმიის პოზიციების დასაბომბად.

ცალკე გამოსახულია ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული 11 სამხედრო აეროდრომი, რომელთა ნაწილიდან აფრენილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები ომის პირველ ეტაპზე უტევდნენ უკრაინას.

უშუალოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ფუნქციონირებს არანაკლებ ხუთი აეროდრომი, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ოპერატიული მიზნებისთვის იყენებენ, თუმცა ისინი ხშირად ხვდებიან უკრაინული კამიკაძე-დრონების,ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე.

უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრის მეტ-ნაკლებ სიახლოვეს რუსეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 24 სამხედრო აეროდრომი, რომლებიდანაც საზღვრიდან 300 კმ-იან ზონაში ხვდება არანაკლებ 18 მათგანი, რაც თეორიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ უკრაინელები მისწვდნენ მათ ამერიკელების მიერ გადაცემული 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ის აერობალისტიკური რაკეტებით, თუკი ვაშინგტონიდან ამის ნებას ბოლოს და ბოლოს მიიღებენ...

3-raketa-1720598235.png
უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ჩრდილოეთით მწვანე ფერით მონიშნულია 92 კმ-იანი ზონა, რომელიც შეიძლება დაფაროს „ჰაიმარსიდან“ გაშვებულმა GMRLS-ის მართვადმა რაკეტებმა, ყვითლადაა აღნიშნული საზღვრიდან დაშორებული 150-165 კმ-იანი შრე, სადაც GLSDB-სა და ATACMS M39-ის რაკეტები აღწევენ, ხოლო წითლადაა მონიშნული 300 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური ATACMS M57-ების მიღწევის ზონა...

პრაქტიკულად კი, ,ნებართვის მიღების შემთხვევაშიც, ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით მხოლოდ ათიოდე რუსულ სამხედრო აეროდრომამდე მიღწევა თუ იქნება შესაძლებელი,რადგან ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვები „ჰაიმარსების“ მობილური სარაკეტო დანადგარების მიყენება ზედ ჩრდილოეთ საზღვარზე, რომლის დიდი ნაწილი ფაქტობრივად ფრონტის ხაზს წარმოადგენს ხარკოვი-ვოვჩანსკის მიმართულებაზე, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული და არასასურველია.

შესაბამისად, „ჰაიმარსების“ საცეცხლე პოზიციები შეიძლება განთავსდეს საზღვრიდან-ფრონტის ხაზიდან 50-70 კმ-ის სიღრმეში, რაც რუსეთის ტერიტორიის შიგნით მხოლოდ 250-200 კმ შეღწევის საშუალებას თუ დატოვებს...

მიუხედავად ამ ტაქტიკურ-ტექნიკური შეზღუდვისა, თუკი სასწაფოდ მოიხსნება ამერიკელების პოლიტიკური შეზღუდვაც ,უკრაინა სერიოზულ პასუხს გასცემს აგრესორ რუსეთს და არც რაიმე განსაკუთრებული ესკალაცია მოხდება, რასაც ასე ძალიან უფრთხიან ბიუროკრატიით გაჯერებულ თეთრ სახლში...