ჯორჯ კლუნიმ ჯო ბაიდენს "დაარტყა": ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის სკანდალური წერილი - "ბაიდენმა თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას" - კვირის პალიტრა

ჯორჯ კლუნიმ ჯო ბაიდენს "დაარტყა": ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის სკანდალური წერილი - "ბაიდენმა თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას"

„ჯო ბაიდენმა უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას“, - წერს ჰოლივუდის მსახიობი და პროდიუსერი ჯორჯ კლუნი გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მე მომწონს ჯო ბაიდენი, მაგრამ ჩვენ სხვა კანდიდატი გვჭირდება“. ყველამ იცის, რომ ჯორჯ კლუნი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერსა და პრომოუტერს წარმოადგენს, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ჯო ბაიდენისათვის და დემპარტიისათვის მნიშვნელოვანი რაოდენობის ფულადი შემოსავლები მოაქვს, მაგრამ ახლა ჯორჯ კლუნი მოუწოდებს, რომ აუცილებელია ჯო ბაიდენი სხვა კანდიდატით ჩანაცვლდეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მე მტკიცე დემოკრატი ვარ, პარტიასთან ერთად მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვდგავარ. ვამაყობ დემოკრატიული პარტიითა და მისი იდეალებით. მე მხარს ვუჭერდი დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს - ბარაკ ობამას - 2012 წელს; ჰილარი კლინტონს - 2016 წელს; ჯო ბაიდენს - 2020 წელს. პირადად ჩავატარე რამდენიმე ღონისძიება, ფულადი სახსრების შეგროვების მიზნით, ხოლო გასულ თვეში გამართულმა ერთ-ერთმა ღონისძიებამ პარტიის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის შენაწირი თანხები მოიტანა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა გაჩვენოთ და აგიხსნათ, თუ როგორ აქტიურად ვუჭერ მხარს დემოკრატიულ პარტიას, მიმდინარე მნიშვნელოვან მომენტში.

დიახ, მე ძალიან მომწონს ჯო ბაიდენი - როგორც სენატორი, როგორც ვიცეპრეზიდენტი და როგორც პრეზიდენტი. მე მას მეგობრად ვთვლი და მისი მჯერა. მწამს მისი მტკიცე ხასიათის, მისი მორალური და ზნეობრივი თვისებების. ბოლო ოთხ წელიწადში იგი მრავალ ბრძოლაში იყო ჩაბმული და უმრავლესობაში წარმატება მოიპოვა.

მაგრამ ერთადერთი მტერი, რომლის დამარცხება მას არ შეუძლია - ეს არის დრო. ჩვენ, ადამიანებს, დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეგვიძლია. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს ამის თქმა ჩემი მხრიდან, მაინც უნდა განვაცხადო: ჯო ბაიდენი, რომლის გვერდით მე სამი კვირის წინ ვიდექი, თანხების შეგროვების დროს, უკვე აღარ არის ის ლეგენდარული ჯო, როგორიც 2010 წელს ან თუნდაც - 2020 წელს იყო. იმ დღეს უკვე ჩანდა, რომ ჯო ბაიდენი იქნებოდა ის ადამიანი, რომელიც ჩვენ დონალდ ტრამპთან ტელედებატების დროს ვნახეთ.

იყო თუ არა ჯო ბაიდენი დაღლილი? - დიახ, იყო. იყო თუ არა გაცივებული? - ალბათ, იყო. მაგრამ ჩვენი პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის მტკიცება, რომ 51 მილიონ ადამიანს ის არ დაუნახავს, რაც ჩვენ ყველამ, მისმა მომხრეებმა დავინახეთ. ჩვენ იმდენად ვართ შეშინებული დონალს ტრამპის მეორე ვადით მოსვლის გამო, რომ ყველა გამაფრთხილებელი ნიშნის იგნორირება გადავწყვიტეთ. ამას წინათ ჯორჯ სტეფანოპულოსთან გამართულმა ინტერვიუმ დაადასტურა ის, რაც უკვე ისედაც გასაგები იყო. დემოკრატები, ყველანი სუნთქვაშეკრულები ვუყურებთ პატივცემულ ჯო ბაიდენს, რომ მან მიკროფონთან კითხვაზე პასუხის გაცემისას რაღაც [უაზრობა] არ თქვას და ხშირად ხმას დავუწევთ ხოლმე, რომ მისი ნათქვამი არ გავიგონოთ.

სამართლიანია თუ არა ამგვარ მომენტებზე საუბარი? დიახ, სამართლიანიც არის და აუცილებელიც. ეს არის ჩვეულებრივი ასაკის საკითხი და ამაში ზებუნებრივი არაფერია. ადამიანის ასაკს ვერ შევცვლით. პირდაპირ ვამბობ: ჯო ბაიდენის კანდიდატურით ნოემბერში ვერ გავიმარჯვებთ. მეტსაც ვიტყვი: ჯო ბაიდენის გამო ჩვენ ვერ მოვიპოვებთ უმრავლესობას კონგრესში - ვერც წარმომადგენელთა პალატაში და ვერც სენატში. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის - ეს არის კონგრესის წევრი ყველა დემოკრატი სენატორისა და პალატის წევრთა თვალსაზრისი. ამ აზრს ეთანხმება დემოკრატი გუბერნატორების უმრავლესობა, რომლებთანაც კერძო საუბარი მქონდა. ზოგჯერ ამას საჯაროდ არ აცხადებენ, მაგრამ ასე ფიქრობენ.

ჩვენ გვიყვარს ხოლმე თქმა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი ძლიერება, მრისხანება და თავისი განსაკუთრებულობა რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუში-უფროსის პრეზიდენტობის შემდეგ დაკარგაო. მაგრამ ჩვენ ჩუმად ვართ და არაფერს ვამბობთ იმ ერთ ადამიანზე, რომელიც ცდილობს, პრეზიდენტის სავარძელი შეინარჩუნოს და ველოდებით, გაირღვევა თუ არა ნდობის ჯებირი, მაგრამ ის უკვე გარღვეულია. ჩვენ თავები სილაში გვაქვს ჩაფლული და ვლოცულობთ, ნოემბერში სასწაული მოხდეს. არადა, დროა, სიმართლე ვაღიაროთ.

იმის მტკიცება, რომ დემოკრატებმა თავიანთი ხმა უკვე ჯო ბაიდენის კანდიდატურას მისცეს და ამრიგად, მისი შეცვლა შეუძლებელიაო, არასწორია. დავფიქრდეთ: ჩვენ ხომ ყველა ვთვლით, რომ რესპუბლიკელებმა უნდა შეცვალონ თავიანთი კანდიდატი, რადგან დონალდ ტრამპი 34 ბრალდებით არის გასამართლებულიო, მაგრამ გამოდის, რომ სხვაზე ვლაპარაკობთ და საკუთარზე სათქმელს ვერიდებით. ახლა ჩვენმა წამყვანმა დემოკრატებმა - სენატორებმა და გუბერნატორებმა - პრეზიდენტს უნდა სთხოვონ, რომ იგი ნებაყოფლობით გვერდზე გადგეს.

ყველა ის საშინელი ისტორია, რასაც გვიყვებიან, თუ რა მოხდება შემდეგ, ტყუილი და არასწორია. ფული, რომელიც შეგროვებულია ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის სასარგებლოდ, სხვა დემოკრატების სასარგებლოდ შეიძლება დაიხარჯოს. ჩვენ ძალიან საინტერესო სათადარიგო კანდიდატები გვყავს. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ერთი პიროვნების იმედად ვართ და მხარს ვუჭერთ ჯო ბაიდენის პიროვნების კულტს. დროა, ცნობილი დემოკრატები, რომლებიც თავიანთ თავს პრეზიდენტობისათვის შესაფერის კანდიდატებად თვლიან, გამოვიდენ და თქვან, რას გააკეთებენ ქვეყნისათვის და როგორ აღუდგებიან წინ იმ შურისძიების ტურნეს, რასაც დონალდ ტრამპი თავის საპრეზიდენტო კამპანიას უწოდებს.

მოდი, მოვუსმინოთ უეს მურს, კამალა ჰარისს, გრეტხენ უიტმორს, გევინ ნიუსომს, ენდი ბეშირს, ჯეი პრიცკერს და სხვებს. მოდი, მოვილაპარაკოთ, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატები ერთმანეთს თავს არ დაესხმებიან და იმ მცირე დროში, რომელიც არჩევნებამდეა დარჩენილი, ამ ქვეყნის გამხნევებას შევეცადოთ. შემდეგ კი ყველა პრობლემა პარტიის ყრილობაზე გადავწყვიტოთ.

ჩათვლიან თუ არა საქმის არევ-დარევად ასეთ მოქმედებას? ალბათ, ჩათვლიან, რადგან დემოკრატიის დროს ასეთი მოვლენები ხდება ხოლმე. მაგრამ ამით ჩვენ იმ ამომრჩეველს გამოვაღვიძებთ, რომელიც თვლემს და ფიქრობს, რომ ყველაფერი მათ გარეშე უკვე გადაწყვეტილია. დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ფრანგი კანდიდატები მოიქცნენ: მათ დემოკრატიის გადასარჩენად თავიანთი პირადი ამბიციები გვერდზე გადადეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეები არ მოსულიყვნენ.

ჯო ბაიდენი გმირია. მან 2020 წელს ამერიკული დემოკრატია გადაარჩინა. ჩვენ გვინდა, რო ჯო ბაიდენმა იგივე 2024 წელსაც გააკეთოს.

წყარო